ტიკ-ტოკი: დეზინფორმაცია და ჩვენი მონაცემები - გვეშინოდეს თუ არა?
01.02.2022
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) კვლევის მიხედვით, “ფეისბუქის” მიერ გაუქმებული კოორდინირებული, ანონიმური თუ პროპაგანდისტული გვერდები “ტიკ ტოკს“ წარმატებით ითვისებენ. პროპაგანდისტული არხების დისკრედიტაციის სამიზნე კი ხშირად ოპოზიციური მედიაა.

რატომ არის მნიშვნელოვანი? ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საგანგაშოა ამომრჩევლის აზრზე მანიპულირებისკენ მიმართული არხების და მათ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე აუდიტორიის ჩართულობის მაღალი მაჩვენებელი.

ISFED-ის კვლევა:
  • ISFED 2021 წლის 2 აგვისტოდან 6 ნოემბრამდე პერიოდში „ტიკ ტოკზე“ აქტიურ 63 არხს დააკვირდა.
  • შერჩეული გვერდები პოლიტიკური მიზნით, ანონიმურად ან ღიად ეწეოდნენ მადისკრედიტირებელ, მხარდამჭერ ან პროპაგანდისტულ კამპანიებს.
  • ორგანიზაციის შესწავლილი არხები საზოგადოების რელიგიური და ნაციონალისტური ღირებულებებით მანიპულირებას ცდილობდნენ.
მიგნებები:
  • მათი გზავნილები მკვეთრად ანტილიბერალურ და ანტიდასავლურ ხასიათს ატარებდა.
  • ისინი ცდილობენ პანდემიის და ვაქცინაციის ირგვლივ საზოგადოების არსებული შიშების გამძაფრებას საკუთარი პოლიტიკური მიზნების სასარგებლოდ.
  • შერჩეულ ანგარიშებს შორის, ტიკტოკზე ყველაზე დიდი ინტერაქციით ის არხები სარგებლობდნენ, რომელთა ძირითადი ნაწილი “ალტ-ინფოს” მასალებს ავრცელებდა.
  • ანგარიშები თავიანთი ლოგოთი და მასალების ფორმით ქმნიდნენ შთაბეჭდილებას, თითქოს საინფორმაციო არხები იყვნენ, თუმცა გამოქვეყნებული ვიდეოები შერჩევითი იყო და, სავარაუდოდ, პოლიტიკურ მიზანს ემსახურებოდა.
რიცხვებში:
  • ქართულმა პროპაგანდისტულმა არხებმა ტიკტოკზე 3 თვის განმავლობაში 2 ათასამდე ვიდეო გამოაქვეყნეს და 19 მილიონი ნახვა დააგროვეს.
  • ჰეშთეგ #არაკოვიდფაშიზმს თითქმის 1 500 000 ნახვა აქვს.
  • ჰეშთეგებმა #ალტინფო და #altinfo 4 მილიონზე მეტი ნახვა და 102,444 ინტერაქცია (ლაიქი, კომენტარი) დააგროვა.
მოკლედ "ტიკ ტოკის" შესახებ:
  • "ტიკ-ტოკი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმაა. მას ყოველთვიურად მილიარდი აქტიური მომხმარებელი და 3 მილიარდამდე გადმომწერი ჰყავს.
  •  ჩინურმა კომპანია ByteDance-მა აპლიკაცია Musical.ly 2017 წელს 1 მილიარდ აშშ დოლარად იყიდა. 2018 წელს კი რებრენდინგის შედეგად ინტერნეტსივრცეში Tik Tok-მა დაიწყო ფუნქციონირება.
  • აპლიკაცია გასართობი პლატფორმაა, რომელზეც მოკლე ვიდეოები ხმოვანი გაფორმებით ქვეყნდება.
  • პლატფორმამ მომხმარებლები განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მიიზიდა, 2021 წელს კი „გუგლს“, „ფეისბუქს“, ნეტფლიქსს“ გადაუსწრო და ყველაზე პოპულარული დომეინი ინტერნეტში სწორედ მისი ვებგვერდი გახდა.
მაგრამ „ტიკ ტოკის“ მიმართ უსაფრთხოების შესახებ ეჭვები მისი ინტერნეტსივრცეში გამოჩენისთანავე გაჩნდა. ეს აპლიკაცია ერთადერთია მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სოციალური მედიის პლატფორმებს შორის, რომელსაც ჩინური კომპანია ფლობს.

მიუხედავად იმისა, რომ „ტიკ ტოკი“ აშშ-დან ოპერირებს, ჩინეთში ინტერნეტს მთლიანად ხელისუფლება აკონტროლებს, რაც სხვა ქვეყნების მოქალაქეების შესახებ შეგროვებული მონაცემების ჩინეთის ხელისუფლების ხელში აღმოჩენის რისკებს აჩენს.

„ტიკ ტოკის“ ნაცვლად ჩინეთში მისი ანალოგი აპლიკაცია Douyin-ია ხელმისაწვდომი. ეს პლატფორმაც ByteDance-ის საკუთრებაა, მასზე მხოლოდ ჩინური კონტენტი ქვეყნდება და ხელისუფლებისგან კონტროლდება.

“ტიკ ტოკის” აკრძალვის მცდელობები

უსაფრთხოების მიზეზით „ტიკ ტოკის“ აკრძალვა წლების განმავლობაში არაერთმა ქვეყანამ განიხილა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამის ბრძანებაც გასცა, თუმცა განკარგულება მისმა შემდგომმა და ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააუქმა. მან ახალი ბრძანებით, აპლიკაციის აკრძალვის ნაცვლად, ამერიკელების პირადი მონაცემებისთვის საფრთხის შემცველი, უცხოეთიდან კონტროლირებადი აპლიკაციების ანალიზის განკარგულება გასცა.

მართალია, „ტიკ ტოკის“ ხელმძღვანელობა წლებია ირწმუნება, რომ ხელისუფლებას თავისი მომხმარებლების მონაცემებს არ უზიარებს და ჩინელი მფლობელებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს, თუმცა დროთა განმავლობაში „ტიკტოკი“ სხვადასხვა დიდ თუ პატარა სკანდალში ეხვევა.
  • 2019 წელს აპლიკაციის 17 წლის მომხმარებელმა, ფორეზა აზიზმა 40-წამიანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ერთი შეხედვით, წამწამების დაგრძელებას ეხებოდა, მაგრამ მასში ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან მუსლიმი უიღურებისადმი მიმართ მოპყრობა გააკრიტიკა. ვიდეო „ტიკ ტოკმა“ წაშალა. მოგვიანებით, მას შემდეგ რაც აზიზი პლატფორმაზე ცენზურის შესახებ ალაპარაკდა, კომპანიამ ვიდეო აღადგინა, თქვა, რომ კონტენტს პოლიტიკური ნიშნით არ აკონტროლებენ, შეცდომა მოუვიდათ და აზიზს ბოდიში მოუხადა.
  • 2019 წელსვე გამოცემა Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პლატფორმის მოდერატორები აცენზურებდნენ ვიდეოებს, რომლებშიც „ტიანანმენის მოედანი“, „ტიბეტის დამოუკიდებლობა“ და ჩინეთში აკრძალული რელიგიური ჯგუფი იყო ნახსენები.
  • სხვადასხვა კვლევის მიხედვით, სხვა პლატფორმებთან ერთად „ტიკ ტოკიც“ შეიძლება, სახიფათო იყოს მცირეწლოვნებისთვის მათთვის არასასურველი კომუნიკაციის, ბულინგისა და სხვა მსგავსი კონტენტის გამო.
  • „ტიკ ტოკი“ ერთ-ერთ აქტიურ პლატფორმათაგანია, რომელზეც დეზინფორმაცია და ზოგჯერ სახიფათო „გამოწვევები“ ვირუსულად ვრცელდება, განსაკუთრებით კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში.
თუმცა, „ტიკ ტოკს“ აქტიურად იყენებენ ჟურნალისტები და ექიმები, რომლებიც გავრცელებულ დეზინფორმაციასა და მითებს ებრძვიან.

რას ამბობს „ტიკ ტოკი“? კომპანიამ 2020 წელს ფაქტების გადამოწმებაზე მომუშავე დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან პარტნიორობით დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის სპეციალური პროგრამა აამოქმედა. „ტიკ ტოკი“ ირწმუნება, რომ ხელს უწყობს მედია წიგნიერებასაც.

• კომპანიამ 2020 წლის აშშ-ის არჩევნების პერიოდში 340,000-ზე მეტი დეზინფორმაციული და მანიპულაციური ვიდეო წაშალა. პლატფორმამ ახალი ზომები მიიღო ჰოლოკოსტის უარყოფასთან საბრძოლველად.
• 2021 წელს „ტიკტოკმა“ დააანონსა, რომ მომხმარებლებს კონტენტის გაზიარებამდე საეჭვო ინფორმაციის შემცველი ვიდეოების შესახებ გააფრთხილებენ.

მნიშვნელოვანია, რომ „ტიკ ტოკმა“ 2021 წლის ივნისში აშშ-ის მასშტაბით უსაფრთხოების წესები და პირობები განაახლა და თქვა, რომ სამომავლოდ შესაძლოა მომხმარებლების ბიომეტრიული ინფორმაცია „სახისა და ხმის ანაბეჭდები“ შეაგროვონ. როცა გამოცემა The Verge „ტიკ ტოკს“ დაუკავშირდა, კომპანიამ ვერ განმარტა რა ტიპის მონაცემებს გულისხმობდა ეს ტერიმები ან საერთოდ რატომ სჭირდებოდა ეს ინფორმაცია.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ