თანამედროვეობის ათი ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტი
03.05.2018
მედიაჩეკერი თანამედროვე ეპოქის იმ ათ ჟურნალისტს გაგაცნობთ, რომელთა მასალებსაც, სხვადასხვა დროს, აუდიტორიასა და მიმდინარე პროცესებზე უდიდესი გავლენა ჰქონდა.

რობერტ ფისკი - 20 წლის განმავლობაში The Independent-ისთვის ბეირუთიდან მუშაობდა. ფისკი უამრავი ჟურნალისტური პრიზის მფლობელია. იგი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ჟურნალისტებიდან, ვინც ალქაიდას ლიდერთან ოსამა ბინ ლადენთან ჩაწერა ინტერვიუ. მან ეს სამჯერ შეძლო. უშიშარი ბუნების წყალობით, ფისკი ყოველთვის ახერხებდა ემუშავა ყველაზე სახიფათო ადგილებში და ინტერვიუ ყველასთვის მიუწვდომელი რესპონდენტებისგან აეღო. იგი აშუქებდა სპარსეთის ყურის ომს, ასევე ომს ავღანეთსა და ერაყში.

რობერტ ფისკი

კეიტ ედი
- ახლა BBC-ის რადიო ოთხისთვის მუშაობს და ასევე დამოუკიდებელ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა. ედი ცნობილია როგორც BBC-ის მთავარი კორესპონდენტი, რომელსაც არაერთ საომარ ზონაში მოუწია მუშაობა. შედეგად მან1993 წელს საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრებისთვის ბრიტანეთის იმპერიის ოფიცრის ჯილდო მიიღო.  კეიტ ედის კარიერის აღმავლობა 1980 წლიდან დაიწყო, როდესაც ლონდოში ირანის სალეჩოს ალყაში მოქცევის ამბავს ავტომობილის კარის უკნიდან, ბომბებისა და ჯარისკაცების გარემოცვაში, პირდაპირ ეთერში აშუქებდა. იგი რამდენიმე ყველაზე გაყიდვადი წიგნის ავტორიცაა. 


კეიტ ედი

ქრისტიან ამანპური - ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც ABC-ზე და CNN-ზე საავტორო გადაცემებს უძღვება, იმ ჟურნალისტთაგანია, რომლის ტვიტერსაც თითქმის ყველა მსოფლიო ლიდერი მისდევს. ამანპურის ჟურნალისტური კარიერა სამ ათეულ წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში მან ინტერვიუები ჩაწერა ჰოსნი მუბარაკთან და მუამარ კადაფისთან. ამანპური თითქმის ყველა სატელევიზიო ჯილდოს მფლობელია. ის ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის დირექტორთა საბჭოს, ასევე ქალთა საერთაშორისო ცენტრისა და საზოგადოებრივი ინტეგრაციის კომიტეტის წევრია. 


ქრისტიან ამანპური
ჰუ შული - ჩინელი ჟურნალისტი, ახლა 2009 წელს დაფუძნებული მედიაჯგუფის Caixin Media-ს მთავარი რედაქტორია. წლების განმავლობაში იგი ბიზნესგამოცემებს რედაქტორობდა და ყველაზე პატივსაცემი ჟურნალისტების სიაში შედიოდა. 2011 წელს შული Forbs-მა ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა, ჟურნალმა Time-მა კი 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შეიიყვანა. იგი ქალთა საერთაშორისო ფონდისა და Reuters-ის სარედაქციო მრჩეველთა საბჭოს წევრია. ამავე დროს, მას ჟურნალისტების საერთაშორისო ცენტრის რეგიონული მრჩევლის პოზიცია უკავია.

ჰუ შული


ბობ ვუდვორდი
- ნიქსონის პრეზიდენტობისას, უოტერგეიტის სკანდალის გამჟღავნების შემდეგ, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჟურნალისტად ითვლება. 1972 წელს, როგორც The Washington Post-ის გამომძიებელი ჟურნალისტი, უოტერგეიტის თემაზე კოლეგასთან კარლ ბერნშტეინთან ერთად მუშაობდა. მას შემდეგ, ვუდვორდმა 16 წიგნი გამოსცა, რომლებიც ეროვნულ დონეზე ყველაზე გაყიდვად წიგნებად ითვლებოდა. უოტერგეიტის სკანდალზე ვუდვორდისა და მისი კოლეგის მიერ მომზადებული მასალების წყალობით, The Washington Post-მა პულიცერის პრემია მიიღო. მან ასევე წვლილი შეიტანა 2002 წელს 9/11-ის ამბების გაშუქებაში, რამაც The Washington Post-ს პულიცერის კიდევ ერთი პრემია მოუტანა. ამის გარდა, ვუდვორდი უამრავი სხვა პრესტიჟული ჟურნალისტური ჯილდოს მფლობელია. 

ბობ ვუდვორდი



ანდერსონ კუპერი
- ამერიკელი ჟურნალისტი, რომელსაც 2003 წლიდან CNN-ზე საკუთარი გადაცემა "360 გრადუსი ანდერსონ კუპერთან" მიჰყავს. ერაყის ომისა და ქარიშხალი კატრინას გაშუქების შემდეგ, ის ერთ-ერთ ყველაზე სანდო გადაცემად იქცა. 1993 წელს კუპერმა სომალიში არსებული სიღატაკისა და შიმშილობის გაშუქებისთვის ბრონს თელის ჯილდო მიიღო. მას შემდეგ იგი არაერთი პრესტიჟული ჟურნალისტური პრიზის მფლობელი გახდა.

ანდერსონ კუპერი

დაიან სოიერი - 60 წუთის პირველი ქალი ჟურნალისტი იყო. იგი ახლა ABC News-ისთვის მუშაობს. სოიერმა ჟურნალისტური კარიერა ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოში დაიწყო და მალევე თეთრ სახლში გადავიდა. იმ დროისთვის ის თეთრ სახლში მომუშავე ქალ ჟურნალისტებს შორის ერთ-ერთი პიონერი იყო. სოიერი თავისი კარიერის განმავლობაში, არაერთ გადაცემას უძღვებოდა და რამდენიმე პრესტიჟული ჟურნალისტური ჯილდო აქვს მიღებული. სოიერი Forbs-მა 100 ყველაზე გავლენიანი ქალის ჩამონათვალშიც შეიყვანა.

დაიან სოიერი


შერენ ბანი
- ცნობილი ინდოელი ჟურნალისტი, რომელიც საკუთარი კარიერის განმავლობაში არაერთ შოუს უძღვებოდა. განსხვავებულმა სტილმა, ამბების თხრობის უშუალო მანერამ და მეგობრულმა განწყობამ, ბანი ინდოეთში ყველასათვის საყვარელ წამყვანად აქცია. შერენ ბანი რამდენიმე ჟურნალისტური ჯილდოს მფლობელია.


შერენ ბანი

გლენ გრინვოლდი
- ამერიკელი ჟურნალისტი, იურისტი და ავტორი, რომელიც წლების განმავლობაში არაერთი სოლიდური გამოცემისთვის წერდა, ყველასათვის დასამახსოვრებელი 2013 წელს, ედვარდ სნოუდენის საიდუმლო დოკუმენტების ამბის გამჟღავნებით გახდა. გრინვოლდმა ამისთვის პულიცერის პრემიაც მიიღო. იგი ჟურნალ Foreigner Policy-ის მიერ 2013 წელს 100 საუკეთესო მოაზროვნეთა შორის დასახელდა.

გლენ გრინვოლდი
ჯონ სტიუარტი - ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი, მწერალი, მსახიობი, კომედიანტი, მედიაკრიტიკოსი და პოლიტიკური სატირისტი, მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური გაგებით ჟურნალისტის აღწერილობაში არ ჯდება, სტიუარტი თანამედროვე მედიასივრცის ყველაზე გავლენიან პერსონად ითვლება. პოლიტიკური სატირის ფორმატის გადაცემის The Daily Show-ს წაყვანით იგი ამერიკის პოლიტიკისა და მედიის ყველაზე თვალსაჩინო კრიტიკოსად იქცა. The Daily Show-მ 2000 წელს Peabody-ის 2 ჯილდო მიიღო. 2004 წელს შოუ საპრეზიდენტო კამპანიის გაშუქებისთვისაც დაჯილდოვდა.

ჯონ სტიუარტი
წყარო: New York Film Academy

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ