„სინათლე მედია“ Index on Censorship-ის 2026 წლის Freedom of
Expression Awards-ის
ფინალისტებს შორისაა.
„გამოხატვის თავისუფლების ჯილდო“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაეცემათ მათ, ვინც ცენზურას უპირისპირდებიან და გამოხატვის თავისუფლების უფლებას იცავენ.
როგორც Index on Censorship-ი წერს „სინათლე მედია“ -
სოლიდარობისა და მდგრადობის ქსელი, რომელიც აერთიანებს დამოუკიდებელ
ონლაინ მედიასაშუალებებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, შეიქმა
სახელმწიფო რეპრესიების საპასუხოდ, რათა წინააღმდეგობა გაეწია
დამოუკიდებელი ხმების ჩახშობისთვის.
„სინათლე მედია“ ნომინირებულია ჟურნალისტიკის კატეგორიაში. ამ კატეგორიის ფინალისტები ასევე არიან:
Abzas Media - „დამოუკიდებელი რედაქცია, რომელიც აზერბაიჯანში კორუფციისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამოძიებაზეა ორიენტირებული. გავლენიანი ბიზნესინტერესებისა და მმართველი რეჟიმის შესახებ მომზადებული მასალების გამო, მათი ექვსი კოლეგა ამჟამად ციხეში იმყოფება, გუნდის დანარჩენი წევრები კი ემიგრაციიდან მუშაობენ“;
Vorskla - „დამოუკიდებელი რეგიონული მედიასაშუალება უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე სუმის ოლქიდან, რომელიც ფრონტის ხაზზე და მის სიახლოვეს მდებარე თემებში მუშაობს, რათა საზოგადოება ინფორმირებული იყოს და რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩადენილ ომის დანაშაულებს მონიტორინგი გაუწიოს“.
ჟურნალისტიკის გარდა, ჯილდო გაიცემა ხელოვნებისა (Arts) და კამპანიების (Campaigning) კატეგორიაშიც.
ორგანიზაცია Index on Censorship-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯემიმა სტეინფელდის [Jemimah Steinfeld] თქმით: „ამ ჯილდოების შეფასება არასდროსაა ადვილი, წელს კი - მით უმეტეს. შემოქმედებითობისა და სიმამაცის ის ერთობლიობა, რაც ვიხილეთ, აღმაფრთოვანებელი იყო და შეგვახსენა, თუ რამდენი სიკეთე არსებობს მსოფლიოში. და რა მნიშვნელოვანი გზავნილია ეს ამჟამად! იმ დროს, როდესაც ფუნდამენტური უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გლობალური საფუძვლები ირყევა, ეს ჯილდოები იმის დასტურია, რომ ბევრმა, თითქმის შეუძლებელ პირობებშიც კი, ბრძოლას თავი არ დაანება. ეს ყველას გვახსენებს, სადაც არ უნდა ვიყოთ, რომ მათი მაგალითით უნდა ვიხელმძღვანელოთ და მტკიცედ დავიცვათ პოზიცია“.
როგორც ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ჰონგკონგელი დისიდენტი ქლოი ჩენგი [Chloe Cheung] აღნიშნავს, მაშინ, როდესაც ავტორიტარული სახელმწიფოები ქმნიან მექანიზმებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და ამ საქმეში სულ უფრო იხვეწებიან, ადვილია, თავი უძლურად იგრძნო, თუმცა „ეს მოკლე სია საპირისპიროს ამტკიცებს. ეს ხელოვანები, კამპანიის ორგანიზატორები და ჟურნალისტები აჩვენებენ, რომ კონტროლის არცერთი სისტემა არ არის სრულყოფილი, რადგან მას ვერ მიუწვდება ხელი იმ ერთი ადამიანის ნებაზე, რომელიც უარს ამბობს გაჩუმებაზე. ერთი წლის წინ მე თავად ვიყავი ამ მოკლე სიაში. დღეს კი ჩემთვის დიდი პატივია ვიყო მისი ჟიურის წევრი. არავის არ უნდა უწევდეს ამ მექანიზმთან მარტო გამკლავება. მადლობელი ვარ Index-ის (Index on Censorship) მათი აღიარებისთვის, ხოლო მათი ბრძოლის მხარდაჭერა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა“.
Freedom of Expression Awards-ის წლევანდელი გამარჯვებულები 19 ნოემბერს, ლონდონში გამართულ ცერემონიაზე გამოვლინდებიან. როგორც Index on Censorship-ი წერს, წლევანდელი მოკლე სია წარმოაჩენს შემოქმედებით, გაბედულ და მრავალფეროვან ხმებს, რომლებიც ავტორიტარიზმსა და დუმილს უპირისპირდებიან.
Index on Censorship-ი უკვე 25-ე წელია ამ ჯილდოთი
აფასებს მათ, ვინც გამოხატვის თავისუფლების დასაცავად იბრძვის,
დემოკრატიების შესუსტების, კონფლიქტების გამწვავებისა და
დეზინფორმაციისა თუ ცენზურის ზრდის ფონზე. ეს არის ორგანიზაცია,
რომელიც მთელ მსოფლიოში იცავს და ხელს უწყობს გამოხატვის
თავისუფლებას. Index on Censorship-ი მათ შორის, აქვეყნებს ცენზურის
ქვეშ მყოფი მწერლებისა და ხელოვანების ნამუშევრებს და აკვირდება
სიტყვის თავისუფლებისთვის არსებულ საფრთხეებს.



