„მედია აკადემიის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 1 თვის ვადით, 10 თებერვლიდან, „მედიასკოლის“ ხელმძღვანელი და სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანი, გიორგი ფუტკარაძე დაინიშნა.
კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ შორენა შავერდაშვილი „მედია აკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან სწორედ ამ დღეს, 10 თებერვალს, გაათავისუფლა. გულორდავას ბრძანების მიხედვით, მასთან საბოლოო ანგარიშსწორება „ფაქტობრივად ნამუშევარი დღეებისა და კომისიასა და შორენა შავერდაშვილს შორის 2026 წლის 6 თებერვალს გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული კომპენსაციის მიხედვით“ მოხდა.
გოგა გულორდავა 2 კვირაა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეა. მან შორენა შავერდაშვილის გათავისუფლება საკადრო ცვლილებებს დაუკავშირა. „მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, ახალმა თავმჯდომარემ სამსახურიდან 10-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა. გულორდავამ გიორგი ფუტკარაძესთან დაკავშირებით, რომელიც „მედია აკადემიაში“ 2019 წლიდან მუშაობს, „რადიო თავისუფლებასთან“ გუშინ თქვა, რომ ჯერჯერობით მასთან თანამშრომლობა გრძელდება და წინსწრებით საუბარი მიზანშეწონილი არ იქნება: „ახლა კურსი უნდა მიეღო. უნდა ჩაამთავროს ის ვადა, რა ვადაშიც სასწავლო კურსი უნდა დასრულდეს“.
„მედია სკოლის“ 4-თვიან სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება „მედია აკადემიას“ ჯერ დასრულებული არ აქვს. მათი ინფორმაციით, მორიგმა ნაკადმა სწავლა 9 მარტიდან უნდა დაიწყოს. ფუტკარაძემ ამ თემაზე „მედიაჩეკერთან“ საუბარი არ ისურვა, ჩვენს ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებას გუშინ არ უპასუხა შორენა შავერდაშვილმაც. შავერდაშვილი „მედია აკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორი 2021 წლის სექტემბრიდან იყო.
----------------------------------------
კომუნიკაციების კომისიამ „საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიზნების მისაღწევად“ ააიპ „მედია აკადემია“, რომლის ერთ-ერთი პლატფორმაც „მედია კრიტიკაა“, 2018 წელს დააფუძნა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, კომისიის ფუნქციები საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობაც შედის.
კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის ბიუჯეტი 24 825 200
ლარია. ComCom-ი ამ წლის ბიუჯეტიდან 4 819 705 ლარს
მედიაწიგნიერებაზე დახარჯავს, საიდანაც 3 853 205 ლარი „მედია
აკადემიის“ დაფინანსებას მოხმარდება.
--------------------------------------
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა ComCom-ის წევრად „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 2025 წლის დეკემბერში დაამტკიცა.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ კი გოგა გულორდავა, 3 წლის ვადით, 29 იანვარს აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი, ფარული კენჭისყრით ჩატარებულ არჩევნებში, კომისიის წევრების სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა. კომისია 5 წევრისგან შედგება: ვახტანგ აბაშიძე, ნათია კუკულაძე, ეკატერინე იმედაძე, ივანე მახარაძე და გოგა გულორდავა. მათი უფლებამოსილების ვადა 6 წლითაა განსაზღვრული. პირის კომისიის წევრად არჩევა 2-ზე მეტი ვადით არ შეიძლება.
კომისიამდე, 2023 წლიდან, გულორდავა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედში“ ფინანსური მონიტორინგისა და აუდიტორულ-საკონსულტაციო საქმიანობას ეწეოდა. იყო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შიდა აუდიტის დირექტორიც. 2016-2020 წლებში გოგა გულორდავა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, 2013-2016 წლებში კი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
კომუნიკაციების კომისიაში უფლებამოსილების ვადა კახი ბექაურს ამოეწურა.
--------------------------------

