„როგორ დახურეს პარლამენტი კრიტიკული მედიისთვის“ - „საერთაშორისო
გამჭვირვალობა-საქართველოს“
განცხადებით, პარლამენტში ჟურნალისტების
აკრედიტაციის ისედაც დრაკონული წესი დამოუკიდებელი მედიის დევნის
მექანიზმად არის ქცეული. როგორც TI წერს, სწორედ ამ წესის საფუძველზე,
დეპუტატებისთვის კრიტიკული კითხვების დასმის გამო, ბოლო ორი თვის
განმავლობაში, საპარლამენტო აკრედიტაციები გააუქმეს ან/და
საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტური საქმიანობა კრიტიკული მედიის
15-მდე წარმომადგენელს შეუზღუდეს.
„წლებია, „ქართულ ოცნებას“ მიზანში ჰყავს ამოღებული დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია, რომელიც ამხელს ყველა იმ დანაშაულებრივ სქემასა თუ კორუფციულ გარიგებებს, რომლებთანაც მმართველი გუნდისა და მათთან დაკავშირებული პირების სავარაუდო ჩართულობა ან/და კავშირები იკვეთება. „ოცნების“ გუნდს დისკოფორტს უქმნის ამგვარი თემების გარშემო დასმული ნებისმიერი კითხვა და მათზე პასუხების თავიდან არიდების მიზნით, ის კრიტიკული მედიის გასაჩუმებლად აქტიურად იყენებს მისი გავლენების ქვეშ მყოფ ინსტიტუციებს, რომელთაც ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოების ინტერესებს ემსახურებოდნენ, პარტიული დანამატის ფუნქცია აქვთ შეთავსებული და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ძალაუფლების შენარჩუნების სამსახურში გვევლინებიან. ჩინოვნიკებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი რიგითი მოქალაქეეების გადასახადებით ფინანსდებიან და ვალდებულნი არიან უპასუხონ მათ მიმართ არსებულ ყველაზე მწვავე კითხვასაც კი. ამდენად, დაუშვებელია საკანონმდებლო ორგანოში არსებული ფორმალური წესების ბოროტად გამოყენება და მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო კითხვების დასმის აკრძლვის ინსტრუმენად გადაქცევა.
დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც ისედაც შეზღუდული რესურსების პირობებში უწევთ პროფესიული მოვალების შესრულება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ორგანოში სრულფასოვნად მუშაობისა და კითხვების დასმის შესაძლებლობით სარგებლობა, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უარს ამბობენ მათთან სხვა ფორმატებში თანამშრომლობაზე, თავის მხრივ კი - ასევე „ოცნების“ გავლენის ქვეშ მყოფი კომუნიკაციების კომისია მათ ბალანსის დარღვევისთვის სოლიდურ ფინანსურ სანქციებს უწესებს“, - ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაში.
რატომ უჩერებს „ქართული ოცნება“ საპარლამენტო
აკრედიტაციას კრიტიკულ ჟურნალისტებს? - ორგანიზაცია მასალაში მომხდარ
შემთხვევებსაც აღწერს:
ამასთან,
26 ივნისს, პარლამენტში „ქართული ოცნების“
პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ანგარიშის გასაშუქბელად,
ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს არც ერთჯერადი
საშვი მისცეს“.
რას გულისხმობს საპარლამენტო აკრედიტაცია?
პარლამენტში აკრედიტაციის წესი შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით არის დამტკიცებული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, „ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, „პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუზე უარის შემთხვევაში“ ჟურნალისტმა ინტერვიუ უნდა შეწყვიტოს. სწორედ აღნიშნული ნორმა აქცია „ქართულმა ოცნებამ“ კრიტიკულ კითხვებზე თავის არიდების, აგრეთვე კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების დასჯის მექანიზმად. ნორმაზე მითითებით, ბოლო წლების განმავლობაში, საპარლამენტო აკრედიტაცია სხვადასხვა ვადით შეუჩერეს და საკანონმდელო ორგანოში საქამიანობა შეუზღუდეს კრიტიკული მედიის ათობით წარმომადგენელს.
საგულისხმოა, რომ 2026 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც
ეროპარლამენტმა ბრიტანეთის მხრიდან სანქცირებული პროპაგანდისტული,
პროსამთავრობო „იმედს“ აკრედიტაცია ერთი წლით შეუჩერა,
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა
განაცხადა, რომ ისინი საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესსაც
გადახედავდნენ.
რაც იმთავითვე კრიტიკული მედიისადმი მუქარად იქნა აღქმული.
დაპირებიდან მალევე, დაახლოებით 1 თვეში, „ქართულმა ოცნებამ“
აკრედიტაციის წესი მართლაც შეცვალა და მისი
დარღვევისთვის სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. კერძოდ:
„სანდო წყარო“ - ქართულ მედიასივრცეში ახალი საინფორმაციო
პლატფორმა გამოჩნდა, რომელმაც მუშაობა რამდენიმე დღეა დაიწყო. მისი
დამფუძნებელი ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავაა, რომელსაც მედიაში მუშაობის
16-წლიანი გამოცდილება აქვს. ის 2010-2023 წლებში ტელეკომპანია
„რუსთავი 2-ში“ მუშაობდა, შემდეგ კი - „ფორმულაში“. ბოკუჩავამ
ტელევიზია მიმდინარე წლის ივლისში, სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა
და ცოტა ხანში საკუთარი მედიაპლატფორმა შექმნა.
„გამოცემა ძირითადად ადამიანის უფლებების, სამართლებრივი საკითხებისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებით იმუშავებს და მოქალაქეებს სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმაციას მარტივი და გასაგები ენით მიაწვდის“, - ამბობს სალომე „მედიაჩეკერთან“ საუბრისას. მისი თქმით, დამოუკიდებელი მედიისთვის შექმნილი რთული გარემო და საკუთარი პროფესიით მუშაობის გაგრძელების სურვილი ის მთავარი ფაქტორი აღმოჩნდა, რამაც ახალი პლატფორმის შექმნის გადაწყვეტილება მიაღებინა.
„ტელევიზიაში 16 წელი გავატარე. მე-17 წელი იწყებოდა
სწორედ იმ კვირას, როდესაც „სანდო წყაროს“ შესახებ პირველი საჯარო
პოსტი გამოვაქვეყნე. ტელევიზია ჩემი სუსტი წერტილია - ამ წლების
განმავლობაში ჩემი ცხოვრება სრულად მას უკავშირდებოდა, უზარმაზარი
ენერგია და დაუღალავი შრომა ჩავდე თითოეულ საქმეში, რასაც ხელი
მოვკიდე. თუმცა, როდესაც ხვდები, რომ გარემო იცვლება, მოტივაცია ქრება
და იცი, რომ ბევრად მეტი შეგიძლია, ეს იმის ნიშანია, რომ ცვლილებების
დროა. „სანდო წყარო“ ჩემთვის ძალიან გაბედული და საპასუხისმგებლო
ნაბიჯია“.
რამ გიბიძგა, რომ სწორედ ახლა, ასეთ რთულ მედიაგარემოში გადაგედგა ეს ნაბიჯი და როგორ გაჩნდა „სანდო წყაროს“ შექმნის იდეა?
- დამოუკიდებელი მედია წლებია მძიმე ფინანსურ კრიზისშია და მეც ამ რეალობის ნაწილი ვარ. ბოლო პერიოდში სიტუაცია მედიაში ისე დამძიმდა, რომ მე ჩემი არჩევანი გავაკეთე, დავტოვე არხი, რომელმაც საინტერესო გამოცდილება და თავგადასავალი მაჩუქა. მალევე საკუთარი გზის ძიება დავიწყე და სწორედ ამ დროს გაჩნდა „სანდო წყაროს“ იდეა, სადაც გაერთიანდა პიროვნული მოტივაცია, საქმის სიყვარული და უდიდესი სურვილი, რომ დამოუკიდებელმა მედიამ საქართველოში არსებობა განაგრძოს. დემოკრატიულ სახელმწიფოში ინსტიტუციები ვერ გადარჩებიან, თუკი მედია გაქრება. დღეს ყველას თავისი ფრონტი აქვს, მე ჩემი პროფესიის გადასარჩენად ვიბრძვი და მინდოდა, ამ დიდ საქმეში ჩემი მცირე წვლილიც შემეტანა.
ამ პროფესიაში მომუშავე ადამიანებს არ გვეკარგება მოტივაცია, ვაკეთოთ ჩვენი საყვარელი საქმე, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება გამომეყენებინა, გუნდი შემეკრიბა და კიდევ ერთი დამოუკიდებელი სივრცე შეგვექმნა. ჩვენი მთავარი სამიზნე ადამიანი და მისი სამართლებრივი პრობლემები იქნება. გვინდა, არა მხოლოდ გავაშუქოთ ესა თუ ის მოვლენა, არამედ რეალურად დავეხმაროთ მოქალაქეებს და განვუმარტოთ, რისი უფლება აქვთ მათ. უამრავი ადამიანია, ვისაც სჭირდება მედიის მხარდაჭერა და ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ მათ და სიღრმისეულად შევისწავლოთ მათი საქმეები.
ამაზე ფიქრი აგვისტოს დასაწყისში დავიწყე. ყველფერს
ვუზიარებდი ოპერატორ ლევან სანიკიძეს, რომელიც საორგანიზაციო და
ტექნიკურ საკითხების მოგვარებაში ჩემთან ერთად ჩაება. საქმეში ჩაერთო
მესამე თანამშრომელიც, მარიამ კალანდაძე digital-ის მიმართულებით. 20
აგვისტოს უკვე შევქმენით ფეისბუქ გვერდი, რომელსაც გარკვეული ხანი
საიდუმლოდ ვინახავდით. კომპანია Wevosoft-მა უსასყიდლოდ აგვიწყო
ვებგვერდი. 2 სექტემბერს, მე, ოპერტორი თედო ქვაჩახია და ჟურნალისტი
ნუცა ბახუტაშვილი პირველ გადაღებაზეც გავედით და მასალების შეგროვება
დავიწყეთ. ზუსტად ერთი თვის თავზე კი YouTube-ზე, სოციალურ
პლატფორმებსა და ვებგვერდზე ჩვენი პირველი მასალაც გამოჩნდა.
ძირითადად რა თემებზე იმუშავებს „სანდო წყარო“?
- „სანდო წყარო“ ძირითადად სამართლებრივ თემებსა და ადამიანის უფლებებზე იმუშავებს. ჩვენი კონტენტი აგებულია სისხლის და სამოქალაქო სამართლის ცოდნაზე, მათი გამოყენების პრაქტიკასა და მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე. ამ მიმართულების საჭიროებას მკაფიოდ ვხედავთ, რადგან საზოგადოებაში დიდია მოთხოვნა გადამოწმებულ, პროფესიულ და ამავდროულად, მარტივ ენაზე განმარტებულ სამართლებრივ ინფორმაციაზე.
ამ ეტაპზე მკითხველს რამდენიმე სახის მედიაპროდუქტს
შევთავაზებთ:
ჟურნალისტური გამოძიება: ვინაიდან ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს, პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი სწორედ საგამოძიებო ჟურნალისტიკა იქნება. ჩემი და ლევან სანიკიძის ავტორობით, ეს იქნება უტყუარი, გადამოწმებული ინფორმაცია საქმის მასალებზე, ფიგურანტ პირებზე, დაცვისა და ბრალდების მხარეების მონაწილეობით.
„საზღვრებს მიღმა“: ჟურნალისტ ქეთი თუთბერიძეს ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ამბების გაშუქების დიდი გამოცდილება აქვს. მისი ავტორობით მაყურებელი გაეცნობა, როგორ მუშაობენ დასავლური ინსტიტუტები, რა ისტორია და გამოცდილება აქვთ მათ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
სამართლებრივი განათლება და პრაქტიკული რჩევები: დარგის სპეციალისტებთან ერთად დეტალურად გავარჩევთ კონკრეტულ მუხლებს, კანონებსა და სასამართლო პრაქტიკას. მარტივი ენით ავუხსნით საზოგადოებას, როგორ იმოქმედონ კრიტიკულ სიტუაციებში. ამ მიმართულებით სტატიებსა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს ვიდეორგოლების სახით ნუცა ბახუტაშვილი და ლიზი ვეკუა მოამზადებენ. მიზანი მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაა.
ჟურნალისტური ბლოგები: sandotskaro.ge-ზე შემოგთავაზებთ გამოცდილი ჟურნალისტების ბლოგებს. მედია ხშირად სახელმწიფო უწყებებზე სწრაფად რეაგირებს და პირველი ამბობს სიმართლეს. თუნდაც დასაწყისში კრიტიკის ობიექტები გახდნენ, წლების შემდეგ მათი ნათქვამი მაინც მართლდება. ჟურნალისტები გაგახსენებენ საქმეებს, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს გახმაურებულ რეზონანსულ საქმეებზე, რომლებიც ექსკლუზიურად გააშუქეს, ფიგურანტ პირებს კი სამართლის პოვნაში დაეხმარნენ.
„წიგნებიდან რეალობამდე“: კვირის
ბოლოს, სოფო კაჭარავა შემოგთავაზებთ განსხვავებულ კონტენტს, სადაც
ცნობილი ადამიანები ისაუბრებენ მხატვრულ თუ დოკუმენტურ ლიტერატურაზე,
რომელიც ამა თუ იმ დანაშაულს, უფლებადარღვევის ფაქტს ასახავს და
პარალელებს გაავლებენ როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს
რეალობასთან.
როგორ მუშაობს დამოუკიდებელი მედიისთვის არსებულ ასეთ რთულ პირობებში ახლადდაფუძნებული გამოცემა და რა გეგმები გაქვთ?
- „სანდო წყარო“ ამ ეტაპზე ყოველგვარი დაფინანსების გარეშე ფუნქციონირებს. ჩვენი სარედაქციო გუნდი დიდი არ არის, თუმცა ძალიან საიმედოა. სამონტაჟო ტექნიკა საკუთარ სახლში მოვაწყე. ჩვენი მემონტაჟე, ელიზაბედ მეძმარიაშვილი სრულიად უსასყიდლოდ და დაუღალავად ეხმარება პროექტს. ასევე, გვერდით გვყავს ჩვენი ოპერატორი მეგობრები, რომლებიც გადაღებებს საკუთარი ტექნიკით უზრუნველყოფენ. გუნდში ფუნქციები და თემები მკაფიოდ გვაქვს გადანაწილებული.
რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში მუშაობა მარტივი არ არის, თუმცა გვაქვს უდიდესი მოტივაცია, იმედი და მოლოდინები. რაც შეეხება გეგმებს, ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზე ვართ. ახლა მთელ რესურსს პირველადი ამოცანების შესრულებასა და პლატფორმის ამუშავებას ვუთმობთ. შორსმიმავალ გეგმებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. მთავარია, დასახულ მიზანს მივაღწიოთ და მაყურებელსა თუ მკითხველს ხარისხიანი და სანდო მედიაპროდუქტი მივაწოდოთ.
საქართველოს უნივერსიტეტის „საგამოძიებო მედია ლაბი“ (IML) სტუდენტებისა და მოქმედი ჟურნალისტებისთვის შავი ზღვის თემატიკაზე საგამოძიებო იდეების (პიჩების) კონკურსს მართავს. მასში მონაწილეობის მსურველებს განაცხადების გაგზავნა 4 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.
ორგანიზატორების ცნობით, იდეა უნდა უკავშირდებოდეს შავ ზღვას და ეფუძნებოდეს მკაფიო საგამოძიებო ჰიპოთეზას - საკითხს, რომლის გადამოწმებასაც ავტორი კონკრეტული წყაროებითა და მტკიცებულებებით გეგმავს. ის წერილობით, ინგლისურ ენაზე უნდა მომზადდეს და არ უნდა აღემატებოდეს 800 სიტყვას.
IML-ი კონკურსანტებს სთავაზობს სასურველ თემატურ
მიმართულებებსაც, რომლებიც სარეკომენდაციოა და არა სავალდებულო:
• ზღვა და სანაპირო ზეწოლის ქვეშ - დაბინძურება, ნარჩენები, ჩამდინარე
წყლები, ეროზია და ეკოსისტემები.
• თევზჭერა და კვების ინდუსტრია - თევზჭერის პრაქტიკა, კვოტები,
ლიცენზიები, უკანონო/აღურიცხავი თევზჭერა და პროდუქტის
უსაფრთხოება.
• კლიმატი, ბუნებრივი საფრთხეები და სანაპიროს მდგრადობა -
წყალდიდობები, მეწყრები, სანაპიროს ეროზია, კლიმატური რისკები და
ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურა.
„საგამოძიებო მედია ლაბი“ შესული განაცხადებიდან 9 საუკეთესო იდეას შეარჩევს, რომლებსაც ფინალისტები მენტორებთან ერთად დაამუშავებენ და Open Black Sea 2026-ზე, შავი ზღვის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფესტივალზე საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარადგენენ.
გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან და მიიღებენ 3-თვიან სარედაქციო მხარდაჭერას IML-ისა და „ბათუმელების“ გუნდისგან იდეების სრულფასოვან საგამოძიებო მასალებად ქცევისთვის.
Emerging Voices - საგამოძიებო იდეების ჰაკათონი Open Black Sea ფესტივალზე 9-10 ოქტომბერს გაიმართება. ეს ფესტივალი შავი ზღვის რეგიონის 6 ქვეყნის: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, საგამოძიებო ჟურნალისტიკის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. მის ფარგლებში ხელი მოეწერება დეკლარაციასაც შავი ზღვის აუზის ქვეყნების საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელის დაფუძნების შესახებ.
Open Black Sea 2026-ის მთავარი თემაა: From Crisis to
Solutions - An Investigative Path to Survival and
Renewal.
„საქართველოს ამბების“/„მთის ამბების“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა
მთივლიშვილის ინფორმაციით, „საქართველოს ამბების“ ვებგვერდი
კიბერთავდასხმის შედეგად გაითიშა.
მთივლიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, რომ ეს მათ ვებგვერდებზე კიბერთავდასხმის პირველი შემთხვევა არაა:
„ერთი, ორი, სამი - ყველაზე მოწყვლადები მაინც კიბერთავდასხმების მიმართ აღმოვჩნდით. ალბათ იმიტომაც, რომ წლების განმავლობაში, მწირი და მუდმივად შეზღუდული რესურსების ფონზე, მთელ დროსა და ენერგიას კონტენტის წარმოებას ვუთმობდით. გვინდოდა, ყველგან მივსულიყავით, სადაც ვჭირდებოდით - სიღრმისეულად შეგვესწავლა, გაგვეშუქებინა, სათქმელი რაც შეიძლება ფართო აუდიტორიამდე მიგვეტანა და რეალური ცვლილებები გამოგვეწვია.
ამისათვის გვერდით ვედექით ადგილობრივ ინიციატორებს სხვადასხვა რეგიონიდან, უმეტესად კი თვითონ ვაინიცირებდით და პარტნიორებთან ერთად ვახორციელებდით ადვოკატირების მრავალ კამპანიას. მათ შორის: დიალიზის ცენტრების გახსნა მთიან რეგიონებში - თითქმის ყველგან, სადაც წლების განმავლობაში ეს სერვისიც არ არსებობდა; სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა მთისა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; სინათლე უშუქო სოფლებში; მთის და საზღვრისპირა დასახლებების ინტერნეტიზაცია; რუსი ოლიგარქის პარტნიორზე გასხვისებული რაჭის ტყეების გამოხსნა და ბევრი სხვა. ეს იყო ჩვენი ყოველდღიური საფიქრალიც და საზრუნავიც. სამწუხაროდ, კიბერუსაფრთხოების კუთხით მედეგობა არასდროს ყოფილა ჩვენი ძლიერი მხარე.
ხოდა, ჯერ ერთი საიტი გაგვიუბედურეს - regmarket.ge, რომელიც 2015 წელს IREX-ის მხარდაჭერით შევქმენით. ეს იყო ფასიანი და უფასო განცხადებების პლატფორმა, რომელსაც ცოტაოდენი შემოსავალი მოჰქონდა და ამ რესურსს ისევ ხარისხიანი ჟურნალისტიკის შესაქმნელად ვიყენებდით. როგორც კი შევიტყვეთ, რომ საიტზე ნარკოტიკების რეალიზაციის შესახებ განცხადებები განათავსეს და მათი წაშლა ვერაფრით შევძელით, იძულებული გავხდით, პლატფორმა დაუყოვნებლივ მთლიანად გამოგვერთო. ამ უკიდურესად რეპრესიულ და კრიზისულ პერიოდში მის აღსადგენად ფიზიკურად რესურსი არ გვაქვს.
მალევე გატეხეს ჩვენი მეორე ვებგვერდი - reginfo.ge. მასზე კახეთის საინფორმაციო ცენტრისა და შემდგომ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით წლების განმავლობაში დაგროვილი მნიშვნელოვანი მასალების არქივი ინახებოდა, რომელიც საძიებო სისტემებში საუკეთესოდ იძებნებოდა. ეს საიტიც გამოვრთეთ. არქივები კი შენახული გვაქვს, თუმცა, სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის ხილვადი აღარ არის.
ახლა კი ჩვენი მთავარი საიტი - sakartvelosambebi.ge გატეხეს. ვვარაუდობთ, ასე მარტივად იმიტომ გვერევიან, რომ საიტები ძველ ძრავებზეა აწყობილი. მინიმალური რესურსების გამო შესაბამისი პროგრამული განახლებები ვერ უზრუნველვყავით, რამაც თავდამსხმელებს საქმე გაუადვილა. ძალიან ამოგვიჩემეს და გვარიანადაც გვაზიანებენ“.
ვებგვერდებზე მომხდარ კიბერთავდასხმებთან ერთად, გელა მთივლიშვილი პანკისის სათემო რადიოს მნიშვნელობასა და მისი დახურვის მიზეზებზეც წერს:
„თითქოს ეს არ იყო საკმარისი, „ქართული ოცნების“ რეპრესიული კანონმდებლობის გამო, იძულებული გავხდით და დავხურეთ პანკისის სათემო რადიო - პროექტი, რომელიც მრავალი გამოწვევის მიუხედავად, 10 წლის წინ შევქმენით. ამ პერიოდში უზარმაზარი საქმე გავაკეთეთ, მათ შორის ბევრი ისეთი, რაც სამსახურებრივად არც გვევალებოდა, მაგრამ ხალხს ჰაერივით სჭირდებოდა. ხეობაში რადიო მხოლოდ ინფორმაციის წყარო არ ყოფილა - მან საგანმანათლებლო მისიაც იკისრა. შეიქმნა სასწავლო ცენტრი, სადაც 500-ზე მეტმა ადამიანმა უფასოდ ისწავლა კომპიუტერული პროგრამები, ავტომობილის მართვის თეორია და პრაქტიკა, „ორის“ ბუღალტერია, საფეხმავლო გიდობა და საოჯახო ტურიზმი. სულ მცირე 40-ზე მეტ ოჯახს დავეხმარეთ სტარტაპ გრანტების (25–50 ათასი ლარი) მოპოვებასა და საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში.
ყველა კრიტიკულ მომენტში სათემო რადიო თემის გვერდით იდგა - იქნებოდა ეს სირიაში ახალგაზრდების წასვლის წინააღმდეგ ბრძოლა, ლაფანყურის სპეცოპერაციის მხილება და საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნა, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე, ჰესების მასობრივი მშენებლობის საწინააღმდეგო გამოსვლები თუ სხვა.
რადიოსთვის ლაფანყურის თემა წლების განმავლობაში საკვანძო იყო. პანკისის სათემო რადიო ჯერ არც კი არსებობდა, როდესაც ლაფანყურის სპეცოპერაციის დეტალები ვამხილეთ: ის, რომ დივერსანტები დაღესტნიდან თუ ჩრდილოეთ კავკასიიდან არ გადმოსულან (როგორც ამას მაშინდელი ხელისუფლება და პროპაგანდა ამტკიცებდა) და სინამდვილეში პანკისის ხეობის მცხოვრებლებიც ჩახოცეს. წლები ვაშუქებდით ამ ამბავს, ვიდრე აქ თუ საზღვარგარეთ (თურქეთში, გერმანიაში, სირიაში) სათითაოდ არ ამოხოცეს ამ საქმის ცოცხლად გადარჩენილი მონაწილეები და მოწმეები.
გვებრძოდა სუს-თან მჭიდროდ დაკავშირებული და ორგანიზებულ დანაშაულებებში (მკვლელობა, გატაცება) ჩვენ მიერ არაერთხელ მხილებული ჯგუფი, რომელსაც ზოგიერთი ადგილობრივიც უჭერდა მხარს. აორგანიზებდნენ აქციებს რადიოს წინააღმდეგ, გვემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით და რადიოს დარბევითაც კი, თუმცა სახელმწიფოს არცერთი ეს შემთხვევა არ გამოუძიებია!
პანკისში კეთილმოწყობილი ოფისი და სასწავლო ცენტრი გვქონდა. კეთილმოწყობილი ახლაა, თორემ როდესაც მუნიციპალიტეტისგან იჯარით ავიღეთ, სრულიად დანგრეული და გაოხრებული იყო: წყალი ჩადიოდა, სახურავი, კარ-ფანჯარა და იატაკიც კი არ ჰქონდა. ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ. ისეთი სივრცე შევქმენით, რომ „ქართული ოცნების“ მინისტრებიც კი ვერ მალავდნენ გაოცებას, როდესაც სათემო რადიოს პირდაპირ ეთერში სტუმრად მოდიოდნენ.
ამ ოფისიდან რომ გაგვასახლონ, ჯერ პოლიციას მიმართეს გამობარგების მოთხოვნით, ახლა კი სასამართლოში გვიჩივლა ახმეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა (წარმოშობით ხევსურმა!!!). მერად მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ ბიძამისი, შენგელი ფიცხელაური, სუს-ის უფროსის მოადგილე იყო. ეს ოფისი „ქართული ოცნების“ ერთ ხარბ აქტივისტს დაჰპირდნენ, რომელიც დიდი ხანია ცდილობს მის ხელში ჩაგდებას.
ახლა მთავარია ქვეყანა არ დავკარგოთ. ბრძოლა ბოლომდე
- ყველაფერი დანარჩენი აღდგება! სარგებელზე დახარბებული ჭია-ღუები
მხოლოდ დროებით ხარობენ!“.
ცნობისთვის, 25 ივლისს საგამოძიებო პლატფორმა „მონიტორმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ YouTube არხზე კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც ის 5 დღის მანძილზე გათიშული იყო. დროებით დაიბლოკა „მონიტორის“ facebook გვერდიც.
რეგიონული მედიის - TOKTV-ის ინფორმაციით, კიბერშეტევა რამდენჯერმე განხორციელდა მათ ვებგვერდზეც.