რუსეთის ისტორიული ბრძოლა ქართულ პრესასთან
07.04.2023
"მან, ქართველ ხალხში მიძინებული ეროვნული თვითშეგნება და სახელმწიფოებრივი აზროვნება გამოაღვიძა" — დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა ილია ჭავჭავაძეზე, 2021 წლის 8 ოქტომბერს — "მისმა მრავალმხრივმა საზოგადო მოღვაწეობამ განვითარების ის გზა დასახა, რომელსაც დღესაც მივყვებით, და რომელიც კვლავაც დიდხანს იქნება ჩვენი უმთავრესი ორიენტირი."

"ქართული ოცნების" ილიასეული ორიენტირის ერთგულება ეჭვებს იწვევს ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლის შემდეგ, რასაც მედიაგარემოს მნიშვნელოვანი გაუარესება მოჰყვა. აზიანებს ხელისუფლება პრესის მდგომარეობას, ნიშნავს, აზიანებს დემოკრატიას. დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტება კი, ქმნის ნიადაგს ავტორიტარიზმისთვის.

ჭავჭავაძის პრინციპების ერთგულებას განსაკუთრებით უქმნის საფრთხეს ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა, რაც, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 1 წლის თავზე, სამთავრობო პროპაგანდის ძირითად ხაზად იქცა.

რადგან:

  • ილია ჭავჭავაძის, ისევე, როგორც "თერგდალეულების" უმთავრესი ორიენტირი ევროპისაკენ სწრაფვა და რუსეთის იმპერიასთან ბრძოლა იყო.
  • თვითშეგნებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების გამოღვიძების აუცილებლობას, მეცხრამეტე საუკუნეში, სწორედ რუსიფიკატორული (*რუსული ენისა და სხვა რუსული თვისებების ნებაყოფლობით, ან ძალდატანებით მიღება) პოლიტიკა ქმნიდა.
  • ამას, ჭავჭავაძე, ისევე, როგორც იმ დროინდელი პროდასავლური საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფები, დასავლურ სამყაროსთან საზიარო ღირებულებებით აღჭურვილ, ქართული სახელმწიფოს იდეას უპირისპირებდა.

ამ დროს პრესა რუსულ ტოტალიტარიზმთან ბრძოლის ძირითადი ინსტრუმენტი იყო. იმდროინდელ რუსიფიკატორულ პოლიტიკას სწორედ გაზეთის ფურცლებით უპირისპირებდნენ დასავლურ ღირებულებებს, და ამას მოჰყვა ქვეყანაში ეროვნული თვითშეგნებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების გამოღვიძება, რადგან, დასავლური, ევროპული ღირებულებების გავრცელება, უმთავრესად, გულისხმობდა თავისუფლებისკენ, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიისკენ სწრაფვას. ამიტომ ებრძოდა რუსული იმპერია პრესას საქართველოში.

ქვეყნის მთავარი მტერი, ამ საუკუნეშიც უცვლელია — სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2015/21 წლების დოკუმენტებში წერია, რომ საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ და საინფორმაციო ომს, და ოკუპაციასთან ერთად, ანექსიის (*ტერიტორიის მითვისება ძალით, ან მისი გამოყენების მუქარით) გეგმებიც აქვს.

პრობლემაა, რომ:
  • საქართველოს ხელისუფლება, მტრად არა რუსეთს, არამედ, დასავლეთსა და პროპაგანდისთვის გამოგონილ არარსებულ "გლობალურ ომის პარტიას" განსაზღვრავს.
  • და საზოგადოებაში ნერგავს ჟურნალისტების მიმართ ზიზღს, უნდობლობას. სამთავრობო პროპაგანდა მედიასა და საზოგადოების კრიტიკულ ჯგუფებს მოიხსენიებს ხალხის მტრად, რაც 20-30-იანი წლების საბჭოთა პრესის ფურცლებს გვახსენებს.

"ტრივიალურია, მაგრამ მუდმივად უნდა ვიმეოროთ, რომ არ არსებობს არანაირი თავისუფლება და მით უფრო, დემოკრატია, სიტყვის თავისუფლების გარეშე. ამიტომაც არის სიტყვის თავისუფლება არადემოკრატიული და ტოტალიტარული რეჟიმების ძირითადი სამიზნე: თუ ამ ველზე გაიმარჯვებს, ყველა სხვა სფეროში გამარჯვება გარანტირებული აქვს", — გვითხრა ირაკლი ხვადაგიანმა, "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" მკვლევარმა.

მასთან ვისაუბრეთ, როგორ უპირისპირდებოდა ქართული პრესა რუსული იმპერიის ცენზურას.

მოკლედ, ირაკლი ხვადაგიანის შესახებ:
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი;
  • იკვლევს კავკასიას ევროპულ და გლობალურ კონტექსტში;
  • მუშაობს კვლევებზე საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების შესახებ, შემდეგ პერიოდებში: მეცხრამეტე საუკუნის ბოლო - მეოცე საუკუნის დასაწყისი, საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-1921 წწ), 1920-იანი წლების წინააღმდეგობის მოძრაობა.

ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის: ეროვნული და ევროპული იდეების გავრცელება

ირაკლი ხვადაგიანი: დამოუკიდებლობის გამოცხადებამდეც და შემდეგაც, ქართული პრესა ყოველთვის დასავლური ყაიდის იყო.

იმპერიის ცენზურის მიუხედავად, ცდილობდნენ, სათქმელი მიეტანათ აუდიტორიასთან. პარალელურად, ყველა ეს მოძრაობა და რედაქცია აცნობიერებდა, რომ მათ ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ფუნქცია ჰქონდათ: ეს არ იყო მხოლოდ ახალი ამბების ჟურნალისტიკა, ან მხოლოდ პოლიტიკური პუბლიცისტიკა, ეს იყო საგანმანათლებლო რესურსი მოსახლეობისთვის, რომელიც ნელ-ნელა სწავლობდა წერა-კითხვას და პრესის წვლილი ამ პროცესშიც ძალიან მნიშვნელოვანია. და რაც მთავარია, პრესა ფარავდა იმ აუდიტორიასაც, რომელსაც თავად არ შეეძლო კითხვა, მაგრამ მათ სხვები უკითხავდნენ და ასეც გადასცემდნენ ინფორმაციას, ხშირად ზეპირმეტყველებით.
  • მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისთვის პრესის როლი განსაკუთრებით იზრდება, რადგან ქვეყანაში მასობრივი ევროპული ტიპის პოლიტიკური მოძრაობები ჩნდება. იმდროინდელი მაქსიმალურად მკაცრი შემზღუდავი პოლიტიკის კვალდაკვალ, პრესა ცენზურისთვის გვერდის ავლის გზებს სწავლობს და ფაქტობრივად, იატაკქვეშა, არალეგალური გამოცემების წარმოება იწყება.
  • დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (1918 წ.), მდგომარეობა უმჯობესდება და ფაქტობრივად, გარანტირებულია ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ამან მოიტანა მრავალფეროვნება პრესაშიც და პოლიტიკაშიც.
  • გამონაკლისი იყო ქვეყნის დამოუკიდებლობის მიმართ მტრულად განწყობილი ძალებისა და მოძრაობების ხელში იარაღად ქცეული ბოლშევიკური პრესა, რომლის მიმართ დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას საკმაოდ მკაცრი პოლიტიკა ჰქონდა.
თუმცა, ზოგადად, მაშინდელი სტანდარტებით, ძალიან თავისუფალი და დემოკრატიული გარემო იყო მედიისთვის, რომელიც, რა თქმა უნდა, ფუნდამენტშივე განადგურდა და გაქრა საქართველოში საბჭოთა რუსული საოკუპაციო რეჟიმის დამკვიდრებისთანავე.

რუსული საოკუპაციო რეჟიმის ცენზურის პირისპირ

ფაქტობრივად, ომისა და ოკუპაციის პირველსავე დღეებში, როდესაც თბილისში საბჭოთა რუსული არმიის ნაწილები შემოდიან, დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელი გამოცემები ქრება. დაიხურა როგორც ქართულენოვანი, ასევე, რუსულ- და სომხურენოვანი გამოცემები.
  • არსებობის უფლებას აძლევენ მხოლოდ რამდენიმე ჯგუფს, რომლებიც კოლაბორაციას იწყებენ საოკუპაციო რეჟიმთან. ისინი, პოლიტიკური თვალსაზრისით ესაჭიროებოდა საბჭოთა რეჟიმს, რომ ეჩვენებინა, თითქოს, ქვეყნის შიგნით მოკავშირეები ჰყავდა, თუმცა, მალევე, 1921 წლის ბოლოსთვის, ამ გამოცემებმა ეს ფუნქცია შეასრულეს, და შესაბამისად, დახურეს.
  • მოკავშირე გაზეთებში დასაქმებულთა ნაწილი რეპრესიის მსხვერპლი გახდა, ზოგი კი, წინააღმდეგობის გზას დაადგა, თუმცა, შემდეგ წლებში მათაც გაუსწორდნენ.
  • მცირე ნაწილი, ყოფილი ესერები (*სოციალისტ-რევოლუციური პარტია) ფაქტობრივად, შეუერთდა ბოლშევიკურ პარტიას, მაგრამ ამ ჯგუფების ლიდერებიც ფიზიკურად გაანადგურა რუსულმა რეჟიმმა, 30-იანი წლების დიდი ტერორის დროს.
1921 წლის პირველი ოკუპაციისას, ბოლშევიკური რეჟიმის წარმომადგენელი ძალები ქვეყანაში არანაირ ლეგალურ გამოცემას არ ტოვებენ. ბრუნდება ცენზურა, თანაც, იმპერიის პერიოდის ცენზურაზე ბევრად უფრო მკაცრი.
სისტემა პრევენციულადვე მკაცრია: არაფერი იბეჭდება ცენზორთა გარეშე, და ეს ეხება არა მხოლოდ პრესას, ნებისმიერ მხატვრულ, მასობრივ ნაწარმოებსაც: თეატრში, კინოში, მუსიკაშიც კი, ანუ არის ტოტალური კონტროლი.
თუმცა, 20-იანი წლების ძალიან ძლიერი და მასობრივი წინააღმდეგობის მოძრაობა ცდილობს, იატაკქვეშა არალეგალური ბეჭდური გამოცემები ჰქონდეს.

რაც შეეხება იატაკქვეშა გამოცემების შინაარსს:
  • წერდნენ, რა პროცესები ვითარდებოდა ევროპულ და მსოფლიო პოლიტიკაში. ასევე, პუბლიცისტიკა იყო მთავარი ელემენტი: აქვეყნებდნენ კონკრეტულ მაგალითებსა და მტკიცებულებებს, რეჟიმის მსხვერპლთა შესახებ.
  • არალეგალური პრესა აერთიანებდა პოლიტიკურ მებრძოლთა სხვადასხვა ჯგუფის იდეებს, და ხელს უწყობდა კონსოლიდაციას, საოკუპაციო რეჟიმის დამხობისა და დამოუკიდებლობის აღდგენის ირგვლივ.
  • თავისი ადგილი ეკავა ხელოვნებას, ლიტერატურას. იატაკქვეშა გამოცემებში ისევ იბეჭდებოდა ლექსები, ჩანახატები, მცირე ნოველების მსგავსი.
20-იანი წლების დასაწყისში, ძირითადად, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია ახერხებს იატაკქვეშა გაზეთების გამოცემას, ასევე, პროკლამაციების ბეჭდვასა და გავრცელებას, თუმცა, 1924 წლის მარცხისა და აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ტოტალიტარული რეჟიმის გამკაცრებისა და პოლიტიკური ტერორის მასშტაბის გაღრმავების კვალდაკვალ, ეს სულ უფრო რთული ხდება.

ამის საკომპენსაციოდ, ევროპაში ემიგრირებული მთავრობა და პარტიები გამოცემების იქ დაბეჭდვას იწყებენ და არალეგალურად გზავნიან და ავრცელებენ საქართველოში.

30-იანების რეპრესიები

20-იანი წლების მეორე ნახევარში, ქვეყნის შიგნით, ეროვნული იდეებით დატვირთული რედაქციების არსებობა შეუძლებელი ხდება. პროევროპული პოლიტიკური ჯგუფები ძირითადად, იმასღა ახერხებენ, გამოსცენ ფურცლები, პროკლამაციები, რომელიც ეხმიანებოდა კონკრეტულ თარიღებს, როგორიცაა, მაგალითად, დამოუკიდებლობის დღე. შინაარსი შეახსენებდა მკითხველს, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტია იყო ქართული და დასავლური ტიპის მოძრაობა და უპირისპირდებოდა ბოლშევიკურ იდეებს.

ამის პარალელურად, რუსული ტოტალიტარული რეჟიმი კვლავ ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა იატაკქვეშა სტამბებს, ეძებდა და სპობდა მათ.
შედეგად,
  • 30-იანი წლების მეორე ნახევრის შემდეგ, ფაქტობრივად, აღარ არსებობს ორგანიზებული წინააღმდეგობრივი საინფორმაციო პლატფორმები და დგება ინდივიდუალური მცდელობების დრო — კონკრეტული ახალგაზრდული ჯგუფები ერთიანდებიან იდეის გარშემო და ცდილობენ, გაავრცელონ პროკლამაციები და პერიოდული გამოცემები ხელნაწერების, ან იმდროინდელი კუსტარული ტექნოლოგიების საშუალებით. ინფორმაციას ავრცელებდნენ საფოსტო გზავნილებითაც, აგზავნიდნენ მათ კონკრეტულ მისამართებზე, უნივერსიტეტში და სტუდენტთა საერთო საცხოვრებლებშიც, თუმცა, ამას აფიქსირებდა რეჟიმი და სჯიდა მათ.

საბჭოთა პროპაგანდისტული პრესის მიზნები საქართველოში

როდესაც მთელი საინფორმაციო სისტემა საოკუპაციო ტოტალიტარული რეჟიმის ხელშია, ბოლშევიკურ-კომუნისტური რეჟიმი პირდაპირ ამბობს, როგორ უყურებს პრესას:
  • მათთვის, პრესას არ გააჩნია ტრადიციული გაგება, იყოს საზოგადოების სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის წარმომადგენელი, ან მმართველობის მაკონტროლებელი დარაჯი.
  • საბჭოური ტოტალიტარული, რუსული დოქტრინით, მედია მასობრივი ორგანიზატორი, აგიტატორი და პროპაგანდისტია, და ამას ამბობდნენ პირდაპირ და ღიად.
საქართველოში, ეროვნული იდეების მქონე პრესის ცენზურის პარალელურად, რეჟიმის პროპაგანდის ამოცანაა, შექმნას ფაქტობრივად, ახალი ტიპის ადამიანი.

გზავნილია ახალი, უკლასო და აღმატებული საზოგადოების შენება, რეალურად კი, ეს გულისხმობდა უინიციატივო, მორჩილ, იოლად მართვად მასას, რომელიც მოქმედებს იმის შესაბამისად, რა სიგნალსაც მიიღებს მმართველობიდან.

ტოტალიტარული რეჟიმის პრესა გამოიყენებოდა, როგორც ორგანიზატორი სიძულვილის თესვის, მოწინააღმდეგის დეჰუმანიზების, განადგურების, იარლიყების მიკერების, მტრის ხატის შექმნის პროცესში. და ეს დაიწყო საქართველოს ოკუპაციისთანავე.
  • თუმცა, 1937/38 წლებში, ეს რა თქმა უნდა, იღებს უფრო მასშტაბურ სახეს და საბჭოთა პრესიდან მძაფრდება ადამიანებისთვის ხალხის მტრების, ჯაშუშების, გამყიდველების, სამშობლოს მოღალატეების, მუშათა კლასის სისხლით მოვაჭრეთა იარლიყების "მიკერება".

ჩვენი, "საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა" გაანალიზა ტოტალიტარული სიძულვილის ენა ქართულ საბჭოურ კომუნისტურ პრესაში და ნათლად ჩანს, რომ სიძულვილის ენის მთელი ეს არსენალი არანაირად არ არის ქართული ენობრივი და სააზროვნო სივრცის პროდუქტი და ადგილობრივი პროპაგანდისტები თარგმნიდან ცენტრიდან — რუსეთიდან წამოსულ გზავნილებს.

საბჭოთა პროპაგანდის მეთოდები თანამედროვე ავტორიტარიზმში

ეს მონსტრი, რუსული პროპაგანდა, ტოტალიტარული ძალადობის ვერტიკალის საუკუნოვანი მემკვიდრეობის წიაღშია დაბადებული და შემდეგ თავს ახვევს ყველა ძალით დაპყრობილ და დამონებულ ერებსა და ხალხებს, და რა თქმა უნდა, ეს მემკვიდრეობა არსად წასულა და პირიქით — თანამედროვე რუსეთიც ამაზე დგას, რასაც არც უარყოფს პუტინიზმის პროექტი და პირიქით, ამაყობს კიდეც და წარმატების მოდელადაც განიხილავს, რომ აი, რაც ერთხელ უკვე შევძელით, უნდა შევძლოთ კიდევ და აღვიდგინოთ დიდება.

სოციალური ქსელები, მთელი ეს ინფორმაციული ეპოქა, ერთი მხრივ ტოტალიტარული კონტროლის შესუსტებისა და რღვევის საშუალებაა, მაგრამ მეორე მხრივ, თუ რეჟიმი აითვისებს მას, როგორც მექანიზმს, ინტერნეტიც, სოციალური ქსელებიც მის ხელში იარაღდება დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ.

ამას უკვე ნათლად ვხედავთ ჩვენსავე ქვეყანაში, სადაც იმავე სქემით მუშაობს დღეს რუსეთის სატელიტი რეჟიმი. მათ, არსებითად, არაფერი გამოუგონიათ, იღებენ მზა გამოცდილებას და ამოცანაა, მოარგონ აქაურ რეალობას. იმავენაირად ცდილობენ შექმნან ვირტუალური რეალობა ტროლებისა და ბოტების არმიით და მათთან ერთად, სიძულვილის ენისა გავრცელების ინსტრუმენტად აქციეს ადმინისტრაციული რესურსებიც.

რუსულმა ტოტალიტარულმა რეჟიმმა, სოციალური ქსელების ეპოქაში დახვეწა პროპაგანდისტული მეთოდებით, ადამიანებზე ზემოქმედების ფორმები და მათი სატელიტი ადგილობრივი რეჟიმიც ცდილობს, რომ ზუსტად იგივე პრინციპით იმოქმედოს, რადგან აღარ გააჩნიათ ძალაუფლების სხვა გზების შენარჩუნების რეალური და ლეგიტიმური გზები.

ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ