დედასთვის, #2 - დათო ახალაია, 61 წლის - ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი
12.09.2021



პოდკასტის მეორე ეპიზოდის გმირი 61 წლის დათო ახალიაია, მასწავლებელია თბილისიდან. ის ციფრულ ცოდნას ავრცელებს როგორც მოსწავლეებში, ისე მასწავლებლებში. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ის „ისტ-ის“, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელია. დათო ახალაიას 146-ე სკოლაში ვესტუმრე და ჩვენი საუბარიც, სწორედ, მის სამუშაო სივრცეში, კომპიუტერებით სავსე ოთახში შედგა.

პორკასტის, "დედასთვის" - პირველი ეპიზოდი ნახეთ ამ ბმულზე.

დათო ახალაია ამბობს, რომ ზოგადი წიგნიერება უმნიშვნელოვანესია კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბების კუთხით, თუმცა ასევე მიიჩნევს, რომ დროის ცვლილებასთან ერთად ყველა პროფესიის ადამიანი ვალდებულია არ ჩამორჩეს ციფრულ პროგრესს.

სწორედ ამ მიზნით ის უკვე 15 წელია თბილისსა და რეგიონებში მასწავლებლებს ციფრული, საინფორმაციო და საკომუნიკაციო უნარების განვითარებაში ეხმარება. ვთხოვე გაეზიარებინა მისი პირადი დაკვირვება ბავშვებთან და ზრდასრულებთან მუშაობის პროცესში ციფრული უნარების ათვისების გზაზე. მან ახსენა „შიში“, რომელიც ასაკოვან ადამიანებს აქვთ ტექნოლოგიებთან ურთიერთობებისას:

„მოსწავლეებს, რომლებიც ამ ეპოქაში დაიბადნენ, უკეთესად ესმით ციფრული მოწყობილობები და ისინი ძალიან თამამად, შეცდომის შიშის გარეშე ყველა ასეთ ციფრულ მოწყობილობაზე. უფრო ასაკოვან ადამიანებს, ყოველთვის ეშინიათ რომ რაღაცას გააფუჭებენ, თუმცა მე ხშირად ვეუბნები, თუ ჩაქუჩი არ ჩაარტყით, ვერაფრით გააფუჭებთ, ამიტომ ნუ გეშინიათ, იმუშავეთ, პრობლემა არ შეგექმნებათ-მეთქი.“

ამის მოსმენისას თვალწინ მედგა 80 წლის ბებიაჩემი, რომელიც მესენჯერის მენიუში სასურველი საკონტაქტო პირის მოძიებისას თითის არასწორად გასმის („დარტყმის“ - ბებიაჩემის ენით) შემთხვევაში, ფიქრობს რომ კონტაქტი წაშალა და უკან ვეღარ დააბრუნებს.

დათო ახალაია ციფრული მოწყობილობებიდან ყველაზე ხშირად სმარტფონს იყენებს, როგორც კოლეგებთან ურთიერთობისთვის (ელექტრონული ფოსტის შემოწმება, მასწავლებლების ფეისბუქ ჯგუფები და ა.შ), ისე ყოფითი დანიშნულებით - მაგ. ამინდის პროგნოზის შესამოწმებლად და ელექტრონული წიგნების წასაკითხად. სოციალურ-პოლიტიკურ თემებზე ინფორმაციის სანდო წყაროდ მაინც ტრადიციულ მედიას მიიჩნევს, თუმცა ისიც იცის რომ ამბები უნდა გადაამოწმოს სხვადასხვა არხებზე.

ექსპერიმენტი - მედიაწიგნიერების 5 მთავარი კითხვა

პოდკასტის ექსპერიმენტის წესების თანახმად, ეპიზოდის გმირი თავად ირჩევს საინფორმაციო პლატფორმას. დათო ახალაია ფეისბუკი აირჩია და საკვლევი ამბის/მესიჯის ძიებაც სწორედ აქედან დავიწყეთ. მისი ინტერესების სფეროც, როგორც პროფესია, განათლებასთან დაკავშირებული ჯგუფები და თემებია. „სქროლვისას“ ის შეჩერდა სათაურზე, „განათლების დონე საქართველოში“. ქუჩის გამოკითხვის ამ ვიდეოს ბოლომდე ყურების შემდეგ კი დაასკვნა, რომ განათლების დონე ასეთი გამოკითხვებით არ იზომება.

დასკვნის გასამყარებლად საკმაოდ ძლიერი არგუმენტებიც მოიყვანა - გამოკითხულთა შერჩევის მეთოდი, ადამიანები რომლებიც კითხვებს პასუხობენ, კითხვების დასმის ფორმა და თავად კითხვების შინაარსი. ისიც თქვა, რომ ეს ვიდეო სენსაციისთვის არის შექმნილი, რომ მისი და მისი კოლეგების ყურადღება მიიპყროს.

alt

ავტორის ძიებისას, პირველად მან ვიდეოს გამზიარებლის სახელი და გვარი ახსენა. ისიც გაარკვია, რომ ეს ვიდეო მის მიერვე შექმნილ მასწავლებლების ჯგუფში ერთ-ერთმა წევრმა გააზიარა. აქ მცირე მითითება მივეცი რომ ვიდეოს პირველწყაროს, ანუ ფეისბუკის იმ გვერდს დაკვირვებოდა, რომელმაც ვიდეო პირველად გამოაქვეყნა. დავადგინეთ რომ ვიდეო ეკუთვნის პორტალს სახელწოდებით, GMTV|ჯიემთივი.

GMTV|ჯიემთივი, მათივე გვერდზე მოცემული აღწერის მიხედვით „არის ტელევიზია, ასევე ახალი ამბებისა და მედიის გვერდი”. გვერდი გამოწერილი აქვს 12 000-ზე მეტ მომხმარებელს. ფეისბუქის გამჭვირვალობის პოლიტიკის თანახმად, ვიგებთ რომ ის2021 წლის იანვარში დარეგისტრირდა და მას შემდეგ სახელი სამჯერ შეიცვალა. გვერდის შემქმნელებს 300 დოლარზე მეტი აქვთ დახარჯული სოციალურ-პოლიტიკური თემატიკის ფეისბუკ რეკლამაზე, მათ შორის არჩევნებზეც.

როგორც ფეისბუკის, ისე მათ ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეხვდებით ბევრ ვირუსულ ვიდეოს, მმართველი პარტიის აქტივობების შესახებ შექმნილ ახალ ამბებს და სხვა სოციალურ თემებს ეპატაჟური ჰედლაინებით.

alt

ყველაზე ნიშანდობლივი მთელს ამ ექსპერიმენტში ის იყო, რომ ფეისბუკის ალგორითმმა დათო ახალაია და მისი კოლეგები ამ ვიდეოს სამიზნე აუდიტორიაში მოაქცია. სამიზნე აუდიტორიას პოსტის ან რეკლამის თმა განსაზღვრავს. თუკი პოსტი განათლებაზეა, დიდი შანსია, რომ სამიზნე აუდიტორია მასწავლებლები გახდნენ. ასე არჩევს ფეისბუკიც იმას, თუ ვის მიაწოდოს ინფორმაცია. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ხშირად ეცნობით მასალას განათლების მიმართულებით, ალგორითმი მსგავს თემებს უფრო და უფრო ხშირად შემოგთავაზებთ „თაიმლაინზე“.

ეს პატარა მაგალითი კარგი ილუსტრაციაა იმისა თუ როგორ რეაგირებს სხვადასხვა ადამიანი ისეთ ვირუსულ ვიდეოზე, რომელიც განათლების დონეს ქუჩაში გამვლეთათვის აბსურდული კითხვების დასმით ზომავს; ამავე პრინციპით შექმნილი ვირუსული მასალა ფეისბუქზე უფრო მავნე შინაარსითაც ხშირად ვრცელდება, ამან კი შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ინფორმაციის მომხმარებლებს, საზოგადოებას.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი კრიტიკული დისტანცია - იმპულსურ ჩართულობაზე (მოწონება, კომენტარის დაწერა, გაზიარება) უარის თქმა, ინფორმაციის შინაარსზე და გამავრცელებლზე მეტად დაკვირვება და თუ საჭიროა, დარეპორტებაც კი.


ავტორი : 64; სალომე აფხაზიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ