23 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე - „გიორგი კიკაბიძე, გენადი ქვაჩახია, ნათია ამირანაშვილი, რუსუდან დუმბაძე, თათია წოწონავა, ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ და სხვები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვის სხდომა გაიმართება. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია ხვალინდელ სხდომაზე 2 სარჩელს განიხილავს.
დავის საგანი „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ შალვა პაპუაშვილის ბრძანებით დამტკიცებული წესის რამდენიმე მუხლია. მათ შორის, იმ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია, „საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ“. ამ წესის დარღვევა კი ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერებას/აკრედიტაციის გაცემის შეზღუდვას ითვალისწინებს.
სადავოდ არის გამხდარი იმ პუნქტის კონსტიტუციურობაც, რომლითაც „ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს პარლამენტში გასამართი ღონისძიების სპეციფიკურობიდან ან უსაფრთხოების რეჟიმიდან გამომდინარე, აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიზღუდოს აკრედიტებულ ჟურნალისტთა პარლამენტის სასახლეში დაშვება, გადაადგილება ან მათი ტექნიკის გარკვეულ ადგილებში განლაგება“.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლო წერს, მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, გასაჩივრებული რეგულაციები არ ემსახურება კონსტიტუციურად დასაშვებ ლეგიტიმურ მიზანს და ზღუდავს ჟურნალისტთა უფლებას, დასვან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებთან დაკავშირებული შეკითხვები, ისევე, როგორც საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია არჩეული წარმომადგენლების პოზიციების თაობაზე:
„მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ აკრედიტაციის შეჩერების/გაცემაზე უარის თქმის შიშით იქმნება „მსუსხავი ეფექტი“ გამოხატვის თავისუფლებაზე, რაც აზიანებს მედიის კრიტიკულ ფუნქციას დემოკრატიულ საზოგადოებაში. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარეს პრობლემურად მიაჩნია ტექნიკური პერსონალისთვის აკრედიტაციის შეზღუდვა სადავო ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ აკრედიტაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პროცედურული გარანტიების არარსებობა.
მოსარჩელეების პოზიციით, აკრედიტებულ ჟურნალისტთა საქართველოს პარლამენტის სასახლეში დაშვების, გადაადგილების ან მათი ტექნიკის გარკვეულ ადგილებში განლაგების შეზღუდვის მომწესრიგებელ სადავო ნორმა არის ზოგადი ხასიათის და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს ანიჭებს განუსაზღვრელ დისკრეციას, შეზღუდოს ჟურნალისტთა საქმიანობა საქართველოს პარლამენტში, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებას და მე-2 და მე-5 პუნქტებს“.
2024 წლის მაისი-ივნისის პერიოდში „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მოთხოვნით, საპარლამენტო აკრედიტაცია „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ რამდენიმე ჟურნალისტს შეუჩერდა. აღსანიშნავია, რომ მათთვის გაგზავნილ პარლამენტის აპარატის უფროსის ოფიციალურ წერილში აკრედიტაციის შეწყვეტის მიზეზი ერთნაირად იყო განმარტებული: „მიუხედავად პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისა, თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას და არ შეწყვიტეთ ვიდეოჩაწერა“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გასული წლის შეფასებისას, პარლამენტის მიერ აკრედიტაციის წესის მედიის წინააღმდეგ გამოყენება ჟურნალისტებისა და მედიის მიმართ ძალადობის ერთ-ერთ ძირითად კატეგორიაში გააერთიანა. პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესი, როგორც გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის დამაბრკოლებელი საკითხი მოხვდა სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშშიც.
„პროტესტი“ და „ადევნება“ - რატომ დაიხურა პარლამენტი მედიისთვის - წაიკითხეთ ვრცლად „მედიაჩეკერის“ მასალაში.