ტრაგედიები მედიის ობიექტივში
12.05.2015
ქობულეთში სასტუმრო “არმაზში” გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ბავშვის გარდაცვალების ფაქტი თითქმის ყველა ქართული გაზეთის, ონლაინ გამოცემისა და ტელევიზიის წამყვანი თემა იყო.

ბუნებრივია, ასეთ შემზარავ ტრაგედიას ვერც ერთი მედიასაშუალება გვერდს ვერ აუვლიდა. უბედური შემთხვევის დროს სამი მოზარდი დაიღუპა - 10 და 11 წლის ბიჭები. ბავშვებთან დაკავშირებულ უბედურ შემთხვევებს კი საზოგადოება, როგორც წესი, განსაკუთრებული ემოციით ხვდება.

თუმცა, ეს ის შემთხვევა იყო, როცა მედიამ საზოგადოებას ისეთი პათოსით და ტემპით მიაწოდა ინფორმაცია, რომ ყოვლისმნახველი ქართული აუდიტორიაც კი შეძრწუნდა და აღშფოთდა.

ტრაგედიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მივიღეთ:

ვნახეთ, როგორ იწვოდა სასტუმრო,

გავიგეთ, რომ მოზარდები, რომლებიც დაიღუპნენ, თავის გადარჩენის მიზნით აბაზანაში იმალებოდნენ,

არც ის დაგვიმალეს, რომ გარდაცვლილი ბავშვების ცხედრები იმდენად იყო დამწვარი, რომ ბათუმის პროზექტურაში მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა,

მედია არც უბედურებისგან სასოწარკვეთილი და განადგურებული მშობლების გლოვისა და მწუხარების ამსახველი კადრების ჩვენებას მოერიდა.

დამწვარი სასტუმროს და პროზექტურის წინ მყოფი, თავზარდაცემული მშობლების გლოვის ამსახველი კადრები “ქობულეთის ტრაგედიის” ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

10 მაისს გადაცემაში - “იმედის კვირა” ეს კადრები სამჯერ აჩვენეს: ჯერ გადაცემის ანონსში, შემდეგ სიუჟეტში და ბოლოს ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ფატი ხალვაშის, ჩართვისას. არა ერთი სიუჟეტი მიუძღვნა თემას palitra.tv-მაც. სიუჟეტი „გამწარებული მშობლები და სასტუმროში დამწვარი ბავშვები“ ძირითადად მშობლების გლოვის კადრებზეა აგებული.

მედია იმდენად გაიტაცა თვითმხილველების ჩაწერამ, რომ “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” სახელმძღვანელო რეკომენდაცია, რომელიც უბედური შემთხვევის გაშუქების დროს მაუწყებლის მხრიდან ზუსტი და სარწმუნო ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვს, თითქმის არავის გახსენებია.

ამიტომ უხვად ვისმენდით ვერსიებს იმის თაობაზე, რომ ოთახი, სადაც გარდაცვლილი მოზარდები იმყოფებოდნენ, გარედან იყო ჩაკეტილი, რომ ოთახი ერთ-ერთი გარდაცვლილი ბავშვის 28 წლის დამ ჩაკეტა, თვითონ და კი ამ დროს ქუჩაში იყო და ალკოჰოლურ სასმელს სვამდა, რომ სასტუმროში მყოფი ბავშვების მშობლები, ანსამბლის ხელმძღვანელი, ქორეოგრაფები და მასწავლებლები კი ამ დროს თურმე ქეიფობდნენ და “თრიაქობდნენ”.

მედიას დაავიწყდა, რომ უბედური შემთხვევის არასრულწლოვან მოწმეთა და დაზარალებულთა ანონიმურობა უნდა დაიცვას. ასე მაგალითად, “იმედის კვირამ“ სასტუმრო “არმაზში” მყოფი პატარა გოგონა ჩაწერა და მისი სახე არ დაფარა.

სასტუმრო “არმაზის” ხანძრის გაშუქების პროცესში ნანახით და მოსმენილით შეძრწუნებული მაყურებლები ამ დღეებში ხშირად კითხულობდნენ - არსებობს თუ არა რაიმე რეგულაცია ან რეკომენდაცია, რომელიც უბედური შემთხვევის გაშუქების წესებს ადგენს?

ასეთი რეგულაცია არსებობს.

უბედური შემთხვევის გაშუქების პრინციპები “მაუწყებელთა ქცევის კოდექსშია” გაწერილი და ამ პრინციპის თანახმად, “მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე”.

ამავე კოდექსში ისიც წერია ( მუხლი51), რომ მაუწყებელმა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გააშუქოს უბედური შემთხვევები და პატივი სცეს აუდიტორიის ემოციებს.

აუდიტორიის ემოციაზე კი ამ შემთხვევაში არავის უფიქრა.

ბლოგის ავტორი : მანანა ვარდიაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ