ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატია
23.09.2020

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატია. იგი პოლიტიკური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" სახელით იყრის კენჭს წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში.

ნანუკა ჟორჟოლიანი, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, დღეს, 23 სექტემბერს, პარტიის მაჟორიტარების წარდგენისას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა წარადგინა.

თავად ჟურნალისტი წარდგენას არ დასწრებია. მისი წარდგენისას ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ის ამ ღონისძიებას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა, ვინაიდან, პირდაპირი ეთერისთვის ემზაებოდა. დღეს "მთავარი არხის" ეთერში, საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ, მისი გადაცემა "სხვა ნანუკა" უნდა გავიდეს.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, პირდაპირი ჩანაწერი, რაც მიუთითებდა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს არ აქვს უფლება გაუძღვეს გადაცემას, არ არსებობს. კოდექსი ცალსახად მხოლოდ იმას უთითებს, რომ "საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის იმ პროგრამებში მონაწილეობა, რომლებიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილეობის შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება" (მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი 24/5).

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, მედიასამართლის იურისტი მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ მართალია, კანონი მაჟორიტარობის კანდიდატს სოციალური გადაცემის წაყვანას არ უკრძალავს, მაგრამ ეს არასწორია სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებიდან გამომდინარე, არასწორია. იგი იმოწმებს მაუწყებელთა კოდექსის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტს და ამბობს: "აღნიშნული ჩანაწერიდან გამომდინარეც, როდესაც სტუმრის მონაწილეობაზე არის დაწესებული შეზღუდვები, ვფიქრობ, მიუღებელია თუნდაც აპოლიტიკური გადაცემა საარჩევნო პერდიოში წაიყვანოს კანდიდატმა".

ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალისტად 1999 წლიდან მუშაობს. 1999 წლიდან მუშაობდა გადაცემა "ალიონში", პირველ არხზე. 2001 წლიდან გადავიდა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ში", სადაც 2009 წლიდან უძღვებოდა საავტორო გადაცემას "ნანუკას შოუ". მას შემდეგ რაც ტელეკომპანია "რუსთავი 2-ზე" მფლობელი შეიცვალა, კოლეგების ნაწილთან ერთად მან "მთავარ არხზე" გადაინაცვლა, სადაც ასევე საავტორო გადაცემა აქვს, სახელწოდებით - "სხვა ნანუკა". ასევე, თანაწამყვანთან დავით ერაძესთან ერთად, უძღვება გადაცემას "სპორტი დიდ ქალაქში".


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ