მედია და ინტერესთა კონფლიქტი
19.03.2016
ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისას ინტერესთა კონფლიქტი ნებისმიერ დროს შეიძლება გამოვლინდეს. ეს არის რაიმე ტიპის რისკი შესრულებული სამუშაოს ნეიტრალურობის მიმართ. ამიტომაც არსებობს სპეციალური წესები ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენისა და მართვისათვის. ამგვარი წესები ნეიტრალურობის დაცვის ერთგვარ სისტემასაც ქმნიან.

საქართველოში ეს წესები ოთხ ძირითად დოკუმენტშია თავმოყრილი:

· „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი

· „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“

· სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი“

· სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის შრომის შინაგანაწესი“

ინტერესთა კონფლიქტების საკითხებს წყვეტს კომპანიის ხელმძღვანელი პირი. საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში - გენერალური დირექტორი.

ეს არის ურთიერთთანამშრომლობაზე ორიენტირებული ორმხრივი პროცესი - გამოკვლევაში მონაწილეობს დამსაქმებელი და დასაქმებული.

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ თანახმად, მაუწყებლის თანამშრომლებმა თავად უნდა განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ (მუხლი 29.10), რადგან ჟურნალისტმა არ უნდა შელახოს მაუწყებლის დამოუკიდებლობა საკუთარი სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი საქმიანობით და თავიდან უნდა აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი (მუხლი 29.7). ბუნებრივია, თუ ასეთი მიმართვა თანამშრომლის მიერ არ გაკეთდება - შრომითი კონტრაქტის მეორე მხარეს - დამსაქმებელს აქვს უფლება თავად გამოიკვლიოს საკითხი, ყურადღება გაამახვილოს ქცევის კოდექსის შესრულების ხარისხზე.

“მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დარეგულირებულია მხოლოდ საზოგადოებრივ არხებში არსებული შრომითი ურთიერთობების და ინტერესთა კონფლიქტის საკითხები. ჩამოთვლილი წესები ვრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაზეც. საკითხი უფრო დეტალურადაა განხილული „საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსში“, რაც თავის მხრივ წარმოადგენს „საზოგადოებრივი მაუწყებლის შინაგანაწესის“ განუყოფელ ნაწილსაც.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსში ინტერესთა კონფლიქტის საკითხებს სპეციალური პარაგრაფი (თავი 22) ეთმობა. აქ გაწერილი წესების თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულმა ჟურნალისტებმა, წამყვანებმა, პროდიუსერებმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა თავიანთი საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ სხვა არასამაუწყებლო საქმიანობით, ფინანსური ან საინვესტიციო ინტერესებით, ეჭვქვეშ არ უნდა დააყენონ მაუწყებლის მიუკერძოებლობის და სამართლიანობის პრინციპები.

მნიშვნელოვანია, რომ ინტერესთა კონფლიქტის მიზეზი შეიძლება გახდეს ნებისმიერი სახის ოჯახური ბიზნესი, პოლიტიკური ან საზოგადოებრივი საქმიანობა, რომელმაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის და მაუწყებლის ნეიტრალობა და ობიექტურობა. (მუხლი 22.4 - ოჯახი და ინტერესთა კონფლიქტი), მაუწყებლის თანამშრომლის ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს სრული უფლება აქვთ, ეწეოდნენ აქტიურ პირად და პროფესიულ ცხოვრებას. ოჯახის წევრებს არ მოეთხოვებათ ისეთივე სტანდარტების დაცვა, როგორიც საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს. ასეთ შემთხვევაში თანამშრომლებმა არ უნდა გააშუქონ ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების საქმიანობა.

მაუწყებელში თანამშრომელთა ინტერესთა კონფლიქტის არარსებობა სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გარანტიაა, თუმცა ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები, ჟურნალისტის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიუხედავად, ნებისმიერ დროს შეიძლება გამოვლინდეს.

ქართულ კანონმდებლობაში ჟურნალისტური საქმიანობისას ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირების ბევრი საკითხი ბუნდოვანია:

· მარეგულირებელ ნორმებში არ არის განჭვრეტადი ინფორმაციის შეგროვების და დამუშავების ეტაპები;

· არ არის მკაფიოდ განსაზღვრული შესაძლო ინტერესთა კონფლიტის გამოვლენაში მონაწილე პირთა წრე;

· არ არის განსაზღვრული დამსაქმებლის მოქმედებები, თუკი დასაქმებული თავად არ განაცხადებს ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე.

ბუნებრივია, ეს ხარვეზები ქმნის მნიშვნელოვან რისკებს შრომითი ურთიერთობების დაძაბვის და ჟურნალისტური საქმიანობის სანდოობის მიმართ. შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით სასურველია:

· მაუწყებლებს ჰქონდეთ ნათლად ჩამოყალიბებული ადეკვატური პროცედურები და დამოკიდებულება ინტერესთა კონფლიქტის დროული იდენტიფიცირებისა და მართვისათვის, ამასთან მაუწყებელმა დანერგოს ინტერესთა კონფლიქტის აღმკვეთი ეფექტიანი სისტემა;

· სასურველია ნათლად მიეთითოს ინტერესთა კონფლიქტის საკითხის შესწავლის სუბიექტები;

· მაუწყებელმა თანამშრომელთა ეთიკური სტანდარტები ასახოს საკუთარ შინაგანაწესში და შესაძლო კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად ნათლად გაიწეროს ინფორმაციის შეგროვების პროცედურა, რაც თავის მხრივ, უნდა მოიცავდეს დასაქმებულებისგან ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულებასაც;

· სასურველია, შემუშავდეს დამატებითი მიდგომები ჟურნალისტებზე გავლენის მქონე პირების/გარემოებების ეფექტიანი იდენტიფიცირებისა და ინტერესთა კონფლიქტის არიდებისათვის.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენას თან ერთვის შრომითი ურთიერთობების დაძაბვა. ჟურნალისტსა და დამსაქმებელს შორის კიდევ უფრო ქმედითი, ნათელი და განჭვრეტადი წესების არსებობა ხელს შეუწყობს ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლებას და სანდოობას, შექმნის უფრო სამართლიან სამუშაო გარემოს, ამასთანავე გაამარტივებს მაუწყებელსა და ჟურნალისტს შორის კრიტიკულ ვითარებაში თანამშრომლობის პროცესს.

ბლოგის ავტორი : ნათია კაპანაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ