ინგა გრიგოლიამ TV პირველის დირექტორის თანამდებობა დატოვა
07.06.2020

ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ TV პირველის დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუკზე დაწერა. ვრცელ სტატუსში გრიგოლია წერს, რომ ეს გადაწყვეტილება ოჯახური ინტერესების გამო მიიღო და ამ საკითხზე დამატებით კომენტარებს აღარ გააკეთებს. გრიგოლია წერს, რომ არხიდან არ მიდის, იგი გააგრძელებს საავტორო გადაცემას "რეაქცია" და იქნება რამდენიმე გადაცემის პროდიუსერი.

"ბოლო პერიოდში, ჩემი საქმიანი და ჩემი ოჯახური ინტერესები ძალიან შეეჯახა ერთმანეთს. იმის გამო, რომ ჩემთვის ყველაზე ფასეულია ჟურნალისტის თავისუფლება, როგორც დირექტორს, არასოდეს მიცდია ჩემი ოჯახური ინტერესების გამო რამე თემა დამებლოკა ან გამელაითებინა, სხვათა შორის, არც ჩემს გადაცემებში...

ვაწყენინე უამრავ ადამიანს, იმიტომ რომ არ ჩავერიე (არც არასდროს ჩავერევი!) მწვავე რეპორტაჟების გაკეთებასა და გაშვებაში. ვაწყენინე უამრავ მეგობარს და ახლობელს, რადგან მართლა მჯერა, როცა ჟურნალისტი ხარ არასოდეს არავის ინტერესებით არ უნდა დაგეგმო გადაცემა ან რეპორტაჟი.

მაგრამ ამ ბოლო დროს ვაწყენინე და ლამის დავკარგე ჩემი ოჯახის წევრები, ტელევიზიაში გადიოდა რეპორტაჟები, რომელიც პირდაპირ მათ სამსახურს ეხებოდა. ისინი თვლიდნენ, რომ არ იყო სწორი რასაც ვაშუქებდით, მე ვთვლიდი, რომ სწორი იყო და ახლაც ასე მჯერა (გავაგრძელებ იგივეს)...

რა უფრო ძვირფასია ჩემთვის? ოჯახი თუ საქმე, რომელსაც ვაკეთებ? ორივე! ორივე ძალიან მიყვარს, ვერც ერთს ვერ შეველევი. თუმცა აღმოვაჩინე, რომ არ მინდა ჩემი დირექტორობით ტკივილი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს, რომლებსაც ცხადია, გაუჭირდებოდათ იმის გაგება, რომ დირექტორი არ ერევა ჟურნალისტების საქმიანობაში.

ამიტომ გადავწყვიტე, მოვიხსნა ეს პასუხისმგებლობა, რომ არ დავაზარალო არც საქმე და არც ოჯახი. რომ როდესმე, ჩემი ტელევიზიის ჟურნალისტების თავისუფლებაზე არ მოვახდინო თუნდაც ირიბი გავლენა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს გადაცემებში რაიმეს არ გავაშუქებ, იგივე სიმწვავით და ობიექტურობით, როგორც აქამდე მიკეთებია.

აღარ ვიქნები დირექტორი, მაგრამ ვიქნები "რეაქციის" წამყვანი და ანუნა-რუსოს გადაცემების პროდუსერი. მადლობა მთელს ტელევიზიას, ტვ ,"პირველის" მთელს შემადგენლობას, ვისი დირექტორობაც ჩემთვის საამაყო იყო და ბოდიში ჩემს ოჯახს, ჩემი საქმის გამო რომ არაერთხელ ვაწყენინე",- წერს ინგა გრიგოლია.

მისი ამ განცხადებიდან ირკვევა, რომ ტელევიზიის დირექტორი ამიერიდან ტელევიზიის დამფუძნებელი ვატო წერეთელი იქნება. 

 "მეგობრებო,შევხვდებით ერთმანეთს სამშაბათს,,რეაქციაში,,მერე ხუთშაბათს, მერე ისევ შაბათს ,მერე ისევ სამშაბათს, ხუთშაბათს,შაბათს და ასე შემდეგ. და სიბერემდე ვიქნები სულ ჩემს საყვარელ ტვ ,"პირველზე" ჟურნალისტად, პროდუსერად თუ სხვა პოზიციაზე, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ბევრად უფრო მეტ დროს დავუთმობ ჩემს გადაცემებს, რომელსაც ბევრი რამ დავაკელი, მენეჯერად გადასვლის გამო", - წერს გრიგოლია.


 

TV პირველის დირექტორად ინგა გრიგოლია 2019 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა. მაშინ ამ პოზიციაზე მან პაატა კაკაურიძე ჩაანაცვლა. 


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ