„ასე ადვილად გასაქრობები არ ვართ“, - ინტერვიუ ლაურა გოგოლაძესთან
17.09.2025

ფოტო: ვახო ქარელი / მედია „აპრილი“

ჩემი ხარაგაული“ ერთ-ერთია იმ 22 დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემას შორის, რომელიც კამპანიაში - „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ მონაწილეობს. 

დამოუკიდებელი მედიის დასაცავად გაერთიანების მიზნით შექმნილ პლატფორმაზე - sinatle.media, ერთ ანგარიშზე ჩარიცხვით 22 გამოცემის მხარდაჭერა ერთად არის შესაძლებელი. მხარდამჭერების მხრიდან მიღებული შემოწირულობები პირველ ჯერზე სრულად რეგიონულ მედიებზე განაწილდა, რამაც მათ დროებით ოფისების შენარჩუნებისა და მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მისცა. 

გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ ლაურა გოგოლაძემ 1998 წელს დააფუძნა და დღემდე 1000-ზე მეტი ნომერი გამოსცა. ის ამ მუნიციპალიტეტის ერთადერთი დამოუკიდებელი და კრიტიკული გამოცემაა, რომელიც ხელმისაწვდომი ხარაგაულის 79-ვე სოფლისთვისაა. როგორ ახერხებს „ჩემი ხარაგაული“ პატარა გუნდით მუშაობის გაგრძელებას და რა სირთულეებს აწყდება რედაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული მედიის შემზღუდავი კანონების შემდეგ, წაიკითხეთ ლაურა გოგოლაძესთან „მედიაჩეკერის“ ინტერვიუში.


როდის და როგორ დააფუძნეთ „ჩემი ხარაგაული“?

- პროფესიით ფსიქოლოგი ვარ. 1989 წელს უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ხარაგაულის მაშინდელ ადგილობრივ გაზეთში დავიწყე მუშაობა. იმ პერიოდში ყველა რაიონში იყო ადგილობრივი გაზეთი და ყველა ადგილობრივ გაზეთს საკუთარი სტამბა ჰქონდა. 90-იანი წლების ბოლოს საქართველოში ყველა ადგილობრივ გაზეთს გაუჭირდა. ელექტროენერგია არ იყო თვეობით. ნოემბერში რომ ჩაქრებოდა შუქი, გაზაფხულამდე მხოლოდ ღამის განმავლობაში მოდიოდა. დროთა განმავლობაში პრობლემებმაც იმატა და საბოლოოდ, ძველი რედაქცია დაიშალა.

ვინაიდან ძველი გაზეთი აღარ გამოდიოდა, მისი საჭიროება კი იყო, გადავწყვიტე ახალი გაზეთი დამეფუძნებინა. ახალი გზების ძებნა დავიწყე. ამ პერიოდში ხარაგაულში ახალგაზრდული ფესტივალი ტარდებოდა. ახალგაზრდული დეპარტამენტის ხარაგაულის სამსახურის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ამ ფესტივალისთვის გაზეთის გამოშვება უნდოდათ. ჩემი სურვილი გაგვეგრძელებინა ადგილობრივი გაზეთის გამოცემა და მათი შემოთავაზება ერთმანეთს დაემთხვა და ასე დავაფუძნეთ გაზეთი 1998 წელს. 10-თეთრიანი საწერ-კალმით დავიწყეთ ყველაფერი და დღეს უკვე 1073 ნომერი გვაქვს გამოცემული.

პირველი 5 წლის განმავლობაში გაზეთი თვეში ერთხელ, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შემოსავლის, გაყიდვების ხარჯზე გამოდიოდა. პირველი გრანტი 2003 წლის ბოლოს მოვიპოვეთ. ამით მოვახერხეთ, რომ გაზეთი ყოველკვირეული გამხდარიყო და 2003 წლიდან დღემდე „ჩემი ხარაგაული“ ყოველკვირეულად, უწყვეტად გამოდის. მხოლოდ ზაფხულობით გვაქვს ხოლმე პატარა შესვენება. გაზეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 79-ვე სოფელშია ხელმისაწვდომი და ვისაც უნდა, ყველას აქვს გამოწერილი 3, 6, 12 თვით. 2011 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენს მკითხველებს ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა გაუჩნდათ, ავამუშავეთ ვებგვერდიც. 

თქვენი გაზეთის გარდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებობს სხვა ბეჭდური გამოცემა?

- „ჩემი ხარაგაულის“ არსებობის პარალელურად, ადგილობრივი ხელისუფლება წლებია გამოსცემს მერიის გაზეთს, რომელიც მთლიანად ბიუჯეტიდან ფინანსდება. სხვათა შორის, 2010 წლიდან ადგილობრივ თვითმმართველობებს მიეცათ რეკომენდაცია, საინფორმაციო მომსახურებისთვის ბიუჯეტში განსაზღვრული თანხის განსაკარგად ტენდერი გამოეცხადებინათ. ტენდერითვე შეარჩევდნენ მედიაორგანიზაციას, რომელიც მათ ინფორმაციას განათავსებდა. 2010 წლიდან სულ ვაკვირდები: ის მუნიციპალიტეტები, სადაც დამოუკიდებელი მედია არ ფუნქციონირებს, ტენდერს აცხადებდნენ, ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე, და სადაც დამოუკიდებელი მედიაა, იქ მუნიციპალური ა(ა)იპი დააფუძნეს, მათ შორის ხარაგაულში, და მას სუბსიდიას აძლევენ.

2017 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტენდერში გავიმარჯვეთ. ეს უკვე მეშვიდედ გამოცხადებული ტენდერი იყო. „ჩემი ჭიათურა“ ერქვა გაზეთს, რომელსაც იმ წელს „ჩემი ხარაგაულის“ პარალელურად გამოვცემდით. მოსახლეობამ ძალიან შეიყვარა, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი ძალიან წუხდა და გვეუბნებოდა, როდის დამთავრდება ეს ხელშეკრულებაო. გვთხოვდნენ, გამგებლის რაც შეიძლება ბევრი ფოტო დაგვებეჭდა პირველ გვერდზე. მიუხედავად იმისა, რომ ტენდერში მოგებული თანხით, ანუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვიღებდით დაფინანსებას, ჩვენ ჟურნალისტურ სტანდარტს ვერ დავარღვევდით და ზუსტად ისეთივე გაზეთს გამოვცემდით, როგორიც „ჩემი ხარაგაულია“. იმ წლის შემდეგ ჭიათურაში ტენდერი აღარ გამოცხადებულა. მუნიციპალური თანხა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი ჰგონიათ და ფიქრობენ, რომ ეს მათ პიარს უნდა ემსახურებოდეს და არა მოსახლეობისთვის კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდებას. 


თითქმის 30 წელია, რაც „ჩემი ხარაგაული“ არსებობს. ამ პერიოდის განმავლობაში რა სახის პრობლემები და გამოწვევები ჰქონია რედაქციას?

- „ჩემი ხარაგაული“ რომ დავაფუძნეთ, მაშინ საქართველოს „მოქალაქეთა კავშირი“ მართავდა. თავდაპირველად, 3-4 ნომრის განმავლობაში, მხოლოდ ახალგაზრდულ საკითხებს ვაშუქებდით. როგორც კი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს შევეხეთ, მაშინვე შევასკდით პირველ წინააღმდეგობას. ამ 27 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, არსებობდნენ ხელისუფლების ისეთი წარმომადგენლებიც, მაგრამ ბევრი არა, რომლებსაც შეეძლოთ ჩვენთან თანასწორუფლებიანი თანამშრომლობა. მედიის როლი სწორად ესმოდათ.

ხშირად ვამბობ, რომ დამოუკიდებელი მედია არის ძლიერი ხელისუფლების პარტნიორი და თუ ხელისუფლება ძლიერი ვერ არის, ის ებრძვის დამოუკიდებელ მედიას. ჩვენ ვარსებობთ მოქალაქეებისთვის, მკითხველებისთვის და თუ თვითმმართველობა, ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებისთვის არსებობს, ჩვენ ფაქტობრივად ერთი მიზანი უნდა გვქონდეს. თუ ფიქრობენ, რომ მოქალაქეები უკეთესად უნდა ცხოვრობდნენ, მათი პრობლემები სწრაფად მოგვარდეს და მოქალაქეების ხმა მკაფიოდ ისმოდეს, უნდა ვითანამშრომლოთ. ჩვენი ფუნქციაა გავაძლიეროთ მოქალაქეების რეალური ხმა, გავაშუქოთ მათი პრობლემები და გავზარდოთ ხელისუფლების წარმომადგენლების ანგარიშვალდებულება. დამოუკიდებელი მედია არის სარკე და თუ ადგილობრივი ხელისუფლების ძალიან ბევრ წარმომადგენელს ამ სარკეში საკუთარი თავი არ მოსწონს, ეს ჩვენი, ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი მედიის ბრალი და დანაშაული არაა. 

ყველა ხელისუფლების დროს იყვნენ ერთეულები, ვინც ჩვენთან თანამშრომლობდნენ, მაგრამ უმრავლესობა ფიქრობს და ცდილობს, რომ დამოუკიდებელი მედია საკუთარი პროპაგანდის, პიარის იარაღად აქციოს. ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია. 2012 წლის მაისიდან დახურეს ადმინისტრაციული შენობების კარები ჟურნალისტებისთვის. შემდეგ საშვთა სისტემა შემოიღეს, აღარ გვიშვებდნენ საერთოდ საკრებულოსა და გამგეობის შენობაში. ეს მარტივი ნამდვილად არ იყო, მაგრამ დღეს რაც ხდება, უარესია. 1989 წლიდან ვესწრები საჯარო შეხვედრებს, საკრებულოს სხდომებსა და ყველაფერს, სადაც დასწრების შესაძლებლობას გვაძლევენ. ამდენი წლის მანძილზე პირველად მოხდა, რომ 1 სექტემბრის საკრებულოს სხდომა დავტოვეთ მეც და ჟურნალისტმა ნინო კაპანაძემაც. 

რას მოჰყვა დაპირისპირება და კამათი საკრებულოს სხდომაზე: გვეჩხუბებიან, გვედავებიან და ფაქტობრივად ზეწოლის ქვეშ ვართ ხარაგაულში განვითარებულ მეწყერთან დაკავშირებით. 3 თვეა ვაშუქებთ ამას, დრონი ჩვენ არ გვაქვს, ადგილზე პოლიცია არ გვიშვებს. სხვები, არაადგილობრივი ჟურნალისტები შედიან. უფლებას არ მაძლევენ, რომ მივიდე და ფოტო გადავიღო, როგორ იწმინდება მდინარე ყარნებას კალაპოტი სარკინიგზო ხიდის ქვეშ. კარგი, ჩავთვლი, რომ ჩვენი უსაფრთხოებისთვისაა და მადლობელი ვარ, თუ ჩვენს ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ…ბოლომდეც ვერ ამბობენ, მგონი აღიზიანებთ, რომ დანგრეული სახლების შესახებ ვაქვეყნებთ ინფორმაციას. ხარაგაულის მერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თურმე ჩვენ „პანიკის მთესველები“ ვართ. ჩვენ ვალდებულები ვართ ადამიანებს გავაგებინოთ, თუ მათ საფრთხე ემუქრებათ. მერიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მეწყერს აკონტროლებს, მას შემდეგ კი, რაც გეოლოგების დასკვნა იქნება, უფასო ტრანსპორტს დანიშნავს დამეწყრილი სოფლის უსაფრთხო ზონაში მცხოვრები 20 ოჯახისთვის. ჩვენ მაგ ინფორმაციას ვერ გადმოვაკოპირებთ. სახლებია დანგრეული, საცხოვრებლად აღარ ვარგა. რა უფასო ტრანსპორტზეა საუბარი. ჩვენ სხვანაირად ვხედავთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნომერ პირველი ადამიანის უსაფრთხოებაა…თავიანთ მხარდამჭერებში კი თესავენ განწყობას, რომ თითქოს ჩვენ სანდოები აღარ ვართ. 

შარშან, ალბათ, თქვენც გახსოვთ, წინასაარჩევნო შეხვედრაზე, 300-კაციან დარაზში არ შეგვიშვა ხარაგაულის მერმა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა. ყველაზე მეტად რაც მაწუხებს, არ გვაგებინებენ შეხვედრების შესახებ. არ გვეძლევა იმ საჯარო შეხვედრებში მონაწილეობის შესაძლებლობა, სადაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები იხილება. მათ შესახებ მხოლოდ მას შემდეგ ვიგებთ, რაც ფოტოებს, ძალიან მწირი ტექსტით, თავად გამოაქვეყნებენ. 

ადრე ვიდეოებში, რომლებსაც დებდნენ, მართალია, მოქალაქეების ხმა არ ისმოდა, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების საუბარი მაინც ისმოდა. ახლა მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს რომ მართავენ და ამის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებენ, მათი ხმაც აღარ ისმის. კადრებზე მელოდია აქვთ დადებული.

ჩვენ მოსახლეობასთან სულ კავშირზე ვართ და ვიცით, რა აწუხებთ მათ, რა კითხვები არსებობს საზოგადოებაში და ეს შეკითხვები უკვე ვეღარ ისმევა. 

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, როგორ ახერხებთ მუშაობის გაგრძელებას?

- ჩვენ გვაქვს გარკვეული შემოსავალი გაზეთის გაყიდვებიდან, რაც ძალიან მწირია, მაგრამ სტაბილური. ამ თანხით ვახერხებთ გაზეთის გამოცემას, სტამბის ხარჯის დაფარვას და გადასახადების გადახდას, რომ ორგანიზაციამ იარსებოს. ხელფასებს ეს თანხა არ ჰყოფნის. რამდენიმე თვეა მოხალისეობრივად ვმუშაობთ. გვინდა, რომ „ჩემი ხარაგაული“ ფინანსურად თვითკმარი იყოს, მაგრამ ჩვენი მკითხველი მდიდარი ვერ არის, ღარიბია და მათი გადახდილი თანხა ჩვენ ვერ გვაძლევს მაღალკვალიფიციური ჟურნალისტური მასალების ხშირად მომზადებისა და განვითარების შესაძლებლობას. ამაში გვჭირდებოდა სწორედ დონორების დახმარება. ჩვენ როცა დონორებისგან თანხას ვიღებდით, მხოლოდ და მხოლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და ქართველი ხალხის ინტერესებს გამოვხატავდით. როცა ადგილობრივი თვითმმართველობის, ქალთა და ბავშვთა უფლებების საკითხებს, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს, კლიმატის ცვლილებებს ვაშუქებდით, რომელი ქვეყნის ინტერესებს გამოვხატავდით, ძალიან მაინტერესებს, ვინმემ მიპასუხოს. ჩვენ ვართ ჩვენს მოსახლეობაზე ორიენტირებული. 

გვაქვს შესაძლებლობა საკუთარი შემოსავლები გავზარდოთ, ახალი ხელმომწერები ვნახოთ, რეკლამები მოვიზიდოთ. თეორიულად გვაქვს ამის შესაძლებლობა. მაგრამ იმდენად მტრულ, დაპირისპირებულ გარემოში ვართ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მცდელობით, რომ ამ ჩვენს თეორიულ შესაძლებლობასაც ძნელად ვიყენებთ. 

იმ დღეს საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა პირად საუბარში მითხრა, თქვენ „ტრენიროვკები“ გაქვთ გავლილი და გრანტები მიღებულიო. ძალიან ძნელია ამის მოსმენა. რას ნიშნავს „ტრენიროვკები“?! მე რომ უნივერსიტეტი დავამთავრე, მაგ დროს ელემენტარული კომპიუტერი არ არსებობდა, ინტერნეტი არ არსებობდა და რამდენი რამე ვისწავლეთ, დიახ, ვისწავლეთ და მომავალშიც ვისწავლით. კონკურსში - „რეგიონული მედიაორგანიზაციების მართვა“ გავიმარჯვე და აშშ-ის ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში ვიყავი, რვა ქართველ მედიამენეჯერთან ერთად, 2008 წელს. ვისწავლე იქაური ადგილობრივი მედია როგორ მუშაობს თვითმმართველობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან რა ურთიერთობა აქვს. ძალიან ხშირად პოლონელები გვიზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას, რა გზა გაიარეს, ადგილობრივი მედია როგორ განავითარეს, გააძლიერეს და თვითმმართველობასთან რა ურთიერთობა აქვთ…ჩვენ მუდმივად ვსწავლობდით და ახლა რომ მიძახონ საკრებულოს წევრებმა ან კიდევ სხვა ვიღაცებმა, რომ მე ტრენინგებზე დავდიოდი, გრანტი მაქვს მიღებული და ამიტომ მტერი ვარ, ძალიან ძნელია. თან ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება, რუსული კანონების შემოღებამდეც კი იყო ასეთი დამოკიდებულება. 

გრანტს რაც შეეხება, ახალი პროგრამა როცა იწყებოდა, ვთქვათ, მედიის პროგრამა, ძალიან კარგად მახსოვს, მათ პრეზენტაციებზეც და პროექტების დახურვაზეც ყოველთვის მოწვეულნი იყვნენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. 2011-2013 წლებში IREX-ის გრანტი გვქონდა და გათავისუფლებული იყო დღგ-ისგან ის თანხა, რასაც ამ საგრანტო დაფინანსებით ვიღებდით. ვინ გაგვათავისუფლა? შემოსავლების სამსახურმა. ვისთან იყო შეთანხმებული? ეს შეთანხმებული იყო სახელმწიფოსთან, ასე რომ ყოფილიყო. 

ფინანსები არ გვაქვს, მაგრამ ამაზე უფრო დიდი პრობლემა ეს მტრული გარემოა, რომელიც საკუთარი შემოსავლების მაქსიმალურად მობილიზებისა და გაზრდის შესაძლებლობას არ გვაძლევს. არსებობის შესაძლებლობას აღარ გვაძლევენ.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან მძიმე პერიოდი გვქონდა. რომ არა ჩემი თანამშრომლები: ნინო კაპანაძე, რომელიც 26 წელია ჩემ გვერდითაა და თამთა გოგოლაძე, რომელიც 12 წელია ჩვენთანაა, „ჩემი ხარაგაული“ აღარ იარსებებდა. საქართველოში თუ ერთი რეგიონული მედიაორგანიზაცია მაინც დარჩება, მეორე „ჩემი ხარაგაული“ იქნება. ასე ადვილად გასაქრობები არ ვართ. როცა მაბრაზებენ, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლები, რაც უფრო მეტად მავიწროვებენ, სტრესულ მდგომარეობაში მაგდებენ, მით უფრო მაძლიერებენ და მააქტიურებენ. ჩვენ ყოველთვის ძალიან საჭირო, მართალ საქმეს ვაკეთებდით. რამე შეცდომა თუ მოგვსვლია, ბოდიშიც მოგვიხდია, უშეცდომო არავინაა. ყოველთვის საკუთარ სინდისთან ვიყავით და ვართ მართლები. ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე და ვერ გააქრობენ „ჩემს ხარაგაულს“. გამორიცხულია, რომ ეს შეძლონ.


რატომ არის „ჩემი ხარაგაულის“ არსებობა მნიშვნელოვანი? 

- საქართველოს რეგიონების ცენტრალურ ქალაქებში მოქმედი მედიაორგანიზაციებისგან განსხვავებით, ჩვენ სოფლის მოსახლეობათან ძალიან ახლოს ვართ. ფაქტობრივად სოფელში ვცხოვრობთ და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ახლოს გვიწევს მუშაობა. ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა სოფლის მოსახლეობის პრობლემები დავინახოთ. მე რომ ქუთაისში, ბათუმში ვცხოვრობდე და ვმუშაობდე, სოფელში უნდა მივიდე, ადამიანს რომ ვკითხო რა უჭირს. საკითხები და თემები, რომლებიც რეგიონის ცენტრებიდან და დედაქალაქიდან არ ჩანს, ჩვენთვის ადვილად ხელმისაწვდომია. 

მაგალითად, სოფელ ზვარეში 2016 წელს ახალი რკინიგზის მშენებლობა რომ დაიწყო, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ადამიანები ტრეფიკინგის პირობებში მუშაობდნენ, მაგრამ ხმას ვერ იღებდნენ. 2 თვის განმავლობაში ვიმუშავეთ მათთან, რომ ხმა ამოეღოთ, ელაპარაკათ პრობლემებზე. არაადამიანურ პირობებში მუშაობდნენ, დაბალ ხელფასზე, ხელშეკრულებების გარეშე, დასვენების დღეები მათთვის არ არსებობდა, ავადმყოფობის უფლება არ ჰქონდათ, ძალიან ხშირად იღებდნენ ტრავმებს და ვინც დაშავდებოდა მეოთხე დღეს სამსახურში თუ არ მივიდოდა, სია ჰქონდათ დასაქმების მსურველების და იმ ადამიანებით ანაცვლებდნენ. წავედით მე და ნინო კაპანაძე ჯანდაცვის სამინისტროში, რკინიგზის პროფკავშირებს გავაგებინეთ, მათი აზრები მოვისმინეთ, ადგილობრივი (ზვარის) ექიმი ჩავწერეთ, რომელთანაც კვირაში 20-მდე დაშავებული ადამიანი მიდიოდა. ეს ყველაფერი დავბეჭდეთ. ზვარესა და მიმდებარე სოფლებში უფასოდ შევიტანეთ გაზეთები. ვისაც გამოწერილი არ ჰქონდა, იმათაც დავურიგეთ, ფართოდ რომ გავრცელებულიყო…ბოლოს, კომპანიამ, რომელიც გზას აშენებდა, ახალი ხელმძღვანელობა მოიყვანა, ამ ადამიანებთან ხელშეკრულებები გაფორმდა და შედარებით ადამიანურ პირობებში დასაქმდნენ.

სოფელ ნადაბურში არასდროს არ ყოფილა საბავშვო ბაღი. ერთი წლის განმავლობაში ვაშუქებდით ამ თემას, მრავალშვილიანი დედები გამოვკითხეთ, დაწყებითი კლასების მასწავლებლები და სკოლის დირექტორი, თუ როგორ უჭირდათ პირველკლასელი ბავშვების გაკვეთილზე გაჩერება…ერთი წლის თავზე საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყეს და არის კიდევაც ახლა ბაღი.

პანდემია ახალი დასრულებული იყო, 19 დეკემბერს მივედით ვარძიაში, (2-3 წლის მანძილზე მოსახლეობას ვერ ვხვდებოდით) ჩვენს მკითხველებთან და ვკითხეთ, თუ რა პრობლემები ჰქონდათ. გვითხრეს, რომ ჭიშკრებამდე გაზი კი იყო მიყვანილი, მაგრამ 2 წლის მანძილზე სახლებში არ იყო შეყვანილი. დავპირდით, რომ ამ პრობლემას მის სრულ მოგვარებამდე გავაშუქებდით. ერთმა ადგილობრივმა დაეჭვებულმა იკითხა კიდეც, გაზაფხულზე გაზი გვექნებაო? ჩვენ კი ვუპასუხეთ, რომ აქტიურად გავაშუქებდით ამ საკითხს, მაგრამ გულში ვიფიქრე, ორი წელია ასეთი მდგომარეობაა და ჩვენს გაშუქებას ასე სწრაფად, ორ თვეში შედეგი როგორ მოჰყვება-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ვარძია ერთადერთი სოფელი არ იყო, რომელსაც დიდი ხანია გაზიფიცირებული ჰქვია, მაგრამ რეალურად ოჯახებამდე შეყვანილი არაა. ჩვენი გაშუქების შედეგად, ის იმ 15 პრიორიტეტულ სოფელს შორის ჩასვეს, რომლის გაზიფიცირებაც დააჩქარეს და 28 თებერვლიდან ოჯახებში გაზის შეყვანა დაიწყეს. 

ნადაბურიდან ხარაგაულამდე მიკროავტოუსით მგზავრობა 4 ლარი ღირდა, რაც ძალიან ძვირი იყო. თან თუ მგზავრი არ ჰყავდა, რეისს არ ასრულებდა. 2020 წელს დღევანდელ ხარაგაულის მერს, მაშინ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, ვუთხარით, რომ რიკოთის ავტობანის აშენების შემდეგ, ძველ გზაზე მოძრაობა აღარ იქნებოდა და ტრანსპორტის მოძრაობის საკითხიც მეტად გართულდებოდა. მგზავრთა ტრანსპორტირების ბიუჯეტიდან თანადაფინანსების იდეა მივაწოდეთ. მგზავრობა დღეს ერთი ლარი ღირს, მგზავრი ჰყავს თუ არ ჰყავს, ვალდებულია, რომ წამოვიდეს, რადგან ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით თანხას იღებს. გვიხარია, რომ სუბსიდირება გაუკეთეს ყველა სოფლიდან ხარაგაულამდე ტრანსპორტირებას. მუნიციპალური ტრანსპორტი დანიშნეს, რაც მანამდე არ არსებობდა. ეს იდეა ჩვენ საიდან მოგვივიდა? მოსახლეობასთან რომ მივდივართ, ვუსმენთ, რისი გაკეთება უნდათ. მათ საჭიროებებს ვსწავლობთ და ამიტომ ვიცით, მათი ამბები.

ამ წლების მანძილზე თუ ვინმე მოგვმართავდა, ყოველთვის თითოეული უფლებადარღვეული ადამიანის მხარდამჭერები ვიყავით და მომავალშიც ვიქნებით. ამაში ეჭვი არ მეპარება.

კამპანია „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ ფარგლებში მიღებულმა შემოწირულობებმა რეგიონულ მედიებს ერთი თვით მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მისცა. რას ნიშნავს თქვენთვის მხარდაჭერისა და სოლიდარობის ეს მაგალითი?

- ძალიან გამაძლიერა იმან, რომ 22 მედიაორგანიზაცია გავერთიანდით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. ეს არის ძალიან დიდი ძალა და საერთოდ, ჩვენს საზოგადოებას რაც აკლია, ეს არის ერთობა. ძალა ერთობაშია და აი, ამ ერთობამ გამაძლიერა. თანხა, რა თქმა უნდა, გვჭირდებოდა. მოქალაქეები რომ რიცხავენ თანხას, ჩვენი საქმის მიმართ ძალიან პასუხისმგებლიანები ვართ და ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაგვიძლიერდა. 

საზაფხულო შესვენების შემდეგ ქუჩებში რომ გავედით, გზაში ადამიანები გვხვდებოდნენ და გვეკითხებოდნენ: „განაახლეთ ხომ გაზეთის გამოშვება?“, „ხომ იქნება პარასკევს?“ მკითხველების დამოკიდებულება ძალიან გვეხმარება. ამ კამპანიის ფარგლებში თანხას რომ რიცხავენ, გული გვიჩუყდება და დიდ ძალას ვგრძნობთ. 

ბოლოს, როგორ ხედავთ დამოუკიდებელი მედიის მომავალს?

- კიშინიოვსა და რიგაში რამდენჯერმე შევხვდი ჩვენს ბელარუს კოლეგებს. ისინი დევნილები არიან და ევროპის ქვეყნებში ცხოვრობენ. არ მჯეროდა, რა სიტუაციაშიც იყვნენ. ახლა ჩვენც იმ გზას გავდივართ და თვეების შემდეგ როგორ ვიქნებით, თითოეული ჩვენგანის თავდაუზოგავ შრომაზეა დამოკიდებული. ბრძოლაში ვართ, მაგრამ გაჩერება არაფრით არ შეიძლება. 

როგორც გითხარით, განათლებით ფსიქოლოგი ვარ და ზუსტად ვიცი, თუ კვალიფიციური ჟურნალისტები და მედია გამოცემა არ მიაწვდის მოსახლეობას ინფორმაციას, ჭორი გაძლიერდება. წინა ხელისუფლების დროს გაზეთის გავრცელებას გვიშლიდნენ და ამით ადამიანებში ინტერესის გაძლიერებას უწყობდნენ ხელს. ჩვენც უფრო მეტად გვააქტიურებდნენ. სუსტები რომ არ იყვნენ, კი არ შეგვებრძოლებოდნენ. 

მე ღრმად ვარ დარწმუნებული და მჯერა, რომ შეიძლება ძალიან გვაწუხებენ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, ძალიან მტრულ გარემოში გვიწევს მუშაობა, მაგრამ დამოუკიდებელ მედიას ვერ გააქრობენ. სხვადასხვა დროს, ყველა ხელისუფლების პირობებში, ვინც გვაწუხებდა და გვავიწროვებდა (კონკრეტული პირები ადგილობრივი თვითმმართველობიდან, მაღალი თანამდებობის პირები), აბსოლუტურად ყველა, მერე, როცა ხელისუფლებაში აღარ არიან, მოდიან, ბოდიშს გვიხდიან და გვეუბნებიან, რომ მაშინ ისინი ცდებოდნენ.

არასდროს ჩვენს პრობლემებზე არ გვისაუბრია. არასდროს წინ არ წამოგვიწევია, ჩვენ რა გვაწუხებდა. მუდმივად გვინდოდა, რომ ჩვენი მკითხველისთვის ძლიერ ძალად დავრჩენილიყავით. ახლა ისეთი სიტუაციაა, შეუძლებელია არ თქვა: მომეცით მუშაობის საშუალება. 


საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ის 8 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია. 

„ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვნად შეიზღუდა მედიისთვის სასამართლოში მუშაობაც.
31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტიც“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას. 
სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. 
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი; დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი რამდენიმე თვეა „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ. 
კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ საჩივრებით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა კომუნიკაციების კომისიასაც. მიმართვის საფუძველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ის ცვლილებები გახდა, რომლითაც კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ComCom-მა ისინი სამართალდამრღვევებად „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ ცნო.
ამასთან, დღემდე არ დასჯილან გასულ წელს, პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები. 
„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა” საქართველოში 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდში ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარი 342 ინციდენტი აღრიცხა
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ