როგორ გავაშუქეთ ამბავი ზვიად დევდარიანის შესახებ
10.04.2018
როდესაც განიხილავენ, როგორ გააშუქა მედიამ ქალების ბრალდება ზვიად დევდარიანის მიმართ, ორი ტიპის კრიტიკა გვხვდება. პირველი ისაა, რომ დევდარიანის მამხილებელი ქალები ანონიმური წყაროები არიან. ყველა ქალს, ჩვენთვის გაცხადებული ვინაობით, პირადად ესაუბრა სტატიაზე მომუშავე რეპორტიორი ხატია ღოღობერიძე. მათ მოსალოდნელი საზოგადოებრივი წნეხის, ან პარტნიორი მამაკაცების გამო თქვეს უარი სტატიაში სახელით და გვარით იდენტიფიცირებაზე.

მეორე საკითხი ისაა, რომ მედიამ ეს ისტორიები „შუამავლის“ გავლით, ქალთა მოძრაობის განცხადებით შეიტყო. სინამდვილეში, ტაბულამ (სხვა მედიების ნაცვლად არ დავწერ) განცხადების გამოქვეყნებამდე დაიწყო ამ ქალებთან საუბარი და მისი გამოქვეყნებისას ჩვენი სტატია თითქმის დასრულებული იყო.

ამ ბლოგპოსტის მიზანი ამბის ხელახლა მოყოლა არაა. ამოცანა იმის გადმოცემაა, როგორ მივიღეთ სარედაქციო გადაწყვეტილებები სტატიაზე მუშაობის საკვანძო ეტაპებზე. ვფიქრობთ, ამ თემებზე დისკუსია სექსუალური შევიწროებასთან დაკავშირებულ თემებზე მუშაობისას მომავალში მედია სტანდარტის დახვეწას შეუწყობს ხელს.


ყველაფერი ასე დაიწყო: მას შემდეგ რაც დევდარიანი ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარუდგინა პარლამენტს. ერთ-ერთ აქტიურ ფეისბუქ ჯგუფში, რომელშიც დაახლოებით 2000 ქალია გაწევრიანებული, გაკვირვება გამოთქვეს ლომჯარიას გადაწყვეტილების გამო. რამდენიმე ქალმა კომენტარებში მინიშნებებით დაიწყო საუბარი დევდარიანის მხრიდან ქალების სექსუალურ შევიწროვებაზე. ამავდროულად, ტაბულამ ამ ჯგუფის მიღმა, სანდო წყაროსგან მოისმინა ერთ-ერთი ისტორია, რომელიც სექსუალური შევიწროვების ნიშნებს შეიცავდა. კომენტარებმა და მოსმენილმა ისტორიამ მოგვცა ბიძგი, რომ ინფორმაციის მოძიება დაგვეწყო. იმავე დღეს, პარასკევს, დავიწყეთ წყაროების ძიება ჯგუფში და მის მიღმა, ქალების ვინაობის იდენტიფიცირება და ინტერვიუების დანიშვნა. ცხადია, დასაწყისში ამბის მასშტაბურობაზე წარმოდგენა არ გვქონდა. არც იმაზე, საერთოდ მივიდოდით თუ არა გამოსაქვეყნებელ ამბამდე.

სტატიაზე მსჯელობისას რამდენიმე ძირითადი საკითხი გავითვალისწინეთ. მიმდევრობა პირობითია:

· ძალაუფლების სავარაუდო ბოროტად გამოყენება - ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც უმკაცრესი სარედაქციო ფილტრი გაიარა იყო იმ ისტორიების შერჩევა, რომელიც ვრცლად მოხვდა სტატიაში. ჩვენს ხელთ რვა ქალის ისტორია იყო. რედაქციაში ზოგიერთი რვავეს ვრცლად გამოქვეყნებას ემხრობოდა, ზოგი ხუთის ან ექვსის. ყველაზე მკაცრი სტანდარტის მქონეები კი - ოთხის. ამ უკანასკნელებმა სხვებიც დაარწმუნეს. მათი თქმით, უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო სტატიაში მოგვეთხრო ისეთი ისტორიები, რომლებიც გონივრულობის ფარგლებში ყველაზე მკაცრი სკეპტიკოსების ფილტრსაც გაივლიდა სექსუალური შევიწროვების ნიშნების არსებობაზე. ასეთ ფილტრად, ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, ავირჩიეთ ის, თუ რომელ ისტორიებში შეეძლო დევდარიანს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ამ ქალებზე, მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური შევიწროვების ნიშნებს სხვა ისტორიებშიც ვხედავდით. სექსუალური შევიწროვების კლასიკურ განმარტებებშიც ყველაზე ხშირად სწორედ ამ ელემენტს ვხვდებით - სადაც შემავიწროვებელს აქვს ბერკეტები იმოქმედოს ობიექტის სამსახურეობრივ მდგომარეობაზე, კარიერასა და ა.შ.

· წყაროების სიმრავლე - მიუხედავად იმისა, რომ ერთი ადამიანის მხრიდან მხილებაც კი შეიძლება საკმარისი იყოს მედიისთვის ამბის მოსათხრობად, ერთი წყაროს სიტყვებზე დაყრდნობა, რომელიც ვინაობას არ ასახელებს, სხვა წყაროების გარეშე, სექსუალური შევიწროვებაზე დაბალ მედია სტანდარტს აკმაყოფილებს. მეორე მხარეს კი შევიწროვებაში მხილებული ადამიანის და ჩვენი, როგორც მედიის, რეპუტაცია დგას საპირწონედ. წყაროების მატების პარალელურად მოგვემატა რწმენა, რომ ისტორიების გამოქვეყნება საჭირო იყო, სამუშაო პროცესში კი ჯანსაღ სკეფსისს ვინარჩუნებდით.

· წყაროების ერთმანეთისგან დამოუკიდებლობა - რაოდენობა ყოველთვის საკმარისი არაა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმის რწმენა, რომ ეს ქალები ერთმანეთთან დაუკავშირებელი წყაროები იყვნენ (ზოგი ერთმანეთსაც არ იცნობდა). რაც შეეხება დევდარიანის ვერსიას მის წინააღმდეგ შეთქმულების შესახებ, ან მეორე ვერსიას, რომ შესაძლოა ქალთა მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს სურდა დევდარიანის ადგილის დაკავება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში, ჩვენთვის სარწმუნო არც მასალაზე მუშაობისას იყო და არც ახლაა, ვინაიდან თავად ვადევნეთ თვალყური, როგორ დაიწყეს ქალებმა ამ თემაზე სპონტანურად წერა ფეისბუქ ჯგუფში, ცალკეული ისტორიები მოვისმინეთ ჯგუფს მიღმაც და თავადვე დავიწყეთ წყაროების ძიება.

· წყაროების იდენტიფიცირება - არცერთი წყაროს ვინაობა ჩვენთვის დაფარულად არ დარჩენილა. ბუნებრივია იმეილით ან წერილობით გამოგზავნილ ანონიმურ ტექსტებს, ან საეჭვო ფეისბუქ პროფილებს ვერ დავეყრდნობოდით.

· პირდაპირი კონტაქტი - ჟურნალისტი თავად ესაუბრა ყველა წყაროს. არცერთი ისტორია ანონიმურად, სხვა მედიიდან, ან შუამავლის გავლით არ მიგვიღია. ცხადია, მათ ვუხსნიდით, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ნებართვის მიღებას სტატიაში ვინაობის დასახელებაზე. გარდა იმისა, რომ წყაროების დაფარვა არცერთ მედიას უყვარს, კარგად გვესმოდა, რომ ზოგი სკეპტიკოსის თვალში ქალების ვინაობის დაფარვა სანდოობას დააზარალებდა. ამაზე ვიდარდეთ. თუმცა, უარის შემდეგ ზღვარი დავიცავით ვინაობის გამხელის ხელახლა მოთხოვნაშიც, რადგან ქალებს ისტორიების თხრობა ჟურნალისტთან საუბრისასაც კი ერთულებოდათ ემოციურად.

· საჯარო პირის ცნება - დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატობის გარდა, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო, რომელიც წლებია ჩართულია აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ხშირად ვხედავდით ტელეეკრანზე და თავადვე მონაწილეობდა ქალების უფლებებისთვის აქციებში. ცხადია, მისმა სტატუსმა და გავლენამაც შესძინა სტატიას საინფორმაციო ღირებულება.

· გონივრული ვადა პასუხის გასაცემად - ისტორიების მოსმენის შემდეგ, ჟურნალისტმა დაიწყო ზვიად დევდარიანის და სახალხო დამცველთან დაკონტაქტება. მიუხედავად ჩვენი არაერთი ზარისა, დევდარიანმა პასუხი არ გაგვცა. ჩვენ გვსურდა თითოეულ მოთხრობილ ისტორიაზე მოგვესმინა მისი პასუხი და მიგვეცა საშუალება არგუმენტირებული უარყოფის, თუკი მას ეს შეეძლებოდა. შაბათს, როცა ქალების მოძრაობამ გამოაქვეყნა დევდარიანის მამხილებელი წერილი, ეს მხილება ჩვენს ვებზე დაუყოვნებლივ არ გამოქვეყნებულა - სტატიაზე ჯერ კიდევ ვმუშაობდით და არც ის არ გვსურდა, მხოლოდ მოძრაობაზე დაყრდნობით მოგვემზადებინა ახალი ამბავი ასეთ უკიდურესად სენსიტიურ თემაზე, ამიტომ მისი ვებზე გამოქვეყნება გადავდეთ. ჩვენს ვებგვერდზე მხოლოდ მას შემდეგ გამოქვეყნდა ახალი ამბავი ამ მხილების შესახებ, რაც დევდარიანმა საპასუხო წერილობითი განცხადება გაავრცელა. ცხადია, მისი გავრცელებული პასუხი ვრცლად მოხვდა სტატიაშიც.

ბუნებრივია, სტატიაზე მუშაობის ყველა ეტაპზე კარგად გვქონდა გაცნობიერებული, რომ საქმე ეხება ადამიანის რეპუტაციას, რომელსაც გამოუსწორებელი ზიანი შეიძლება მიადგეს და რომელის უკანაც ოჯახი დგას. ვფიქრობდით და ბევრს ვმსჯელობდით მედია სტანდარტზე. მოვქექეთ მსგავს თემებზე მომზადებული სტატიები ყველაზე რესპექტაბელურ დასავლურ გამოცემებში და არსებულ სახელმძღვანელო პრინციპებსაც კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი. ცხადია, მზა რეცეპტი არსად დაგვხვედრია და ყველა შემთხვევას უნიკალური ელემენტები აქვს, თუმცა ეს სტანდარტზე შეთანხმებაში დაგვეხმარა.

სალომე უგულავა, "ტაბულას" მთავარი რედაქტორი

ბლოგის ავტორი : სალომე უგულავა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ