გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს თბილისის
საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების
სახით პატიმრობა შეუფარდა, წინასასამართლო სხდომა კი 15 დეკემბერს
გაიმართება.
დიტო ჩუბინიძე, რომელსაც ედავებიან სამშობლოს ღალატს - საბოტაჟს დავით გარეჯის შესახებ ცრუ და დეზინფორმაციული ცნობების სისტემატური გავრცელებით, რითაც ხელი შეუშალა საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ფუნქციონირებას, წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.
მან სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ის „ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური ტყვეა“ და სამშობლოსთვის არ უღალატია. როგორც ჩუბინიძე ამობს, მისი განცხადებები დავით გარეჯთან დაკავშირებით „ეფუძნებოდა იმ, თუ შეიძლება ასე ითქვას, რელაციას, რომელიც აწ განსვენებულმა, ჩემმა რესპონდენტმა [ლაზარე ჯორბენაძემ] ჩემთან საგაზეთო ინტერვიუში თქვა. მე არ ვარ საშიში კაცი, არც გამქცევი და არც დამმალავი კაცი. მე ამ სასამართლოდან გამოვალ გამარჯვებული, მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე“.
დიტო ჩუბინიძის მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენება პროკურატურამ მოითხოვა. საქმის პროკურორის, ანი ხუბეჯაშვილის თქმით, მისი ქმედებები არის „განმეორებითი, არის ისეთი მოცემულობით გავრცელებული, რომ სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს“ და „ცალსახად არის გამიჯნული მისი ჟურნალისტური საქმიანობიდან“.
ჩუბინიძის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის თქმით კი, საქმე ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ფარგლებში ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს ეხება და „ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება“.
ხატიაშვილმა მოიყვანა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც, [Handyside v. the United Kingdom, 1976] „რომელმაც განმარტა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-10 მუხლი იცავს არა ისეთ გამონათქვამებს, რომელიც არის მისაღები საზოგადოებისთვის, არამედ ისეთ გამონათქვამებს, რომელიც არის შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შოკისმომგვრელი. ჟურნალისტმა დააფიქსირა კომენტარი რესპონდენტის და ამ რესპონდენტის კომენტარზე აკეთებდა შემდეგ კომენტარს. აი, ეს არის დიტო ჩუბინიძის ბრალდების არსი და ვიღაცას თურმე ეს არ მოეწონა და ხელი შეეშალა საქმიანობაში. კონვენციის მე-10 მუხლი დარღვეულია…
ანუ ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლება უფრო ფართოა, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის, იმიტომ რომ ეს არის ჟურნალისტის დამოუკიდებლობა და თავისუფალი პროფესია, ხომ? ეს დავაყენე და მოსამართლემ ისინი [ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები] საერთოდ არ გაითვალისწინა და ჩემი აზრით, გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება…“
გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, 22 ოქტომბერს დააკავეს. ჩუბინიძის ადვოკატის, ნონა ფილაურის თქმით, საქმეში „სხვა მტკიცებულებები, გარდა საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის წევრების გამოკითხვის ოქმებისა და დიტო ჩუბინიძის საჯაროდ გაცხადებული პოზიციის, ინტერვიუებისა“ არაფერი დევს.
პროკურატურის განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი“.
უწყების მტკიცებით, ამ ქმედებით ჩუბინიძემ „განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას“.
--------------------------------------------------
2026 წლის თებერვალში, ლაზარე ჯორბენაძემ, რომელიც „ასავალ-დასავალის“ ხშირი რესპონდენტი იყო, დიტო ჩუბინიძესთან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევთან საიდუმლო შეთანხმებას მოაწერა ხელი და დავით გარეჯის ნაწილი დათმო, რასაც მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში კამპანია მოჰყვა.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე ლაზარე ჯორბენაძე გარდაიცვალა, ოფიციალურ ვერსიად სუიციდი განიხილებოდა. დიტო ჩუბინიძემ კი თქვა, რომ თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯეროდა.
„ქართული ოცნების“ ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში ლაზარე ჯორბენაძე ახსენა და თქვა, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რა გახდა მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი. ამის შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი „ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია“.



