რეიტინგული ჰომოფობია
17.05.2015
რა უნდა გააკეთოს წამყვანმა, პროდიუსერმა და ჟურნალისტთა ჯგუფმა იმისთვის, რომ რეიტინგული გადაცემა შექმნას?

ბევრი არც არაფერი.

უბრალოდ, ერთი შეხედვით გასართობ გადაცემაში განსახილველად ისეთი მწვავე პრობლემა უნდა შეიტანო, როგორიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვაა და გადაცემა შოუდ აქციო.

არც გადაცემის შოუდ ქცევა მოითხოვს დიდ ძალისხმევას. შეკრებ ეკლექტურ და განსახილველი თემისთვის არარელევანტურ სტუმართა დასს: საზოგადოებისთვის სრულიად უცნობ და ნაკლებად ცნობილ მსახიობებს, ჟურნალისტებს, მომღერლებს, სასულიერო პირს და 10 წლის წინანდელი რეალითი-შოუს ყველასგან მივიწყებულ მონაწილეს.

შოუც მზად არის.

სტუმრები ისეთ “ჰომოფობიურ სიბრძნეებს” და საუკუნეებგამოვლილ სტერეოტიპებს გადმოალაგებენ, დიდი რეიტინგის მოპოვებისთვის მებრძოლი წამყვანი და პროდიუსერი უკეთესს რომ ვერ ინატრებს.

აი, მაგალითებიც:

“ძალიან ბევრ ტელევიზიაში მუშაობენ ჰომოსექსუალები. ჰომოსექსუალებს ჰყავთ სერიოზული ლობი, ერთი თუ არის სადმე მომჯდარი, მერე თავისიანები მოჰყავთ”,

“ტიპები გამოდიან, რომ ძალით გაალახინონ თავი, გვაღიზიანებენ...”

“არსებობს ერთი თემა, რასაც ვერავინ ვერ გაუვა. დნმ რომ გაქვს, რაზე ხარ აწყობილი... ჩვენ ვართ კავკასიელები, აბსოლუტურად სხვა დნმ-ით შექმნილი ადამიანები და სხვა ხერხემალი გვაქვს. ფრანგებს აქვთ აბსოლუტურად სხვა მენტალიტეტი. ფრანგს სისხლიც ისეთი აქვს, სულიც ისეთი აქვს, რომ შეუძლია გარკვეულ საკითხებს ძალიან მშვიდად შეხვდეს...მინიმუმ გაუნათლებელია ადამიანი, რომელიც ვერ განარჩევს ქართველის, რუსის და ფრანგის აბსოლუტურ მენტალურ განსხვავებას”.

“რუსეთში ძალიან კარგი კანონები არსებობს. ლგბტ თემის პროპაგანდა კანონით არის აკრძალული”.

“ძალადობას ებრძვიან, ხო? აი, რისთვის ებრძვიან? ესენი ვერ მრავლდებიან, ვერაფერს ვერ შვრებიან! რისთვის არიან? გამოდიან, პახოდუ პარადი აქვთ!”

“შვილი რომ გყავს, სირცხვილი არ არის მერე? შენ ცისფერი ხარ! რას გეძახის შვილი: დედას, მამას? შენი სქესიც არ იცი!”

“დიდი გადაცდომები დიდგვაროვნებაშიც ყოფილა. ჩვენს ქორეოგრაფიასაც ახსოვს რაღაცა გადაცდომები, არ ვასახელებ...”

“მე ვიცი ადამი და ევა, ადამი და ადამი არ ვიცი.”

“მალე ამოწყდეს ყველა ადამი და ადამი.”

გავიგეთ, რომ საზოგადოებამდე სწორი პოზიციის მიტანა “სხვა რაკურსის” მიზანი არც არის და შოუს დადგმით ის მხოლოდ რეიტინგის მოპოვებას და შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ ათასობით მაყურებლის მსგავსად ვერც მე გავიგე: გასართობ შოუში “სერიოზული განხილვისთვის” ლგბტ თემის პრობლემები თუ შეგაქვს, “დისკურსი” ვინმე მულატკაზე რატომ უნდა დაიყვანო?

რატომ უნდა გამოაყენებინო ეთერი ადამიანებს ჰომოფობიური იდეების ტირაჟირებისთვის და ათქმევინო, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მქონე ადამიანები ცალკე უნდა გადავარჩიოთ, თვითმფრინავში ჩავსვათ და ქვეყნიდან გავადეპორტოთ, ჩავქოლოთ ან ჩავცხრილოთ, ყველაზე კარგ შემთხვევაში კი საკეტი გადავურაზოთ, სახლში ჩავკეტოთ და საკუთარ “პრობლემებზე დავაფიქროთ”.

როგორც ჩანს, საკუთარ პრობლემებზე “სხვა რაკურსშიც” დაფიქრდნენ და ჰომოფობიური იდეების ტირაჟირებისთვის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში, „იმედის“ თვითრეგულირების ორგანოში რომ არ უჩივლონ, წამყვანს ასწავლეს, რომ რესპონდენტის და სტუმრის დისკრიმინაციულ გამონათქვამს უნდა გაემიჯნოს.

“მულატკა არის საქართველოს მოქალაქე. მას აქვს თავისი აზრი. შოუბიზნესის წარმომადგენელია. მე ვემიჯნები მის პოზიაციას, მაგრამ უფლება არა მაქვს, არ მოვუსმინო საზოგადოების წევრებს,” - ასეთი პასუხი გასცა “სხვა რაკურსის” წამყვანმა გადაცემის ერთ-ერთ სტუმარს კითხვაზე, რატომ და რა მიზნით მოიწვია სტუმრად გადაცემაში მულატკა.

განცხადება - “მე ვემიჯნები მის პოზიციას” ჰომოფობი სტუმრების ფაშისტურ იდეებთან ფორმალური გამიჯვნის საშუალებად იქცა.

ლგბტ თემისადმი არატოლერანტულ გარემოში რომ ვცხოვრობთ, ეს “სხვა რაკურსის” გარეშეც ვიცით. ამდენი შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული გამონათქვამი კი ერთი გადაცემის კვალობაზე, მეტისმეტია.

თეგები : სიძულვილის ენა;
ბლოგის ავტორი : მანანა ვარდიაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ