თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბორჯომის მერიის სარჩელი არ
დააკმაყოფილა და ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება -
მერიას „სამხრეთის კარიბჭისთვის“ 2023 წელს გამოთხოვილი საჯარო
ინფორმაცია მიეწოდებინა, ძალაში
დატოვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბორჯომის მერიას „სამხრეთის კარიბჭის“ მიერ ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში გამოვლენილ უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით, პერსონალური და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დაცვით, ინფორმაციის გაცემა დაევალა.
როგორც „სამხრეთის კარიბჭის“ რედაქტორი, თიკო ზაზაძე „მედიაჩეკერთან“ საუბრისას აღნიშნავს, გამოცემამ დავა ასპინძისა და ახალციხის მერიებსაც მოუგო:
„მივმართეთ სასამართლოს ასპინძის, ახალციხის და ბორჯომის წინააღმდეგ. მათ არ მოგვცეს საჯარო ინფორმაცია, რომელიც ისედაც ღია უნდა ყოფილიყო. სასამართლო პროცესი სამივე შემთხვევაში მოვიგეთ. ასპინძის მერიამ რამდენიმე თვის წინ გამოგვიგზავნა ინფორმაცია და ფაქტობრივად იმ საგამოძიებო მასალისთვის ვერც გამოვიყენეთ. დავა მოვიგეთ ახალციხის მერიასთანაც, მაგრამ მათ ჯერ გადაწყვეტილება არ ჩაბარებიათ და შესაბამისად, ვერ მივიღეთ ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენი საჯარო მოხელე გაუშვეს „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე თბილისსა და ახალციხეში. რაც შეეხება ბორჯომს, აქაც მოვიგეთ პროცესი, თუმცა გაგვისაჩივრეს სააპელაციოში. ფაქტობრივად, წელიწადზე მეტი დავკარგეთ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში მხოლოდ ბორჯომის მერიამ გაასაჩივრა“.
თიკო ზაზაძის თქმით, სასამართლო დავების შემდეგ, მათ ამ მერიებიდან სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია ისევ გამოითხოვეს და პასუხი კი მხოლოდ ასპინძის მერიისგან მიიღეს.
„ბორჯომის მერთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ მოვითხოვეთ სხვა ინფორმაცია და გვიპასუხეს: „შეგიძლიათ გვიჩივლოთ“.“
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გასული წლის მედიაგარემოს შეფასების აღნიშნა, რომ საჯარო ინფორმაციაზე წვდომა ჟურნალისტებისთვის კრიტიკულ ნიშნულამდეა მისული.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ 2025 წლის ანგარიშის მიხედვით კი, განვლილი 2 წლის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიის ხარისხის მკვეთრმა უკუსვლამ საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებაზე არსებითი მნიშვნელობის ნეგატიური გავლენა იქონია.
ანგარიშში - „ინფორმაციის თავისუფლება: მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ“ ვკითხულობთ, რომ საჯარო ინფორმაციის განცხადებათა დაახლოებით 60% საჯარო დაწესებულებებმა რეაგირების გარეშე დატოვეს, რაც საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. საჯარო ინფორმაციის 204 განცხადებიდან კი 10-დღიანი პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 12 (6%) დაკმაყოფილდა.
სახალხო დამცველი კი წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ „2024 წელს შესწავლილი საჩივრების შედეგად გამოვლენილი გამოწვევები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმის დაწყებისა და ეფექტიანი საზედამხედველო ინსტიტუტის შექმნის აუცილებლობას“.