პრესის თავისუფლების შეზღუდვა პანდემიის საბაბით
08.02.2021
დაკავება, ბრალის წაყენება, ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, ცენზურა, ყალბი ახალი ამბების გადამეტებულად რეგულირება, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები - ეს იმ დარღვევების ჩამონათვალია, რაც "პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა" მსოფლიოს მასშტაბით აღრიცხა.

ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი, პრესის თავისუფლების სხვადასხვა ფორმით დარღვევის 473 ფაქტი ფიქსირდება. კოვიდ პანდემიის ჟურნალისტიკაზე გავლენის დასადგენად კვლევა ჩაატარა Thomson Reuters Foundation-მაც", მასში 26 განვითარებადი ქვეყნიდან 55 ჟურნალისტი მონაწილეობდა.

alt
კვლევის თანახმად, კოვიდ კრიზისი და პანდემია ზოგიერთი სახელმწიფოს მთავრობამ მედიის თავისუფლების შესაზღუდად გამოიყენა. ეს კი რამდენიმე ფორმით, მათ შორის ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვით, ჟურნალისტებზე თავდასხმით, მედია ორგანიზაციების დახურვითა და პრესის თავისუფლების შემზღუდავი კანონების მიღებით გამოიხატა.

Amnesty International-ის პოლიტიკისა და სამართლის საკითხებში დირექტორის, აშფაქ ხალფანის, განცხადებით, პანდემიის ნარატივის გასაკონტროლებლად მთავრობები რამდენიმე მეთოდს იყენებენ.

"პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის" (IPI) მონაცემებით კი პანდემიის დაწყების შემდგომ "ყალბი ახალი ამბების" რეგულირება 17 ქვეყანაში: ალჟირში, აზერბაიჯანში, ბოლივიაში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ბრაზილიაში, კამბოჯაში, უნგრეთში, იორდანიაში, ფილიპინებში, პუერტო რიკოში, რუმინეთში, რუსეთში, ტაჯიკეთში, ტაილანდში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უზბეკეთსა და ვიეტნამში დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი კანონები ზოგჯერ მართლაც ყალბი ინფორმაციის გავრცელებას ეწინააღმდეგება, სამართლებრივი განმარტების ბუნდოვანება და კანონის გავრცელების მასშტაბი კრიტიკული მედიის ცენზურის საშუალებას იძლევა. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის "მედია მონაცემებისა და საზოგადოების ცენტრს" მაგალითი მოჰყავს იმის შესახებ, თუ როგორ აკრძალა ხელისუფლებამ სამთავრობო კონფერენციებზე დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების დასწრება ფილიპინებსა და ნიკარაგუაში.

ინფიცირების ახალი შემთხვევების შემცირების მიზნით გამოცხადებული კარანტინის დროს ბევრ ქვეყანაში ე.წ კომენდანტის საათი და მგზავრობაზე შეზღუდვა დაწესდა, შესაბამისად ჟურნალისტებს სპეციალური საშვები დასჭირდათ.

მაგალითად, ფილიპინებში პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტმა საშვები ჟურნალისტების მხოლოდ მცირე რაოდენობაზე გასცა, თანაც ისე, რომ თუ საშვის მქონე რეპორტიორი შეუძლოდ ყოფნის ან სხვა მიზეზის გამო პრესკონფერენციას ვერ დაესწრებოდა, მისი ჩანაცვლების უფლება კოლეგას არ ჰქონდა. კოვიდ-19-ის გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლების დროს თავდასხმებზე, დაკავებებსა და ჟურნალისტების მკვლელობებზეა საუბარი UNESCO-ს მიერ სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში. ხშირად ჟურნალისტები თავდასხმის სამიზნეები ხდებოდნენ არამხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ საზოგადოების წევრების მხრიდანაც.

ჟურნალისტებისთვის პანდემიის განმავლობაში კიდევ ერთ პრობლემად ხელისუფლების მიერ ვირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების არასანდო მონაცემების გამოქვეყნება და კრიტიკულად განწყობილი მედიის დევნა იქცა. მაგალითად, ეგვიპტეში ოფიციალური მონაცემების შესაძლო უზუსტობის შესახებ სტატიის გამოქვეყნების გამო The Guardian-ის ჟურნალისტი რუთ მაიკლსონი ეგვიპტის ხელისუფლებამ იძულებული გახადა ქვეყანა დაეტოვებინა. რეპორტიორი ეგვიპტეში 2014 წლიდან მუშაობდა. კოვიდ-19-ის მონაცემების შესახებ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მასზე თავდასხმა ონლაინ ტროლებმა დაიწყეს, შემდეგ მთავრობამ აკრედიტაცია გაუუქმა და ეგვიპტის უშიშროების ძალებმა ის ქვეყნიდან გააძევა.

ირანში კი გაზეთი Jahan-e Sanat მას შემდეგ დახურეს, რაც გამოცემაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ეპიდემიოლოგი აცხადებდა, რომ ოფიციალური მონაცემები ქვეყანაში არსებული რეალური მონაცემების მხოლოდ 5%-ს ასახავდა.

ზამბიაში ხელისუფლებამ დამოუკიდებელ საინფორმაციო ტელევიზია Prime TV-ს მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერა და დახურა, რადგან ტელეკომპანიამ უარი განაცხადა ხელისუფლების მიერ კოვიდ-19-თან დაკავშირებით ჩატარებული კამპანიების გაშუქებაზე იმის გამო, რომ წინა სარეკლამო კამპანიების გაშუქებისთვის არხისთვის თანხა ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გადახდილი.

ხელისუფლებებს პანდემიის დროს მედიის შესაზღუდად განსხვავებული მიდგომა ჰქონდათ ომანსა და შუა აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში. მთავრობებმა ჯანდაცვის უსაფრთხოების მიზნით ახალი ამბების ფიზიკური ფორმით დისტრიბუცია შეამცირეს. მარტში მიღებული გადაწყვეტილებით, ომანში გაზეთების, ჟურნალებისა და ყველა სახის პუბლიკაციის დაბეჭდვა და ცირკულაცია, ასევე ქვეყნის გარეთ გამოშვებული ჟურნალ-გაზეთების გაყიდვა აიკრძალა. იგივე გადაწყვეტილება მიიღეს იორდანიაში, მაროკოსა და იემენში. მთავრობები შეზღუდვას დაბეჭდვისა და დისტრიბუციის დროს ინფიცირების გავრცელების შემცირების მიზნით ხსნიდნენ.

ზოგიერთ შემთხვევაში კი ტერმინი "ყალბი ახალი ამბები" პოლიტიკური ლიდერების იარაღად იქცა. პანდემიის დროს მიღებული კანონებითა და რეგულაციებით ჟურნალისტებს "ყალბი ახალი ამბების" გავრცელების შემთხვევაში სამართლებრივი დევნა და პატიმრობა ემუქრებათ.

IPI-ის ინფორმაციით, რუმინეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი საგანგებო განკარგულება ხელისუფლებას იმ სტატიების წაშლისა და ვებგვერდების გაუქმების უფლებამოსილებას აძლევს, რომლებიც ვირუსის შესახებ "ყალბ ამბებს" გაავრცელებენ. ამ შემთხვევაში მედია ორგანიზაციებს გასაჩივრების საშუალება არ ექნებათ.

აზერბაიჯანში კი მარტიდან მკაცრი კარანტინის გამოცხადების შემდეგ ბაქოს გარეთ გასვლა ან ბაქოში თემების გაშუქება მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების მქონე ჟურნალისტებს შეეძლოთ, თანაც ისე, რომ რეპორტიორები გარეთ 2 საათზე მეტ ხანს არ უნდა ყოფილიყვნენ.

სომხეთში გამოცხადებული შეზღუდვების შედეგად პოლიციამ 22 სხვადასხვა მედია გამოცემიდან მასალის წაშლა ან მისი დარედაქტორების ბრძანება გასცა, რადგან ჟურნალისტური მასალები " კორონავირუსის შესახებ შეცდომაში შემყვან და არასწორ ინფორმაციად" მიიჩნია.

სერბი ანა ლალიჩი კი ერთ-ერთი რეპორტიორია, რომელიც კორონავირუსის თემაზე მუშაობის გამო დააკავეს. ვებგვერდ Nova.rs-ზე მის გამოქვეყნებულ სტატიაში ის ერთ-ერთ ჰოსპიტალში არსებული რთული ვითარებისა და პერსონალური დამცავი აღჭურვილობის დეფიციტის შესახებ წერდა. სამედიცინო დაწესებულებამ საინფორმაციო ვებგვერდს "არაზუსტი, გადაუმოწმებელი და დამაზიანებელი ინფორმაციის გაშუქების გამო" უჩივლა. ჟურნალისტი მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა ბრალდება არ მოუხსნეს.

ჟურნალისტების მიერ პანდემიასთან ბრძოლაში მთავრობის გაკრიტიკების გამო მედიის წარმომადგენლების დაკავების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა სხვა ქვეყნებშიც. მსგავსი ფაქტები აჩვენებს, რომ ავტორიტარული რეჟიმები კორონავირუსის პანდემიას მედიის თავისუფლების შეზღუდვისთვის იყენებენ. ჟურნალისტებისთვის რთული აღმოჩნდა უშუალოდ ვირუსთან ბრძოლაც. უსაფრთხოების ზომების სათანადოდ ვერ დაცვამ და აღჭურვილობის არ ქონამ გაზარდა ინფიცირებული რეპორტიორების რიცხვი. ჟენევაში დაფუძნებული ორგანიზაციის, "პრესის ემბლემის კამპანიის (PEC)" 15 ნოემბრის მონაცემებით, კოვიდ-19-ით 56 ქვეყანაში 462 ჟურნალისტი დაიღუპა. ინფიცირებული რეპორტიორების გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა პერუში გამოვლინდა.

ჟურნალისტიკაზე კოვიდ-19-ის გავლენის შესახებ Thomson Reuters Foundation-ის კვლევაში რესპონდენტები აზერბაიჯანიდან, ბანგლადეშიდან, ბრაზილიიდან, კამერუნიდან, ეგვიპტიდან, განადან, ინდოეთიდან, ინდონეზიიდან, ყაზახეთიდან, კენიიდან, მალავიდან, მექსიკიდან, მოლდოვიდან, მაროკოდან, ნიგერიიდან, ფილიპინებიდან, რუმინეთიდან, სინგაპურიდან, შრი-ლანკიდან, ტანზანიიდან, ტაილანდიდან, უგანდიდან, უკრაინიდან, ვიეტნამიდან, ზამბიიდან და ზიმბაბვედან მონაწილეობდნენ.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ