კობის ტრაგედიის გაშუქება - შეცდომები, დასჯილი ჟურნალისტები, გამოცემების პირველი გვერდები
02.02.2020
alt


ცნობილი კალათბურთელი კობი ბრაიანტი 26 იანვარს ტრაგიკულად ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა. შემთხვევას ბრაიანტის 13 წლის ქალიშვილი და კიდევ 7 ადამიანი ემსხვერპლა. NBA-ის ვარსკვლავის დაღუპვა თავდაპირველად მედიაში ბევრი არაზუსტი დეტალით გაშუქდა, კრიტიკა მოჰყვა ამერიკულ ტაბლოიდ TMZ-ის, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა ცნობა ბრაინატის დაღუპვის შესახებ. აუდიტორიაში განსხვავებული რეაქციები გამოიწვია ბრაიანტის გაუპატიურების ბრალდების სკანდალის გახსენებამ The Guardian-ისა და Washington Post-ის ჟურნალისტების მიერ. კალიფორნიის ქალაქ ლოს-ანჯელესში მომხდარი შემთხვევა მომდევნო დღეების განმავლობაში როგორც ამერიკის, ისე საერთაშორისო მედიის მთავარი თემად იქცა.

როდის უნდა გაეშუქებინა კობი ბრაიანტის დაღუპვის ამბავი TMZ-ის?

"TMZ-ის 14-წლიან ისტორიაში ვებგვერდზე ნახვების მიხედვით კობი ბრაიანტის დაღუპვა ყველაზე დიდი ამბავია", - ასე შეაფასა TMZ-ის დამფუძნებელმა ჰარვი ლევინმა ინფორმაცია, რომელიც ოფიციალურად დადასტურებამდე 4 საათით ადრე პირველმა სწორედ მისმა მედიასაშუალებამ გაავრცელა.

TMZ-ი მალევე არაერთი ადამიანის კრიტიკის ობიექტად იქცა. მათ შორის იყო ლოს ანჯელესის შერიფი ალექს ვიანუევა, რომელმაც კონფერენციაზე ტაბლოიდი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ "მსხვერპლების ოჯახებისთვის მათი ახლობლების დაღუპვის შესახებ ამბის TMZ-დან გაგება შეურაცხმყოფელი და შეუფერებელია".

იმავე ბრალდებით, რომ გამოცემამ იქამადე გაავრცელა კობი ბრაიანტის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია, ვიდრე მისი და სხვა მსხვერპლების ოჯახის წევრები გაიგებდნენ, ტაბლოიდის წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა, რომელსაც ამ დროის მონაცემებით, ნახევარ-მილიონზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.alt

 ჰარვი ლევინი გააკრიტიკა და თავის აუდიტორიას პეტიიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა მსახიობმა ელენ პომპეომაც.


 
TMZ-ის დამფუძნებელმა კობი ბრაიანტის დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების სარედაქციო გადაწყვეტილება კი ტელეკომპანია FOX 11-ის ეთერში განმარტა. ლევინის განცხადებით, ამბის გავრცელებამდე ერთი საათით ადრე ბრაიანტის დაღუპვის შესახებ ცნობა კალათბურთელთან დაახლოებულ რამდენიმე პირთან სატელეფონო საუბრების საშუალებით გადაამოწმა და მათგანვე მიიღო ინფორმაცია, რომ ბრაიანტის ოჯახმა ტრაგედიის შესახებ იცოდა, რის შემდეგაც ამბავი ვებგვერდზე გამოაქვეყნეს. თუმცა რჩებოდა კიდევ ერთი ეთიკური დილემა: ბრაიანტის ოჯახის გარდა, სხვა მსხვერპლების ოჯახებმა ხომ არ გაიგეს ამბავი სწორედ მედიიდან? რაზეც ტაბლოიდის დამფუძნებელს შემდეგი არგუმენტი აქვს.


                                       

"არსებობს რომელიმე ახალი ამბების ორგანიზაცია, რომელმაც განაცხადა, რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავით? ვფქრობ, სამართლიანია ამ თემის [სხვა მსხვერპლთა ოჯახის წევრების მიერ ამბის მედიიდან შეტყობა] განსახილველად წინ წამოწევა, მაგრამ პრობლემა მდგომარეობს ამაში: რამდენ ხანს უნდა მოგვეცადა? შერიფმა გუშინ კონფერენციაზე კობის იდენტიფიცირება მოახდინა. ასე რომ, რა დროზე საუბრობენ? რეალობა ისაა, რომ მსოფლიოში ნებისმიერმა მედია ორგანიზაციამ ამბავი იმაზე ბევრად ადრე გააშუქა, ვიდრე მსხვერპლების სახელები გახდა ცნობილი. თქვენ [როგორც ტელევიზიას] გაგიშუქებიათ ავიაკატასტროფები და როცა ეს ხდება ტელევიზიით აცხადებთ, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა, არავინ გადარჩენილა, ამბობთ სად მიფრინავდა და რეისის ნომერსაც კი ასახელებთ. გამოდის, [პირობითად] 300 ადამიანს შეატყობინეთ, რომ მათი ნათესავები თვითმფრინავში ისხდნენ, თუ მათ იცოდნენ, რომ ისინი ამ რეისზე იყვნენ. მაგრამ თქვენ ამას აკეთებთ და ასე უნდა მოიქცეთ კიდეც, რადგან ეს ახალი ამბავია და მასზეც იგივე პრინციპი ვრცელდება", - განაცხადა ლევინმა.

შეცდომები და შესწორების პრაქტიკა თემის გაშუქებისას

TMZ-ი ერთადერთი არ ყოფილა, რომელიც კობი ბრაიანტის დაღუპვის გაშუქებასთან დაკავშირებით გააკრიტიკეს. ამბის გავრცელებისას შეცდომები დაუშვეს ცნობილმა მედიასაშუალებებმა. მათ შორის BBC-მ. ტელეკომპანიის ახალი ამბების ერთ-ერთ სეგმენტში ბრაიანტის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას შეცდომით "ლოს-ანჯელეს ლეიკერსის" მოთამაშის ლებრონ ჯეიმსის კადრები გასდევდა.

                                       


მომხდარს გადაცემის რედაქტორმა პოლ როიალმა "ადამიანური შეცდომა" უწოდა და ბოდიში Twitter-ზე მოიხადა.

შეცდომები დაუშვეს სხვა გამოცემებმაც. iMediaEthics-ის ცნობით, თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბრაიანტის გარდა კიდევ 4 ადამიანი დაიღუპა. რის გამოც შესწორება შეიტანეს და ბოდიში მოიხადეს Vox-მა და KXAN-მა.

altABC News-მა აკრედიტაცია დროებით შეუჩერა თავის კორესპონდენტს მეთ გატმენს, მას შემდეგ, რაც მან შეცდომით განაცხადა, რომ ბრაიანტის ოთხივე შვილი შემთხვევის დროს ვერტმფრენში იმყოფებოდა. არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიში მოიხადა უშუალოდ ჟურნალისტმაც.

იგივე შეცდომა დაუშვა Florida TV-ის ადგილობრივმა მედიასაშუალებამ WPLG-მ, რომელმაც Twitter-ზე დაწერა, რომ დაღუპულთა შორის ბრაიანტის 4-ვე შვილიც იყო. გამოცემამ ტვიტი წაშალა.

Massachusetts Live-მა და Temple-News-მა კობი ბრაიანტთან ერთად დაღუპული შვილი - 13 წლის ჯიანა (ჯიჯი) კალათბურთელის ყველაზე უფროს ქალიშვილად მოიხსენიეს, რეალურად ჯიანა ბრაიანტი კობის მეორე შვილი იყო. ამიტომ მედიასაშუალებებმა ბოდიში მოიხადეს.

Clutch Points-მა თავდაპირველად დაწერა, რომ ბრაიანტის ოთხივე ქალიშვილი ცოცხალი და უსაფრთხოდ იყო, თუმცა მოგვიანებით ამბის განახლება მოუწია.

The New York Times-მა კობი ბრაიანტის ოსკარის ჯილდოს მიღების ხსენებისას კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი შედომით "ლეიკერსის" გუნდის წევრად მოიხსენია, რეალურად 2018 წლის მარტში ჯეიმსი "კლივლენდის" გუნდში თამაშობდა და "ლოს-ანჯელეს ლეიკერსის" წევრი ჯერ არ იყო, როს გამოც გამოცემამ სტატიას რედაქტორის შენიშვნა დაურთო.

Esquire-ის რედაქტორს კი ბოდიშის მოხდა მოუწია, რადგან მის სტატიაში შეცდომით ეწერა, რომ ბრაიანტი ჩემპიონი არა 5-ჯერ, არამედ 3-ჯერ გახდა.

გაუპატიურების ბრალდებების გახსენება

კოლორადოში 2003 წელს კობი ბრაიანტი დააკავეს. მას სასტუმროს 19 წლის თანამშრომელი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა. სპორტსმენს ბრალდება მომდევნო წელს, მას შემდეგ მოეხსნა, რაც ბრალდების მხარემ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით, ორივე მხარემ დავა სასამართლოს გარეშე მოლაპარაკების გზით მოაგვარა. კობი ბრაიანტმა გაუპატიურების ბრალდება უარყო. მისი აზრით, სექსუალური კავშირი ორმხრივი თანხმობის საფუძველზე შედგა, თუმცა ისიც ესმოდა, რომ მისი მბრალდებელი ასე არ ფიქრობდა.


alt
კობი ბრაიანტი სასამართლოს დატოვებისას კოლორადო, აშშ. 2003წ. M. Spencer Green / AP


კობი ბრაიანტის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ და ჟურნალისტმა აუდიტორიას კალათბურთელის ცხოვრების სკანდალური პერიოდი შეახსენა. 

alt

ერთ-ერთი მათგანი იყო The Washington Post-ის რეპორტიორი ფელისია სონმეზი, რომელმაც ავიაკატასტროფის შემდეგ Twitter-ზე გამოცემა Daily Beast-ის 2016 წელს სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი კობი ბრაიანტის გაუპატიურების ბრალდებზე იყო. The Washington Post-ის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, სონმეზმა რედაქციის მიერ შემუშავებული სოციალურ მედიაში ქცევის წესები დაარღვია, რის გამოც რეპორტიორს დროებით აკრედიტაცია შეუჩერდა, თუმცა ანაზღაურება შეუნარჩუნდა.



როგორც სონმეზმა The New York Times-თან განმარტა, მან მხოლოდ სტატიის ბმული (სათაურით) გააზიარა და სარედაქციო წესების გამო კომენტარი განზრახ აღარ დაუწერია. რეპორტიორის განცხადებით, სტატიის გაზიარების შემდეგ მან მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო, გარდა ამისა სოციალურ ქსელში გავრცელდა მისი სახლის მისამართიც, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით სასტუმროში დარჩენა მოუწია.

ფელისია სონმეზმა მუქარის შემცველი შეტყობინებების მიღების შესახებ, The Post-ის უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად რედაქტორს აცნობა, რომელმაც ტვიტების წაშლის რეკომენდაცია მისცა, მისი სასტუმროში დარჩენის ხარჯები კი გამოცემამ დაფარა. მოგვიანებით, რეპორტიორმა შეიტყო, რომ დამსაქმებელმა მასთან თანამშრომლობა დროებით შეწყვიტა. მედიასაშუალების გადაწყვეტილება მომდევნო დღეს The Washington Post-ის 400-ზე მეტმა თანამშრომელმა აღმასრულებელი რედაქტორისადმი მიწერილ წერილში გააპროტესტა. მენეჯმენტმა საქმეს გადახედა და ჟურნალისტი სამსახურში აღადგინა.

The Post-ის მმართველი რედაქტორის, ტრეისი გრანტის განცხადებით, სონმეზს სოციალურ მედიასათან დაკავშირებით სარედაქციო პოლიტიკა პირდაპირ არ დაურღვევია, თუმცა მან ტვიტი შეუფერებელ დროს გამოაქვეყნა. "ჩვენ [თანამშრომლებს] სოციალურ მედიაში მუდმივად თავშეკავებას ვთხოვთ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრაგიკული გარდაცვალების შემთხვევების დროს. ვწუხვართ, რომ საჯაროდ მოგვიწია ასეთ პირად საქმეზე საუბარი", - განაცხადა The Washington Post-ის რედაქტორმა.

აღსანიშნავია, რომ ფელისია სონმეზი ერთ-ერთი ქალი იყო, რომელმაც The Los Angeles Times-ის პეკინის ბიუროს ხელმძღვანელი ჯონათან კეიმანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. 2018 წელს, მედიაში ჩატარებული გამოძიების შემდეგ, კეიიმანმა თანამდებობა დატოვა.

კობი ბრაიანტის სექსაუალური ძალადობის ბრალდება გაიხსენა The Guardian-მაც. გამოცემის ვებგვერდზე მოსაზრების სტატია სათაურით "ნება მოგვეცით გავიხსენოთ კობი ბრაიანტი, ასევე გავიხსენოთ მისი მბრალდებელი" გამოქვეყნდა. The Guardian-ზე დაიწერა განხილვა იმის შესახებაც, თუ როგორ ჩაივლიდა კობი ბრაიანტის 2003 წლის "გაუპატიურების საქმე" #MeToo-ს ერაში.


კობი გამოცემების პირველ გვერდებზე 



"ლეგენდა დაიღუპა", "მადლობა კობი", "გვენატრები მამბა", - ასეთი სათაურებით დაემშვიდობნენ ცნობილი გამოცემები NBA-ს ხუთგზის ჩემპიონს. ტრაგიკული შემთხვევიდან მეორე დღეს, ორშაბათ დილას, ამერიკული ჟურნალებისა და გაზეთების უმრავლესობის პირველი გვერდები კობი ბრაიანტის ხსოვნას მიეძღვნა.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ