Newseum - პრესის თავისუფლების მუზეუმი [photo/video]
22.10.2018
ახალი ამბების ისტორია და პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებული ყველა საკვანძო დოკუმენტი ვაშინგტონში, შვიდსართულიან შენობაში, პრესის თავისუფლების მუზეუმში იყრის თავს. ნიუზიემი 2008 წელს გაიხსნა და ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ინტერაქციული მუზეუმია. 

ეპოქალური ფოტოები, ჟურნალების გარეკანები, პირველი გაზეთების ნომრები, ცნობილი ჟუნალისტების ფოტოკამერები, ბლოკნოტები და სხვა პირადი ნივთები -ეს ყველაფერი მუზეუმის 15 საგამოფენო სივრცეშია გამოფენილი. პრესის თავისუფლების შესახებ მოკლე დოკუმენტური ფილმებისა თუ სხვადასხვა დროს, ტელეეთერში გასული ცნობილი კადრების ნახვა 10-ზე მეტ კინოდარბაზშია შესაძლებელი. გარდა ამისა, მუზეუმში ნახვათ 9/11-ისადმი მიძღვნილ გალერეასა და პულიტცერის პრიზის მფლობელი ფოტოების გამოფენას. ნიუზიემი დამთვალირებელს მედიასთან დაკავშირებულ სხავდასხვა თემაზე ინტერაქციულ თამაშებსაც სთავაზობს.



მიმდინარე ამბების გასაგებად, გამვლელები შენობის წინ ხშირად ჩერდებიან, რადგან აქ ახალი გაზეთების პირველი გვერდებია გამოფენილი. მუზეუმის დამთვალირებლებისთვის კი მოგზაურობა ახალი ამბების სამყაროში სწორედ ამ ადგილიდან იწყება.

 


პირველივე დარბაზში დიდ ეკრანზე სხვადასხვა მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება გადის. ამავე დარბაზშია ამერიკული კომიქსების კუთხეც. ხალხმრავლობაა პირველ მოძრავ სატელევიზიო სადგურ Conus 1-თან.


კიდევ ერთი საგამოფენო სივცრე მთლიანად ახალი ამბების ისტორიას შეეხება. აქ ჟურნალების 300-მდე ცნობილი გარეკანი და 30 ათასზე მეტი გაზეთის პირველი გვერდია გამოფენილი.


ამავე დარბაზში ნახავთ თემატურ გამოფენებს ომის რეპორტიორების შესახებ.

ედი ადამსი, სტენლი ფორმანი, ჯო როზენტალი, რობერტ კაპა, კევინ კარტერი - ადმიანები, რომლებმაც გასული საუკუნის მნიშვნელოვანი წამები ფოტოკადრებზე აღბეჭდეს. მათი კადრები ნიუზიემის ფოტოგალერეაშია გამოფენილი.


გარდა ფოტოებისა და დოკუმენტებისა, პრესის თავისუფლების მუზეუმის 15 კინოდარბაზში ჯამში 27-საათიანი ვიდეოკოლექციის ნახვაც არის შესაძლებელი. ვიდეოკოლექცია მოიცავს მედიის თავისუფლების შესახებ მოკლე დოკუმენტურ ფილმებსა და სატელევიზიო ეთერში გასულ მნიშვნელოვან კადრებს. მაგალითად, 9/11 -ის ტერაქტის დროს, სავაჭრო ცენტრების აფეთქებისა და ჩამონგრევის კადრების ნახვა 4d ფორმატშია შესაძლებელი.


მუზეუმის და ვიზიტორის ინტერაქცია - ეს ნიუზიემის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მაგალითად, შეგიძლიათ დადგეთ კამერის წინ და პირდაპირ NBC News-ის ინტერაქციული ნიუსრუმიდან “წაიყვანოთ” საინფორმაციო გამოშვება. თუ ბეჭდური მედიით ხართ დაინტერესებული, აქვეა კუთხე, სადაც გაზეთის პირველი გვერდის აწყობას შეძლებთ.


იმ 2 ათასზე მეტი ჟურნალისტის სახელი და გვარი, რომლებიც ჟურნალისტური საქმიანობისას დაიღუპნენ, შუშის დაფაზეა ამოტვიფრული - ეს ნიუზიემის ერთ-ერთი ბოლო გამოფენაა. ამავე სივრცეშია შესაძლებელი დამატებითი ინფორმაციის მოძიება, რომელი ჟურნალისტი რა ვითარებაში დაიღუპა. აქვე ნახავთ ინტერაქციულ რუკას, სადაც ასახულია მსოფლიოში მედიის თავისუფლების მხრივ არსებული მდგომარეობა.


ავტორი : სალომე აჩბა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ