„დიდი ექსკორტით მომაქანეს აქ, როგორც ცნობილი კრიმინალი“ - ნინია კაკაბაძე თავისუფალია
04.11.2025
(ფოტო: „პუბლიკა“)

„მედიაჩეკერის“ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, რომელიც პოლიციამ 3 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, დააკავა, თავისუფალია. კაკაბაძის თქმით, სასამართლო მის მიმართ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით ხვალ, 4 ნოემბერს იმსჯელებს. შსს მას „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება. ნინია კაკაბაძე რუსთაველის გამზირზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, ეკეთა პრესის მაიდენტიფიცირებელი ბარათიც. 

როგორც კაკაბაძე ჰყვება, ის რუსთაველის გამზირიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს და კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში მიიყვანეს:

„ბავშვთან დარეკვის უფლებას არ მაძლევდნენ ძალიან დიდ ხანს. დაახლოებით 20 პოლიციელისგან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა გულისხმიერი, რომელმაც, როგორც იქნა, დამთანხმდა და მომცა საშუალება, რომ ბავშვთან დამერეკა, ნიკოსთან, რომელიც სახლში მარტო იყო და ვერ გავაფრთხილე აქამდე, რომ 22:00 საათზე, როდესაც წავედი უკვე სახლისკენ, რომ სახლში ავსულიყავი და დამაპატიმრეს, სადღაც 12-ის წუთებზე ძლივს დამარეკინეს, მანამდე არ მარეკინებდნენ. ადვოკატთან ბოლომდე არ დამარეკინეს, მაგრამ აი, ახლა გამომიშვეს…დიდი ექსკორტით მომაქანეს აქ, როგორც ცნობილი კრიმინალი და ახლა, ასე ძაღლივით გამომაგდეს გარეთ“.

„გზის ხელონურად გადაკეტვის“ საბაბით 19 ოქტომბრიდან დღემდე პოლიციამ არაერთი ჟურნალისტი დააკავა. სასამართლომ მათ ადმინისტრაციული პატიმრობაც შეუფარდა. 24 ოქტომბერს დააკავეს „პუბლიკას“ ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილიც, რომელსაც მოგვიანებით უთხრეს, რომ „სხვაში შეეშალათ“. მგალობლიშვილი რუსთაველის პროტესტსაც აშუქებს. 

ოქტომბერში „ქართულმა ოცნებამ" გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ის საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რის საფუძველზეც პოლიციამ „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით პროტესტის ათეულობით მონაწილე დააკავა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისთვის, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ