საარჩევნო სუბიექტების არაპოლიტიკურ გადაცემებეში მონაწილეობა გრძელდება
30.11.2016
„უარი უნდა ვუთხრათ შეუზღუდავ ძალაუფლებას, რაც ნიშნავს საკონსტიტუციო უმრავლესობას. ყველანი მოვიდეთ არჩევნებზე და დავიცვათ ჩვენი ის გარემო, სადაც სიცილიც გაგვიხარდება, შრომაც შეგვეძლება და პერსპექტივაც იქნება წინსვლისა“- მსგავსი ტიპის პოლიტიკური განცხადებების გასართობი გადაცემის სტუმრისაგან მოსმენა „THE ვანო’ს შოუს“ მაყურებელს 21 ოქტომბერს შეეძლო. გადაცემას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნიკა რურუა, სტუმრობდა. წამყვანი და რესპონდენტი მთელი გადაცემის განმავლობაში პოლიტიკურ თემებზე, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე, პირველი ტურის შედეგებზე, გაბათილებულ ბიულეტენებზე, კარდაკარის პრინციპზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის უარყოფით მხარეებსა და საარჩევნო „კარუსელებზე“ საუბრობდნენ.

ნიკა რურუამ ირონიულ და დამაკნინებელ კონტექსტში ისაუბრა მეორე ტურში მის კოკურენტ სალომე ზურაბიშვილზეც („ეს არის პერსონა, რომელიც სხვაგან ცხოვრობს, სხვაგან გაიზარდა და ძირითადად არჩევნებზე, „პოლიტიკურ შოპინგზე,“ ჩამოდის ხოლმე საქართველოში“) და პოლიტიკურ ოპონენტს ქართული ენის ცოდნაც დაუწუნა: „ეს ადამიანი მაინცდამაინც კარგად ქართულ ენას ვერ ფლობს, ძირითადად იცის, ერთი ლიტერატურული ნაწარმოების გმირივით, სამი სიტყვა: ძიალოგი, ქადჟებო და მაშვინ“.

მეორე ტურში გასული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ილო ბეროშვილის შოუშიც“ იყო მიწვეული. გადაცემის სტუმრებად 23 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ კრწანისის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, ბექა ოდიშარია და მისი მეუღლე, მაკუნა გამცემლიძე, შეირჩნენ. შოუს განმავლობაში რესპონდენტმა მეორე ტურზე, პირველი ტურის შედეგებსა და მეუღლესთან ოჯახურ თანაცხოვრებაზე ისაუბრა, დასასრულ კი იმღერა კიდეც.

ტელეკომპანია „იმედის“ კიდევ ერთ გადაცემაში, „იმედის დილაში,“ ბექა ოდიშარია 26 სექტემბერსაც ვიხილეთ, ამჯერად შვილებთან ერთად. პოლიტიკოსის ვოკალური შესაძლებლობებით აღნიშნული გადაცემაც დაინტერესდა: მაყურებელმა სპეციალურად პოლიტიკოსის დაბადების დღისთვის მომზადებული ვიდეოკლიპი იხილა, რომელშიც მაჟორიტარობის კანდიდატი ბევრ ცნობილ შემსრულებელთან ერთად მღეროდა.

შემდეგ, წამყვანი რესპონდენტის კვების რაციონით, საყვარელი სამზარეულოთი, პირველი სიყვარულით, პირველი ორიანით, ტელეფონში ბოლო სმს შეტყობინებით, ჩვევებით, ძილის გრაფიკითა და იმ ნივთებითაც დაინტერესდა, რომელთა გარეშეც ბექა ოდიშარია სახლს არასდროს ტოვებს. რესპონდენტი გადაცემის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს პოზიტიურად წარმოაჩენდა: „დადებითისკენ შეიცვალა თავად გარემო, გათავისუფლდა აბსოლუტურად წნეხებისაგან“.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მარიამ ჯაშის ბლიც-ინტერვიუ „იმედის დილაში“ 28 ოქტომბერსაც ვნახეთ. „რისთვის არ ენანება თანხა მარიამ ჯაშს,“ „სად იცხოვრებდა თბილისის გარდა,“ ბოლოს რაზე გაეცინა?“ - ეს მოკლე ჩამონათვალია იმ შეკითხვებისა, რომლებიც წამყვანმა დასვა და რესპონდენტის „სხვა კუთხით“ წარმოჩენას შეეცადა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები და ამდენად, საარჩევნო პერიოდი, ჯერ არ დასრულებულა. ქვეყნის 50 ოლქში არჩევნების მეორე ტურია ჩანიშნული. სწორედ მეორე ტურში გასული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან ზემოთ ჩამოთვლილი რესპონდენტები მიუხედავად იმისა, რომ მათ მონაწილეობას გასართობ გადაცემებში „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ კრძალავს: „საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის იმ პროგრამებში მონაწილეობა, რომლებიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილოების შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება („მაუწყებელთა ქცევის კოდექსი,“ 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი).

თეგები : არჩევნები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ