მედია "ნამახვანჰესზე", წინააღმდეგ თუ მხარდასაჭერად?
26.05.2021
  • ჟურნალისტების ნაწილი ხელოვნურად ქმნის გმირებს “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებისგან;
  • ზოგიერთი მედია ღიად მუშაობს ჰესის მოწინააღმდეგეების გაშავებაზე;
  • რატომ აშუქებს ან პირიქით არ აშუქებს მედია იმას, რომ ჰესის საწინააღმდეგო აქციაში პრორუსული, ქსენოფობიური და ჰომოფობიური ჯგუფებიც მონაწილეობენ?

დაახლოებით ასეთ ურთიერთბრალდებების რეჟიმში მიმდინარეობს მწვავე დისკუსია ონლაინ-სივრცეში მედიისა და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებს შორის ბოლო დღეებში - მას შემდეგ, რაც “ნამახვან ჰესების კასკადის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ლოკაცია გასცდა რიონის ხეობას და უფრო მასშტაბური ფორმით დედაქალაქში გადაინაცვლა.

ჰესის მშენებლობის საკითხი თითქმის ყოველთვის იწვევს საქართველოში აზრთასხვაობას და პოლარიზაციას. ამის ფუნდამენტური მიზეზი ხელისუფლების საზოგადოებასთან კომუნიკაციის არასწორი პოლიტიკაა, რომელსაც არ აქვს ნება ან არ ჰყოფნის კომპეტენცია, რომ მოსახლეობას დასაბუთებულად და არგუმენტირებულად აუხსნას კონკრეტული ჰესის მშენებლობის აუცილებლობა და სარგებელი.

ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის როლი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს პოლარიზაციის შემცირებას.

მიუკერძოებლობა და ბალანსი

საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებული მედიამონიტორინგები აჩვენებს, რომ პოლარიზაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. მედიაში პოლარიზაციის შემცირების გასაღები კი მიუკერძოებლობის პრინციპშია.

მიუკერძოებლობა არ ნიშნავს ობიექტურობას, ვინაიდან მედიას ხშირად უწევს ისეთი საკითხების გაშუქება, როდესაც შეუძლებელია ობიექტურობის პრინციპის დაცვა.

მაგალითად, იგივე “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით შეუძლებელია მედიამ ობიექტურად გააშუქოს პროექტის ნეგატიური ეკოლოგიური გავლენა ან პოზიტიური ეკონომიკური ეფექტი, როდესაც პრაქტიკულად ხელმიუწვდომელია პროექტის დეტალები, შესაბამისი კვლევები, ანგარიშები ან დასკვნები.

ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია, რომ მედიამ იხელმძღვანელოს მიუკერძოებლობის პრინციპით, ანუ დაბალანსებულად და კონტექსტის გათვალისწინებით გააშუქოს განსხვავებული პოზიციები და დაპირისპირებული მხარეები.

თავშივე უნდა ვთქვათ, რომ ახალი ამბების გაშუქება, ზოგადად, დაცლილი უნდა იყოს რასიზმისგან, სექსიზმისგან, უმცირესობების შეურაცხყოფისგან და სხვა ნიშნით დისკრიმინაციისგან. ამ შემთხვევაში “მეორე მხარის პოზიციის” წარმოჩენა არანაირად არ ემსახურება მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვას.

სამწუხაროდ, “ნამახვანჰესის” საკითხის გაშუქების დროს მედიის დიდი ნაწილი ვერ ახერხებს მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვას და ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებას მრავალმხრივი ინფორმაციით.

იმის მიუხედავად, რომ ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა 200 დღეზე მეტია აპროტესტებს და მათ აქციებს აშუქებს მედია, საზოგადოებას დღემდე არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, რამდენად საფუძვლიანია ის არგუმენტები, რასაც პროტესტი ეფუძნება, მაგალითად, არ ვიცით, რამდენად რეალურია, რომ:

  • ქუთაისს 35-მეტრიანი ტალღა წალეკავს;
  • დაიტბორება სოფლები და მნიშვნელოვნად შეიცვლება მიკროკლიმატი;
  • გადაშენდება ყურძნის ჯიშები, რომლითაც მზადდება, მაგალითად, ღვინო “ტვიში” და ა.შ.

იმის მიუხედავად, რომ მედია თითქმის ერთი წელია აშუქებს რიონის ხეობაში ჰესის მშენებელი კომპანიის, ხელისუფლებისა და ჰესის მშენებლობის მომხრეების განცხადებებს, საზოგადოებას დღემდე არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, მაგალითად:

  • რამდენად დასაბუთებულია ამ ჰესის ეკონომიკური სარგებელი?
  • რამდენად შესწავლილია ეკოლოგიური საფრთხეები?
  • რატომ აყენებს ინვესტორ კომპანიასთან ხელისუფლების მიერ გაფორმებული ხელშეკრულება გაცილებით უპირატეს მდგომარეობაში კომპანიას და ა.შ.

მეორეხარისხოვანი დეტალები მნიშვნელოვანი ინფორმაციის ნაცვლად

სამაგიეროდ, მედიამ ახლო ხედით და ზოგჯერ საკმაოდ ჰეროიკულადაც გაგვაცნო უშუალოდ საპროტესტო აქციების აქტორები - გავიცანით, ე.წ. “რიონის ხეობის მცველები”, მათი ოჯახის წევრები, რელიგიური მრწამსი, შინაური ცხოველებიც კი და ა.შ.

ასე იქცნენ ისინი სახალხო გმირებად, რომლებიც მოსწონთ, უძღვნიან ლექსებს, მითებს, სადღეგრძელოებს.

ზუსტად ასევე იქცნენ ისინი საჯარო ფიგურებად, რომელთა მიმართ მაღალია და თან მზარდი - საზოგადოებრივი ინტერესი, ამიტომ მათი აზრისა და შეხედულებების გაგება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ჰომოფობიაზე, ცხადია, საზოგადოებრივი ინტერესის საგანია.

რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, თუკი მედია იკვლევს როგორ და რატომ უერთდებიან საპროტესტო აქციას პრორუსული, ქსენოფობიური და ჰომოფობიური ჯგუფები, მაგრამ აქციის ორგანიზატორებისთვის მსგავსი იარლიყების მიკერება შესაბამისი ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე უმძიმესი პროფესიული შეცდომაა.

მიუკერძოებლად გაშუქების პირობებში, მედია მუდმივად უნდა აწვდიდეს საზოგადოებას მრავალმხრივ ინფორმაციას საპროტესტო აქციის მთავარ არსზე - “ნამახვანჰესის” საკითხზე.

დიახ, სწორედ მედიის საქმეა კონკრეტული ენერგოპროექტის საფრთხეებზე ან კონკრეტულ სარგებელზე ზუსტი პასუხების მოძიება და საზოგადოებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.

მნიშვნელოვანია ის, რომ მიუკერძოებლობის პრინციპი მხოლოდ მედიის დაბალანსებულ გაშუქებას არ უკავშირდება და ის მედიაორგანიზაციების წარმომადგენელი ჟურნალისტების ქცევასაც ზღუდავს სოციალურ ქსელებში.

ჟურნალისტები სოციალურ ქსელში

ჟურნალისტების ნაწილი საქართველოში ღიად არის ჩართული სოციალურ ქსელებში ე.წ. რიონის ხეობის მცველების ადვოკატირებაში ან პირიქით, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს მათი დამსაქმებელი მედიაორგანიზაციების მიუკერძოებლობის საკითხზე.

BBC-ის სარედაქციო ქცევის კოდექსის მიხედვით, “თანამშრომლების გარე აქტივობებმა ან საჯარო კომენტარებმა, მაგალითად, სოციალურ მედიაში, შესაძლოა დააზიანოს BBC-ის მიუკერძოებლობის აღქმა აუდიტორიაში”.

აშშ-ის საზოგადოებრივი რადიოს ეთიკის კოდექსის მიხედვით კი, თანამშრომლები აცნობიერებენ რა იმას, რომ მათმა განცხადებებმა და ქმედებებმა შესაძლოა დააზიანოს NPR-ზე საზოგადობის აზრი, ისინი იზღუდავენ საკუთარ თავს ისე, რომ პატივი სცენ მათ პროფესიულ მიუკერძოებლობას: “ჩვენ გვაქვს მოსაზრებები, მოგვწონს ადამიანები. მაგრამ საზოგადოება იმსახურებს ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას და ინფორმირებულ ანალიზს, რომელიც დაცლილია ჩვენი შეხედულებებისგან”.

ბლოგის ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ