ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოზიცია დატოვა
18.08.2020
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ვასილ მაღლაფერიძემ შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრებს.

"მიუხედავად იმისა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ", - წერს მაღლაფერიძე ვრცელ განცხადებაში.

"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მაუწყებლის დირექტორის შესარჩევად სამეურვეო საბჭომ კონკურსი ათი დღის ვადაში უნდა გამოაცხადოს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარდგენა 30 კალენდარული დღის განმავლობაშია შესაძლებელი.

"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად:

  • გენერალური დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლისა და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლისა.
  • გენერალური დირექტორის კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარული დღის ვადაში სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს კანდიდატთა სიას და მომდევნო 7 დღის განმავლობაში ნიშნავს გენერალურ დირექტორს.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს 6 წლის ვადით ირჩევენ.

ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად 2017 წლის იანვარში აირჩიეს. ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს ექვსმა წევრმა დაუჭირა. ახალი დირექტორის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 21 ნოემბერს არხის ყოფილმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა პოსტი გაურკვეველი მიზეზით დატოვა.  მაშინ, ვასილ მაღლაფერიძის არჩევას, სამოქალაქო ორგანიზაციების საჯარო განცხადება მოჰყვა, ისინი ამ გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ ინტერესზე საუბრობდნენ.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ