მულტიმედია
როგორ შეზღუდა ორბანმა კრიტიკული მედია; მსგავსება საქართველოსთან - ინტერვიუ უნგრელ ჟურნალისტებთან


უნგრეთში დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუარესდა. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ 2024 წლის მონაცემებით, მედიის თავისუფლების ხარისხით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, უნგრეთი ერთ-ერთი ყველაზე დაბალ ადგილს იკავებს. როგორც პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია (RSF) წერს, ვიქტორ ორბანმა ნამდვილი მედიაიმპერია ააშენა, რომელიც მისი პარტიის ბრძანებებს ემორჩილება, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები კი პოლიტიკური, ეკონომიკური და მარეგულირებელი ორგანოს ზეწოლის ქვეშ არიან.

ატილა პოთი უნგრელი ჟურნალისტია, რომელიც გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის (ARD) ბუდაპეშტიდან მუშაობს, აგნეს საბო კი გერმანიაში ცხოვრობს და მასალებს უნგრული „დოიჩე ველესთვის“ ამზადებს. 

დამოუკიდებელ უნგრელ ჟურნალისტებთან ინტერვიუ სპეციალურად „მედიაჩეკერისთვის“ თამარ ილურიძემ მოამზადა. 


კონკრეტულად რა პოლიტიკური ნაბიჯები გადადგა ან როგორი საკანონმდებლო ზომები მიიღო უნგრეთის ხელისუფლებამ პრესის თავისუფლებაზე ზემოქმედების მიზნით?

- ატილა პოთი: 1998 წელს, როგორც კი ვიქტორ ორბანი პრემიერ-მინისტრი გახდა, თანდათანობით გარდაქმნა პარტია ლიბერალურიდან მემარჯვენე-კონსერვატიულად. მან გააცნობიერა, რომ კონსერვატიულ სპექტრში მეტი თავისუფალი სივრცე იყო, სადაც დამკვიდრება შეეძლო. თუმცა, მიუხედავად მრავალი ნაბიჯისა და სარგებლისა, რაც ოჯახებსა და ამომრჩევლებს შესთავაზა, 2002 წელს მისი პარტია მაინც დამარცხდა. ორბანმა ეს მარცხი მის მიმართ მედიის მტრული განწყობით ახსნა, ის შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს, რამდენიმე თვე პარლამენტშიც არ ჩნდებოდა. ამის შემდეგ კი აქცენტი ეკონომიკურ მშენებლობაზე გადაიტანა და განათლებული, ავტორიტეტული კონსერვატორი ადამიანები შემოიკრიბა, რომლებსაც იდეოლოგია აერთიანებდათ. ამ პროცესში ორბანსა და „ფიდესთან“ დაახლოებულმა ბიზნესმენებმა და კომპანიებმა მედიის ყიდვა და დაარსება დაიწყეს. უნგრეთის მედიას, განსაკუთრებით ბეჭდურ მედიას, ფინანსური პრობლემები ჰქონდა. „ფიდესმა“ ნელ-ნელა მედიაიმპერია შექმნა და 2010 წლისთვის ყველაფერი მოიმზადა, შედეგად ორბანმა არჩევნები მოიგო. 

სახელმწიფო კომპანიებმა, ისე, როგორც თავად სახელმწიფომ, რეკლამების განთავსება მხოლოდ პროსამთავრობო მედიაში დაიწყეს. თუ რომელიმე რედაქცია ფინანსური პრობლემების გამო ინვესტორს ეძებდა, მაშინვე ჩნდებოდნენ „ფიდესთან“ დაახლოებული ბიზნესმენები და ყიდულობდნენ: გაზეთს, ვებსაიტს ან ჟურნალს. თანდათან ნათელი გახდა: ვინც მთავრობას აკრიტიკებდა, მას ბაზრიდან ნაკლები შემოსავალი ჰქონდა. რამდენიმე წლის წინ „კლუბრადიოს“ მფლობელმა მითხრა, რომ იყვნენ ინვესტორები, რომლებიც რეკლამას დაუკვეთავდნენ, მაგრამ მიიღეს არაოფიციალური გაფრთხილება და მუქარა, რომ თუ „კლუბრადიოს“ დააფინანსებენ, სახელმწიფო ტენდერებზე აღარ მოხვდებოდნენ. ოფიციალურად ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მედიას მფლობელი ეკონომიკური მიზეზებით ეცვლებოდა. უნგრული გაზეთების უმეტესობა გერმანელ და ავსტრიელ ინვესტორებს ეკუთვნოდათ. პროსამთავრობო ბიზნესმენებმა მათ კარგი ფასი შესთავაზეს, ბუნებრივია, მათაც უკვე ნაკლებად მომგებიანი მედიასაშუალებები გაჰყიდეს. ამასობაში დამოუკიდებელი და საგამოძიებო ჟურნალისტები სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან: თვალთვალი, მუქარები. ასევე, კრიტიკულ და დამოუკიდებელ მედიას ხშირად არ იწვევენ მთავრობის პრესკონფერენციებზე. ან თუ იწვევენ, კითხვების დასმის უფლება არ აქვთ. სამინისტროები ძირითადად კითხვებს არ პასუხობენ. პირადად მეც მქონდა შემთხვევა, რომ რამდენჯერმე მივწერე მათ, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე ან ფორმალურად უაზრო პასუხი გამომიგზავნეს, რომელიც კითხვას საერთოდ არ ეხებოდა. საჯარო მონაცემებზე წვდომა ურთულესია, ჟურნალისტებს წლების მანძილზე აქვთ სასამართლო დავები.   ამასთან, პროსამთავრობო მედიაში დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა ან კრიტიკულ მედიაზე მუდმივად დისკრედიტაციული, ცრუ სტატიები და მასალები ვრცელდება.

- აგნეს საბო: 2010 წელს, უნგრეთის პარლამენტმა მიიღო მედიის ახალი კანონი, რომლითაც მედიის მაკონტროლებელ უწყებას ფართო უფლებამოსილება მიანიჭა. მას აპელაციის გარეშე შეუძლია მედიაორგანიზაციას ფულადი ჯარიმები  დააკისროს და ლიცენზიები გაუუქმოს. საზოგადოებრივ მაუწყებლებს ბიუჯეტი შეუმცირეს, ბევრი თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს, ხოლო სხვებმა პოლიტიკური ლოიალობის მიხედვით დაიკავეს თანამდებობები. ახალმა კანონმდებლობამ მედია მჭიდროდ დააკავშირა ცენტრალიზებულ სტრუქტურასთან, რომლის მეშვეობითაც ყველა ტიპის მედია, მათ შორის: ტელევიზია, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედია (ბლოგებიც) ერთი უწყების მიერ კონტროლდება. ამავდროულად წამყვანებს აეკრძალათ საინფორმაციო გადაცემებში კომენტარების გაკეთება.

წინა თვეში, ბუდაპეშტში ათასობით ადამიანმა კიდევ ერთხელ გააპროტესტა ორბანის მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი კანონპროექტი, რომელიც მედიასა და სამოქალაქო სექტორს კიდევ უფრო დიდი წნეხის ქვეშ აქცევს. ჩანს, რომ ამ საკითხის შესახებ საზოგადოებრივი აზრი კრიტიკულია. 

- ატილა პოთი: რა თქმა უნდა, აქციაზე ბევრი მხარდამჭერი მივიდა, რომლებიც არც ჟურნალისტები არიან და არც სამოქალაქო საზოგადიების ორგანიზაციებში მუშაობენ. უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რატომ არის გამჭვირვალობა და სამოქალაქო კონტროლი მნიშვნელოვანი როგორც მათთვის, ისე ქვეყნისთვის. ხალხს სურს, იცოდეს, რა ხდება მათი გადახდილი გადასახადებით. რატომ არის ჯანდაცვის სისტემა ასეთ რთულ მდგომარეობაში, როცა მთავრობა მილიარდობით ფორინტს ხარჯავს მაგალითად, პლაკატების კამპანიებზე?

- აგნეს საბო: სამწუხაროდ, ათასობით ადამიანი ძალიან ცოტაა თუ გავიაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანი პრობლემა და კრიზისია. ამ დროს რაც კარგად გამოჩნდა და რაც ძალიან სასიხარულოა, ის არის, რომ ამ წნეხის მიუხედავად დამოუკიდებელი ონლაინმედიები მჭიდროდ თანამშრომლობენ. ისინი მუდმივად აშუქებენ მოვლენებს, იწვევენ ექსპერტებს, ხელოვანებს, პოლიტოლოგებს, ინფლუენსერებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც ღიად გამოხატავენ სოლიდარობას და  ეს, რა თქმა უნდა, იმედის მომცემი ტენდენციაა.  

რამდენად ახერხებს დამოუკიდებელი ან კრიტიკული მედია უნგრეთში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების სრულად გაშუქებას? რა სახის სირთულეებს აწყდებიან ისინი?

- ატილა პოთი: საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არსებობენ დამოუკიდებელი რედაქციები, რომლებიც დიდ და მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ,  უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად. როგორც ვახსენე, ეს ჟურნალისტები ვერ იღებენ პასუხს ვერც ოფიციალური უწყებებისგან, ვერც მოხელეებისგან, ვერც მთავრობისგან, მათ არ იწვევენ საჯარო ღონისძიებებზე. შემდეგ კი მთავრობა ჩივის, თითქოს ეს მედია ცალმხრივია, თუმცა არ ახსენებენ, რომ თავად არ პასუხობენ კითხვებს. კრიტიკული მედია თითქმის არ იღებს რეკლამებს სახელმწიფო კომპანიებისგან. შემოსავლის გარეშე კი თანამშრომლებისთვის ანაზღაურების მიცემა რთულია.  

- აგნეს საბო: დამოუკიდებელი მედია იძულებული გახდა ონლაინ სივრცეში გადასულიყო, მხოლოდ ონლაინ პლატფორმებზე შეუძლიათ მათ მუშაობა.  ისინი, მართალია, თავისუფალი მედიისთვის მცირე კუნძულებია, მაგრამ საკმაოდ პოპულარულიც არიან, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ონლაინ (არა ბეჭდურ ან სატელევიზიო სივრცეში) მუშაობენ და დამოკიდებული არიან გამომწერებისა და უცხოური დაფინანსების მხარდაჭერაზე. შენ შეგიძლია გამოიწერო ისინი ან წელიწადში ერთხელ გადასახადების 1%-ით დაუჭირო მხარი. თუმცა, თუ ახალი კანონი ამოქმედდა, ეს 1% მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ მათ არ აქვთ უცხოური დაფინანსება. უცხოეთიდან არც გამოწერა იქნება შესაძლებელი და არც ფულადი მხარდაჭერა. მათ მკაცრად გააკონტროლებენ და შეიძლება საერთოდ აკრძალონ.

როგორ დაახასიათებთ პროპაგანდას პროსამთავრობო მედიაში? რა საკითხები დომინირებს და რა თემები ქრება მიზანმიმართულად მათი სივრციდან?

- ატილა პოთი: პროსამთავრობო მედიაში არ არსებობს არანაირი კრიტიკა მთავრობის მიმართ. მხოლოდ კარგი ამბებია: რამდენად შესანიშნავად და იდეალურად მუშაობს უნგრეთის მთავრობა, ყველა იმ სირთულის მიუხედავად, რაც ვითომდა „ბოროტი მტრებისგან“ მოდის. ასეთ მედიაში ვერ წაიკითხავთ, რომ მთავრობამ რამე შეცდომა დაუშვა. პროპაგანდისტული მედიები პასუხისმგებლობას მუდმივად სხვა, გარეშე პირს აკისრებენ, ხელისუფლების წევრების გადასარჩენად.

პროსამთავრობო მედიები ქმნიან მტრის ხატს, რომელიც ზუსტად არავინ იცის, ვინ არის. მათი დავალებაა, ხალხს დააჯერონ, რომ ორბანი ქვეყანას ამ მტრისგან იხსნის. 15 წელია ორბანი ხელისუფლებაშია და მაინც იმავეს იმეორებენ, რომ ორბანმა უნდა გააგრძელოს ამ მტერთან ბრძოლა. რა თქმა უნდა, ეს მტერი ვინ არის, ამაზე პასუხი არ არსებობს. 

რაც შეეხება უკრაინის ომს, პროსამთავრობო მედია ხშირად ავრცელებს რუსულ ნარატივებს, რუსულ პროპაგანდასა და ინფორმაციას. 

- აგნეს საბო: სამთავრობო მედიებიდან გესმის და ხედავ მხოლოდ სიძულვილს: პოლიტიკური ოპონენტების, უკრაინის, LGBTQ+ თემის, ლტოლვილებისა და ევროკავშირის მიმართ: წყაროების გარეშე, არავითარი კონტექსტი, არგუმენტები ან ახსნა. მიზანია არარაციონალური შიშის გაღვივება და იმის განცდა, რომ ორბანი ერთადერთია, ვინც უნგრეთს დაიცავს. დებატები არ იმართება, საზოგადოებრივ მაუწყებლებში ოპოზიციურ წარმომადგენლებს არ იწვევენ.

რა მიზანი ამოძრავებს ორბანის მთავრობას მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვისა და პრესის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის დროს? 

- ატილა პოთი: 2010 წლის შემდეგ, პირველად გამოჩნდა „ფიდესის“ რეალური მოწინააღმდეგე. ზოგიერთი გამოკითხვის მიხედვით, ოპოზიციური პარტია - TISZA უკვე უფრო პოპულარულია, ვიდრე ორბანის პარტია. წარსულში ხელისუფლება სტერეოტიპულად ახერხებდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დისკრედიტაციას ცრუ კამპანიებითა და ღირსების შელახვით. მაგრამ ახლა ეს აღარ მუშაობს. პარტიის თავმჯდომარე პიტერ მაგიარი თითქოს „ტყვიაგაუმტარია“. ეს იწვევს დაბნეულობას „ფიდესში“. მაჯარი საუბრობს ისეთ თემებზე, რომლებიც ხელისუფლებისთვის უხერხულია. თავადაც დიდი ხანი სისტემის ნაწილი იყო და ზუსტად იცის, როგორ მუშაობს ყველაფერი და სად აქვთ სუსტი წერტილები. ამიტომაც ეშინია „ფიდესს“. 

მთავრობამ, რა თქმა უნდა, კარგად იცის: საინფორმაციო სივრცის კონტროლით არჩევნებზე უდიდესი გავლენა აქვს და ექნება, ამიტომ ცდილობენ მედიის კონტოლს. დამოუკიდებელი ანალიტიკოსებისა და პოლიტოლოგების აზრით, ორბანი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებენ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, მათთვის ეს სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია. ისინი იყენებენ ძველ პრინციპს: გაყავი და იბატონე. ქმნიან მტრის ხატს, რომლისაც უნდა გეშინოდეს, და ყველგან იმეორებენ, რომ ამ მტრისგან ქვეყანას მხოლოდ „ფიდესი“ გადაარჩენს. ეს წმინდა სოციალური ფსიქოლოგიაა, რომლის თეორებსაც თავის სასარგებლოდ კარგად იყენებენ. 

- აგნეს საბო: ყველა გამოკითხვა პროგნოზირებს ახალი ოპოზიციური პარტიის - TISZA გამარჯვებას. ისინი რეალურად გაძლიერდნენ. თუ კიდევ უფრო მეტი კორუფციული ფაქტი გამჟღავნდა, ორბანმა, შესაძლოა, არჩევნები წააგოს, მაგრამ მას ძალაუფლების დათმობა არ სურს, ამიტომაც ცდილობს, მედიაზე კონტროლი არ დაკარგოს.

გრძნობენ თუ არა თავს უსაფრთხოდ კრიტიკულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტები? რა გამოწვევებს აწყდებიან ისინი?

- ატილა პოთი: ძალიან თავდადებული კოლეგები მუშაობენ დამოუკიდებელ რედაქციებში. ყველას აქვს შიში იმის, რა იქნება მომავალში. ბოლოს და ბოლოს, ისინი მშობლები არიან, მათ ოჯახზე ზრუნვა უწევთ. ბოლოს რამდენიმე რედაქციამ განაცხადა, რომ გაჩუმებას მათ ვერავინ აიძულებს, ისინი დარჩებიან და გააგრძელებენ მუშაობას. ბოლო წლებში მათ არც ისე იოლი ცხოვრება ჰქონდათ. პირადად მეც ხშირად ვაწყდები, რომ რესპოდენდენტებს საკუთარი აზრის გამოთქმის ეშინიათ, მაშინაც კი, როცა ამ ინტერვიუს ანონიმურად გამოქვეყნებაზეა საუბარი. 

კრიტიკული მედიამასალა ხშირად ბევრ ადამიანამდე ვერ მიდის, სამთავრობო პროპაგანდული გზავნილები კი ყველგან აღწევს. უფასო გაზეთები, კომერციული ტელევიზიები და რადიოები - ყველგან ხელისუფლების ნარატივი იფრქვევა. ვისაც განსხვავებული აზრის მოსმენა სურს, სერიოზულად და საფუძვლიანად უწევს ინფორმაციის ძებნა. 

- აგნეს საბო: ორბანის ახლო წრის ოლიგარქებმა ყველა რეგიონული გაზეთი და ჟურნალი  შეისყიდეს, მათ შორის ყველაზე წარმატებული - Népszabadság. 2016 წლის ოქტომბერში ის მთავრობისადმი ლოიალურ Mediaworks-ს გადაეცა და 8 ოქტომბერს გაზეთი მოულოდნელად, მოტივაციის გარეშე დახურეს. თანამშრომლებს უთხრეს, რომ პირადი ნივთები წაეღოთ, რადგან ოფისი სხვა მისამართზე „გადადიოდა“. მომდევნო დღეს, შაბათს, დილით სერვერები გათიშეს. ვებგვერდი აღარ ჩაირთო და ოფისი ხელმიუწვდომელი გახდა. რადიოსიხშირეებიც გადაინაწილეს, სოფლებში მხოლოდ პროსამთავრობო მაუწყებლები გადიან ეთერში. დამოუკიდებელ ჟურნალისტებს კი სოციალურ სივრცეში ტროლები ჰყავთ მიჩენილი, რომლებიც მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ, აშანტაჟებენ და ემუქრებიან. 

რამდენად ხშირად და რა კონტექსტში აშუქებს უნგრული მედია საქართველოს?

- ატილა პოთი: ბოლო პერიოდში საქართველო რამდენჯერმე მოხვდა ჰედლაინებში. კონტექსტი და შინაარსი დამოკიდებულია იმაზე, ეს მასალა პროპაგანდისტულ მედიაში გამოქვეყნდა თუ დამოუკიდებელ გამოცემაში. ამის შესაბამისად, სრულიად განსხვავებული წარმოდგენა გექმნება. დამოუკიდებელი მედია წერდა, რომ ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს: ევროპული თუ რუსული გზა. „ფიდესთან“ დაახლოებული მედია კი აღფრთოვანებული იყო პრორუსი პოლიტიკოსებით. ბოლო წლებში მრავლად გაჩნდა ტურისტული სტატიებიც საქართველოზე. 

- აგნეს საბო: სამწუხაროდ, ისეთი სიხშირით არა, როგორც საჭიროა. ახლა ჩემი რედაქცია მუშაობს სტატიაზე, თუ რატომ ეშინიათ საქართველოში რუსეთის და როგორ უყურებენ ევროკავშირს.



კონტექსტი: საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. „ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. 
31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტიც“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას. 

კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ საჩივრებით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა კომუნიკაციების კომისიასაც. მიმართვის საფუძველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ის ცვლილებები გახდა, რომლითაც კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა.

თითქმის ხუთი თვეა უკანონო პატიმარია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი; სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და დახურა გადაცემა „რეალური სივრცე“. ისინი „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ. 
ჟურნალისტებს ხელს უშლიან პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მათ აქციების გაშუქებისას აჯარიმებენ „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვისაც“. ამასთან, დღემდე არ დასჯილან პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები. 
სასამართლო აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დასაშვებობაზე დღეს იმსჯელებს

სქრინი - TV პირველი


დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო აფგან სადიგოვის ექსტრადიციის დასაშვებობაზე იმსჯელებს. თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საექსტრადიციო საქმის განხილვა 28 ნოემბერს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოსგან სადიგოვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობას ითხოვს. 

აფგან სადიგოვი და მისი დამცველები გენერალური პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან და სასამართლოს წინაშე ასაბუთებენ, რომ მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია პოლიტიკურ და თვითნებურ დევნას ისახავს მიზნად, რაც მის ჟურნალისტურ საქმიანობასა და წლების განმავლობაში ხელისუფლების დანაშაულებისა და კორუფციული საქმიანობის კრიტიკას უკავშირდება.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში სადიგოვი დევნას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება. 

„აზერბაიჯანში აქტივისტების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დევნის რეპრესიული პრაქტიკის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სადიგოვი აზერბაიჯანისთვის გადაცემის შემთხვევაში თვითნებური დევნისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდება.

მნიშვნელოვანია, რომ სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ, მათ შორის Amnesty International და ეუთო. ისინი მიუთითებენ, რომ სადიგოვის ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველო დაარღვევს საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სადიგოვის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის დევნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამას ადასტურებს თავად აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთვის გაზიარებული საქმის მასალები, რომელიც სრულიად არალოგიკურ და წინააღმდეგობრივ ინფორმაციასა და მტკიცებებს ეფუძნება“.

თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინტერესებს სწორედ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს.

აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც მეუღლე, სევინჩ სადიგოვა ამბობსძალიან  მძიმეა. 

სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ 3 თვით თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 ნოემბერს გაუხანგრძლივა. ის შემდგომი ექსტრადირების მიზნით 3 აგვისტოს დააკავეს. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია. 

 
„გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვა“ - საია Facebook პოსტების გამო მოქალაქეების სასამართლოში დაბარებაზე


„ქართული ოცნების“ წევრების მიმართ Facebook-ზე გამოთქმული მოსაზრებების გამო ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლოში დაბარებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შეფასებითი მსჯელობის გამო საქმეთა წარმოება მასობრივი ცენზურის პრეცედენტს ქმნის.

საიას შეფასებით, ეს წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას, ქმნის მსუსხავ ეფექტს და მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დანერგვას, რათა ადამიანებმა „ქართული ოცნების“ ქმედებებისა და პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასებისგან თავი შეიკავონ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფოს ავალდებულებს თავი შეიკავოს გამოხატვის თავისუფლებაში თვითნებური ჩარევისგან, რითაც იდეებისა და მოსაზრებების თავისუფალი გაცვლის შესაძლებლობა იქნება უზრუნველყოფილი:

„გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფოებს ასევე პოზიტიური ვალდებულებებს უწესებს, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, ინდივიდების ან ჟურნალისტების დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნის პარალელურად, შექმნან გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ყველა დაინტერესებული პირის საჯარო დებატებში მონაწილეობას, რაც მათ საშუალებას მისცემს შიშის გარეშე გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები და იდეები, მაშინაც კი, თუ ისინი გამაღიზიანებელად ან შოკისმომგვრელად აღიქმება საჯარო ფიგურების მიერ“. 

როგორც საია აღნიშნავს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვები კრიტიკის ფარგლები საჯარო პირების მიმართ უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირების მიმართ. შესაბამისად, პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებს მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკის მიმართ თმენის გაცილებით მაღალი ვალდებულება აქვთ, ვიდრე სხვა ნებისმიერ მოქალაქეს:

„ეს მსჯელობა პოლიტიკური ფიგურების მიღმა, ასევე, ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საზოგადო მოღვაწედ, კერძოდ, იმ პირებზე, რომლებიც თავიანთი ქმედებებით ან თუნდაც რაიმე სხვა ფორმით არიან საზოგადოებრივ ასპარეზზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს პოლიტიკოსებს, ან თუნდაც საჯარო ინსტიტუციებს ისეთ სუბიექტებად, რომელიც გაძლიერებული დაცვის ქვეშ უნდა იყვნენ შეურაცხყოფის ან დაცინვისაგან“.

ორგანიზაციის განცხადებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები, თუ  ისინი არ შეიცავენ რეალური რისკის შემცველ მუქარას და მიმართულია პოლიტიკოსების მიმართ, რომელთაც აქვთ თმენის მაღალი ვალდებულება, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. ამ სტანდარტის საწინააღმდეგოდ გაკეთებული ნებისმიერი სასამართლო განმარტება კი მასობრივი ცენზურის პრეცედენტი იქნება:

„აქვე, გარდა იმისა, რომ, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემა სადამსჯელო ინსტრუმენტად გამოიყენება, ხაზი უნდა გაესვას მართლმსაჯულების აღსრულების შერჩევით სტანდარტსაც. საზოგადოებისვის ცნობილია, რომ 2024 წლის აპრილი - მაისის “რუსული კანონის” წინააღმდეგ აქციების დროს, კანონის მოწინააღმდეგეებს, აქტივისტებს, უფლებადამცველებს, მათი ოჯახების წევრებს და ჟურნალისტებს აქტიურად ურეკავდნენ უცხო ნომრებიდან, აგინებდნენ აქციაზე მონაწილეობის გამო და ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით. ეს მუქარა იყო რეალური, რადგან რიგ შემთხვევაში განხორციელდა კიდეც. 2024 წლის 31 მაისს საჯაროდ გავრცელებული განცხადებისა და ვიდეოს შედეგად, ნათელი იყო, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიტო სამხარაძე წარმოადგენდა ერთ-ერთ იმ პირს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და რუსული კანონის სხვა მოწინააღმდეგეების მიმართ ორგანიზებულ დევნას ახორციელებდა. რაც გამოიხატებოდა კონკრეტული ჯგუფის გამორჩევასა და მის მიმართ სხვადასხვა რეპრესიული ზომის (მაგალითად, სატელეფონო ზარები, კერძო საკუთრების დაზიანება) გატარებაში. ამ ყველაფერს კი არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია“.

მათ შორის, რომელთა წინააღმდეგაც სოციალურ ქსელებში გამოთქმული მოსაზრებების გამო „ქართულმა ოცნებამ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივრებით მიმართა, არიან ჟურნალისტები და ტელეწამყვანები: ნანუკა ჟორჟოლიანი, ვახო სანაია, ვიკა ბუკია, ეკა მიშველაძე, მიშა მშვილდაძე და დეა მამისეიშვილი. მათ გუშინ, 11 ივნისს დაუკავშირდნენ და სასამართლოში დაიბარეს. 

„ქართული ოცნების“ წევრების საჩივრების სამართლებრივი საფუძველი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახლად ამოქმედებული 17316-ე მუხლია, რომელიც პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ისეთი ქმედებებისთვის როგორიცაა: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის/ მასთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან/საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ ქმედებისთვის განსაზღვრულია 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა. 

 
ჟურნალისტის ვაკანსია „ტაბულაში“



ონლაინ გამოცემა „ტაბულა“ ახალი ამბების ჟურნალისტის პოზიციაზე (სრული განაკვეთი) ვაკანსიას აცხადებს.

ჟურნალისტის ძირითადი მოვალეობა:

ახალი ამბებისა და თემატური მასალების მოძიება და მომზადება;

მოთხოვნა:

  • გამართულად წერისა და თხრობის უნარები;
  • გადაღებებზე სიარულის, აქციების და სხვადასხვა აქტივობის გაშუქების უნარები და გამოცდილება; 
  • ოპერატიულად მუშაობის უნარი, მათ შორის სტრესულ პირობებში;
  • იციან უცხო ენა (სავალდებულოა – ინგლისური ენა);
  • იცნობენ პროფესიულ სტანდარტებსა და მედიაეთიკას.
  • ამასთან ერთად, ეკონომიკური თემების მიმართ ინტერესი და მათზე წერის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე, სამოტივაციო წერილი და მის მიერ დაწერილი/გამოქვეყნებული მასალები 20 ნოემბრამდე უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: info@tabula.ge

როგორც „ტაბულა“ წერს, ანაზღაურება კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შესაბამისად განისაზღვრება (დამატებით ინფორმაციას ანაზღაურების შესახებ შერჩეული კანდიდატები გასაუბრების დროს მიიღებენ);