საერთაშორისო ამბების ჭურში
12.01.2016
საერთაშორისო ამბების ყოველდღიური მიმოხილვა ბოლოს, თუ არ ვცდები, ღრმა ბავშვობაში ვნახე. მახსოვს, "მოამბეში" ასეთი რუბრიკა აბონ ციციაშვილს და სოსო ცინცაძეს მიჰყავდათ.

არ ვიცი, ამ ბატონებს რამდენად ზუსტი და სანდო ინფორმაცია ჰქონდათ. ის კი ვიცი, რომ მას შემდეგ საერთაშორისო ამბების ყოველდღიური მიმოხილვა არსად მინახავს.

რუბრიკები "მსოფლიო" და "უცხოეთი" ყველა ტელეკომპანიას აქვს. თუმცა, ამ რუბრიკებში განთავსებულ მასალებს თვალს თუ გადაავლებთ, ნახავთ, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან ქართული ტელემედიის ყურადღების ცენტრში ძირითადად ტერორისტული აქტები, მსოფლიო ლიდერთა ვიზიტები და პოლიტიკური განცხადებები ხვდება.

რუბრიკებში - “მსოფლიო” და “უცხოეთი” განთავსებულ მასალებზე თვალის ერთი გადავლებითაც კი მიხვდებით, რა სახის ინფორმაციას ვიღებთ:

"რუსეთში ავიაკატასტროფას 15 ადამიანი ემსხვერპლა"

"რომის პაპის ისტორიული ვიზიტი აფრიკაში"

"თურქეთმა რუსული სუ-24 ჩამოაგდო"

"კრასნოიარსკის მხარეში სამგზავრო ვერტმფრენი ჩამოვარდა"

"გადარჩენილი პილოტი - მფრინავი აცხადებს, რომ თურქულ მხარეს რუსული ეკიპაჟისთვის გაფრთხილება არ მიუცია"

"ავიადარტყმები სირიაში"

“ამ წუთებში საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს ხვდება”

ასეთი ტიპის ახალი ამბებით ძირითადად უახლეს ინფორმაციას ( „ბრეიკინგ ნიუს“) ვიღებთ, რაც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე მთლიანი სურათის შექმნის საშუალებას არ გვაძლევს.

გახსოვთ, ალბათ, სირიის კრიზისისა და ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის (ე.წ. ისლამური სახელმწიფოს) მიერ სირიასა და ერაყში ჩადენილი დანაშაულის შესახებ ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა პირველად „რუსთავი 2-ის“ ეთერში 2015 წლის 12 აპრილს გასული სიუჟეტით რომ გაიგო. არადა, სამოქალაქო ომი, რომელიც მოგვიანებით ტერორისტული დაჯგუფების ქმედებებმა კიდევ უფრო დაამძიმა, ამ ქვეყანაში 2011 წელს დაიწყო.

ეს არც არის გასაკვირი - საერთაშორისო ამბების მიმოხილვა, სადაც მაყურებელი სირიაში ან სხვა ქვეყანაში არსებული კონფლიქტის ან ვითარების შესახებ სიღრმისეულ ანალიზს მოისმენდა, არ არსებობს.

ჩვენ არც ის ვიცით, ჩვენს ახლო სამეზობლოში რა ხდება. მაგალითად, არ ვიცით, როგორია თურქეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სტრატეგია, რა არის მისი მთავარი პოლიტიკური ამოცანა, როგორი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები აქვს ევროკავშირთან, არაბულ ქვეყნებთან, ისრაელთან, ირანთან თუ აშშ-სთან, რის მიღწევას ცდილობს, და რა როლს თამაშობს რეგიონულ გეოპოლიტიკურ პროცესებში.

იგივე შეიძლება ვთქვათ ჩვენს უახლოეს მეზობლებზე - სომხეთზე, აზერბაიჯანსა და ირანზე.

არ ვიცით, როგორ ვითარდება მოვლენები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ყარაბაღში მომხდარ “ინციდენტებს”. არც ის, რომ ირანის მიმართ გლობალური პოლიტიკა იცვლება - აშშ მხარს უჭერს მისთვის სანქციების ეტაპობრივ მოხსნას და რომ შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს ირანის როლი რეგიონში ისევ გაიზარდოს.

ქართულმა საზოგადოებამ, სირიის კონფლიქტის მსგავსად, ამ ფაქტის შესახებაც, შესაძლოა, რამდენიმე წლის დაგვიანებით გაიგოს - საერთაშორისო ამბები ხომ ქართული მედიის პრიორიტეტული და საყვარელი თემების ჩამონათვალში არ შედის.

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების სიღრმისეული ანალიზისთვის მას არც კადრები ჰყავს, არც “ექსპერტები” და არც ფული აქვს, რაც უმნიშვნელო საკითხი სულაც არ არის.

რუსეთსა და აშშ-ში თითო-თითო კორესპონდენტი, თუ არ ვცდები, სულ 2 ტელეკომპანიას ჰყავს, ისიც განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.

ახლო მომავალში რომელიმე ტელეკომპანიამ თურქეთში, ირანსა თუ უკრაინაში, ან თუნდაც რომელიმე ცხელ რეგიონში ბიურო გახსნას, ძნელად წარმომიდგენია - ჟურნალისტები და ოპერატორები მათ ადგილობრივი ამბების სრულად გაშუქებისთვისაც არ ჰყოფნით.

გონივრული ეჭვი მაქვს, უცხოურ მედიაში გასული და გადმოქართულებული უახლესი ამბების ამარა კიდევ დიდ ხანს დავრჩებით.

ბლოგის ავტორი : მანანა ვარდიაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ