საქართველო
კატეგორია - საქართველო
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით, 12 სექტემბერს მათ სერვერზე კიბერშეტევას ჰქონდა ადგილი, რის გამოც პირველი არხის სერვერებზე არსებული მნიშვნელოვანი ფაილები განადგურდა.

„კიბერთავდასხმის შედეგად, დღეს მაუწყებლის ქსელში მოხდა ვირუსის გავრცელება, რამაც დაშიფრა და გაანადგურა საქართველოს პირველი არხის სერვერებზე არსებული მნიშვნელოვანი ფაილები. ამ დროისთვის მაუწყებლის სხვა სერვერებზე ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება მოხერხდა“, - აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მაუწყებლის ინფორმაციით, ფაქტის შესახებ საქართველოს პირველმა არხმა აცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს და უწყებამ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაიწყო: „გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 284 მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.“
კატეგორია - საქართველო
რა გამოწვევების წინაშე არიან დამოუკიდებელი ონლაინ-გამოცემები საქართველოში? როგორ აპირებენ ისინი აუდიტორიის გაზრდას იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ცდილობს ტელემედიაზე კონტროლის გაძლიერებას? ამ საკითხებზე “მედიაჩეკერი” “ნეტგაზეთის” მთავარ რედაქტორს, ნესტან ცეცხლაძეს ესაუბრა:

იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური არხის, "რუსთავი 2-ის" მფლობელი შეიცვალა და შეჩერდა საინფორმაციო გადაცემები, საზოგადოებისთვის, რომლის უმრავლესობა ახალ ამბებს საქართველოში ტელევიზიით ეცნობა, ერთგვარი საინფორმაციო ვაკუუმი შეიქმნა? როგორ აისახა ეს პროცესი ონლაინმედიაზე? მაგალითად, თუნდაც ხომ არ იმატა თქვენი მომხმარებლების რაოდენობამ?

ცხადია, აგვისტოში "რუსთავი 2 -ში" განვითარებული მოვლენების შემდეგ, საინფორმაციო ვაკუუმი შეიქმნებოდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ინფორმაციას მხოლოდ "რუსთავი 2-დან" იღებდნენ და რეიტინგების მიხედვით, ვიცით, რომ ეს ძალიან დიდი აუდიტორია იყო. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ აგვისტოში, რაც არ უნდა ცხელი იყოს ის პოლიტიკურად, ადამიანებს ისე ძალიან აღარ აინტერესებთ ახალი ამბები, როგორც სხვა დროს. ამიტომ აუდიტორიის ვრცელი და სიღრმისეული ანალიზისთვის უფრო მეტი დროა საჭირო და მონაცემი რაღა თქმა უნდა მთვლელების. თუმცა, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინ როცა "რუსთავი 2-ში" საინფორმაციო გამოშვებები შეწყდა, "Tv პირველი", "კავკასია" კვლავ ეთერში იყო, თუმცა ადამიანებისთვის, რომლებსაც ათი და მეტი წელი ინფორმაციის მიღების ერთი და იგივე წყარო აქვთ, რთულია ასე ჩქარა გადართვა.

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, თუ იმას გულისხმობთ, ამ ინფორმაციულ ვაკუუმში დარჩენილი აუდიტორია მიაწყდა თუ არა ინტერნეტს ინფორმაციის მისაღებად, ზუსტად ვერ გეტყვით ცხადია, მაგრამ არა მგონია. "ნეტგაზეთის" მკითხველების სტატისტიკა კი გაიზარდა, მაგრამ ეს ნელ-ნელა იზრდება სულ და მე პირადად ვერ ვხედავ კორელაციას "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო გადაცემების შეწყვეტასთან.

ასეთი მოლოდინი, მე პირადად მგონია, რომ არასწორია, რადგან ძალიან სხვადასხვანაირია ტელემაყურებლის და იმ ადამიანების ქცევა, რომლებიც ძირითადად ინტერნეტით იღებენ ინფორმაციას. და მგონია, რომ ეს ქცევა, ჩვევა, ასე სწრაფად არ იცვლება არც ჩვენთან და არც სხვაგან. თუმცა,  პირადად ჩემთვის საინტერესო იქნებოდა ამ ყველაფერზე კარგი კვლევის შედეგების გაცნობა. მათ შორის იმის გაზომვა, შემცირდა თუ არა მოქალაქეების ინფორმირებულობის დონე.




სატელევიზიო ბაზარზე გამოჩნდა უკვე ერთი ახალი არხი, ველოდებით კიდევ ერთი არხის გამოჩენას, უნდა დაბრუნდეს განახლებული "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო გამოშვებებიც. თუმცა ტელემედიის მფლობელებიდან გამომდინარე, არ არის მოლოდინი იმისა, რომ საზოგადოება მათგან მიიღებს მიუკერძოებელ ამბებს. რა გამოწვევების წინაშე აყენებს დამოუკიდებელ ონლაინ გამოცებს, როგორიც არის, მაგალითად, "ნეტგაზეთი", ასეთი რეალობა?

დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე ონლაინ გამოცემებისთვის ეს ვითარება ჩემი აზრით ახალი გამოწვევა არ არის. ეს გამოცემები ხომ სწორედაც რომ პოლარიზებული ტელემედიის და ინტერნეტის განვითარების გამო შეიქმნა. [თუ არ ჩავთვლით რადიო “თავისუფლებას”]. ასეთი გამოცემების მთავარი გამოწვევა ცხადია უფრო დიდი აუდიტორიის დაფარვა და გავლენის გაზრდაა.

გამოწვევებთან გამკლავებისთვის რა ნაბიჯები იდგმება? მაგალითად, რაიმე ახალ კონტენტს სთავაზობთ მომხმარებელს თუ უფრო ინფორმაციის მიწოდების ინოვაციურ მეთოდებზე მუშაობთ?

ამ თემაზე საუბარი ალბათ ძალიან შორს წაგვიყვანს. ახალი კონტენტი და მიწოდების ინოვაციური ფორმები მხოლოდ ნაწილია იმ საშუალებების, რაც დამოუკიდებელმა მედია გამოცემებმა შეიძლება გააკეთონ. ზოგადად, ჩემი აზრით, ზედმეტად ბევრს ვსაუბრობთ მიწოდების ინოვაციურ ფორმებზე და გვავიწყდება მთავარი - შინაარსი. ამიტომ ახლა ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი - ხარისხიანი ახალი ამბები და სიღრმისეული ანალიზი, რასაც შესაბამისი რესურსები ჭირდება. ამიტომ, როცა ვსაუბრობთ დამოუკიდებელი მედია გამოცემების მთავარ გამოწვევებზე, პირველ რიგში ესაა ბიზნეს მოდელები და მდგრადობის პრობლემა.

ბოლო პერიოდში ონლაინ მედია აქტიურად აცხადებს ვაკანსიებს ჟურნალისტების დასაქმებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ფინანსურად უფრო გაძლიერდა ეს მედიები, თუ სახეზეა კადრების გადინების პრობლემა? რა ქმნის ამ პრობლემას?

ვერ გეტყვით სხვა ონლაინ გამოცემებში რა ხდება, არა მაქვს საკმარისი ინფორმაცია, მაგრამ ჩვენს, "ნეტგაზეთის" შემთხვევაში ნამდვილად არის კადრების გადინების პრობლემა, თუმცა ესეც არ არის ახალი და რაიმე განსაკუთრებული. ჩვენ ძირითადად ახალგაზრდა რეპორტიორები გვყავს, რომლებიც შემდგომ სასწავლებლად საზღვარგარეთ მიდიან ხოლმე, ან უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურებში, ან უბრალოდ ბეზრდებათ ერთი და იგივე სამსახური. ჩვენნაირი პატარა გამოცემებისთვის ეს ცხადია პრობლემურია, თუმცა ზოგადად ეს ბუნებრივი პროცესია ცხადია.
კატეგორია - საქართველო

ახალმა ტელევიზიამ "მთავარმა არხმა", რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ყოფილმა გენერალურმა დირეტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა,   9 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე,  მაუწყებლობა მთავარი საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო. გამოშვებას "რუსთავი 2-ის" ყოფილი ტელესახეები დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი უძღებიან. 


უკვე ცნობილია, რომ არხი მაუწყებლობას ხვალ დილიდანვე განაახლებს და ხვალიდან ეთერში ოთხი საინფორმაციო გამოშვება გავა. 

ასევე, როგორც არხის საინფორმაციოსამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე ამბობს, ამავე კვირაში დაგეგმილია ორი პოლიტიკური ტოქშოუს, ნანუკასა და ვანოს შოუების, ასევე დილის გადაცემის დაწყება.

იხილეთ ამ თემაზე:  “მთავარი არხი” მაუწყებლობას იწყებს - რას ნახავს მაყურებელი მიმდინარე კვირაში

მთავარი არხის ნახვა უკვე შესაძლებელია ჩვეულებრივი ანტენით და ციფრული მიმღებით. მაგთის აბონენტებს არხის ნახვა შეუძლიათ 55-ე ღილაკზე, სილქნეტის აბონენტებს - 281-ზე, მაგთისატზე - 112, სახლის ანტენაზე კი ამ არხს 23-ე ღილაკზე ნახავთ. 

სხვა ადგილობრივი საკაბელო ქსელების შემთხვევაში კი დასახმარებლად  საკაბელო ქსელის ოპერატორს უნდა მიმართოთ. 



*****************

“მთავარი არხი” “რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა მას შემდეგ, რაც არხის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა იგი სამსახურიდან გაათავისუფლა. ამ ცვლილებას, 18 ივლისს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უსწრებდა,  რომლის მიხედვით არხის მფლობელი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გახდა.

ნიკა გვარამიას შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, “რუსთავი 2-დან” გაათავისუფლეს პოლიტიკური ტოქშოუების წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პროდიუსერი, ასევე გასართობი გადაცემების წამყვანები. ამ გათავისუფლებებს ჟურნალისტების ნაწილის პროტესტი მოჰყვა, არხი დატოვა “კურიერის” გუნდმა და საინფორმაციო გამოშვება ამ დრომდე ეთერში არ დაბრუნებულა.

"მთავარი არხი" საჯარო რეესტრში 2019 წლის პირველ მარტს დარეგისტრირდა. უფრო ზუსტად, დაფუძნებისას მას "კომედი არხი" ერქვა, 15 აგვისტოს კი შეეცვალა სახელი და მფლობელები და გახდა ”მთავარი არხი”. მისი 51%-იანი წილის მფლობელი ნიკა გვარამიაა. 49%-ს კი კახაბერ ანჯაფარიძე ფლობს, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს “ინტერ მედია პლიუსის” 30%-იანი წილის მესაკუთრეცაა.

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის პოზიციას ნიკა გვარამია იკავებს. ასევე დირექტორების პოსტებზე არიან “რუსთავი 2-ის” ყოფილი იურისტები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი. ფინანსური დირექტორი კი, ასევე “რუსთავი 2-ის” ყოფილი ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძეა. მთავარ არხზე საინფორმაციო სამსახურს ნოდარ მელაძე ხელმძღვანელობს.

“რუსთავი 2-ის” ყოფილი სახეებიდან მთავარ არხზე ვიხილავთ: დიანა ჯოჯუას, პაატა იაკობაშვილს, მიხეილ სესიაშვილს, ნანუკა ჟორჟოლიანს, გიორგი გაბუნიას, ეკა კვესიტაძეს, ნოდარ მელაძეს, თამარ ბაღაშვილს, გიგლა თუმანიშვილს, ნინო სამყურაშვილს, თეა ადეიშვილს, დავით ერაძეს და თამთა დოლენჯაშვილს.




კატეგორია - საქართველო

საინფორმაციო გამოშვებები, ორი პოლიტიკური ტოქშოუ, ნანუკას შოუ ახალი ფორმატით და ვანოს შოუ, დილის გადაცემა - იმ გადაცემების ჩამონათვალია, რომელსაც ახალი ტელევიზია “მთავარი არხი” მაყურებელს ამ კვირაში შესთავაზებს. მაუწყებლობა დღეს, 9 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე, მთავარი საინფორმაციო გამოშვებით დაიწყება.

altaltდღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას, “რუსთავი 2-ის” ყოფილი წამყვანები დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი გაუძღვებიან.

“მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის თქმით, საინფორმაციო გამოშვების გარდა დღეს მაყურებელი ნიკა გვარამიასა და ეკა კვესიტაძის პოლიტიკურ ტოქ-შოუს “მთავარ აქცენტებს” ნახავს, რომელიც ეთერში დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ გავა.

ხვალიდან არხი მაუწყებლობას უკვე დილიდან დაიწყებს. დღის განმავლობაში მაყურებელი ახალი ამბების ოთხ გამოშვებას იხილავს: 12:00, 15:00, 18:00 და 21:00 საათზე. მიმდინარე კვირაშივე საინფორმაციო გამოშვებებს დაემატება დილის გადაცემა, 09:00 საათზე.

alt“ვეცდებით ვიყოთ ოპრატიულები, ვიქნებით ყველგან, სადაც ხდება მთავარი”, - ამბობს ნოდარ მელაძე მედიაჩეკერთან საუბრისას.

მიმდინარე კვირაშივე იგეგმება კიდევ ერთი პოლიტიკურ ტოქ-შოუს დაწყება, - ნანუკას შოუ ახალი ფორმატით, გასართობი გადაცემების ციკლიდან ჩაეშვება - ვანოს შოუ. კვირის ბოლოს “მთავარი არხი” კვირის მოვლენებს გადაცემა “პოსტ ფაქტუმში” შეაჯამებს, რომელსაც ასევე “რუსთავი 2-ის” ყოფილი სახე და გადაცემა “პოსტსკრიპტუმის” ყოფილი წამყვანი გიორგი გაბუნია წაიყვანს.

ნოდარ მელაძის განმარტებით, არხის ტექნიკური აღჭურვილობის მუდმივ რეჟიმში განახლება მიმდინარეობს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პირველ ეტაპზე მთავარი მიზანი - ეთერში გასვლა უზრუნველყონ: “გზადაგზა ბევრი ტექნიკური შემატება გვექნება”.

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ “მთავარ არხზე” მაყურებელი რეალურად თავისუფალ ამბებს მოისმენს და ნახავს, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები ჩვენს ქვეყანაში, ანუ იმას, რასაც “სამთავრობო არხებზე” ვერ ნახავენ. გარდა ამისა, მელაძის თქმით, “მთავარის” გუნდში ქვეყნის წამყვანი რეპორტიორები მუშაობენ, რომელთა მიერ მომზადებული საინფორმაციო გამოშვებაც წლების განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში კი რეიტინგების რეკორდსმენი იყო.

*****************

“მთავარი არხი” “რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა მას შემდეგ, რაც არხის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა იგი სამსახურიდან გაათავისუფლა. ამ ცვლილებას, 18 ივლისს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უსწრებდა,  რომლის მიხედვით არხის მფლობელი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გახდა.

ნიკა გვარამიას შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, “რუსთავი 2-დან” გაათავისუფლეს პოლიტიკური ტოქშოუების წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პროდიუსერი, ასევე გასართობი გადაცემების წამყვანები. ამ გათავისუფლებებს ჟურნალისტების ნაწილის პროტესტი მოჰყვა, არხი დატოვა “კურიერის” გუნდმა და საინფორმაციო გამოშვება ამ დრომდე ეთერში არ დაბრუნებულა.

"მთავარი არხი" საჯარო რეესტრში 2019 წლის პირველ მარტს დარეგისტრირდა. უფრო ზუსტად, დაფუძნებისას მას "კომედი არხი" ერქვა, 15 აგვისტოს კი შეეცვალა სახელი და მფლობელები და გახდა ”მთავარი არხი”. მისი 51%-იანი წილის მფლობელი ნიკა გვარამიაა. 49%-ს კი კახაბერ ანჯაფარიძე ფლობს, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს “ინტერ მედია პლიუსის” 30%-იანი წილის მესაკუთრეცაა.

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის პოზიციას ნიკა გვარამია იკავებს. ასევე დირექტორების პოსტებზე არიან “რუსთავი 2-ის” ყოფილი იურისტები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი. ფინანსური დირექტორი კი, ასევე “რუსთავი 2-ის” ყოფილი ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძეა. მთავარ არხზე საინფორმაციო სამსახურს ნოდარ მელაძე ხელმძღვანელობს.

“რუსთავი 2-ის” ყოფილი სახეებიდან მთავარ არხზე ვიხილავთ: დიანა ჯოჯუას, პაატა იაკობაშვილს, მიხეილ სესიაშვილს, ნანუკა ჟორჟოლიანს, გიორგი გაბუნიას, ეკა კვესიტაძეს, ნოდარ მელაძეს, თამარ ბაღაშვილს, გიგლა თუმანიშვილს, ნინო სამყურაშვილს, თეა ადეიშვილს, დავით ერაძეს და თამთა დოლენჯაშვილს.

კატეგორია - საქართველო

“რუსთავი 2-ის” ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა. მას “რუსთავი 2-ის” ქონების გაფლანგვას, დოკუმენტის  გაყალბებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ამავე საქმეზე მასთან ერთად ბრალი წარედგინათ მაუწყებლის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახაბერ დამენიასა და “ინტერ მედია პლიუსის” დირექტორს ზურაბ იაშვილს.

საქმე ეხება 2015 წელს, სარეკლამო კომპანია „ინტერ მედია პლიუსთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას. ამ საქმეზე ნიკა გვარამიასთვის ეს მეორე ბრალია, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილისთვის კი პირველი. კახაბერ დამენიას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, “რუსთავი 2-ის” ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, ზურაბ იაშვილს კი კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გამოყენებას ედავებიან.

ამ საქმეზე ნიკა გვარამიას ბრალი პირველად 9 აგვისტოს წარუდგინეს. მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ორგანიზაციის ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებას ედავებიან, რითაც მაუწყებელს 7 მილიონ ლარამდე ზარალი მიადგა. სასამართლომ გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად 40 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, თუმცა იგი ამბობს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამივე ბრალდებული, ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, დღეს პროკურატურაშია დაბარებული. ამავე უწყების ცნობით, კახაბერ დამენიასთვის და ზურაბ იაშვილისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.

„დღეს, 6 საათზე, დამიბარეს გენერალურ პროკურატურაში. ახალი ბრალი უნდა წამიყენონ.რა საამურია ცხოვრება დემოკრატიაში. ps მთავარი არხი • Mtavari Arkhi მაინც გავა ეთერში. ტყუილად წვალობთ“, - ასე გამოეხმაურა ნიკა გვარამია ფეისბუკის პირად გვერდზე პროკურატურის განცხადებას.

რას ამბობს პროკურატურა საქმის დეტალებზე
 
პროკურატურის განცხადებით, 2015 წლის 16 იანვარს, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სახელით ნიკა გვარამიამ ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,ინტერ მედია პლიუსთან“, რომლის თანახმადაც, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა შპს ,,ინტერ მედია პლიუსს“ დაუთმო საკუთარი არხების (,,რუსთავი 2“-ის, ,,ახალი არხის“ (იგივე ,,კომედი არხის“) და ,,მარაოს“) ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების უფლება. 2015 წლის მარტში, შპს ,,ინტერ მედია პლიუსის“ ფინანსების გაკონტროლების მიზნით, ნიკა გვარამიამ თავისი უახლოესი მეგობრის და ნდობით აღჭურვილი პირის კახაბერ ანჯაფარიძის სახელზე გადააფორმებინა ხსენებული კომპანიის 30%-იანი წილი.

განცხადების თანახმად, 2015 წლის იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით პერიოდში, ნიკა გვარამია შესაბამის ბაზარზე დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ტელეკომპანიის სარეკლამო დროის გასხვისების შედეგად მიღებული მთლიანი შემოსავლის 90-95%-ს ითხოვდა ,,ინტერ მედია პლიუსისგან“, ხოლო დარჩენილ თანხას, მომსახურების გაწევის სანაცვლოდ უტოვებდა ამ უკანასკნელ საწარმოს.

"მას შემდეგ, რაც 2015 წლის 05 აგვისტოს, ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის წილების დასაბრუნებლად სასამართლოში სამართლებრივი დავა დაიწყო და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა როგორც ტელეკომპანიის პარტნიორთა წილების, ასევე კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების დაყადაღება, დირექტორისთვის კი საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა - უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა, ნიკა გვარამიამ, სარგებლის მიღების სანაცვლოდ, ასევე, საწარმოს ფინანსურმა დირექტორმა - კახაბერ დამენიამ, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ინტერესების აშკარა უგულებელყოფითა და მის საწინააღმდეგოდ, წინასწარი შეთანხმებით განიზრახეს 2015 წლის 16 იანვარს, შპს ,,ინტერ მედია პლიუსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, კახაბერ ანჯაფარიძის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს სასარგებლოდ. კერძოდ, ნიკა გვარამია შეუთანხმდა შპს „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს და ყოველთვიურად მხოლოდ კომპანია შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის არსებობისათვის საჭირო მინიმალური ოდენობის თანხის მოთხოვნა დაიწყო", - ვკითხულობთ განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, საერთო ჯამში, ნიკა გვარამიამ და კახაბერ დამენიამ, 2014 წელს ანალოგიურ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ თანხებთან შედარებით (სულ 43 230 509 ლარი), შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ზე კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობის სანაცვლოდ, 2015 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოითხოვეს მხოლოდ 36 467 000 ლარის ანაზღაურება, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს შპს ,,ინტერ მედია პლიუსისგან“ 6 763 509 ლარის მოთხოვნის უფლება.

შპს „ინტერ მედია პლიუსის“ სასარგებლოდ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კუთვნილი დიდი ოდენობით - 6 763 509 ლარის ქონებრივი უფლების გაფლანგვის სანაცვლოდ, ნიკა გვარამიამ, შპს „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის - ზურაბ იაშვილის მეშვეობით, ხსენებული კომპანიისაგან მიიღო შესაბამისი სარგებელი უძრავი ქონებების სახით, კერძოდ, ქ.თბილისი, მუხაძის ქუჩა №14-ში, მე-7 სართულზე მდებარე ორი ბინა: ბინა №14ა - ფართით 119.37 კვ.მ. და ბინა №13 - ფართით 119.37 კვ.მ.

უწყების განცხადებით, "2016 წლის ივნისის თვეში, შპს „ინტერ მედია პლიუსის“ მხრიდან მისაღები სარგებლის შენიღბვის მიზნით, ნიკა გვარამიამ ქ.თბილისში, მუხაძის ქუჩა №14-ში, მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში თავად შეარჩია ორი საცხოვრებელი ბინა, უშუალოდ აწარმოა მოლაპარაკებები სამშენებლო კომპანიასთან, შეუთანხმდა ფასსა და პირობებზე და 2016 წლის 03 აგვისტოს შპს „ინტერ მედია პლიუსის“ სახელით გააფორმა ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2016 წლის 20 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინა №14ა - საერთო ფართით 119.37 კვ.მ. და საცხოვრებელი ბინა №13 - საერთო ფართით 119.37 კვ.მ. გადავიდა შპს „ინტერ მედია პლიუსი“-ს საკუთრებაში. აღნიშნული საცხოვრებელი ბინების მოთხოვნის უფლების მიღების მიზნით, 2016 წლის 05 და 25 ივლისის თარიღებით ნიკა გვარამიამ ფიქტიური სესხის ხელშეკრულება გააფორმა შპს „ინტერ მედია პლიუსთან“, რომელსაც წარმოადგენდა დირექტორი ზურაბ იაშვილი, რომელთა თანახმადაც თითქოსდა ნიკა გვარამიამ კომპანიას ორ ეტაპად ასესხა 510 000 ლარი, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია".

"2017 წლის 21 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით, შ.პ.ს ,,ინტერ მედია პლიუსის“ - დირექტორმა ზურაბ იაშვილმა, ნიკა გვარამიას საკუთრებაში გადასცა ქ.თბილისი, მუხაძის ქ.#14-ში მდებარე ზემოაღნიშნული 2 ერთეული უძრავი ქონება. ამავე ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხსენებული ობიექტების ღირებულება სრულად გაიქვითებოდა მათ შორის არსებული ფიქტიური სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე სესხის გამცემისთვის დასაბრუნებელი თანხის სანაცვლოდ. ხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულებები სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ აისახა 2017 წლის 22 მარტს, რის შედეგადაც, ნიკა გვარამია უკანონოდ დაეუფლა დიდი ოდენობით უძრავ ქონებებს.

მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ შპს „ინტერ მედია პლიუსისგან“ უკანონოდ მიიღო დიდი ოდენობით უძრავი ქონებები, განიზრახა დანაშაულებრივად მიღებული ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა, მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს და საკუთრების შენიღბვის მიზნით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, უძრავი ქონებების მის სახელზე რეგისტრაციიდან რამოდენიმე თვეში, 2017 წლის 07 ივლისსა და 2017 წლის 26 სექტემბერს, ორივე საცხოვრებელი ბინა, ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე გაასხვისა სხვადასხვა პირებზე, რითაც მიიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 602 521.8 ლარის შემოსავალი", - ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კატეგორია - საქართველო

ახალდაარსებული ტელეკომპანია “ფორმულას” მფლობელები, ერთის მხრივ, საკონტროლო პაკეტის (51%) მფლობელი დავით კეზერაშვილი და მეორეს მხრივ მიხეილ მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა, რომლებიც კომპანიის დარჩენილ 49%-ს თანაბრად ინაწილებენ, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის დოკუმენტზე მუშაობენ.

დავით კეზერაშვილი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის მინისტრი იყო, ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი 3 სექტემბერს გახდა. მანამდე შპს “ფორმულას” 100%-იან წილს “ფორმულა კრეატივის” დამფუძნებლები: მიხეილ მშვილდაძე, ზუკა გუმბარიძე, გიორგი ლიფონავა და ირაკლი საღინაძე ფლობდნენ, თითოეული 25-25%-ს.

alt3 სექტემბერს საჯარო რეესტრში ასახული ცვლილებების მიხედვით, თითოეულმა თავისი წილის 12,75% დავით კეზერაშვილს 1000 ლარად გადასცა. შესაბამისად, დავით კეზერაშვილი შპს ფორმულას 51%-ის მფლობელი გახდა, მიხეილ მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა კი კომპანიის დარჩენილ 49%-ს თანაბრად (12,25%) ინაწილებენ.

ტელეკომპანია “ფორმულას” გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე “მედიაჩეკერთან” საუბრისას ამბობს, რომ ამგვარი მოცემულობის მიუხედავად, არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, მათ დავით კეზერაშვილისგან აქვთ სიტყვიერი გარანტი და, ასევე, მუშაობენ სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტის დოკუმენტზე.  არხის სარედაქციო პოლიტიკას მენეჯმენტი განსაზღვრავს და საკონტროლო პაკეტის მფლობელისგან რაიმე ტიპის ზეწოლას არ ელოდებიან.

„ვმუშაობთ სადამფუძნებლო დოკუმენტზე, კორპორატიული სტრუქტურის დოკუმენტზე, სადაც მაქსიმალურად იქნება ჩადებული ყველანაირი დაცვის მექანიზმები იმისა, რომ არცერთ დამფუძნებელს არ ჰქონდეს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის საშუალება. თუმცა იმასაც გიდასტურებთ, რომ ჩვენ მისგან (იგულისხმება დავით კეზერაშვილი) უკვე გვაქვს მიღებული სარედაქციო პოლიტიკის გარანტიები (სიტყვიერი)”, - ამბობს ზუკა გუმბარიძე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოსიაციის (საია) მედია მიმართულების იურისტი მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ ვიდრე დოკუმენტის შინაარსი არ იქნება ცნობილი, რთულია განსაზღვრა, რამდენად იქნება ის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი:

„გააჩნია რა დოკუმენტზეა საუბარი, წინასწარ შეფასება რთულია. სანამ არ გვეცოდინება, რა გარანტიებია ჩადებული, რისი მოთხოვნის უფლება აქვს კონკრეტულ მხარეს და რამდენად არსებობს ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში აღსრულების მექანიზმები მეორე მხარის მხრიდან, მანამდე ძალიან რთულია იმის თქმა, შესაძლებელია თუ არა სარედაქციო დამოუკიდებლობის ამ კონკრეტული დოკუმენტით უზრუნველყოფა.“

ზუკა გუმბარიძის განმარტებით, აღნიშნული სადამფუძნებლო დოკუმენტის მომზადება შესაძლოა, ოქტომბრამდე (მაუწყებლობის დაწყებამდე) მოესწროს, თუმცა საკმაოდ დიდ სამუშაოს მოითხოვს, რათა ყველაფერი კარგად გაიწეროს: „საკმაოდ დიდი წილი გვაქვს ე.წ. „კონტენტმეიქერებს“ - 49% .ჩვენ იმიტომ ვართ თანადამფუძნებლები კომპანიის, რომ ინვესტორისთვის ამ კომპანიის, ასე ვთქვათ, “მეიქერები” უნდა ვიყოთ ჩვენ. შესაბამისად, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის რისკებს, პირდაპირ რომ ვთქვა, ვერ ვხედავ. თუმცა, როგორც ვთქვი, დოკუმენტურადაც ეს ყველაფერი გაწერილი იქნება“.

პროცენტების ამგვარ გადანაწილებასთან დაკავაშირებით ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ ამ პროცენტის გადაცემის უკან ის ფინანსური ვალდებულებებ დგას, რაც ინვესტორს ეკისრება: “რომ მოახდინოს არხზე ინვესტიციის განხორციელება, რომლითაც ჩვენ შევძლებთ ოპერირების დაწყებას და იმ დეფიციტის კომპენსირებას, რომელსაც ველოდებით პირველ ეტაპზე”.

ზუკა გუმბარიძის თქმით, ამ დრომდე დავით კეზერაშვილისგან რაიმე ინვესტიცია მიღებული არ აქვთ: „ჯერჯერობით კაპიტალი არ არის ჩადებული, თუმცა, ჩვენ წარვადგინეთ დოკუმენტი მარეგულირებელში, რომელშიც ის ადასტურებს, რომ ნამდვილად აპირებს თანხის ჩადებას ტელევიზიაში და ძალიან მოკლე ვადებში უკვე ველოდებით კონკრეტულ თანხებს“.

შპს “ფორმულა” საჯარო რეესტრში 22 ივლისს დარეგისტრირდა. ახალი ტელევიზია მაუწყებლობას ოქტომბრიდან დაიწყებს. ზუკა გუმბარიძის თქმით, “ფორმულას” საინფორმაციო სამსახურს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი უხელმძღვანელებს. მისივე თქმით, ახალ არხზე მაყურებელი პოლიტიკურ ტოქ-შოუებსაც იხილავს. გარდა ამისა, ახალი ტელევიზია მაყურებელს შესთავაზებს “ფორმულა კრეატივის” კუთვნილ პროდუქტებს, რომლებიც ტელეკომპანია “რუსთავი 2-ზე” გადიოდა - ტელესერიალი “ჩემი ცოლის დაქალები”, “სამზარეულოს ომები” და “მთავარი ექიმი”.



ამ თემაზე იხილეთ:  ოქტომბრიდან მაუწყებლობას ახალი ტელევიზია - “ფორმულა” დაიწყებს

კატეგორია - საქართველო

"რუსთავი 2-ის" ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებულ “მთავარ არხს“ საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ არხს საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სხვა სახს გადაცემების ეთერში გაშვების უფლება აქვს. შესაბამისი გადაწყვეტილება კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს, 5 სექტემბერს მიიღო.

კომუნიკაციების კომისიას „მთავარმა არხმა“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების თხოვნით 26 აგვისტოს მიმართა. კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კომისიამ შეისწავლა კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც კანონის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და არხი უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა.

არხი მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 9 სექტემბრიდან დაიწყებს.  მისი მიღება პრაქტიკულად ყველა ტექნოლოგიით იქნება შესაძლებელი მათ შორის - ე.წ. ოთახის ანტენებით (მიწისზედა მაუწყებლობა), სატელიტური ანტენის, ინტერნეტით და საკაბელო ქსელის მეშვეობით. შპს „მთავარი არხი“ ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის შესახებ კანონი, მათ შორის კომისიის დადგენილებები, გადაწყვეტილებები და ავტორიზაციის ყველა პირობა.

"მთავარი არხი" საჯარო რეესტრში 2019 წლის პირველ მარტს დარეგისტრირდა. უფრო ზუსტად, დაფუძნებისას მას "კომედი არხი" ერქვა, 15 აგვისტოს კი შეეცვალა სახელი და მფლობელები და გახდა "მთავარი არხი". მისი 51%-იანი წილის მფლობელი ნიკა გვარამიაა. 49%-ს კი კახაბერ ანჯაფარიძე ფლობს, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს “ინტერ მედია პლიუსის” 30%-იანი წილის მესაკუთრეცაა.

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის პოზიციას ნიკა გვარამია იკავებს. ასევე დირექტორების პოსტებზე არიან “რუსთავი 2-ის” ყოფილი იურისტები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი. ფინანსური დირექტორი კი, ასევე “რუსთავი 2-ის” ყოფილი ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძეა.

“რუსთავი 2-ის” ყოფილი სახეებიდან მთავარ არხზე ვიხილავთ: დიანა ჯოჯუას, პაატა იაკობაშვილს, მიხეილ სესიაშვილს, ნანუკა ჟორჟოლიანს, გიორგი გაბუნიას, ეკა კვესიტაძეს, ნოდარ მელაძეს, თამარ ბაღაშვილს, გიგლა თუმანიშვილს, ნინო სამყურაშვილს, თეა ადეიშვილს, დავით ერაძეს და თამთა დოლენჯაშვილს.

"მთავარი არხი" მაუწყებლობას 9 სექტემბერს საღამოს 9 საათიდან დაიწყებს. 

 

იხილეთ ასევე:   როდის დაიწყებს მაუწყებლობას “მთავარი არხი” და ვის ვიხილავთ ახალ ტელევიზიაში

კატეგორია - საქართველო
ტელეკომპანია "იმედი" ორმა თანამშრომელმა, პაატა შამუგიამ და ტორესა მოსიმ დატოვეს. როგორც მათ გამოცემა "ბათუმელებს" უთხრეს, სამსახურიდან წასვლის მიზეზი გახდა ფილმი "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს", რომელიც ამ ტელეკომპანიის ეთერში 2019 წლის 11 აგვისტოს გავიდა. ფილმში მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა იყო დადანაშაულებული 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში.

ტორესა მოსიმ "ბათუმელებთან" აღნიშნა, რომ მას ჰქონდა 3 მოთხოვნა - წაეშალათ ვიდეო, მოეხადათ ბოდიში და ფილმის ავტორებს დაკისრებოდათ პასუხისმგებლობა, რაც არ შესრულდა. პაატა შამუგიამ კი თქვა, რომ "იმ პრორუსული ვიდეოს ავტორის" და მისი ერთ ტელევიზიაში ყოფნა არ შეიძლებოდა. 

ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ, 13 აგვისტოს "მედიაჩეკერმა" მასზე ანალიზი მოამზადა და ხაზი გაუსვა იმ მანიპულაციებს, ფაქტების დამახინჯებას და მნიშვნელოვანი დეტალების მიჩქმალვას, რაც ფილმში იყო. ამის შემდეგ ფილმს საზოგადოების დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა. უავტორო ფილმზე პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ლალიაშვილმა აიღო. 

ტორესა მოსი და პაატა შამუგია იყვნენ "იმედის" ის თანამშრომლები, რომლებიც პირველები 15 აგვისტოს გამოეხმაურნენ ფილმის ეთერში გაშვებას.  სოციალური ქსელში ტორესა მოსიმ აღწერა ის პროტესტი, რაც ფილმს მოჰყვა თავად მაუწყებელში.  "კომპანიის მფლობელებს მინდა მივმართო, გასაგებია, რომ თქვენი გადაწყვეტილებაა ნიკა ლალიაშვილს დატოვებთ თუ გაუშვებთ, ასევე თქვენი გადაწყვეტილებაა საკუთარ არხს პუტინის პროპაგანდისტულ მანქანად გადააქცევთ თუ არა, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ როდესაც კომპანიის თანამშრომლებს აყენებთ ისეთ მდგომარეობაში, რომ მორალური კომპრომისის ხარჯზე მოუწევთ იძულებით იმის კეთება, რისიც აღარ სჯერათ, კომპანია შეიძლება ჩამოიშალოს?" - აღნიშნავდა ტორესა მოსი და მაშინაც ზემოთ აღნიშნულ 3 პირობას აყენებდა. 

ტორესა მოსის და პაატა შამუგიას მიერ პრეტენზიის გამოთქმას მოჰყვა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" "იმედის" ჟურნალისტების იდენტური ტექსტები, რომლებიც თითქმის ერთდროულად გამოჩნდა, ისინი ამბობდნენ, რომ არ იზიარებენ  "ფილმის ერთ-ერთ მთავარ ხაზს". 

თავად არხის ხელმძღვანელობას და ნიკა ლალიაშვილს ამ ფილმის გამო არ მოუხდია ბოდიში, პირიქით თქვა, რომ არ იზიარებს ჟურნალისტების შეხედულებას - "აგვისტოს ფილმი ძალიან სასარგებლო და დროული იყო", - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.
კატეგორია - საქართველო

ხელისუფლებაში ყოფნის მეშვიდე წელს “ქართული ოცნების” ლიდერები თავს აღარ იწუხებენ ყოველთვიური, ან თუნდაც ყოველწლიური პრესკონფერენციებით. კრიზისულ თუ კრიტიკულ სიტუაციაში კი მხოლოდ ტელეჟურნალისტებს ესაუბრებიან. ამის პარალელურად სახელმწიფო ინსტიტუციები აქტიურად მუშაობენ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების რაოდენობის შესამცირებლად.

 ყოველთვიური პრესკონფერენციების ტრადიციას საფუძველი ბიძინა ივანიშვილმა მისი პრემიერობის პერიოდში ჩაუყარა. თუმცა, მოგვიანებით პრემიერის პოსტზე ივანიშვილის მემკვიდრეებმა ჯერ პრესკონფერენციების სიხშირე შეამცირეს, ხოლო შემდეგ საერთოდ შეწყვიტეს და მედიის წინაშე ანგარიშვალდებულების ახალი ფორმა დაამკვიდრეს: შეხვედრები მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტებთან ან სატელევიზიო ტოქშოების წამყვანებთან.

“მიდგომა, რომ მთავრობის მაღალჩინოსნები მნიშვნელოვან თემებზე მხოლოდ სატელევიზიო გადაცემების წამყვანებთან საუბრობენ, არის დისკრიმინაციული სხვა ტიპის მედიასაშუალებებთან მიმართებაში, რადგან მედია მხოლოდ ტელევიზია არ არის”, - ამბობს ინტერნეტ-გამოცემა netgazeti.ge-ს რედაქტორი დათო ქოქოშვილი.


alt
ბიძინა ივანიშვილის პირველი პრესკონფერენცია, რომელსაც 200 ჟურნალისტი ესწრებოდა.
2011 წ, 1 ნოემბერი. ფოტო: რადიო თავისუფლება

 

“საქართველოს ხელისუფლება ავლენს უკიდურესად ჩამორჩენილ დამოკიდებულებას მედიის მიმართ, როდესაც მხოლოდ ტოქშოუს წამყვანებს იწვევს ხელისუფლების მაღალჩინოსნების მნიშვნელოვან პრესკონფერენციებზე”, - ასეთია “ტაბულას” მთავარი რედაქტორის, სალომე უგულავას შეფასება.

On.ge-ის ახალი ამბების მთავარი რედაქტორი გელა ბოჩიკაშვილი ამბობს, რომ უკვე ტენდენციის სახე აქვს სახელისუფლებო პარტიისა და მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან მხოლოდ ტელემედიასთან თანამშრომლობას.

ბოლო ასეთი შემთხვევა 2 სექტემბერს მოხდა, როცა რამდენიმე საათით ადრე გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრეკონფერენციაზე მხოლოდ სატელევიზიო ტოქშოუების წამყვანები მიიწვია, თუმცა ისინიც არასრული შემადგენლობით. ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ არ იყო შეხვედრაზე მიწვეული “კავკასიის” ჟურნალისტი, მთავრობის პრესსამსახურმა უპასუხა, რომ მხოლოდ ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლები იყვნენ შერჩეული.

alt“მეტ კვალიფიკაციას არც მოველოდი მთავრობისგან და მათი პიარისგან, მაგრამ მაინც რომ იცოდეთ: “კავკასია” არის ეროვნული ტელემაუწყებელი საქართველოს კანონმდებლობის და კომუნიკაციების კომისიის მიერ გაცემული დოკუმენტის მიხედვით. ახლა თქვენ სად აგიხსნათ, რომ ეროვნული ტელემაუწყებელი ერთ კონკრეტულ მულტიპლექსში ჩართვას არ ნიშნავს და ციფრულ საუკუნეში საქართველო შესაძლოა რამდენიმე მულტიპლექსით, თანამგზავრით და სხვადასხვა საშუალებებით დაფარო. ისე თუ გეპატარავებით თვალში ან უბრალოდ არ მოგწონვართ პირდაპირ თქვით, ან რამე სხვა მიზეზი მოიფიქრეთ სამომავლოდ”, - ასე გამოეხმაურა “ფეისბუკში” პრემიერის პრესსამსახურის განმარტებას ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი.

მამუკა ბახტაძესთან, რომელმაც გადადგომის შესახებ მოქალაქეებს ონლაინ, ფეისბუკის საშუალებით აცნობა, შეკითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცათ ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებს. კითხვები ვერც ჟურნალ-გაზეთებისა და რადიოების წარმომადგენლებმა დასვეს იმ დროს, როდესაც ყოფილ პრემიერთან შეხვედრაზე მიწვეულებს შორის აღმოჩნდა ჟურნალისტი, რომელსაც საერთოდ არანაირი შეკითხვა არ ჰქონდა მასთან.

“ჟურნალისტის მთავარი ფუნქციაა კითხვების დასმა და ამ კითხვებზე პასუხის მიღება: ჩვენ, აი, ამ ძირითად ვალდებულებას გვიზღუდავენ სამთავრობო პიარები და სამთავრობო პარტიის პრესსამსახური”, - ამბობს გელა ბოჩიკაშვილი “მედიაჩეკერთან” საუბარში.


«ხელისუფლება ონლაინ მედიის არდაშვებით
პრესკონფერენციებზე თავიდან ირიდებს დისკომფორტს -
ამ გზით მაქსიმალურად ამცირებს მათ მიმართ
კრიტიკული კითხვების რაოდენობას» -
სალომე უგულავა, ტაბულა.


“ნეტგაზეთის” რედაქტორის თქმით, ის ფაქტი, რომ რეგიონულ მედიას, ონლაინ მედიას, რადიოებს, პრესას არ ეძლევა კითხვების დასმის შესაძლებლობა, აზიანებს საზოგადოების ინტერესს, მიიღოს მეტი ინფორმაცია და პასუხები.

“რაც მეტია მედიის წარმომადგენლობა პრესკონფერენციაზე, ცხადია, რომ კითხვებიც უფრო მრავალფეროვანია. თან, ეს ყველაფერი ერთგვარ ტენდენციად ყალიბდება, რადგან 20 ივნისის მოვლენების შემდეგ საზოგადოებასთან სასაუბროდ მაშინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამაც იგივე ფორმატი აირჩია”, - ამბობს დათო ქოქოშვილი.

“ტაბულას” მთავარი რედაქტორის თქმით, ონლაინ მედიის აუდიტორია მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და ის გაცილებით მაღალი ეთიკური სტანდარტით გამოირჩევა, ვიდრე ბევრი ტელევიზია, განსაკუთრებით, პროსახელისუფლებო.

“ხელისუფლება ონლაინ მედიის არდაშვებით პრესკონფერენციებზე თავიდან ირიდებს დისკომფორტს - ამ გზით მაქსიმალურად ამცირებს მათ მიმართ კრიტიკული კითხვების რაოდენობას. ეს, ბუნებრივია, ხელს უშლის საზოგადოების ინფორმირებას. ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა რჩება არა მხოლოდ პასუხგაუცემელი, დაუსმელიც - კი. ონლაინ მედიის მიმართ დისკრიმინაციულია სხვა, უფრო დიდ პრესკონფერენციებზე, კითხვების რიგითობის განაწილებაც”, - აცხადებს სალომე უგულავა.

რატომ ესაუბრება ხელისუფლება მხოლოდ ტელემედიას? - ამას On.ge-ის ახალი ამბების მთავარი რედაქტორი ორი მიზეზით ხსნის.

“უფრო დიდი გავლენა აქვს ტელევიზიას და ამიტომ თავს აღარ იღლიან ონლაინ მედიას ელაპარაკონ. ურჩევნიათ, რომ, ასე ვთქვათ, “გამგებლებს” ელაპარაკონ და არა “მოქალაქეებს”, - აცხადებს გელა ბოჩიკაშვილი და მეორე მიზეზად ხელისუფლებისადმი ტელევიზიების ლოიალურ დამოკიდებულებას ასახელებს:

“საარჩევნო მონიტორინგს თუ გადავხედავთ, ტელევიზიების დიდი ნაწილი ხელისუფლების მიმართ იყო ლოიალური. სამი ტელევიზია იყო ნახსენები, როგორც ხელისუფლების მიმართ კრტიკული: რუსთავი 2, ტვ პირველი და აჭარის ტელევიზია. არჩევნების შემდეგ მედიაბაზარზე შეიცვალა ბევრი რამ: აჭარის ტვ-ში ძველი დირექტორი არ არის, ახალიც არ არის არჩეული, შესაბამისად, ვერ ვიტყვით შეიცვალა თუ არა რამე. ტვ პირველი ზეწოლად აღიქვამს მფლობელზე დაწყებულ გამოძიებას. რუსთავი 2-ში შეიცვალა მფლობელი”, - ამბობს On.ge-ის ახალი ამბების მთავარი რედაქტორი.

“ნეტგაზეთის” რედაქტორი დათო ქოქოშვილი მიიჩნევს, რომ ფორმატი, რომლითაც მმართველი გუნდი მედიასთან ხელისუფლებაში მოსვლის საწყის წლებში ურთიერთობდა, უფრო მისაღები იყო - როცა ღია პრესკონფერენციები ტარდებოდა და უფრო მეტ ჟურნალისტს შეეძლო შეკითხვის დასმა.

ზოგადად, მედიის და საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას ეწინააღმდეგება მოქალაქეების და ჟურნალისტების სეგრეგაცია რაიმე ნიშნით. ხელისუფლების ვალდებულებაა უზრუნველყოს თანაბარი მედია გარემო, სადაც ჟურნალისტებს, მათ შორის ყველაზე კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, აქვთ კითხვის დასმის შესაძლებლობა.

კატეგორია - საქართველო

10 დღეა, რაც ტელეკომპანია “რუსთავი 2-დან” ჟურნალისტების დიდი ნაწილის პროტესტის ნიშნად წასვლის გამო, არხზე სრულფასოვანი მაუწყებლობა შეწყვეტილია და მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ფილმები გადის. პარალელურად, ცნობილია, რომ “რუსთავი 2-ის” ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია ახალ ტელეკომპანიას - “მთავარ არხს” ქმნის, რომელიც მაუწყებლობას 9 სექტემბრიდან დაიწყებს და არხიდან წასული ჟურნალისტების ნაწილი მუშაობას სწორედ ამ არხზე გაააგრძელებს.

მთავარი არხი საჯარო რეესტრში 2019 წლის პირველ მარტს დარეგისტრირდა. უფრო ზუსტად, დაფუძნებისას მას "კომედი არხი" ერქვა, 15 აგვისტოს კი შეეცვალა სახელი და მფლობელები და გახდა მთავარი არხი.  მისი 51%-იანი წილის მფლობელი ნიკა გვარამიაა. 49%-ს კი კახაბერ ანჯაფარიძე ფლობს, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს “ინტერ მედია პლიუსის” 30%-იანი წილის მესაკუთრეცაა.


[სარეკლამო გაყიდვების სახლი “ინტერ მედია პლიუსი” 2015 წლიდან ტელეკომანია “რუსთავი 2-ის” კუთვნილ ტელეარხებზე კომერციული რეკლამების განთავსების უფლებას ფლობს. გენერალური პროკურატურა ნიკა გვარამიას “რუსთავი 2-ის” ინტერესების საწინააღმდეგოდ ამ კომპანიასთან გარიგებასა და ფინანსურ მაქინაციაში სდებს ბრალს]. 


“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის პოზიციას ნიკა გვარამია იკავებს. ასევე დირექტორების პოსტებზე არიან “რუსთავი 2-ის” ყოფილი იურისტები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი. ფინანსური დირექტორი კი, ასევე “რუსთავი 2-ის” ყოფილი ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძეა.

 

⇒  ამ თემაზე იხილეთ: რუსთავი 2-ის ყოფილმა დირექტორმა ახალი ტელევიზიის შექმნა დააანონსა 

 

“რუსთავი 2-ის” ყოფილი სახეებიდან მთავარ არხზე ვიხილავთ: დიანა ჯოჯუას, პაატა იაკობაშვილს, მიხეილ სესიაშვილს, ნანუკა ჟორჟოლიანს, გიორგი გაბუნიას, ეკა კვესიტაძეს, ნოდარ მელაძეს, თამარ ბაღაშვილს, გიგლა თუმანიშვილს, ნინო სამყურაშვილს, თეა ადეიშვილს, დავით ერაძეს და თამთა დოლენჯაშვილს.

altარხის სამაუწყებლო ბადის დეტალებზე ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია “იბერიას” ყოფილი შენობიდან Facebook-ის პირდაპირი ჩართვის დროს ისაუბრა. “მთავარი არხი” დროებით მაუწყებლობას სწორედ “იბერიის” შენობიდან დაიწყებს და მის ტექნიკას გამოიყენებს. ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზიის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად სწორედ “ომეგა ჯგუფის” მფლობელი და ტელეკომპანია “იბერიას” დამფუძნებელი ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი დაასახელა. მთავარი არხის დამფინანასებლებისა და სხვა პარტნიორების შესახებ საუბრისგან ნიკა გვარამია თავს იკავებს და ამბობს, რომ დეტალებს მათთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გაამხელს.


[ტელეკომპანია “იბერიამ” მაუწყებლობა 16 ოქტომბერს შეწყვიტა და მიზეზად ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა დაასახელა. მაუწყებლობის შეწყვეტიდან 3 დღეში ტელევიზიის თანამშრომლებმა მათი გათავისუფლების შესახებ გენერალური დირექტორის მიერ ხელმოწერილი ბრძანებები მიიღეს. არხის ხელმძღვანელობა თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზად არხის მთავარი დამფინანასებლის “ომეგა ჯგუფისთვის” ხელისუფლების მიერ შექმნილ ფინანსურ პრობლემებს ასახელებდა.
არხიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა კუთვნილი შრომის ანაზღაურების მოთხოვნით ტელეკომპანიას სასამართლოში უჩივლეს. მათ ტელევიზიის ხელმძღვანელობას სასამართლოს პირველ ინსტანციაში დავა მიმდინარე წლის მარტში მოუგეს. მიუხედავად ამისა, ისინი აცხადებენ, რომ ტელეკომპანიას კუთვნილი კომპენსაციები ამ დრომდე არ გადაუხდია]
. ამავე თემაზე წაიკითხეთ: შეწყვეტილი მაუწყებლობა და გათავისუფლებული თანამშრომლები - ‘იბერიას’ გაურკვეველი მომავალი ]

ამ დროისთვის ცნობილია, რომ მთავარ არხზე დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება - “მთავარი ამბები” ზუსტად საღამოს ცხრა საათზე დაიწყება და მას “კურიერის” ყოფილი წამყვანები დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი წარუძღვებიან.

alt

მთავარ არხზე ასევე გავა ნიკა გვარამიას და ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემა “აქცენტები”, “პოსტკრიპტუმი” (ან კვირის მთავარი), რომელსაც გიორგი გაბუნია წაიყვანს, რამდენიმე პოლიტიკურ ტოქ-შოუ, ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ ახალი ფორმატით, ასევე იუმორისტული გადაცემების სამი პლატფორმა, რომელსაც “რუსთავი 2-დან” წამოსული იუმორისტული ჯგუფის ნაწილი მოამზადებს, მათ შორის იქნება ვანო ჯავახიშვილის შოუც. გვარამიას თქმით, “მთავარ არხზე” ვერ ვიხილავთ ე.წ. ყვეთილი ტიპის გადაცემებს.

“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა მთავარ მიზნად საუკეთესო არხის შექმნა და ტელეკომპანია “იმედისთვის” კონკურენციის გაწევა დაასახელა. ცნობილია მთავარი არხის სარედაქციო პოლიტიკის მთავარი პრინციპიც - “კრიტიკული, პროდასავლური მედია, სადაც ყველას ხმა ისმის”.

altმთავარ არხზე საინფორმაციო სამსახურს ნოდარ მელაძე უხელმძღვანელებს. მისი თქმით, მაყურებელი ახალ ეთერში ისეთი ხარისხის საინფორმაციო გამოშვებას იხილავს, როგორსაც “კურიერის” უკვე ყოფილი გუნდისგან არის მიჩვეული.

“საინფორმაციო გუნდი გააკეთებს ისეთივე მაგარ საინფორმაციო გამოშვებებს, როგორსაც ჩვენგან არის მიჩვეული. ეს იქნება ისევ თავისუფლების ტერიტორია, თავისუფალი ჟურნალისტების ერთობა და სადაც არის საუბარი ადამიანების პრობლემებზე”, - განაცხადა მან. 



"მედიაჩეკერი" შეეცადა არხის შესახებ დამატებითი დეტალები ნიკა გვარამიასთან გაერკვია. თუმცა, ორდღიანი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 

ამბის წინაისტორია მოკლედ


altტელეკომპანია “რუსთავი 2” ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა მას შემდეგ დატოვა, რაც არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ 20 აგვისტოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პროდიუსერი, ასევე პოლიტიკური და გასართობი გადაცემების წამყვანები სამსახურიდან გაათავისუფლა. პირველებმა არხი მთავარი საინფორმაციო გამოშვების - “კურიერის” წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა პირდაპირ ეთერში დატოვეს, რის შემდეგაც საინფორმაციო გამოშვება შეწყდა და ეთერში დღემდე არ გასულა. მეორე დღეს, მათ “კურიერის” ჟურნალისტების დიდი ნაწილი და სხვადასხვა გადაცემის გუნდი მიჰყვა. 

 


ამ თემაზე იხილეთ: 24 საათი "კურიერის" გარეშე - რა ხდება "რუსთავი 2-ზე"

 

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ტელეკამერების წინ არხიდან ჟურნალისტების წასვლიდან ზუსტად ერთ კვირაში გამოჩნდა და განაცხადა, რომ სანფორმაციო სამსახურს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციიდან ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც წლების განმავლობაში ბრიტანეთში ტელეკომპანია BBC-ში მოღვაწეობდა. ასევე, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, იგი ტელეკომპანია “იმედში” კონსულტანტად მუშაობდა.

“რუსთავი 2”-ში ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და განმარტა, რომ ეროვნულ დონეზე ტელეკომპანიის საკუთრების საქმეზე გადაწყვეტილების მიმღებ მოსამართლეებს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპები არ დაურღვევიათ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელმაც ტელეკომპანიის წილებისთვის სამართლებრივი დავა 2015 წლიდან დაიწყო, “რუსთავი 2” იმავე დღეს გადაიფორმა და ტელეკომპანის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც იმავე დღეს შეცვალა. მის ადგილზე მისივე ადვოკატი პაატა სალია დანიშნა.

პირველ ეტაპზე ტელეკომპანიის ახალი მმართველები თანამშრომლების შემადგენლობისა და სარედაქციო პოლიტიკის უცვლელად დატოვების პირობას დებდნენ, თუმცა პირობა მალევე დაირღვა და არხზე საკადრო ცვლილებები დაიწყო.

კატეგორია - საქართველო

ოქტომბრიდან ქართულ ტელესივრცეს ახალი ტელევიზია - “ფორმულა” შეემატება. ახალ არხს “ფორმულა კრეატივი” ქმნის, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2-ისთვის” ტელესერიალ “ჩემი ცოლის დაქალებს” და რამდენიმე გასართობი შინაარსის პროექტს ამზადებდა.

შპს “ფორმულა” საჯარო რეესტრში მიმდინარე წლის 22 ივლისს დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-იან წილს “ფორმულა კრეატივის” დამფუძნებლები: მიხეილ მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზურაბ გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა თანაბრად (25-25%) ინაწილებენ. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ახალ ტელევიზიას საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი დააფინანსებს. აღნიშნული “მედიაჩეკერთან” საუბარში ახალი ტელევიზიის დირექტორმა ზურაბ გუმბარიძემაც დაადასტურა. მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ წერილი დღეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაშიც წარადგინეს.

“ფორმულა კრეატივმა” მაუწყებლობის უფლებისთვის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას პირველად 13 აგვისტოს მიმართა. კომისიამ კრეატივს დოკუმენტაციაში ხარვეზი დაუდგინა და მის გამოსასწორებლად 5 დღიანი ვადა მისცა. დღეს უკვე ცნობილი გახდა, რომ კომუნიკაციების კომისიამ შპს “ფორმულას” მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაცია მიანიჭა. კომისიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედით, ახალი არხი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მაუწყებლობას პირველი ოქტომბრიდან დაიწყებს.

ახალი ტელეკომპანიის დირექტორის ზურაბ გუმბარიძის თქმით, “ფორმულას” საინფორმაციო სამსახურს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი უხელმძღვანელებს.

altდღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი წაიყვანს. იგი მანამდე  ტელევიზია “მესამეში” მუშაობდა, რომელსაც "ფორმულა კრეატივი" მართავდა. ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის რომელ საათზე გავა ეთერში დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება.

ტელევიზიის დირექტორის თქმით, თანამშრომლობისთვის მოლაპარაკებები “რუსთავი 2-დან” წამოსულ ჟურნალისტებთანაც მიმდინარეობს. თუმცა, მისივე თქმით, საინფორმაციო სამსახური მხოლოდ “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებით არ დაკომპლექტდება და მაყურებელი ახალ სახეებს და სხვა არხის ჟურნალისტებსაც იხილავს.

მისივე ინფორმაციით, ამავე არხზე გადაინაცვლებს ფორმულა კრეატივის კუთვნილი პროდუქტები, რომლებიც ტელეკომპანია “რუსთავი 2-ზე” გადიოდა. ესენია: ტელესერიალი “ჩემი ცოლის დაქალები”, “სამზარეულოს ომები” და “მთავარი ექიმი”. ახალი არხი მაყურებელს კიდევ ერთ ახალ სატელევიზიო სერიალს შესთავაზებს, რომელსაც “ფორმულა კრეატივი” ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ამზადებს. ამასთან, “ფორმულაზე” მაყურებელი ნაყიდ უცხოურ კონტენტსაც იხილავს.

ზურაბ გუმბარიძის თქმით, “ფორმულა” პოლიტიკურ ტოქ-შოუებსაც მოამზადებს. რაც შეეხება მათ წამყვანებს, იგი ამბობს, რომ ჯერჯერობით სახეების შესახებ საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის და ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიაწვდიან.

“ფორმულა კრეატივის” შემოქმედებითმა ჯგუფმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” მას შემდეგ დატოვა, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2-ის” წილები გადაიფორმა, მისი გენერალური დირექტორი შეცვალა და არხზე საკადრო ცვლილებები დაიწყო.

კატეგორია - საქართველო

"რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურის  ხელმძღვანელად ირაკლი იმნაიშვილი განიხილება.  ამის შესახებ, მაუწყებლის დირექტორმა პაატა სალიამ დღეს, 26 აგვისტოს, 20:00 საათზე, "კურიერის" "ნიუსრუმში" გამართულ  სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.  პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ირაკლი იმნაიშვილი უკვე წარუდგინა მაუწყებლის თანამშრომლებს. 

"რუსთავი 2-ზე" ამჟამად მუშობს 800 თანამშრომელი და დღეს მათ წარვუდგინე პროფესიონალი, რომელსაც არ სჭირდება დამატებითი წარდგენა, მას იცნობს მთელი საქართევლო, ის არის ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი, რომელმაც თავისი შეუპოვრობით, თავისი კრიტიკულობით თავი დაამახსოვრა ქართულ საზოგადოებას და რომელიც იძულებული გახდა წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მრიდან არსებული წნეხის გამო დაეტოვებინა ქვეყანა", - განაცხადა პაატა სალიამ ირაკლი იმნაიშვილის წარდგენისასა და დაამატა, რომ მასთან დიდი ხანია მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ უხელმძღვანელოს "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურსა და პროდაქშენს აღმასრულებელი დირექტორის სტატუსით. 

ამავე ბრიფინგზე პაატა სალიამ განაცხადა, რომ "რუსთავი 2-ის" კარი ღიაა ყველა იმ თანამშრომლისთვის, რომლებმაც ემოციის ფონზე მიიღეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება".

შეგახსენებთ, 21 აგვისტოდან, მას შედეგ, რაც არხიდან გაუშვეს წამყვანი ჟურნალისტები და საინფორმაციო სამსახურის უფროსი, მაუწყებელი "კურიერის" გუნდმა დატოვა. მათ განაცხადეს, რომ მიუღებელია სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება და არ აპირებენ ხელისუფლებისადმი მაამებლური სიუჟეტების კეთებას. ამ ხნის განმავლობაში, არხზე საინფორმაციო გამოშვებების ნაცვლად ფილმები გადიოდა.

ირაკლი იმნაიშვილი, ბოლო 13 წელიწადია, ლონდონში ცხოვრობს და მეუღლესთან ნათია აბრამიასთან ერთად BBC-ში მუშაობს. საცხოვრებლად ბრიტანეთში გადასვლამდე იგი  ტელეკომპანია „მზეში“ ტოკ-შოუ წამყვანად მუშაობდა, ასევე, მუშაობდა კონსულტანტად ტელეკომპანია "იმედში".

***

"რუსთავი 2-ში" ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 18 ივნისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიასთან დაკავშირებით წარმართულ სასამართლო პროცესში არც ერთი სადავო უფლების დარღვევა არ დადგინდა. შესაბამისად, იმავე დღეს აღსრულდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და არხის მფლობელადაც ქიბარ ხალვაში დარეგისტრირდა, რომელმაც თავის მხრივ თანამდებობიდან გადააყენა გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისი ადგილი პაატა სალიამ დაიაკავა.

9 აგვისტოს არხის 9% -ის უკვე ყოფილი მლობელის, ნინო ნიჟარაძის საჩივრის გამო დაწყებული გამოძიების საფუძველზე პროკურატურამ ნიკა გვარამიას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დასდო ბრალი და აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. გვარამია ბრალს არ აღიარებს და გირაოს გადახდასაც არ აპირებს.

14 აგვისტოს ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის გაყიდვის სურვილი გამოთქვა და პოტენციურ მყიდველებს ერთი კვირის ვადა მისცა, თუმცა, რადგანაც მსურველი არ გამოჩნდა, 19 აგვისტოს განაცხადა, რომ ტელეკომპანიას არ ყიდის, არ გააკოტრებს და "რუსთავი 2 "იქნება "პოლიტიკურად დამოუკიდებელი".

20 აგვისტოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და პოლიტიკური ტოქშოუების "არჩევანისა" და "კვირის აქცენტების", წამყვანები გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე. ამავე დღეს ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში დატოვეს საინფორმაციო გადაცემის წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. წასვლის შესახებ განაცხადა პაატა იაკობაშვილმაც, რომელსაც დიანა ჯოჯუასთან ერთად "კურიერის" მთავარი გამოშვება მიჰყავდა.

21 აგვისტოს კი არხი "კურიერის" გუნდმა დატოვა.

alt21 აგვისტო, "რუსთავი 2-ის" "ნიუსრუმი"