მზექალა შანიძე - 95 წლის, ენათმეცნიერი
27.12.2021


პოდკასტის მე-11 ეპიზოდის გმირი 95 წლის მზექალა შანიძეა, განსაკუთრებული დამსახურების მქონე ენათმეცნიერი და ფოლოლოგი. ჩაწერაზე სანამ მივიდოდი, რამდენჯერმე მირჩია ცოტა ნელა ისაუბრე, ქართველ ჟურნალისტებს ნუ დაემსგავსებიო. სახლში რომ მივედით კიდევ ერთი რჩევა მომცა: გთხოვთ, გასაგებად ამიხსენით ჩემგან რა გინდათო. შევეცადე ორივე მისი რჩევა გამეთვალისწინებინა.

მზექალა შანიძეს ტექნოლოგიური პროგრესის მტკიცედ სჯერა და ამბობს, რომ კომპიუტერმა და ინტერნეტმა მოხსნა ბარიერები ინფორმაციაზე და კომუნიკაციაზე, რაც მის ბავშვობასა და ახალგაზრდობაში წარმოუდგენელი იყო. სადისერტაციო თემაზე მუშაობაშიც კი ხელი მეშლებოდა, იმიტომ რომ საკვლევ ლიტერატურაზე და წყაროებზე წვდომის უფლება მხოლოდ სპეციალური ნებართვის მქონე ადამიანებს ჰქონდათო. ახლა კიდევ, ინტერნეტმა არათუ ინფორმაციაზე წვდომის პრობლემა მოხსნა, საზღვარგარეთ სასწავლებლად წასულ შვილიშვილებსაც დააკავშირა.

ვისარგებლე შემთხვევით და ქალბატონ მზექალას ჩემი მთავარი კითხვა და წუხილი გავუზიარე: ინფორმაციულ სიჭარბეში ნავიგაციისთვის ჩემს თაობას რას ურჩევთ მეთქი. პასუხი მოკლე იყო, მაგრამ დამატებით კითხვებს აღარ საჭიროებდა: სასარგებლოს და საჭიროს შერჩევა უნდა ისწავლოს ამ თაობის და დროის ადამიანმაო. ამით ახსნა მედიაწიგნიერების არსიც, რაშიც სრულად დავეთანხმე.

ციფრულ ტექნოლოგიებზე საუბრისას მითხრა რომ ყოველდღიურობაში, ძირთადად იყენებს გუგლს, ელექტრონულ ფოსტას და YouTube-ს, სადაც კლასიკურ მუსიკას და საინტერესო ლექციებს ვუსმენო. ცნობისმოყვარეობას და ახლის გაგების სურვილს ასაკი არ აქვს, ხაზგასმით მითხრა და მამის, აკაკი შანიძის მაგალითი გაიხსენა: 100 წლის იყო და მთხოვა ჩერჩილის მემუარები მიგვეტანაო. დაჯდა და კითხვისას სულ იმას ამბობდა, რამდენი ახალი რამე გავიგეო. აკაკი შანიძის შვილს ეს ცნობისმოყვარეობა ნამდვილად დღემდე აქვს გამოყოლილი.

ქალბატონ მზექალას სმარტფონი არ აქვს. იყენებს ისეთ ტელეფონს, რომლითაც დაურეკავენ და დარეკავს, მაგრამ მისმა შვილმა, რომელიც ეპიზოდის ჩაწერას ესწრებოდა, მასთან ერთადვე გვითხრა, სმარტფონიც აინტერესებსო. 95 წლის მზექალა შანიძეს ვკითხე რა არის ის განსაკუთრებული მიზეზი, რაც ასეთი ტელეფონის შეძენის სურვილს უჩენს, რაზეც მიპასუხა რომ ძალიან ხიბლავს სმარტფონის ის ფუნქცია, რომლითაც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ან საქართველოს მთასა თუ ბარში შეუძლია შეეხმიანოს კოლეგებს და მოიკითხოს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

ამ საუბარში უკვე ვუახლოვდებოდით მედიაწიგნიერების ექსპერიმენტის დროს, ამიტომ ვკითხე როგორ იღებთ ინფორმაციას ყოველდღიურად, ან რაიმეს ხომ არ გამოარჩევდით დღევანდელი სიახლეებიდან მეთქი, რაზეც მიპასუხა რომ თითქმის აღარაფრის მოსმენის სურვილი არ აქვს. მიზეზი ის არის, რომ ინფორმაცია და მისი მოწოდების ფორმა ქართულ მედიაში მასში ინტერესს აღარ აღძრავს, სიახლის ელემენტს აღარ შეიცავს. ქართული არხების ყურებას, ისევ BBC-ის დოკუმენტური ფილმების ნახვა მირჩევნია ორანგუტანგებზეო.

დღის ამბებს მისი შვილიც აცნობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბუნებრივია, ქვეყნის სოციალური და პოლიტიკური კურსი მისთვის საინტერესოა, თუმცა პოლარიზებულ გარემოში ამ ყველაფრის დიდი დოზით მიღებაზე უარს ამბობს.

ეპიზოდის ჩაწერის დღესაც გაგვიჭირდა ისეთი ამბის მოძიება, რომელსაც მედაიწიგნიერების ექსპერიმენტისთვის გამოვიყენებდით. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ საპატიო რესპონდენტთან საუბრის უპირატესობა, ზოგადად, მედიაწიგნიერების ხუთი მთავარი კითხვის ანალიზისთვის გამოგვეყენებინა.

კითხვები უსათვალოდ წაიკითხა და იქვე აღნიშნა, ამ კითხვებზე ზოგადად ვერ ვისაუბრებო, თუმცა მათ მნიშვნელობაში ეჭვი არ შეუტანია. მზექალა შანიძისეულ ანალიზს მედიწიაგნიერების ხუთ მთავარ კითხვაზე პოდკასტის ბოლო ნაწილში მოისმენთ.

ავტორი : 64; სალომე აფხაზიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ