Askgov.ge - საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გამარტივებული გზა
02.05.2023
ინფორმაციის თავისუფლება, მათ შორის, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცულია. თუმცა, სახელმწიფო უწყებები საჯარო ინფორმაციის დაინტერესებული პირისთვის მიწოდების ვადებს კვლავ არღვევენ ან საერთოდ არ გასცემენ.

"ბევრ ჟურნალისტს საშუალება არ მიეცა გაეშუქებინა საჯარო პირების სხვადასხვა ოფიციალური გამოსვლა ან უწყებებმა მოთხოვნისას არ მიეწოდეს საჯარო ინფორმაცია" - წერია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშში.

კომპანია "ფორსეტმა" შექმნა ვებგვერდი, რომლის მიზანიც ინფორმაციის გამოთხოვის გამარტივებაა.

წაიკითხეთ ამ თემაზე ვრცლად: რატომ არ გასცემენ საჯარო უწყებები ინფორმაციას?

რა არის და როგორ მუშობს Askgov.ge?

Askgov.ge ინფორმაციის გამოთხოვის ერთიანი პლატფორმაა, სადაც შესაძლებელია, როგორც საჯარო უწყებისთვის მიმართვა ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, ასევე სხვა მომხმარებლების მიერ უკვე გამოთხოვილი მასალების გაცნობა.

რეგისტრაციის მარტივი ფორმის გავლის შემდეგ, შესაძლებელია ვებგვერდის ორი მთავარი ფუნქციონალის გამოყენება:
  • გამოითხოვე ინფორმაცია - 329 საჯარო დაწესებულებიდან შეძლებთ ინფორმაციის მოპოვებას. სასურველი უწყების არჩევის შემდეგ, გასაგზავნი წერილი ნახევრად შევსებულ ფორმატში გამოჩნდება, რათა საჯარო უწყებებს შეტყობინების "დახარვეზების" ნაკლები შანსი დარჩეთ.
  • გაეცანი გამოთხოვილ ინფორმაციას - პლატფორმის უნიკალური მახასიათებელია, რადგან რეგისტრაციის გარეშე შესაძლებელია, სხვა მომხმარებლების საჯარო უწყებებთან მიმოწერის ნახვა, ეს ინფორმაცია სრულად community driven, ანუ საზოგადოების (მოქალაქეების) მიერაა "მართული".
საქართველოს კანონმდებლობა მოქალაქეს ავალდებულებს, რომ ინფორმაციის გამოთხოვისას მიუთითოს პირადი მონაცემები (პირადი ნომერი, სახელი-გვარი, მისამართი), თუმცა ეს დეტალები ვებგვერდზე არ საჯაროვდება.

საერთაშორისო პრაქტიკა

ბრიტანულმა ორგანიზაცია mysociety-მ 2008 წელს ჩაუშვა პლატფორმა WhatDoTheyKnow (რა იციან მათ?), რომელიც საჯარო პირებსა და უწყებებს მათ ანგარიშვალდებულებას შეახსენებს და მოქალაქეებს ნებისმიერი დაწესებულებიდან შეუძლიათ ინფორმაციის გამოთხოვა.

კოდი, რომელზეც ეს ვებგვერდი შეიქმნა, მალევე გახდა საჯარო წყარო (public source) და დღეს, Alaveteli-ს სახელით ფუნქციონირებს. სწორედ მისი გამოყენებით შეიქმნა საქართველოში ასკგოვი და მას ანალოგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აქვს, მათ შორის:
  • უნგრეთი
  • უკრაინა
  • ახალი ზელანდია
  • ისრაელი და სხვა
ქართული ვერსიისგან განსხვავებით, ბრიტანულს აქვს ე.წ PRO ვერსია, რომელიც მნიშვნელოვანია გამომძიებელი რეპორტიორებისთვის, რადგან მათ ძირითადად არ შეუძლიათ მასალების გასაჯაროვება ან მანამ სანამ სტატია/სიუჟეტი არ მომზადდება, ამიტომ გამომძიებელი ჟურნალისტებისთვისს PRO ვერსია გარკვეული დროით "ინახავს" და ავტომატურად არ ასაჯაროვებს მათ მიმოწერას საჯარო უწყებასთან.

გამოწვევები მოკლედ:
  • ამ ეტაპზე, ასკგოვის ბაზაში 2300-ზე მეტი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაა დარეგისტრირებული, მომხმარებლები კი თავად ნიშნავენ წარმატებული იყო თუ წარუმატებელი განცხადება, ამიტომ, რთულია ზუსტი რიცხვების დადგენა. თუმცა, მიმოწერის სათითაოდ ნახვის შემდეგ შესაძლებელია იმის დადგენა მიაწოდა თუ არა საჯარო უწყებამ მოთხოვნილი ინფორმაცია ზუსტად და სრულად.
  • მას შემდეგ, რაც საჯარო უწყება დაარღვევს ინფორმაციის მიწოდების 10-დღიან ვადას, მოქალაქეები ადმინისტრაციულ საჩივარს წერენ, თუმცა ხშირად ესეც უპასუხოდ რჩება.
  • რეგიონებში, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირებმა ხშირად არ იციან, როგორ მიაწოდონ ინფორმაცია მოქალაქეს.
  • ასკგოვის საშუალებით ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ, საჯარო უწყებები ცდილობენ, მოქალაქეებთან კომუნიკაცია პირადი ელექტრონული ფოსტის საშუალებით გააგრძელონ რათა მათი კომუნიკაცია არ გასაჯაროვდეს.
  • რიგ შემთხვევებში უწყებებიდან ურეკავენ და ცდილობენ, გადააფიქრებინონ ინფორმაციის გამოთხოვა.
  • საჯარო დაწესებულებებისთვის ხშირად უცნაურია და ვერ წარმოუდგენიათ, რომ უბრალო მოქალაქეს შეიძლება სურდეს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა.

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ