საზოგადოების აგრესია გადამღები ჯგუფის მიმართ - როგორ უნდა მოიქცნენ ჟურნალისტები
07.02.2019

რეპორტიორი და ნიუ-იორკში სირაკუზის უნივერსიტეტის პროფესორი საიმონ პერეზი The Poynter-ის მორიგ სტატიაში ტელეჟურნალისტების მიმართ საზოგადოების გაზრდილ აგრესიაზე წერს.

„სიტყვის თავისუფლება“, „საზოგადოების თავშეყრის ადგილი“, „ჟურნალისტის პროფესიული მოვალეობა“, - სატელევიზიო გადამღები ჯგუფისთვის ეს კარგად ნაცნობი სიტყვებია. პერეზის თქმით, ეს ფრაზები ჟურნალისტებს თავიანთი საქმიანობის შესრულებაში ეხმარება, თუმცა რადგან ჟურნალისტებს გადაღების კანონიერი უფლება აქვთ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს უფლება ყველასთვის გასაგები ან მისაღებია. როგორც პერეზი ამბობს, ბოლო პერიოდში იმ ადამიანების რეაქცია, რომელთაც ჟურნალისტების მათ სიახლოვეს ყოფნა არ სიამოვნებთ იმდენად უხეში და სიბრაზის შემცველი გახდა, რომ არაერთხელ მოსმენილ ფრაზებს: "კამერა გაწიე!" და "ნუ მიღებ!" ბევრად სცილდება.

ასეთი შემთხვევები ხშირია აქციებისა და დემონსტრაციების გაშუქებისას, ზოგჯერ აქციის მონაწილეები ფიზიკური დაპირისპირებით ცდილობენ ჟურნალისტების შეჩერებას.

საიმონ პერეზის ცნობით, ინტერნეტში 2018 წელს აქციის მონაწილეების მიერ სატელევიზიო კამერების "დაბლოკვის" 13,500,000 შედეგი იძებნება.  მსგავსი შემთხვევები არც ქართველი ჟურნალისტებისთვისაა უცხო.  

 რეპორტიორი საიმონ პერეზი ჟურნალისტებს საზოგადოების მხრიდან აგრესიის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე რჩევას აძლევს:

⇒   უსაფრთხოება

ჟურნალისტების საქმეა გაშუქება და არა რაიმე ზიანის მიღება. აქციის გაშუქებისას საჭიროა ჟურნალისტებმა გონივრულად შეაფასონ საზოგადოების განწყობა და იცოდნენ, როდის დაიხიონ უკან. გადამღებმა ჯგუფმა ადგილმდებარეობის, ხალხის რაოდენობის, დაძაბულობის დონისა და ირგვლივ კოლეგებისა და პოლიციის ყოფნის გათვალისწინებით უნდა გადაწყვიტოს, როდის გაეცალოს ტერიტორიას.

⇒   ამბის ღირებულება

ჟურნალისტებმა მუდმივად უნდა დასვან კითხვა: ეს კონკრეტული საკითხი მნიშვნელოვანია თუ არა ამბისთვის?

პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლიის დროს გადამღებმა ჯგუფმა არასდროს უნდა გაუწიოს პროვოცირება დაპირისპირებას. ამავე დროს, მან უნდა უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება და ზოგჯერ ეს არასასიამოვნო სიტუაციებში საკუთარი თავისა და უფლების დაცვასაც ნიშნავს.

⇒   კანონის ცოდნა

ყველა რეპორტიორმა და ოპერატორმა უნდა იცოდეს სად აქვს გადაღების უფლება და სად არა. კანონის კარგად ცოდნა ერთერთი საუკეთესო არგუმენტია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჟურნალისტების საქმიანოიბაში ხელის შეშლა სურთ.

⇒   წინასწარი გეგმა

თუ აქციის გაშუქებისას ჟურნალისტების მიმართ აგრესია პროპგნოზირებადია ჩართეთ "ნიუსრუმის" მენეჯმენტი. ასეთ შემთხვევაში პროდუსერებმა გადამღები ჯგუფის უსაფრთხოების დაცვა უნდა უზრუნველყონ და სარეზერვო გეგმა შეიმუშავონ, იმ შემთხვევისთვის, თუ ჟურნალისტებს ამბის მიტოვება ან სახიფათო სიტუაციაში პირდაპირ ეთერში ჩართვა მოუწევთ. საბოლოო ჯამში, ამერიკელი რეპორტიორის აზრით, დაპირისპირებისთვის თავის არიდება საუკეთესო არჩევანია. კონფრონტაცია არავის მოსწონს, თუმცა დღევანდელ გარემოში ჟურნალისტებს ამის არჩევანი არ აქვთ. ამიტომ, ასეთ შემთხვევებს ჟურნალისტები მომზადებულები უნდა შეხვდნენ.

წყარო:  www.poynter.org 


ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ