მულტიმედია
ComCom-მა „იმედი“ და „რუსთავი 2“ 2 500-2 500 ლარით დააჯარიმა


კომუნიკაციების კომისიამ პროსამთავრობო ტელეკომპანიები „იმედი“ და „რუსთავი 2“ ახალი ამბების პირადი დამოკიდებულების/მოსაზრებების საფუძველზე გაშუქებისთვის 2 500-2 500 ლარით დააჯარიმა. როდესაც მაუწყებელს ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის წერილობითი გაფრთხილება უკვე მიღებული აქვს, კომისია მას პირველ ჯერზე სწორედ 2 500 ლარით აჯარიმებს. 

კომისიამ „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხები 5 ნოემბრის სხდომაზე განიხილა, გადაწყვეტილებები კი დღეს, 19 ნოემბერს გამოაცხადა. 

კომუნიკაციების კომისიამ მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების დარღვევისთვის, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება, „იმედი“, სხვა მაუწყებლებთან ერთად, პირველად წერილობით აპრილში გააფრთხილა. 

5 ნოემბერს, „იმედის“ საკითხის მოხსენებელმა კი თქვა, რომ მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა, პერიოდული მონიტორინგის ფარგლებში, 12-14 ოქტომბერს გასული ახალი ამბების პროგრამები შეამოწმა და გამოავლინა, რომ ტელეკომპანიამ ახალი ამბები პირადი მოსაზრებისა და დამოკიდებულების საფუძველზე გააშუქა, რითაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის - „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ მე-5 პუნქტი დაარღვია.   

დარღვევის მაგალითებად პავლე ბერიამ ახალი ამბების გაშუქებისას წამყვანის მიერ გამოყენებული შემდეგი ფრაზები დაასახელა: „პოლიტიკურ სცენაზე გადანაცვლებით ევროკავშირის ელჩი ვენის კონვენციას არღვევს, მის შემთხვევაში საქმე რეციდიული ხასიათის დარღვევასთან გვაქვს, თუმცა პრობლემა კიდევ უფრო მასშტაბურია“; „პრობლემა დიპლომატისგან ცეკვით გამოხატულ პოლიტიკურ განაცხადშია. პაველ ჰერჩინსკიმ საკუთარი პოლიტიკური პოზიცია ამჯერად ევროპის დღეების ფარგლებში დააფიქსირა, როცა კახეთში ღონისძიების მუსიკალური გაფორმებისთვის ის ჯგუფი შეარჩია, რომელიც სცენიდან უკვე წლებია საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს აგინებს“; „როცა შალვა პაპუაშვილი ამას ამბობს, მას არგუმენტებიც ბევრი აქვს“; „გვარამიას ეს ზედმეტი თვითდაჯერება და პოლიტიკური ანალიზიც როგორც მოსალოდნელი იყო იმაზე ფუჭი აღმოჩნდა, ვიდრე, ალბათ, ამ პროგნოზისას თავად იფიქრებდა“; „ქართული ოპოზიცია უკვე წლებია იმედით სწორედ გარე აქტორებს შეჰყურებს და შველასაც მათგან ელის, თავად კი მთავარ საქმედ მცირერიცხოვანი ელექტორატის ილუზიებში ყოფნა აქციეს“; „მძიმე თავად ოპოზიციური რეალობაა იმდენად, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა საკუთარ ევროპელ მეგობრებთან დაპირისპირებაში შედის“; „ცრუ დაპირებები ოპოზიციის ელექტორატმა უკვე ბევრჯერ ნახა, ასეა ყველა არჩევნების წინ, გაფორმებულ მარცხამდე წუთებით ადრეც კი ხელისუფლების ოპონენტები წლებია ამომრჩეველს საკუთარ გამარჯვებაში არწმუნებენ, მერე მორიგი იმედგაცრუება დგება“.


ბერაიას თქმით, კომისიისთვის წარდგენილი წერილობითი პოზიციით „იმედი“ მომზადებულ დასკვნას არ დაეთანხმა. ტელეკომპანიის წარმომადგენელი საკითხის განხილვასაც ესწრებოდა. 

სალომე თხელიძის ახსნა-განმარტებით, არხი იმას არ ამტკიცებს, რომ „მაუწყებელი გათავისუფლებულია მიუკერძოებლობისა და კანონით დადგენილი სხვა მოთხოვნების დაცვისგან, თუმცა აღნიშნული მოთხოვნები უნდა განიმარტოს გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური და კონვენციური გარანტიების გათვალისწინებით და ამ ფონზე, ამ გარანტიების გათვალისწინებით, ამ პრინციპების დაცვის პარალელურად მხოლოდ ფრაზების ჩამოთვლა და მითითება, რომ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლითაც მიკერძოებულობა არის აკრძალული და მიკერძოების პრინციპთან არის შემხებლობაში, ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა, თავად საქართველოს კონსტიტუციას… 

მაუწყებელი არ უარყოფს, რომ კრიტიკული ხასიათი ჰქონდა, ცოტა ხისტი ხასიათი ჰქონდა ამ გამოთქმულ ფრაზებს, თუმცა მათ არანაირი შემხებლობა, ყოველ შემთხვევაში, დასაბუთება არა აქვს მითითებული ამ დეპარტამენტს, თუ რატომ არის ესენი ამ კონკრეტული ნორმის დარღვევა.

შეზღუდვის გამოყენება უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ სამართლებრივ საფუძველს და სათანადოდ დასაბუთებულ შეფასებას. დაუშვებელი არის ჟურნალისტური გამონათქვამის კრიტიკული ტონი ან ემოციური ფორმა თავისთავად იქცეს, რა თქმა უნდა, სამართალდარღვევის მტკიცებულებად, ეს საკმაოდ მანკიერ პრაქტიკას დაამკვიდრებს, სწორედ ამიტომ, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ უნდა შეაფასოს არა ის თუ რამდენად მისაღებია მისთვის ჟურნალისტის მიერ გამოყენებული ფორმულირება და რამდენად საზოგადოებისთვის, ფართო ფენებისთვის არის მისაღები, არამედ ის აკმაყოფილებს თუ არა კონკრეტული გამონათქვამი, რომელიც დეპარტამენტმა მიუთითა 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნებს…“

ComCom-მა ახალი ამბების პირადი დამოკიდებულების/მოსაზრებების საფუძველზე გაშუქებისთვის სექტემბერში წერილობით გააფრთხილა „რუსთავი 2“-იც.  

„რუსთავი 2“-ის (სს „მედია ჰოლდინგი“) მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ამავე მუხლის შესაძლო დარღვევისთვის იყო დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება ამჯერადაც. 

5 ნოემბრის სხდომაზე საკითხის მომხსენებელმა თქვა, რომ მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტმა პერიოდული მონიტორინგის ფარგლებში ტელეკომპანიის ეთერში 12-14 ოქტომბერს გასული ახალი ამბების პროგრამები შერჩევითად შეამოწმა და გამოავლინა, რომ არხმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი დაარღვია.

დარღვევის მაგალითებად დასახელებულ წამყვანის მიერ ნათქვამ ფრაზებს შორისაა: „დიალოგის ჩაკეტვით ბრიუსელი არა მხოლოდ ბერკეტს კარგავს, არამედ მისი გავლენებიც დასუსტებულია რეგიონში“, „კლასტერების გახსნაზე მეტად ევროპას საკუთარ კონტინენტზე სხვა ბევრად დიდი გამოწვევები აქვს დასაძლევი“, „მუდამ საგარეო წნეხზე დამოკიდებული ოპოზიცია“, „კრიტიკა სახის შენარჩუნებისთვის“, „ევროკავშირი საკუთარი რიტორიკის მძევალია“, „საქართველო პარადოქსშია, ევროკავშირი კი საკუთარ ხაფანგში“.

 

საკითხის განხილვას ესწრებოდა „რუსთავი 2“-ის წარმომადგენელიც. სალომე ჭელიძის თქმით, „ნებისმიერი შეფასება არის სუბიექტური და ჩვენი წამყვანები და ჩვენი ტელევიზია ყოველთვის ცდილობს, რომ მით უმეტეს ჟურნალისტებმა და მით უმეტეს საინფორმაციო მიმართულებით, კონკრეტულად არ დააფიქსირონ ხოლმე პირადი შეხედულებები და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ინფორმაცია იყოს ინფორმატიული და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მოწოდებული ინფორმაცია იყოს საინტერესო და შემაჯამებელი, როგორსაც ამზადებენ ხოლმე სიუჟეტს. ეს მინდოდა მეთქვა. ანუ ცალსახად შეფასების კატეგორიაა, მოხდა თუ არა დარღვევა, თუმცა ამ მიმართულებით ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ნებისმიერი შეფასება არის სუბიექტური და ამიტომ თუ იქნება დარღვევა, კიდევ ერთხელ ვთხოვთ თანამშრომლებს, რომ კიდევ უფრო სხვანაირად მოგვაწოდონ ხოლმე ინფორმაცია“. 

კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების დარღვევისთვის, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება, აგვისტოში 2 500 ლარით დააჯარიმა „პოსტვ“-იც. 

ორჯერ, 2 500 და 5 000 ლარით დააჯარიმეს „TV პირველი“, ტელეკომპანია „ფორმულა“ კი გაზაფხულიდან მოყოლებული უკვე სამჯერ: 2 500 , 5 000 და 10 000 ლარით არის დაჯარიმებული. 

---------------------------------
ბოლოს, „ფორმულას“ ახალი ამბების პროგრამაში საკითხის მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქებად ჩაუთვალეს სადავო სიუჟეტებში ისეთი ფრაზების სისტემატურად გამოყენება, როგორებიცაა: „ოცნების პრემიერი“, „ქართული ოცნების სუსი“, „ოცნების პარლამენტი“, „ივანიშვილის პრემიერი“, „ოცნების ფინანსთა სამინისტრო“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“.  

ახალი ამბების პროგრამაში საკითხის მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქებად ჩაუთვალეს „TV პირველსაც“ სადავო სიუჟეტებში ისეთი ფრაზების გამოყენება, როგორიცაა, მაგალითად: „დიდი ნადირობა მოაწყო“; „სქროლვა სქრინვის სააგენტო“; „სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ახალი ეტაპი და კანონის ჩანაცვლება ქუჩის წესრიგით. ქართული ოცნება ეგრეთწოდებული მორალის პოლიციის ჩამოყალიბებას იწყებს“; „ჩეჩნური ტიპის რაზმი“; „დიდი ნადირობა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე“; „აქტივისტებზე ნადირობა“; „პოლიციას ნერვებმა უმტყუნა“.   
---------------------------------

კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმების პრაქტიკაში ამოქმედება, „რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს“, 6 მარტს, ბრიტანეთის მიერ სამთავრობო ტელეკომპანიების: „იმედისა“ და „პოსტვ“-ის დასანქცირების შემდეგ, დააანონსა. ComCom-ს თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა გასული წლის გაზაფხულზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით მიეცა. 

 
Emerging Voices ჰაკათონისთვის საგამოძიებო იდეების მიღება 4 ოქტომბერს სრულდება

საქართველოს უნივერსიტეტის „საგამოძიებო მედია ლაბი“ (IML) სტუდენტებისა და მოქმედი ჟურნალისტებისთვის შავი ზღვის თემატიკაზე საგამოძიებო იდეების (პიჩების) კონკურსს მართავს. მასში მონაწილეობის მსურველებს განაცხადების გაგზავნა 4 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. 

ორგანიზატორების ცნობით, იდეა უნდა უკავშირდებოდეს შავ ზღვას და ეფუძნებოდეს მკაფიო საგამოძიებო ჰიპოთეზას - საკითხს, რომლის გადამოწმებასაც ავტორი კონკრეტული წყაროებითა და მტკიცებულებებით გეგმავს. ის წერილობით, ინგლისურ ენაზე უნდა მომზადდეს და არ უნდა აღემატებოდეს 800 სიტყვას. 

IML-ი კონკურსანტებს სთავაზობს სასურველ თემატურ მიმართულებებსაც, რომლებიც სარეკომენდაციოა და არა სავალდებულო:

• ზღვა და სანაპირო ზეწოლის ქვეშ - დაბინძურება, ნარჩენები, ჩამდინარე წყლები, ეროზია და ეკოსისტემები.

• თევზჭერა და კვების ინდუსტრია - თევზჭერის პრაქტიკა, კვოტები, ლიცენზიები, უკანონო/აღურიცხავი თევზჭერა და პროდუქტის უსაფრთხოება.

• კლიმატი, ბუნებრივი საფრთხეები და სანაპიროს მდგრადობა - წყალდიდობები, მეწყრები, სანაპიროს ეროზია, კლიმატური რისკები და ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურა.

„საგამოძიებო მედია ლაბი“ შესული განაცხადებიდან 9 საუკეთესო იდეას შეარჩევს, რომლებსაც ფინალისტები მენტორებთან ერთად დაამუშავებენ და Open Black Sea 2026-ზე, შავი ზღვის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფესტივალზე საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარადგენენ. 

გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან და მიიღებენ 3-თვიან სარედაქციო მხარდაჭერას IML-ისა და „ბათუმელების“ გუნდისგან იდეების სრულფასოვან საგამოძიებო მასალებად ქცევისთვის. 

Emerging Voices - საგამოძიებო იდეების ჰაკათონი Open Black Sea ფესტივალზე 9-10 ოქტომბერს გაიმართება. ეს ფესტივალი შავი ზღვის რეგიონის 6 ქვეყნის: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, საგამოძიებო ჟურნალისტიკის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. მის ფარგლებში ხელი მოეწერება დეკლარაციასაც შავი ზღვის აუზის ქვეყნების საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელის დაფუძნების შესახებ. 

Open Black Sea 2026-ის მთავარი თემაა: From Crisis to Solutions - An Investigative Path to Survival and Renewal.  



„სიტყვის თავისუფლება ისეთი რაღაცაა, კომპრომისი არ უყვარს და მანდ ჩემი მხრიდან არ იქნება კომპრომისი უბრალოდ“, - ვახო სანაია


ვახო სანაია პირველი ჟურნალისტია, ვისაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსების გამო ადმინისტრაციული პატიმრობა უკვე მეორედ აქვს შეფარდებული.

ტელეწამყვანს „ქართული ოცნების“ წევრების, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფის საბაბით, ამჯერად 30-დღიანი პატიმრობა 19 ოქტომბერს შეუფარდეს. 

ვახო სანაიასთან ინტერვიუ „მედიაჩეკერმა“ მის დაპატიმრებამდე, მას შემდეგ ჩაწერა, რაც ცნობილი გახდა, რომ შსს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო ისევ ედავებოდა.


ტელეკომპანიების მიერ ბოლო 5 წლის მანძილზე მიღებული კომერციული სარეკლამო შემოსავლები
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ 2025 წელს 45.04 მილიონი ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის შემოსავალზე 20.2 მილიონი ლარით მეტია. 2024 წელთან შედარებით, გასულ წელს 1.4 მილიონით გაიზარდა POSTV-ის კომერციული შემოსავალიც.

2025 წელს 8.3 მილიონით გაიზარდა და 18.5 მილიონ ლარს გაუტოლდა „რუსთავი 2“-ის („მედია ჰოლდინგის“) კომერციული სარეკლამო შემოსავალიც. 2024 წელთან შედარებით, გასულ წელს 2.6-ჯერ გაიზარდა GDS-ის კომერციული შემოსავალიც.

ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანიებმა: „ფორმულამ“ და „TV პირველმა“ კი გასულ წელს ჯამში 10 585 573 ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღეს, რაც 4-ჯერ ნაკლებია ვიდრე სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“.

analytics.comcom.ge-ის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ, როგორი იყო ტელეკომპანიების მიერ ბოლო 5 წლის მანძილზე მიღებული კომერციული სარეკლამო შემოსავლები.

[კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს].

* შენიშვნა: analytics.comcom.ge-ზე იძებნება „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ 2021 წლის I და II კვარტალში მიღებული კომერციული სარეკლამო შემოსავალიც - ჯამში 489 621ლარი, რომელიც ქარდზე ასახულ „მედია ჰოლდინგის“ შემოსავალში გათვალისწინებული არ არის. „რუსთავი 2“ და „პრაიმ ტაიმი“ „მედია ჰოლდინგში“ სწორედ 2021 წელს გაერთიანდნენ.