სენსაციის და სატანისტების ძიებაში
14.05.2016
“ნანუკა ჟორჟოლიანის შოუმ” ისევ “ამინდივით რეიტინგი” დადო. მაყურებელი, სავარაუდოდ, არც “სხვა რაკურსს” მოაკლდებოდა. არ გაგიკვირდებათ, ალბათ, თუ ვიტყვი, რომ ორივე გადაცემა ერთსა და იმავე თემას - “სექტაში” გაერთიანებულ, “სატანისტ” ბავშვებს მიეძღვნა და მთავარი პერსონაჟიც კი ერთი და იგივე ჰყავდათ ( ქართულ შოუებში ეს ხშირად ხდება): ახალგაზრდა ქალი, რომელიც “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში” აცხადებდა, რომ “სექტის” არსებობის შესახებ შემთხვევით გაიგო, ისიც მაშინ, როცა ნაცნობის არასრულწლოვან შვილს ეძებდნენ, “სხვა რაკურსში” სიუჟეტის ერთ-ერთ მთავარ მოქმედ გმირად და 2 დღის განმავლობაში გაუჩინარებული გოგონას ახლო ნათესავად მოგვევლინა. თუმცა, ეს მთავარი არ არის. მთავარი ის არის, რაც ამ გადაცემებიდან “უცნაურ ერთობაში” გაერთიანებული და "სატანისტი" ბავშვების შესახებ გავიგეთ.


კერძოდ, გავიგეთ, რომ: თბილისის ცენტრში, ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში არის ბავშვების გარკვეული წრის მუდმივი თავშეყრის ადგილი, ე. წ. მორგი, სადაც ანტისანიტარია მეფობს და თავმოჭრილი კატები, ძაღლები და გაპუტული ინდაურები ყრია.

ამ არაფორმალურ გაერთიანებაში ძირითადად 13-15 წლის ასაკის არასრულწლოვნები არიან. მათი უმეტესობა გოგონაა. "სექტაში" ხვდებიან ის ბავშვები, ვისი მშობლებიც ბევრს მუშაობენ და შვილებისთვის არ სცალიათ, ან საზღვარგარეთ არიან წასულები. ისინი სკოლას ხშირად აცდენენ. მათი გავლენის არეალში კი განათლებული, ნიჭიერი და დეპრესიული ბავშვები ხვდებიან.

გადაცემებიდან გავიგეთ, რომ არასრულწლოვნები, რომლებიც “მორგში” იკრიბებიან, გარეგნობით დ ჩაცმის სტილით ერთმანეთს ჰგვანან: აქვთ მუქი შავი თმა, დაკაწრული ხელები, შავად შეღებილი თვალები, პირსინგები და სვირინგები.

არიან დეპრესიულები და ყველა მათგანს აქვს ოჯახური პრობლემა. სულიერი ტკივილის შესამსუბუქებლად იყენებენ ფიზიკურ დაზიანებებს. ხოცავენ კატებს და ძაღლებს და სასტიკი ფორმებით ერთობიან.

მათ ერთობას თურმე “რიტუალური ელფერი” აქვს, რისთვისაც საკუთარ და ცხოველთა სისხლს იყენებენ და ხშირად მსხვერპლთშეწირვის რიტუალსაც ატარებენ.

აწყობენ სექსუალურ ორგიებს და არასრულწლოვანთა სუიციდიც სწორედ ამ ჯგუფს უკავშირდება.

“ძალიან ბევრი ინციდენტია უკვე სუიციდის და ყველას უკავშირებენ ამ ამბავს. რაღაცა ძალიან ბევრი ფაქტია ამ ბოლო დროს, რაც მანამდე არ ყოფილა, რომ “მორგის” წევრები თავს იკლავენ,” - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი. ის დიდი მონდომებით ცდილობს, რომ სტუდიაში მიწვეული სტუმარი, რომელიც ამბობს, რომ ეს ბავშვები არაერთხელ ჰყავს ნანახი და მათ სატანისტების სექტასთან და სუიციდთან არაფერი აქვთ საერთო, როგორმე მის მოსაზრებას დაეთანხმოს.

ამ ისტორიაში, რომელიც არც სატანისტური და არც ზოგადად არანაირი სექტის არსებობის დამადასტურებელ არცერთ ფაქტს და მტკიცებულებას არ ეფუძნება, ერთადერთი დადებითი ის იყო, რომ ადგილი, სადაც არასრულწლოვნები იკრიბებიან, ნანუკა ჟორჟოლიანმა არ დაასახელა.

სამაგიეროდ, “მოწოდების სიმაღლეზე” აღმოჩნდა “სხვა რაკურსი” და “მორგის” ადგილმდებარეობა გრძედის და განედის კოორდინატების დონეზე დააზუსტა, დუღილის ტემპერატურის აწევის მიზნით კი ამ თემაზე მსჯელობისთვის სტუდიაში საქმის არსში ყველაზე ჩაუხედავი ადამიანები - შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები მიიწვია. ის, რაც ამ გადაცემაში ხატია სიჭინავამ ისაუბრა არაკომპეტენტურობისა და დილეტანტიზმის მრავლადმნახველ ქართველ მაყურებელსაც კი გააოცებს.

სიმართლე ითქვას, სატანისტთა სექტის ძიება ქართული მედიის საყვარელი საქმეა. სულ მცირე წელიწადში ერთხელ, ამ თემაზე ყველა სატელევიზიო შოუ მსჯელობს და ჭორებზე დაყრდნობით, ეთერში დიდ ტრაგედიასაც აწყობს.

არ დაუჯეროთ ნანუკა ჟორჟოლიანს, როცა ამბობს, რომ სიტყვა სექტასთან ყოველთვის ფრთხილობს და ამ თემაზე აქცენტი აქამდე არასოდეს გაუკეთებია.

გახსოვთ, ალბათ, გასულ წელს, " რუსთავი 2-ის" ეთერში გასული “ნანუკა ჟორჟოლიანის” შოუ, სადაც 15 წლის გარდაცვლილი გოგონა სატანისტების ჯგუფის წევრად გამოაცხადეს. შოუს წამყვანი მაშინაც ამბობდა, რომ სატანისტური სექტის საქმიანობაში ბავშვები იყვნენ ჩართულნი, რომლებიც რიტუალების ჩასატარებლად სასაფლაოზე იკრიბებოდნენ. მეათეკლასელი მოსწავლის გარდაცვალება კი "ჩვეულებრივი თვითმკვლელობა" არ იყო და არც მარიამი იყო “ჩვეულებრივი” გოგონა, რადგან მას შავი კატები და მერლინ მენსონი უყვარდა.

რა თქმა უნდა, მაშინ თავი არავის შეუწუხებია იმის გარკვევით, მართლაც არსებობდა თუ არა დუშეთში სატანისტური სექტა. მოგვიანებით გაირკვა, რომ არასრულწლოვნები, რომლებსაც განსახვავებული ჩაცმულობის და მაკიაჟის გამო სატანისტური სექტის წევრობაში ადანაშაულებდნენ, ემოები იყვნენ.

სუიციდის და განსხვავებული ჩაცმულობის, გარეგნობის და გემოვნების მქონე ბავშვების რაიმე გაერთიანების სენსაციურ და სტერეოტიპულ ჭრილში გაშუქება რომ არ შეიძლება, ამაზე მაშინაც ბევრი დაიწერა და ითქვა.

თუმცა, მედიამ სათანადო სიფრთხილე არც ამჯერად გამოიჩინა. ამიტომ, ასეთი სტილის გადაცემების თანმდევ საფრთხესა და უარყოფით შედეგებზე კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ:

ძალიან არაეთიკური და უპასუხისმგებლო საქციელია, რომ სუიციდის ყველა არასრულწლოვანი მსხვერპლი სატანისტური სექტის წევრად შერაცხო და პირდაპირ თქვა, რომ ის, ვინც თავს იკლავს, “მორგის” წევრია.

არ არის საჭირო, სუიციდის მსხვერპლთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს დამატებითი ტკივილი მივაყენოთ და თან საზოგადოებისგან გარიყვაში შევეშველოთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მასმედიის მიერ მომზადებული უპასუხისმგებლო სტატია და სიუჟეტი, რომელიც თვითმკვლელობას სენსაციურ ან გლამურულ შეფერილობას აძლევს, ე.წ. „გადამდები სუიციდის“ რისკის ზრდას იწვევს - ევროპის „დარტ ცენტრის“ კვლევებმა აჩვენა, რომ მას შემდეგ, რაც სუიციდის შესახებ ისტორია საზოგადოების ფართო განხილვის საგანი ხდება, თვითმკვლელობების რაოდენობა დაახლოებით 2,5%-ით იზრდება.

ასეთი გადაცემები ამყარებს სტერეოტიპს, რომ განსხვავებული ჩაცმულობის და გარეგნობის მქონე ადამიანები - ადამიანები მძიმე მაკიაჟით, განსხვავებული ვარცხნილობით, სვირინგებით, პირსინგებით და ხელებზე არსებული ნაკაწრებით სატანისტური სექტის წევრები არიან.

ასეთი განზოგადებით, შესაძლოა, საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა და აგრესია გაჩნდეს ისეთი სუბკულტურის წარმომადგენლების მიმართ, როგორებიც ემოები, გოთები და პანკები არიან. სუიციდთან და სატანისტურ სექტებთან მათ კავშირს კი არაფერი ადასტურებს.

მოზარდებს, რომლებსაც ოჯახური და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ, "მორგის" ადგილმდებარეობის და საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების მეთოდების აღწერით, პირდაპირ ვუთითებთ, სად უნდა მივიდნენ და “სულიერი ტკივილების შესამსუბუქებლად“ რა გააკეთონ.

არასრულწლოვნებს მთელი ცხოვრების განმავლობაში სატანისტის და სექტანტის იარლიყის ტარებისთვის ვწირავთ და დარტყმის ქვეშ ვაყენებთ მათ უსაფრთხოებას.

ერთი ბავშვის სიცოცხლე და უსაფრთხოება კი ყველანაირ რეიტინგზე ძვირფასია!

ბლოგის ავტორი : მანანა ვარდიაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ