მედია ინფორმირებული თუ მანიპულაციური არჩევანისთვის
27.11.2018
სტუდიაში თავპირის მტვრევა, რესპონდენტებს შორის ერთმანეთის გინება, ჭიქების ფშვნა, გამშველებელი ჟურნალისტი… ასეთი იყო ტელესანახაობა წინა საპარლამენტო არჩევნების დროს.

 


უფრო ადრე იყო უარესიც… ჟურნალისტების მოდარაჯე და მათზე მონადირე ალისტრახოები.

კიდევ უფრო უარესი იყო მდუმარე, მიკროფონის დამტარებელი ჟურნალისტები, რომელთა გავლით ხელისუფლება გვიყვებოდა სხვა ჟურნალისტების “ჯაშუშურ” ამბებს, როგორ აგროვებდნენ ისინი ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ და ავრცელებდნენ-გადასცემდნენ.

უარესი იყო ნაცემი, დარბეული, დაშანტაჟებული ჟურნალისტები…

ამ ყველაფრის ფონზე, შეიძლება უკეთესად გვეჩვენება პარტიულ აქტივისტებად ქცეული ჟურნალისტები, მაგრამ სინამდვილეში კარგად უნდა გვახსოვდეს, რა მოაქვს ქვეყნისთვის პროპაგანდისტულ ჟურნალისტიკას, ამის 70-წლიანი გამოცდილება გვაქვს.

არადა, რატომღაც კვლავაც ამ გზას დაადგა ტელემედია დღეს საქართველოში: ვხედავთ პროპაგანდას წიწაკა ჩელინჯის თუ საგანგებო რეჟიმის სახელით, სადაც სამიზნე მხოლოდ შავია ან შავზე უფრო შავი.

და მაინც, რით დაგვამახსოვრა თავი ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების მედია გაშუქებამ?

როგორც წესი, დასავლეთის ქვეყნებში მთავარი წინასაარჩევნო სანახაობა საარჩევნო კანდიდატებს შორის სატელევიზიო დებატებია. ამ დღისთვის განსაკუთრებით ემზადებიან ჟურნალისტები, რადგან ამ დღეს ელიან ამომრჩევლები, კანდიდატები, დამკვირვებლები, ანალიტიკოსები. ისინი სწორედ ამ დღის ფონზე აკეთებენ მნიშვნელოვან არჩევანს, ანალიზს, დასკვნებს, პროგნოზებს.

რა მოხდა საქართველოში? - არანაირი დებატები მეორე ტურში გასულ კანდიდატებს შორის.

იყო დებატები პირველი ტურის წინ, თუმცა გადაცემის ფორმატმა და წამყვანმა ჟურნალისტმა მოახერხეს ის, რომ მთელი ამ გადაცემიდან დასამახსოვრებელი ისევ მხოლოდ ჟურნალისტი აღმოჩნდა იმით, რომ ერთი თვით ადრე შედგენილ კითხვებშიც კი უზუსტობა დაუშვა. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ კითხვები, ფაქტობრივად, არც ერთ მწვავე საკითხზე არ დაუსვამს ჟურნალისტს, რაც კი მთელი საარჩევნო პერიოდის მანძილზე ტრიალებდა დებატებში მონაწილე კანდიდატების გარშემო.

საბოლოოდ მაყურებელმა ვერაფერი მიიღო, ვერც ინფორმაცია და ვერც სანახაობა. ვერც ანალიტიკოსების საქმე გაადვილდა ამ გადაცემით, რომ დასკვნები და პროგნოზები გაეკეთბინათ. ერთი სიტყვით, დებატები დებატებისთვის გამოვიდა.

სკანდალი - ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად იზიდავს მაყურებელს და რომელიც მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანაში თან სდევს საარჩევნო პროცესს. ამომრჩევლის არჩევანზე ზემოქმედების საუკეთესო ხერხი სწორედ კარგად ორგანიზებული სკანდალური მასალების სერიაა, რომელსაც საარჩევნო სუბიექტები გეგმავენ და მედიისთვის მეტად დილემური საკითხია, როგორ უნდა გააშუქოს ასეთი ამბები.

ამ დილემის წინაშე აღმოჩნდა ქართული მედია 2012 წელს, რომ არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ციხეში პატიმართა წამების კადრები გამოჩნდა. მედიის დიდმა ნაწილმა კადრები უაპელაციოდ აიტაცა და მსხვერპლთა იდენტიფიცირებასაც არ მოერიდა. მოგვიანებით, არჩევნების დღის წინა ღამეს უფრო შოკის მომგვრელი სკანდალი შემოგვთავაზა მედიამ - ჩვილი ბავშვის “მკვლელობა” საარჩევნო მიზნების საბაბით.

მოგვიანებით გაირკვა, რომ წამების კადრების ნაწილი ინსცენირებული იყო, ჩვილის “მკვლელობის” დადგენაც ვერ შეძლო გამოძიებამ და მითუმეტეს მასში პოლიტიკური კვალის აღმოჩენა. თუმცა სერიის დამგეგმავებმა სასურველ შედეგს მიაღწიეს, ხელისუფლება არჩევნების გზით გადაიბარეს.

ეს ამბები მედიის პროფესიონალებისა და მკვლევარების სიღრმისეული ანალიზის და დისკუსიის საგანი რომ გამხდარიყო, შესაძლოა, ისეთივე შემარყეველი ძალა აღარ ჰქონოდა ფარულ ჩანაწერებს, რომლებიც, ერთის მხრივ, ბიზნესის რეკეტის სქემად შემოგვთავაზა მედიის ნაწილმა, ხოლო, მეორეს მხრივ, დანაშაულში მხილებული მაღალჩინოსნების დაუსჯელობის სინდრომად.

რეალობაა ისაა, რომ საარჩევნო ყუთთან მისული ამომრჩევლები შინაგანი რწმენის იმედად იქნებიან, დაიჯერონ თუ არა ბიძინა ივანიშვილის 4 თითის ვიდეოს არსებობა; ირწმუნონ თუ არა მირზა სუბელიანის “ციხის აღსარების” რეალისტურობა და ა.შ.

რეალობაა ის, რომ წლევანდელ არჩევნებზე ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიაში გენერირებულმა სკანდალებმა გადაფარა ხელისუფლების საარჩევნო სტრატეგიული გეგმა, რომელმაც წინა არჩევნების დროს წარმატებით იმუშავა და რომელიც წინა ხელისუფლების დაბრუნების შიშის გაღვივებას ეფუძნებოდა.

მედიაში განხილვის მთავარი თემა 2015-16 წლებში სწორედ ეს იყო - გეგმავს თუ არა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი მორიგ რევოლუციას და არეულობის ორგანიზებას ქვეყანაში. ამ ვერსიის გასამყარებლად შიგადაშიგ მედიაში “იჩეკებოდა” ე.წ. უკრაინულ ვებ-გვერდებზე გენერირებული ფარული აუდიო ჩანაწერები სააკაშვილსა და მის თანაგუნდელებს შორის.

ასე იქნებოდა წელსაც, თუმცა უკრაინული საიტების “მადანმა” აღარ იმუშავა მედიაში, რადგან ხელისუფლებამ პირველი დიდი კრახი თავისივე გეგმის გამო განიცადა, როცა მარიხუანის კულტივაციის თემა შემოაგორა საარჩევნო პერიოდში. ამას დაემატა ორივე მხარეს ამოქოქილი ტროლების მანქანა თემაზე: ვინ უფრო რუსეთის აგენტია - სალომე ზურაბიშვილი თუ გრიგოლ ვაშაძე?

ყალბი ამბები - ეს მთელ მსოფლიოში დამკვიდრებული ტრენდია წინასაარჩევნო პერიოდში და, ამ მხრივ, არც საქართველო აღმოჩნდა გამონაკლისი.

მაგალითად, ყალბი აღმოჩნდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებში მხარს “გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერდა; ასევე, ყალბი აღმოჩნდა სოციალურ ქსელებში და შემდეგ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული КГБ-ს მოწმობა, რომელიც თითქოს გრიგოლ ვაშაძეს ეკუთვნის; ყალბი აღმოჩნდა სალომე ზურაბიშვილის სახელით გავრცელებული განცხადებების ნაწილი და ა.შ. თუმცა, ყალბმა ამბებმა თავისი საქმე გააკეთეს. ამომრჩევლის ნაწიილი ამ ამბების უტყუარობაში მყარადაა დარწმუნებული.

რა ინფორმაციას ფლობს ამომრჩეველი მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებზე? - ეს არის შეკითხვა, რომელზე ამომწურავი პასუხიც შეიძლება მედიამონიტორინგის საბოლოო ანგარიშში ამოვიკითხოთ, როცა შევიტყობთ, თუ რას სთავაზობდა მათ მედია საარჩევნო სუბიექტებზე. თუმცა, თვალის ერთი გადავლებით, ცხადზე ცხადია, რომ ამომრჩევლის მთავარი ინტერესის საგნად მედიამ მხოლოდ ერთი საკითხი აქცია - სალომე ზურაბიშვილია ქვეყნის მოღალატე და რუსეთის აგენტი, თუ გრიგოლ ვაშაძე?

მაგრამ რა მტკიცებულებები აქვს მედიას? - ძირითადად ეს არის შთაბეჭდილებები და ვერსიები, როგორც თავად ჟურნალისტების, ისე მათი რესპონდენტების მიერ გამოთქმული.

რა არჩევანი უნდა გააკეთოს ამომრჩეველმა? - ცხადია, რომ ეს იქნება ნაკლებად ინფორმაციული და უფრო მეტად ემოციური თუ მანიპულაციური არჩევანი - წინა ხელისუფლების დაბრუნების ან ქვეყნის რუსულ ორბიტაზე შეტრიალების შიშზე დაფუძნებული.


ბლოგის ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ