„პროფილის“ ტრანსფორმაცია
18.09.2015
17 სექტემბერს „რუსთავი 2-ის" ეთერში „პროფილი“ სხვა პროფილით გავიდა. დაანონსებული სახეცვლილება მართალი გამოდგა - წამყვანმა იმ ღამეს მხოლოდ პრობლემაზე ილაპარაკა.

წლების განმავლობაში ტაშფანდურს, ანდა სხვათა უბედურების კომიკურად წარმოჩენას მიჩვეულმა მაყურებელმა, საკითხზე კონცენტრირებული გადაცემა იხილა. რეიტინგი როგორი ჰქონდა არ ვიცი, მაგრამ მე მხოლოდ დადებითი კომენტარები მოვისმინე.

არადა, მანამდე გადაცემის ავტორები მუდმივად გვეუბნებოდნენ, იმას ვაკეთებთ, რაც საზოგადოებას სურსო. თუ არ მოგწონს გადართეო, არ გადამირთავს, გაუმჯობესებას ვითხოვდი.

17 სექტემბრის გადაცემაში კი სწორედ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ვნახე იმ თემისადმი, რაც ამგვარ შოუებში ხარვეზის გარეშე ვერ შუქდებოდა. სექსუალური ძალადობა სწორედ ის თემა იყო, სადაც ვითომ პრობლემაზე საუბრისას სხვათა უფლება ილახებოდა და სტერეოტიპები მყარდებოდა.

როგორც ჩანს, „რუსთავი 2“ მიხვდა, რომ სიყვითლე ზედმეტად დიდი დოზითაა ეთერში, აკი მონოლოგის დროსაც თქვა მაია ასათიანმა, ამ ნიშას სხვას ვუთმობო. საქმიანი, საზოგადოებრივ საკითხებზე ორიენტირებული ეთიკური გადაცემა კი, რომელიც პრობლემას ფართო ჭრილში ხედავს, ჩვენს ეთერში ძნელად თუ ვინმეს გაახსენდება. ამიტომაც გასაგებია „რუსთავი 2-ის" სტრატეგია.

წუხელ მსხვერპლი ბავშვის ახლობლები ზურგით დასვეს მიუხედავად იმისა, რომ იდენტიფიცირების წინააღმდეგნი არ იყვნენ - ბავშვის ინტერესს ვითვალისწინებთო;

ძალადობის მსხვერპლი ქალი დაფარეს - მის უსაფრთხოებას ვიცავთო;

ისტორია არ მოაყოლინეს - დეტალები არ გვაინტერესებსო (იდენტური ამბავი ამავე გადაცემაში ბევრჯერ მოგვისმენია, შვილი იქვე ეჯდათ, როცა ქალი საკუთარი გაუპატიურების ფაქტებს ყვებოდა ხოლმე);

მორალისტი მომღერალ, მოცეკვავე, გაურკვეველი საქმიანობით დაკავებული ადამიანების ნაცვლად პრობლემაზე პროფესიონალებმა ისაუბრეს;

„უი ეს რა დაგემართა“ ტონით არ დასმულა „რა იგრძენით“ ტიპის კითხვები;

წამყვანი არ იზიარებდა სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს, არ ყოფილა არაადეკვატური ბმა ბლოკებს შორის.

საზოგადოება, ცხადია, ამას ხედავს, და უნდა შეიმჩნიოს სწორედ იმიტომ, რომ გადაცემებს შორის კონკურენცია დაიწყოს ხარისხით და არა ერთი და იმავე ტიპების ეთერში ხშირად ჩვენებით, ეს კი მაყურებელსაც გაზრდის და მედიასაც. ჯაჭვია.

ერთმა თქვა, თუ ადამიანს მანქანა არ აჩვენე, ეგონება, რომ სულ ურმით უნდა იაროსო.

ჰოდა ამიტომაც, ახლა ნაკლებად მაინტერესებს სისხლის სამართლის კოდექსში „ეჭვმიტანილის“ ცნება რომ აღარ არსებობს, „ბრალდებულია“ და წამყვანი რომ არასწორი ტერმინს იყენებდა, (ადვოკატმაც იგივე გაიმეორა, წამყვნს რას ვერჩით), არც იმისთვის მიმიქცევია ყურადღება, ერთგან შესაძლოა სჯობდა „რეკონსტრუქცია“ მიეწერათ. მესმის მათი, ვისაც „პროფილის“ ტრანსფორმაციის არ სჯერა წარსული გამოცდილების გამო, მაგრამ მინდა, რომ მათი განწყობები მალე შეიცვალოს სწორედ იმით, რომ 17 სექტემბრის გადაცემა გამონაკლისი არ გამოდგეს.

ბლოგის ავტორი : ნატა ძველიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ