ლიკა ევგენიძემ და გიორგი შარვაშიძემ „პირველი არხი“ დატოვეს
29.07.2025


„ამ შაბათ-კვირას“ წამყვანებმა ლიკა ევგენიძემ და გიორგი შარვაშიძემ გადაცემის  დახურვის შემდეგ ტელევიზიის ახალ შეთავაზებაზე, შუადღის გადაცემაში გადასულიყვნენ, უარი თქვეს და „პირველი არხი“ დატოვეს. 

„მე და გიორგის შემოგვთავაზეს შუადღის გადაცემაში გადასვლა, მაგრამ უარი ვთქვით იმიტომ, რომ გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“ დახურეს, ჩვენი პროდიუსერები გაუშვეს და ამის გამო ჩვენც აღარ გავაგრძელეთ მათთან კონტრაქტი“, - განაცხადა ლიკა ევგენიძემ „მედიჩეკერთან“ საუბრისას.

„პირველმა არხმა“ გადაცემის გუნდის წევრებს გასულ კვირას შეატყობინა, რომ 1 აგვისტოს „ამ შაბათ-კვირას“ საპროექტო ვადა ეწურება და მისი გაგრძელება აღარ იგეგმება. არხმა მათ სხვადასხვა გადაცემაში გადასვლა შესთავაზა, უარის თქმის შემთხვეევაში კი, მიუთითა, რომ მათთან ხელშეკრულება შეწყდებოდა.

„პირველი არხის“ შეთავაზებაზე უარი უკვე თქვეს თამარ ჭინჭარაულმა, მარიამ ფირცხალავამ, ნია ბარაბაძემ და ანა აბაკელიამ.

ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას უკვე რამდენიმე თვეა ღიად აკრიტიკებს და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობს. არხის მენეჯმენტმა 11 აპრილს გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, 1 მაისიდან კი დახურა გადაცემა „რეალური სივრცე“. „პირველი არხის“ შეთავაზებაზე, მუშაობა გაეგრძელებინათ რადიოს დილის გადაცემაში, ვებგვერდზე, პრომოუშენის დეპარტამენტსა და მუსიკალურ გადაცემაზე, უარი თქვა „რეალური სივრცის“ გუნდმაც. 

საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკულად აფასებს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრის ორგანიზაციაც. 

„რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში“ - სარედაქციო დამოუკიდებლობის მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მიკერძოების გამო საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ კითხვის ნიშნები მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა მისი როლი მკვეთრად „ქართული ოცნების“ მიმართ კეთილგანწყობილი პოლიტიკის გატარების კუთხით. მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკასა და მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე დაკვირვებამ კი ნათლად აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებრივ მაუწყებელსაც პროპაგანდისტულ იარაღად იყენებს, მათ შორის დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური ნარატივის გასავრცელებლად. არხის მენეჯმენტი ღიად დევნის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მაუწყებლის  სარედაქციო პოლიტიკის გამო პროტესტს ღიად გამოხატავენ.

კონტექსტი: საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. „ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვნად შეიზღუდა მედიისთვის სასამართლოში მუშაობაც.
31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტიც“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას. 
კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ საჩივრებით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა კომუნიკაციების კომისიასაც. მიმართვის საფუძველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ის ცვლილებები გახდა, რომლითაც კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ComCom-მა ისინი სამართალდამრღვევებად „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ ცნო. 
ექვს თვეზე მეტია უკანონო პატიმარია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი; სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. 
ჟურნალისტებს ხელს უშლიან პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მათ აქციების გაშუქებისას აჯარიმებენ „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვისაც“. ამასთან, დღემდე არ დასჯილან პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები. 

 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ