როგორ (ვერ) მუშაობს კრიტიკული მედია რეგიონებში
21.05.2025


თიკო ზაზაძე 10 წელზე მეტია „სამხრეთის კარიბჭეში“ მუშაობს. Sknews.ge დამოუკიდებელი მედიასაშუალებაა სამცხე-ჯავახეთიდან. მისი რედაქტორი „მედიაჩეკერს“ უყვება, რომ წლების განმავლობაში იყო დაშინების მცდელობები, წინააღმდეგობა, თუმცა ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით ასეთი რთული ვითარება რედაქციას აქამდე არასდროს ჰქონია.

„ინტერვიუ მერთან, გუბერნატორთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან დიდი ხანია არ გვქონია. ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს ინფორმაციები უკვე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით მიგვეღო, თუმცა ესეც შეგვეზღუდა. არც 10-დღიან და არც ერთთვიან პერიოდში ინფორმაციას არ გვაწვდიან. თუ არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც მუნიციპალიტეტი ინფორმაციას გვაწვდის, ის არის ისეთი მცირე, არასრული, რომ იქიდან ძალიან ძნელია მაყურებელს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდო“.

ზაზაძის თქმით, ჟურნალისტებს არ უშვებენ თითქმის არცერთ საჯარო შეხვედრაზე. რეგიონში ჩამოსული მინისტრების, ელჩებისა და სხვა ქვეყნის დიპლომატების შესახებ კი მხოლოდ ახალციხის მერიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული „ძალიან მწირი და მშრალი ინფორმაციით“ იგებენ.

„იცით, როგორ ვცდილობთ მივიღოთ ინფორმაცია? - აი, შემთხვევით ვინმეს თუ  სადმე შევხვდებით. მაგალითად, საკრებულოს სხდომებზე, თუმცა ბოლო 2-3 წელია საკრებულოს თავმჯდომარისგან არცერთ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე ინტერვიუ, კომენტარი აღარ მიგვიღია“, - ამბობს Sknews.ge-ს რედაქტორი და ამატებს, რომ რადგან ინფორმაციას ფაქტობრივად ვერცერთი საჯარო უწყებიდან ვერ იღებენ, მას შესაბამისად ვერც მსმენელებსა და მკითხველებს აწვდიან.

„“ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი ხნის წინ გათვალა, თავიდანვე დაიწყო ჩვენთვის ინფორმაციის შეზღუდვა. ამ რეპრესიულმა კანონებმა კი ფაქტობრივად ისეთ მდგომარეობაში დაგვტოვა, რომ შეუძლებელიც კია მუშაობა“.

TOK2Region-ი სამცხე–ჯავახეთში მოქმედი კიდევ ერთი დამოუკიდებელი მედიაა. მისი ჟურნალისტი, ინგა ირიციანი „მედიაჩეკერს“ უყვება, რომ ახლადდანიშნულმა გუბერნატორმა, ზაალ გელაშვილმა კოლეგების ტელეფონის ნომრებიც კი დაბლოკა, მედიისთვის დახურული აღმოჩნდა მისი წარდგენის ღონისძიებაც. 

„გვიჭირს საჯარო ინფორმაციაზე პასუხების მიღება. ამას თან ერთვის ხელშეშლა საჯარო მოხელეების მხრიდან. ახლადდანიშნულმა გუბერნატორმა, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალურად წარდგენილი, ჩვენი სამი ჟურნალისტის ნომერი დაბლოკა, რამდენიმე დღეში კი განბლოკა. მოგვიანებით გუბერნატორმა ჩვენი ტელევიზია წარდგენაზე დაპატიჟა და კითხვებზე პასუხის გაცემას დაჰპირდა, თუმცა მეორე დღეს გადამღები ჯგუფი ადგილზე არ შეუშვეს“. 

ინგა ირიციანის თქმით, რეგიონული ტელევიზიებისთვის მუშაობა წლებია რთულია, მაგრამ ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება მედიასაშუალებების არსებობას უქმნის საფრთხეს, დამოუკიდებელი მედიების გაქრობა კი რეგიონებიდან ხმების სრულად ჩახშობას გამოიწვევს: „აღარ გაჟღერდება ადგილობრივების პრობლემები, მათი საჭიროებები და ხალხის სათქმელი“.

საჯარო ინფორმაციას ვერ იღებს Qartli.ge-ც. შიდა ქართლში მოქმედი ონლაინ გამოცემის დამფუძნებლისა და ჟურნალისტის, საბა წიწიკაშვილის თქმით, მათთვის საჯარო სხდომების გამართვის თარიღებიც უცნობია.

„4 წერილი გავაგზავნეთ კასპის მერიაში და პასუხი არცერთზე არ მიგვიღია. როცა ვეკითხები, პასუხს რატომ არ მცემთ-მეთქი, მაგაზეც არ მცემენ პასუხს. რაც შეეხება სხდომებს, ვერ ვიგებთ როდის ტარდება. მაგალითად, ქარელის მერიას მივწერე, რომ სხდომის მასალები მოეწოდებინათ და გაუკვირდათ, რატომ ვითხოვდით და რა სხდომის მასალებს ვითხოვდით, არ მომცეს ინფორმაცია. 

ხაშურში ცოტა უკეთესი მდგომარეობაა, იმიტომ რომ ბრძანებებსა და განკარგულებებს მაინც აქვეყნებენ და იმ ინფორმაციის გამოთხოვა მაინც არ გვიწევს, რაც სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში“. 

საბა წიწიკაშვილი ამბობს, რომ მათთვის პრობლემაა რესპოდენტების ჩაწერაც, რადგან „მოსახლეობა დაშინებულია“. 

„გორსა და ქარელში უფრო მეტად შიშია. აი, მაგალითად, ერთ-ერთ სოფელში 3 წელია წყალი არ აქვთ. 3 ჭაბურღილი ამოთხარეს და არცერთმა არ გაამართლა. წარმოიდგინეთ, ელემენტარული ამბავია. ამ სამი წლის განმავლობაში როგორ ვერ ახერხებენ წლის მიწოდებას, როგორ არიან უწყლოდ - ამაზე მინდოდა ადგილობრივები ჩამეწერა, მაგრამ არაო, გადაგვასახლებენო. ჩვეულებრივ მესაუბრნენ, მაგრამ ჩაწერაზე უარი მითხრეს“. 

წიწიკაშვილი იხსენებს, რომ ფრაზით - „არავის არ დაუპატიჟებიხარ, რატომ მოხვედი“, მას კასპის მერმა ერთ-ერთი სოფლის კრების დატოვებაც კი მოსთხოვა.

„კრებაზე სულ 5 კაცი იყო, პატარა სოფელია და იმათმაც თქვეს, რომ კრების გადაღება არ გვინდაო. კრებაზე უნდა დაფიქსირებულიყო, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რამდენმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. ეს არავის ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული და უნდა დავაფიქსირო, ხმათა უმრავლესობით გადაწყდება ეს საკითხი თუ არა-მეთქი. მერე კიდევ სხვა ადამიანები გამოჩნდნენ და რაღაცნაირად გადავრჩი, რომ ამ გადაღებიდან არ გამოვეშვით. რაღაცას თუ მათთვის კრიტიკულად გააშუქებ, მერე იწყება შურისძიება. არ გადაგაღებინებენ სოფლის კრებას, ვიღაცებს მოგიქსევენ, ხელს შეაშლევინებენ და ა.შ.“

ადგილობრივ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია უჭირს „რადიო მარნეულსაც“. 

„სრული იზოლაცია, ჩაკეტილობა - ასეთ ვითარებაში გვიწევს მუშაობა. მარნეულის მერს მე-4 წელია ჩვენთან ურთიერთობა არ აქვს. ჩვენს ზარებს არ პასუხობს, როცა მის ჩასაწერად მივდივართ, ის უბრალოდ გაგვირბის, საერთოდ არ უნდა საუბარი. საკმაოდ რთულია იმუშაო და მოსახლეობას სრული ინფორმაცია მიაწოდო, როცა ადგილობრივი თვითმმართველობა დუმს და ამბობს, რომ გამოვიყენოთ მათი პრესრელიზები, რომელიც გარკვეულ შეხვედრებს შეეხება. მაგალითად, მერი მივიდა სოფელში და დააკვირდა, გზას როგორ აკეთებენ, ამის იქით ინფორმაციას არ გვაძლევენ და არც შეხვედრების შესახებ არის ინფორმაცია საჯარო“, - ამბობს „რადიო მარნეულის“ ჟურნალისტი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე 

ის ჰყვება, რომ მათ დიდძალი შრომა გასწიეს საიმისოდ, რომ მოსახლეობას პრობლემებზე ღიად ესაუბრა, თუმცა ბოლო 2 წლის განმავლობაში გავრცელებულმა სხვადასხვა დეზინფორმაციულმა ნარატივმა და დაშინებებმა შედეგი გამოიღო და მოსახლეობასთან კომუნიკაცია გართულდა. 

„ახლა უფრო ეშინიათ საუბრის, ვიდრე 4 წლის წინ და მდგომარეობა ნელ-ნელა უფრო უარესობისკენ იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ შემთხვევებში, როცა მოსახლეობის პროტესტი პიკს აღწევს, გვირეკავენ და საკუთარ აზრს აფიქსირებენ, ადგილობრივი თვითმმართველობა ცდილობს, რომ მოსახლეობამ ჩვენთან არ ისაუბროს და ჩაიკეტოს. 

განსხვავებული ვითარებაა წალკაში. ვინაიდან იქ ადგილობრივი მედია არ არსებობს, თვითმმართველობას საჭიროება არ ჰქონია, რომ მოსახლეობასთან გარკვეული სახის კომუნიკაცია დაემყარებინა იმაზე, რომ მედიისთვის ინტერვიუ არ მიეცათ. როდესაც 2 კვირის წინ, წალკის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გადაღებაზე ჩავედი, ხალხი საკმაოდ გახსნილი იყო და პრობლემებზე საკმაოდ ღიად საუბრობდნენ“.

პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, ბოლო 15 წლის მანძილზე, ასეთი სახიფათო, შემზღუდავი პრეცედენტები და პრაქტიკა არ ახსენდება „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, სულხან მესხიძეს. ის ფიქრობს, რომ ამ იზოლირებულ გარემოში „ქართული ოცნება“ ცდილობს, მედიის კითხვებს თავი აარიდოს და ძალაუფლება მანამდე შეინარჩუნოს, სანამ ამის შესაძლებლობა ექნება. 

„პირველად მოხდა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არალეგიტიმური თავმჯდომარე ისე წარადგინეს და დაამტკიცეს აჭარის უმაღლეს საბჭოში, რომ სხდომა დახურული იყო, პირდაპირ ეთერში არ გადაიცემოდა, ჟურნალისტები არ შეგვიშვეს და დღემდე არ არის დასაბუთება, არგუმენტი, თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ან ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამ სხდომის დახურვას მოჰყვა ისიც, რომ აჭარის არალეგიტიმურმა თავმჯდომარემ, მთავრობის პირველი სხდომაც დახურა და მედიამ ეს მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ გავიგეთ. ანუ, აჭარის უმაღლესი საბჭო დაიხურა, აჭარის მთავრობა დაიხურა, მუნიციპალიტეტები საჯარო ინფორმაციაზე არ პასუხობენ, კომენტარებს არ აკეთებენ, ანალოგიური პოლიტიკით სარგებლობენ სამინისტროებიც. მხოლოდ ერთადერთი საშუალება რჩება - საკრებულოს სხდომები. გვაქვს მოლოდინი, რომ მედიისთვის ეს სხდომებიც დაიხურება, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უკვე ყველანაირად იზოლირებულია“.

სულხან მესხიძე ამბობს, „თუ უცნობი ნომრიდან დაურეკავ, გიპასუხებენ და როგორც კი გაიგებენ, რომელ მედიასაც წარმოადგენ, მაშინვე იმიზეზებენ, რომ საჭესთან არიან, არ სცალიათ, შეხვედრაზე არიან და გეუბნებიან, რომ გადმოგირეკავენ, რის შემდგომაც ქრებიან“. 

„აჭარა თაიმსის“ დირექტორი აღნიშნავს იმასაც, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საჯარო ღონისძიებებზე არა თუ კრიტიკულ, არამედ სახელისუფლებო მედიებსაც აღარ ასწრებენ, „ისინი თავად იღებენ მასალას და შემდგომ აწვდიან სახელისუფლებო მედიასაშუალებებს გასავრცელებლად“.


კონტექსტი: საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. „ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. მეოთხე თვეა უკანონო პატიმრობაშია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და დახურა გადაცემა „რეალური სივრცე“. ჟურნალისტებს ხელს უშლიან პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მათ აქციების გაშუქებისას აჯარიმებენ „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვისაც“. დღემდე არ დასჯილან პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები. 
 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ