02.10.2018

კვირის მანძილზე და განსაკუთრებით უქმეებზე, ტელევიზიების ეთერში სასულიერო პირთა სიუხვე გასაკვირი არ იყო სამედიცინო კანაფის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კანონის გარშემო ატეხილი ხმაურიდან გამომდინარე. რამდენიმე დღის წინ, სასულიერო პირებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს ხელისუფლებას მათი პოლიტიკური წონისა და ძალის შესახებ, რომელიც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონკორდატის ფარგლებს ხშირად სცდება ხოლმე. ასეთი გადაცდომების მაგალითები კი ჩვენს პოლიტიკურ ველში არაერთია. მაგალითად, საპატრიარქოს, სასულიერო პირების თუ მათთან დაახლოებული პირების ინტერვენციები სკოლებში საგან „მე და საზოგადოებას“ დანერგვასთან დაკავშირებით, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შემუშავებისა თუ სხვადასხვა დროს წინასაარჩევნო პროცესებში.
როგორც წესი, საპატრიარქოს ყოველ ასეთ ინტერვენციას მთავრობა ხბოს აღტაცებითა და საკუთარი პოზიციების გადასინჯვით პასუხობს ხოლმე. ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი პოზიცია კი ამ თემასთან დაკავშირებით მთავრობისგან მხარდაჭერილმა (რატომღაც) დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დააფიქსირა 18 სექტემბერს ტ/კ „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“. ინტერვიუში, რომელიც გიორგი არველაძის დროინდელი „იმედის“ საუკეთესო ტრადიციებითა და წამყვანის რესპონდენტისადმი სრულ სიამტკბილობაში წარიმართა, თითქმის ყოველ ნათქვამ სიტყვაზე იყო შესაძლებელი, რომ ზურაბიშვილისათვის შესადავებელი მოგეძებნა, გარდა ერთი ნაწილისა, რომლის დროსაც სასულიერო პირების წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევასთან დაკავშირებით მან განაცხადა: „ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ბრალდებებით, ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ, ერთი მხრივ თუ მეორე მხრივ, არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად მეუფეებს.“

მეტიც, საპატრიარქომ 24 მაისს რუსთავი 2-ს ბოიკოტი გამოუცხადა და სამღვდელობას მოუწოდა, ტელეარხთან ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტათ, არ მიეცათ ინტერვიუები და არ მიეღოთ გადაცემებში მონაწილეობა. პასუხად, არხის გენერალურმა დირექტორმა კი განაცხადა: „სამწუხაროდ, საქართველოს ეკლესიის ხელმძღვანელობაში დღეს არიან ძალები, რომლებიც მაქსიმალურად აზიანებენ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და ეს ძალები თავმოყრილნი არიან დღეს საპატრიარქოში და აკონტროლებენ მათ შორის საპატრიარქოს სახელით გავრცელებულ განცხადებებსაც [...] ეს ადმინისტრაცია, მე ვიტყოდი ბნელი ადმინისტრაცია, ამ ადმინისტრაციას გადაჰყავს თვითგანადგურების რეჟიმში ქართული ეკლესია, რომელსაც უზარმაზარი ისტორია აქვს და რომლის მრევლსაც მიეკუთვნება ძალიან ბევრი ადამიანი...“
საქართველოში საკმაოდ ძლიერ ინსტიტუციასა და მთავარ ოპოზიციურ ტელეარხს შორის არსებული ასეთი პრეისტორიის ფონზე, ალბათ, ცოტა უცნაური და უხერხულობის მომგვრელი იყო ის დიალოგი, რომელიც შაბათის კურიერის წამყვანსა და მეუფე იაკობს შორის წარიმართა ინტერვიუს ბოლოს. მეუფე იაკობმა ჯერ მედიის როლზე ისაუბრა საზოგადოებაში, შემდეგ ამერიკული მედიის ანატომიაც აუხსნა მაყურებელს, ბოლოს კი ჟურნალისტის ოდნავ თავმომწონე კომენტარს გასცა პასუხი, რომ ის რუსთავი 2-ს ხშირად უყურებს და რომ მათი არხი ბევრ რამეში ობიექტურია. ეპილოგი კი ასეთი გახლდათ:

მეუფე იაკობი: მე ასეთი ის არ მქონია...
ჟურნალისტი: ეს ხდება პირველად...
მეუფე იაკობი: პირველად...
ჟურნალისტი: და მხოლოდ კურიერში...
მეუფე იაკობი: მხოლოდ კურიერში... (იღიმის).
ერთი მხრივ, ბუნებრივია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას ერთ ორგანიზმად ვერ აღვიქვამთ და ვერ ვიტყვით, რომ არხსა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება ყველა მეუფესა თუ მღვდელმთავარს ეხებოდა. მეორე მხრივ, იმის დაჯერება, რომ საპატრიარქოს ბოიკოტი, ჟურნალისტთა წყევლა-კრულვა და ანათემაზე გადაცემა ინსტიტუციურად არ არის ორკესტრირებული, მიტროპოლიტები და ქორეპისკოპოსები კი ამ პროცესებისაგან განმდგარი ცალკეული პირები არიან, ან ცხადი გულუბრყვილობაა ან უბრალოდ პოლიტიკური არჩევანი, თვალი დახუჭო წარსულზე. ასეთი არჩევანის პრობლემა კი ის გახლავთ, რომ ამ დროს, როგორც წესი, ნაბან წყალს (ზურაბიშვილს) ბავშვი (სეკლუარიზმი) გადაჰყვება ხოლმე.
სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიისთვის ჩრდილის მიყენების მცდელობისას რელიგიურ პირებს კიდევ ერთხელ მისცა ტელეკომპანიამ სრული კარტბლანში თვით-ლეგიტიმიზაციისათვის. თითქოს ხელისუფლებისაგან საკმარისი ლეგიტიმიაცია არ ჰქონდეთ, თითქოს მმართველი ძალა უკვე საკმარისად არ იხევდეს უკან მათ წინაშე. ამჯერად სწორედ რუსთავი 2-ის ეთერში მოგვიწია ანტისეკულარული მესიჯების მორიგი დოზის მიღება. მეუფე ანტონმა შემოგვთავაზა, „უშიშროების საბჭოში, განათლების სისტემაში და ყველგან“ ეკლესიის წარმომადგენელი უნდა იქნას დანიშნულიო. ხოლო ქორეპისკოპოსმა იაკობმა, მსუბუქი მუქარანარევი ირონიითა აღნიშნა, რომ თუკი ხელისუფლება გაჯიუტდება და თუკი საჭიროება გახდება, ეკლესია გაცილებით მეტი ხალხის ქუჩაში გამოყვანას შეძლებს.
არადა, მათ მიერ ქუჩაში გამოყვანილი ხალხი ერთხელ უკვე ვნახეთ - 2013 წლის 17 მაისს. სწორედ, 17 მაისს ათეულ ათასობით გამძვინვარებული ადამიანის მიერ 30-იოდე აქტივისტის სასტიკი და არაადამიანური დარბევის შესახებ სწორედ ზემოხსენებული ქორეპისკოპოსი აღნიშნავდა: "ბევრმა თავის ადამიანურ ბუნებას ვერ გადააბიჯა და ვიღაცას მტრად შეხედა, შეაგინა ან ხელი მოუქნია. როგორც მითხრეს, სასულიერო პირებიც იყვნენ მათ რიგებში. მე მათ ვერც გავამტყუნებ და ვერც გავამართლებ, ისინიც ადამიანები არიან და შესაძლოა ნერვებმა უმტყუნათ".