შორენა შავერდაშვილი „მედია აკადემიიდან“ გაათავისუფლეს
11.02.2026


კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ „მედია აკადემიის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. 

გოგა გულორდავა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას შორენა შავერდაშვილის გათავისუფლებას საკადრო ცვლილებებს უკავშირებს: „ეს შიდასამსახურეობრივი ამბებია, უბრალოდ, ჩვეულებრივ საკადრო ცვლილებებს უკავშირდება. ბუნებრივი ამბავია, ხდება ხოლმე, მუდმივად ერთი და იგივე ადგილზე ვერავინ ვერ იქნება…“

გულორდავას თქმით, რამდენიმე საკადრო ცვლილების მიუხედავად, „მედია აკადემია“ ჩვეულებრივ აგრძელებს საქმიანობას. 

„მედიაჩეკერის“ ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა თავად შორენა შავერდაშვილმა. „მედია აკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორი შავერდაშვილი 2021 წლის სექტემბრიდან იყო. 

კომუნიკაციების კომისიამ „საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიზნების მისაღწევად“ ააიპ „მედია აკადემია“, რომლის ერთ-ერთი პლატფორმაც „მედია კრიტიკაა“, 2018 წელს დააფუძნა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, კომისიის ფუნქციები საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობაც შედის. 

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა, 3 წლის ვადით, 29 იანვარს აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი, ფარული კენჭისყრით ჩატარებულ არჩევნებში, კომისიის წევრების სრულმა შემადგენლობამ, 5 ხმით, დაუჭირა

კომისიამდე, 2023 წლიდან, გულორდავა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედში“  ფინანსური მონიტორინგისა და აუდიტორულ-საკონსულტაციო საქმიანობას ეწეოდა. იყო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შიდა აუდიტის დირექტორიც. 2016-2020 წლებში გოგა გულორდავა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, 2013-2016 წლებში კი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

კომუნიკაციების კომისიაში უფლებამოსილების ვადა კახი ბექაურს ამოეწურა. ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე 2017 წლიდან იყო. ის მესამე ვადით 2023 წლის იანვარში აირჩიეს. მანამდე, 2014-2017 წლებში ბექაური კომისიის წევრი იყო, 2012 წელს კი, ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლამდე  ერთი და იმავე პირის თავმჯდომარედ ორჯერ არჩევა შეუძლებელი იყო. 2019 წელს მიღებული ცვლილებით კი, ეს შეზღუდვა გაუქმდა.

კომუნიკაციების კომისია 5 წევრისგან შედგება: ვახტანგ აბაშიძე, ნათია კუკულაძე, ეკატერინე იმედაძე, ივანე მახარაძე და გოგა გულორდავა. მათი უფლებამოსილების ვადა 6 წლითაა განსაზღვრული. პირის კომისიის წევრად არჩევა 2-ზე მეტი ვადით არ შეიძლება. 

კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის ბიუჯეტი 24 825 200 ლარია. ComCom-ი ამ წლის ბიუჯეტიდან 4 819 705 ლარს მედიაწიგნიერებაზე დახარჯავს, საიდანაც 3 853 205 ლარი „მედია აკადემიის“ დაფინანსებას მოხმარდება. 

--------------------------------

საქართველოში დამოუკიდებელ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. „ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებებიც. 

2025 წელს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. მათ საფუძველზე ComCom-მა „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა ტელე და რადიო მაუწყებლებს: „ფორმულა“, „ფორმულა მულტიმედია“, „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“(რადიო „მარნეული), „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“. კომისიამ რადიო „მარნეული“ წერილობით გააფრთხილა ამერიკული ორგანიზაცია „დემოკრატიის ეროვნული ფონდიდან“ (NED) შემოსავლის სახით 32 541.60 ლარის მიღების გამოც. „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე კომუნიკაციების კომისიამ კრიტიკული ტელევიზიები სამართალდამრღვევებად ცნო „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვისაც“. ამასთან, ComCom-მა  სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ არცერთი(4) საჩივარი არ დააკმაყოფილა. 

 




კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ