დედასთვის #3 - ლიანა გოგუა, 67 წლის - ექიმი
19.09.2021


კორონავირუსის თავის დასაცავად რეგულაციების დაცვასთან ერთად ვაქცინაცია შეუცვლელი იარაღია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს იარაღი უმოქმედოა ჯანსაღი საინფორმაციო კამპანიის გარეშე, ან პირიქით - საშიშია მიზანმიმართული დეზინფორმაციის ფონზე.

ამ საინფორმაციო კამპანიის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მოთამაშეები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ რომ პოდკასტის მესამე ეპიზოდის გმირად ექიმი შეგვერჩია.

67 წლის ლიანა გოგუა პროფესიით ენდოკრინოლოგია, თუმცა პანდემიით შექმნილი საგანგებო ვითარების გამო ჩართულია როგორც კოვიდპაციენტების კონსულტირების, ისე საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში.

მის სამუშაო ოთახში პერსონალური კომპიუტერი დგას, თუმცა ინტერნეტი არ მიეწოდება. როგორც ჩანს კლინიკის ადმინისტრაციამ ინტერნეტის მის კაბინეტამდე მიყვანა პრიორიტეტულად არ მიიჩნია, ამიტომ პაციენტებთან მუშაობის დროს სხვადასხვა ინფორმაციის მოსაძიებლად ან გადასამოწმებლად სმარტფონს იყენებს.

ლია გოგუა გუგლის საძიებო სისტემას გამიზნულად მაშინ იყენებს, როდესაც პაციენტების მიერ დასახელებული მედიკამენტების ფარმაკოლოგიური შემადგენლობის გადამოწმება სურს, ან როცა კოვიდის სტატისტიკა აინტერესებს.

კოლეგა ექიმებთან საკომუნიკაციოდ და ინფორმაციის გასაცვლელად ის საზღვარგარეთ მოღვაწე ექიმების მიერ შექმნილ ფეისბუქ-ჯგუფს იყენებს, სადაც ერთმანეთს ინფორმაციას უცვლიან. ამას რომ მიყვებოდა, წარმოვიდგინე სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც სოციალური მედიის პლატფორმაზე იმართება დიდი სამედიცინო დაწესებულების ნაცვლად. ეს ალბათ ნაკლებად რეალისტურია ბევრი ეთიკური და პროფესიული დილემის გამო, თუმცა ექიმების პროფესიული ჯგუფი ფეისბუქზე მანიშნებელია იმისა რომ „ციფრულ იმიგრაციას“ საზღვრები ნამდვილად არ აქვს.

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტი

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტისთვისაც ამ ეპიზოდშიც ფეისბუქზე შევჩერდით. პირველივე ჩამოსქროლვაზე ექიმ გოგუას ვაქცინაციასთან დაკავშირებული ციტატა შემოხვდა. ციტატის ავტორი სასულიერო პირი იყო, რომელიც ამტკიცებდა რომ ხშირად ჰქონია შეხება კოვიდინფიცირებულებთან, თუმცა ვირუსი არასდროს გადასდებია, შესაბამისად, ციტატიდან ირკვეოდა რომ ეს არგუმენტი მას ვაქცინაციის აუცილებლობის გასაბათილებლად მოჰყავდა.

alt

ამ ციტატას ექიმი თავიდანვე სკეპტიციზმით შეხვდა. ის ამბობდა, რომ ან ციტატაა დამახინჯებული, ან თავად მამა შალვას აქვს მცდარი ინფორმაცია კოვიდის შესახებო.

მედიაწიგნიერების პირველი კითხვის (ვინ შექმნა ამბავი/მესიჯი?) თანახმად გავარკვიეთ რომ ციტატა გამოცემა „მეტრონომმა“ გაავრცელა. სანამ ტექსტს ვკითხულობდით, ამბავი ფეისბუქის ნიუსფიდში ჩაიკარგა, ამიტომ ქალბატონ ლიანას 15 წუთამდე დრო დასჭირდა წყაროს თვიდან მოსაძებნად.

საბოლოოდ, გავარკვიეთ რომ მეტრონომი (metronome.ge) საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერნეტ გაზეთია, რომლის მთავარი დევიზი ასე ჟღერს: „ჩვენ არ ვართ მხარე და ვიცავთ ჟურნალისტურ ეთიკას“. გამოცემას აქვს ვებსაიტი და ფეისბუქ გვერდი, რომელსაც იყენებენ როგორც ახალი ამბების, ისე ვრცელი ანალიტიკური სტატიების გასავრცელებლად.

ერთი საყურადღებო დეტალი, რაც ექიმ ლიანა გოგუასთან საუბრის დროს გამოიკვეთა ის არის, რომ მას არ ახსოვდა როგორ და საიდან გაჩნდა ეს გვერდი მის მიერ გამოწერილ სხვა გვერდებს შორის. თქვა რომ არ ახსოვდა როდის მოიწონა გვერდი, რაც ფეისბუქის მომხმარებლის კიდევ ერთი მახასიათებელია.

ამ ქცევას ყველაზე კარგად ჟარგონი „შემოლაიქება“ აღწერს, ანუ პასიური დალაიქება, რაც ყველას ჩაგვიდენია. საინტერესოა რამდენ ჩვენგანს გვიფიქრია რომ ამ პასიური ფეისბუქ აქტივობებით თანაბრად ვხდებით პანდემიასთან ერთად ინფოდემიის გადამტანები . ამ დროს მნიშვნელოვანია ვიკითხოთ, რა უფრო საშიშია ბიოლოგიური ვირუსი თუ ვირუსული ინფორმაცია, რომელიც დიდი ნაბიჯით გვაშორებს ბიოლოგიური ვირუსისგან თავდაცვის პერსპექტივას?

P.S. პოდკასტის ეს კონკრეტული ეპიზოდი აგვისტოს მეორე ნახევარში ჩაიწერა. მონტაჟზე კი სექტემბრის შუა რიცხვებში ვიმუშავეთ. ეპიზოდის გამოქვყნებამდე ბლოგის მომზადებისას კიდევ ერთხელ შევამოწმე mentronom.ge-ის ფეისბუქის გვერდი და რას ვხედავ? ისე შალვა კეკელიას ციტატა. ისევ სკეპტიციზმი კორონა ვირუსის მიმართ:

alt

ავტორი : 64; სალომე აფხაზიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ