ღიმილი პასუხის ნაცვლად
21.04.2019

“კითხვები დამთავრებულია” - ჟურნალისტების ნაცვლად გადაწყვიტა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და მათ ზურგი აქცია. ის 21 აპრილს პანკისის ხეობაში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირების შემდეგ ჩავიდა, ჟურნალისტებთან რამდენიმე წუთს გაჩერდა. შემდეგ ადევნებულ ჟურნალისტს გაღიმება ურჩია და თქვა: "მუშაობის საშუალებას მომცემთ?" 


alt

ჟურნალისტებთან კომუნიკაცია საჯარო მოხელეების სამუშაოს ნაწილად ჩვენთან არასდროს აღიქმება არც ჩვეულებრივ, მშვიდ დღეებში და არც კრიზისული ვითარებისას. როდესაც ისეთი ამბავი ხდება, როგორიც 21 აპრილს პანკისში დაპირისპირება, 2017 წლის 22 ნოემბერს ბერი სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია თუ 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობა იყო, საზოგადოებას ინფორმაცია სჭირდება. ჟურნალისტებიც ცდილობენ მომხდართან დაკავშირებით რაც შეიძლება მეტი დეტალი მოძიონ ყველა შესაძლო ხერხით. შევლენ ყველგან, სადაც შეუშვებენ, ჩაწერენ ყველას, ვინც გამოჩნდება იქნება ეს ადგილობრივი მოსახლე თუ საჯარო პირი. შეეცდებიან განიხილონ ყველა ვერსია, თავად ჩაატარონ გამოძიება და აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდონ, რადგან იმ დროს ყველა სხვა თემაზე მომზადებული ამბავი არარელევანტურად ჩანს. ვერ გაუშვებენ ეთერში მხატვრულ ფილმს ბედნიერ ცხოვრებაზე, სერიალს ოჯახურ დრამაზე თუ რამე გასართობ გადაცემას, მაშინ, როდესაც ერთ-ერთ რეგიონში მოსახლეობა და სპეცრაზმი ერთმანეთს ურტყამს ანდა შუა ქალაქში სპეცოპერაცია ლამის მთელი დღე ტარდება. ეს ხდება არა იმიტომ, რომ ჟურნალისტებს უხარიათ უწყვეტად ეთერში ყოფნა ანდა სტატიების მომზადება, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოება იყოს დროულად ინფორმირებული.

კრიზისული ვითარებისას დაზუსტებული ინფორმაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან მიღებულმა ინფორმაციას შეიძლება მყისიერად შეცვალოს ადამიანის ქცევა. მაგალითად, დატოვოს საცხოვრებელი ადგილი, გაიაროს ქუჩაზე, რომელიც უსაფრთხო ჰგონია ანდა პირიქით, არაფერი გააკეთოს იმის იმედით, რომ ამბავი მას არ შეეხება. აღარაფერს ვამბობ პანიკის დათესვაზე და მასების მობილიზებაზე. ამ დაზუსტებულ ინფორმაციას ჟურნალისტი შესაბამის უწყებებიდან უნდა იღებდეს. ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს საკომუნიკაციო სტრატეგია თუ როდის რა ფორმით აწვდის მედიას ინფორმაციას.

ბოლო პერიოდში მსოფლიო მედიას არაერთი კრიზისული სიტუაციის, ტერორისტული აქტის თუ სხვა ტიპის ოპერაციების გაშუქების დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ძალიან მარტივი სანახავია, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში ოფიციალურ უწყებებებს გამოყოფილი ჰყავთ პირი, რომელიც მედიას პროაქტიულად აწვდის ინფორმაციას თუ რას და როგორ აპირებს ხელისუფლება, რა დაზუსტებული ცნობები აქვთ მომხდარის შესახებ, აკეთებენ განმარტებებს, აწვდიან ინსტრუქციას მედიას სამუშაო არეალის შესახებ, რათა არ შევიდნენ იქ, სადაც უსაფრთხო არ არის მათთვის და ამასთან ხელი არ შეუშალონ ოპერციის მიმდინარეობას. იქ მედიასთან ურთიერთობა სამუშაოს ნაწილია, ჩვენთან მინისტრგაკიდებულ ჟურნალისტს აქეთ ამადლიან რამდენიმე წამიან სინქრონს.

მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ამბისას ჟურნალისტების საინფორმაციო ვაკუუმში დატოვება ხელს უწყობს დაუზუსტებელი ცნობების, ვერსიების, ვარაუდების, სპეკულაციების გავრცელებას. როდესაც რელევანტური რესპონდენტი არ ჩანს, ჟურნალისტი იძულებულია, მას დაუსვას კითხვა, ვინც შემოხვდება, შედეგად მაგალითად, კრიმინალურ თემაზე შეიძლება მოვისმინოთ განათლების ანდა გარემოს დაცვის მინისტრის, დეპუტატის, ოპოზიციის თუ მავანის მოსაზრებები, რომელთაც ფაქტობრივი ინფორმაცია არ აქვთ. მერე ჟურნალისტებს აკრიტიკებენ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელების გამო, ერთი და იმავე ცნობების გამეორების თუ ისეთი კადრების გამოქვეყნებისთვის, რაც აუდიტორიის აზრით, ოპერაციის მიმდინარეობას ხელს უშლიდა.

მედიას ცხადია აქვს თავისი პასუხისმგებლობა, ეთიკური სტანდარტები, წესები, რისი შესრულებაც მისი ვალდებულებაა, მაგრამ შეცდომების თავიდან აცილება და ზიანის შემცირება შესაძლებელია ანგარიშვალდებული ხელისუფლების პირობებში, როდესაც პროაქტიულად აწვდიან ინფორმაციას და გაღიმებას არ ურჩევენ ჟურნალისტებს კითხვებზე პასუხის ნაცვლად.


ბლოგის ავტორი : ნატა ძველიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ