საგამოძიებო მედიაპლატფორმა „მონიტორი“ მიუკერძოებელ მედიაზე თავდასხმად მიიჩნევს ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის გუშინდელ საჯარო განცხადებებს, რომლებიც გამოცემის მიერ 25 სექტემბერს გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას მოჰყვა და განცხადებას ავრცელებს.
„“მონიტორი“
მიუკერძოებელ მედიაზე თავდასხმად მიიჩნევს საქართველოს
პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 27 სექტემბერს
გაკეთებულ საჯარო განცხადებებს, რომლებიც 25 სექტემბერს ჩვენ მიერ
გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას მოჰყვა.
ჟურნალისტური გამოძიება აღწერს ესტონელი ინვესტორის, ოლეგ
ოსინოვსკის მიმართ დაწყებული გამოძიებისა და მისი კომპანიის -
Tbilisi Hills Golf & Residences-ის ქონებისა და საბანკო
ანგარიშების დაყადაღების ამბავს. ჩვენ ქრონოლოგიურად აღვწერეთ ის
მოვლენები, რაც Tbilisi Hills Golf & Residences- ის მეზობლად
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის
ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ბიზნესცენტრის მშენებლობა დაიწყო.
მათ შორის, საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ესტონელმა
ბიზნესმენმა ამ ტერიტორიაზე კუთვნილი მიწებიდან 10 ჰექტარი
ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის
კომპანიას მიყიდა.
ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიული სტანდარტების დაცვით, „მონიტორმა“ პასუხის უფლების გამოყენა შესთავაზა მასალაში მოხსენიებულ ყველა მხარეს. პასუხის უფლებით ისარგებლა ბატონმა ჩხარტიშვილმა, რაც ჩვენ სრულყოფილად ავსახეთ საბოლოო პროდუქტში. ამიტომ გაუგებარია, რას ესამხურებოდა ბიზნესმენის მიერ 27 სექტემბერს გავრცელებული განცხადება, რომ თითქოს ჩვენ რაღაც დავმალეთ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
ამას მოჰყვა ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან კოორდინირებული მადისკრედიტირებელი კამპანია „მონიტორის“ წინააღმდეგ.
ირაკლი კობახიძემ „მონიტორი“ „უცხოურ აგენტურად“ მოიხსენია, პაპუაშვილმა კი „შავი პროპაგანდისტული ხაზის ნაწილად“, რომელიც „საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს“.
მსგავსი დაუსაბუთებელი განცხადებები ემსახურება „მონიტორის“ დისკრედიტაციას და შესაბამისად, ამას აღვიქვამთ კრიტიკული მედიის მიმართ ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებად და თავდასხმად.
„მონიტორი“ ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს შეახსენებს, რომ მედიის მოვალეობაა საზოგადოების ინფორმირება, ყველა მნიშვნელოვანი პროცესისა და მოვლენის გაშუქება და კრიტიკული შეკითხვების დასმა. ხოლო თანამდებობის პირების ვალდებულებაა, ამ შეკითხვებს უპასუხონ“, - ვკითხულობთ „მონიტორის“ განცხადებაში, რომელიც გამოცემამ დღეს გამოაქვეყნდა.

