ყალბი ინფორმაციის გადამოწმება - Washington post-ის, Politifact-ისა და Factcheck-ის გამოცდილება
26.11.2018
დასავლეთში პოლიტიკოსების განცხადებებში გამოთქმული ყალბი ინფორმაცია და მისი გადამოწმება სულ უფრო დიდ გამოწვევად იქცა. ყოველწლიურად იქმნება ახალი გამოცემები და ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის მთავარ ფოკუსს ყალბი ინფორმაციის გადამოწმება წარმოადგენს. მიზანი ნათელია - გამოცემები ცდილობენ ხელი შეუწყონ მოქალაქეებს იყვნენ უკეთ ინფორმირებულნი და არ გახდნენ პოლიტიკოსების პოპულისტური განცხადებების მსხვერპლნი.

როგორ მუშაობს სამი უმსხვილესი გამოცემა, რომლის მიზანიც ყალბი ინფორმაციის გადამოწმებაა, რა განსხვავებს და აერთიანებს მათ, რა ტიპის გამოწვევების წინაშე დგანან ისინი - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებული „უცხოური მედიის ცენტრის“ (FPC) მიერ ორგანიზებული პრესტურის ფარგლებში, მედიაჩეკერს შესაძლებლობა ჰქონდა, შეხვედროდა სამი უმსხვილესი გამოცემის, ვაშინგტონ პოსტის Factchecker-ის, Politifact-ისა და Factcheck.org-ის ჟურნალისტებს და მათგან მოესმინა ფაქტების გადამოწმების პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ.

სამივე გამოცემა მკაცრად იცავს სტანდარტს, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია რომელიმე პარტიასთან აფილირება - ფაქტების გადამოწმებისას ჟურნალისტები ერთნაირი პრინციპით უდგებიან როგორც რესპუბლიკელების ისე დემოკრატების განცხადებებს, ჟურნალისტებს კი შიდა რეგულაციების მიხედვით, ეკრძალებათ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ან კანდიდატთან დაკავშირებულ ღონისძიებებში ან აქტივობებში მონაწილეობა. განცხადებების გადამოწმების მეთოდოლოგია ნათლად არის გაწერილი სამივე გამოცემის ვებსაიტზე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია, გამოცემების დაფინანსების წყაროების შესახებ, ღია და გამჭვირვალეა.

როდის და რატომ შეიქმნა გამოცემები

ვაშინგტონ პოსტი ერთ-ერთი უმსხვილესი მედიაგამოცემაა. გამოცემის მთავარი „ფაქტების გადამმოწმებელი“ არაერთი ჟურნალისტური ჯილდოს მფლობელი გლენ კასლერია - პოლიტიკოსების მიერ დღისა თუ კვირის განმავლობაში ნათქვამი განცხადებების გადამოწმების შედეგები სწორედ მის სვეტში იყრის თავს. კასლერის გარდა, ფაქტების გადამოწმებაზე კიდევ ორი ჟურნალისტი მუშაობს.

ფაქტების გადამოწმების რუბრიკა- Factchecker 2007 წელს შეიქმნა და განსაკუთრებით პოპულარული 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს გახდა. მუშაობის მთავარი სპეციფიკა მკითხველთან მუდმივი კომუნიკაციაა.

„ჩვენ მკითხველს ვაძლევთ შესაძლებლობას თავად მოგვწერონ რომელი განცხადების გადამოწმება სურთ. შემოთავაზებულ განცხადებებს გუნდში განვიხილავთ და ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ მოვიქცეთ. მოკვლევის ეტაპზე ვცდილობთ მივმართოთ ყველზე სანდო წყაროებს - ვიყენებთ ისეთი ორგანიზაციების სტატისტიკას და ინფორმაციას, რომლებიც არ არიან დაკავშირებული არც ერთ პარტიასთან“, - ამბობს სალვადორ რიზო, FactChecker-ის ჟურნალისტი.

PolitiFact-იც 2007 წელს დაარსდა, როგორც 2008 წლის საარჩევნო კამპანიის პროექტი. მისი მიზანიც, პოლიტიკოსების განცხადებების სისწორის გადამოწმებაა.

„დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა რეპორტინგში და საკითხების ნათლად ახსნა ჩვენი მკითხველისთვის - ესაა ჩვენი პრინციპი“, - ამბობს PolitiFact-ის ჟურნალისტი ჯონ გრინბერგი - „მიზანი რის გამოც ვმუშაობთ, არის ის რომ აუდიტორიას მივაწოდოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების უკეთ ინფორმირებას და მისცემს საშუალებას, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები“.

Factcheck.org პენსილვანიის უნივერსიტეტის პროექტია და ის 2003 წელს დაარსდა. ისინიც ცდილობენ აუდიტორიას დაეხმარონ, უკეთ გაიგონ ამერიკის შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკა. გამოცემა აკვირდება პოლიტიკოსების იმ განცხადებებს, რომელიც სატელევიზიო ეთერებში, დებატებსა თუ ინტერვიუების დროს კეთდება. მეთოდოლოგია და შეფასების სისტემა

ვაშინგტონ პოსტის Factchecker-ის გუნდი განცხადებების შეფასებისას სიტყვა „ტყუილის“ გამოყენებას ერიდება და ამიტომ, ისინი ე.წ. „პინოკიოს ტესტს“ იყენებენ. თუკი რომელიმე მასალაზე ორ პინოკიოს დაინახავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკოსის განცხადება ნახევრად სიმართლეა, სამი პინოკიო კი უმეტესად ტყუილია, ხოლო მაშინ, როცა შეუძლებელია სიმართლის დადგენა და ორივე მხარეს არგუმენტები თანაბრად ძლიერია, გამოცემა სასწორის ნიშანს იყენებს.


რესურსების სიმწირის გამო, PolitiFact ყველა საეჭვო განცხადების გადამოწმებას ვერ ახერხებს, ამიტომ რედაქციას გადასამოწმებელი განცხადების შესარჩევად, მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები აქვს: განცხადება უნდა მოიცავდეს ისეთ ფაქტებს, რომელთა გადამოწმებაც შეიძლება, მოსაზრებები PolitiFact-ის ინტერესის საგანი არ არის: „ჩვენ ასევე გვაინტერესებს ისეთი განცხადებები, რომლებიც ერთი შეხედვითაც საეჭვო ჩანს. ნუთუ ეს სიმართლეა? - თუკი აუდიტორიას, რომელიმე ინფორმაციის მოსმენისას ეს კითხვა გაუჩნდება, ამგვარი განცხადება ჩვენი ინტერესის საგანი ხდება“, - ვკითხულობთ PolitiFact-ის ვებსაიტზე.

ფაქტების სისწორე სპეციალური შკალით „სიმართლემეტრით“ (Truth-O-Meter) იზომება.


Factcheck.org-ზე კი, განცხადებების გადამოწმების შემდეგ, მხოლოდ იმგვარი მასალები ქვეყნდება, რომლებიც არასწორ ინფორმაციას მოიცავს - თუ აღმოჩნდა, რომ პოლიტიკოსის ნათქვამი სიმართლეა, მოკვლევის შედეგები საიტზე არ იდება. მასალაზე მუშაობის დასრულების შემდეგ, მას ოთხი რედაქტორი კითხულობს და გამოქვეყნებამდე კიდევ ერთხელ ამოწმებს მოყვანილი ფაქტების სიზუსტეს.

როგორ ფინანსდებიან გამოცემები?

PolitiFact ფინანსებს ძირითადად, გაზეთ Tampa Bay Times-ისგან იღებს (გამოცემა სწორედ ამ გაზეთის მფლობელობაშია) . გარა ამისა, PolitiFact-ის შემოსავლის წყაროა რეკლამები, გრანტები და დონაცია მკითხველისგან. თუმცა, საგულისხმოა, რომ აკრძალულია ისეთი ინდივიდუალური დონაციის მიღება, რომლის ოდენობაც 1 000 დოლარს აღემატება. ასევე, დაუშვებელია შემოწირულობის მიღება ანონიმური წყაროებისგან და პოლიტიკური პარტიებისგან ან სხვა ისეთი წყაროსგან, რომელთანაც შესაძლოა, ინტერსთა კონფლიქტი წარმოიშვას.

გამჭვირვალეა ვაშინგტონ პოსტის Factchecker- ის ფინანსებიც. გამოცემას ევალება, მყისიერად მიაწოდოს ინფორმაცია აუდიტორიას, ყოველი ახალი დაფინანსების წყაროს შესახებ.

რაც შეეხება factcheck.org-ს, ამ შემთხვევაში დაფინანსების ძირითადი წყარო დამფუძნებელი ფონდი და რამდენიმე საქველმოქმედო ფონდია. 2010 წლიდან, გამოცემა მკითხველის შემოწირულობებსაც იღებს, თუმცა PolitiFact-ის მსგავსად, ინდივიდუალური პირისგან 1 000 დოლარზე მეტი შემოწირულობის მიღება დაუშვებელია. ასევე, აკრძალულია გაერთიანებების, პარტიული ორგანიზაციების მხრიდან შემოწირულობის მიღება. ერთადერთი კერძო კომპანია, რომლისგანაც გამოცემა შემოსავალს იღებს, Facebook-ია. Factcheck.org ჩართულია პროექტ Facebook’s initiative-ში, რომლის ფარგლებშიც, Factcheck.org, სხვა პარტნიორებთან ერთად, ამოწმებს სოციალურ მედიაში გავრცელებული საეჭვო ამბების სისწორეს. Facebook-ს არ აქვს უფლება, ჩაერიოს გამოცემის სარედაქციო პოლიტიკაში.

სამივე გამოცემაში მკაცრი შიდა რეგულაცია მოქმედებს სხვა სახის ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. მაგალითად, ჟურნალისტებს ეკრძალებათ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა, ონლაინ პეტიციებზე ხელის მოწერა, ასევე, არ გამოხატავენ პოლიტიკურ პოზიციებს სოციალურ მედიაში: „ჩვენ, ცხადია გვაქვს ჩვენი სამოქალაქო პოზიციები, ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ არჩევნებში და ხმას ვაძლევთ სასურველ კანდიდატს, თუმცა კონკრეტულად ვის მივეცით ხმა, ამას საჯაროდ არასოდეს ვამბობთ“, - ვკითხულობთ PolitFact-ის შიდა სარედაქციო დოკუმენტში.

ავტორი : სალომე აჩბა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ