ქარტია ნინია კაკაბაძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეწყვეტას მოითხოვს
04.11.2025

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული საქმის წარმოება მისი მედიაპლატფორმის „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის მიმართ და გაუქმდეს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

ქარტიის განცხადებით, „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტები პროევროპული პროტესტის დაწყების დღიდან აშუქებენ საპროტესტო აქციებს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ სხვა ლოკაციებზე. ნინია კაკაბაძე 3 ნოემბერსაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ის იდგა არა მანიფესტანტებთან, არამედ სხვა ჟურნალისტებთან ერთად და კადრებს იღებდა. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ნინია კაკაბაძისა და სხვა ჟურნალისტების დაკავებას დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის და კრიტიკული ხმების ჩახშობის მცდელობად მიიჩნევს.

„გუშინ, 3 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, პოლიციამ დააკავა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიაპლატფორმის „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე. შსს მას, სავარაუდოდ, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. ნინია კაკაბაძე რუსთაველის გამზირიდან, სადაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც დააკავეს და კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გადაიყვანეს. 

ჟურნალისტის თქმით, მას დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევდნენ მცირეწლოვან შვილთან დარეკვის საშუალებას, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა. მოგვიანებით ნინია კაკაბაძე გაათავისუფლეს. სასამართლო მის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით სავარაუდოდ დღეს, 4 ნოემბერს, იმსჯელებს. 

„მედიაჩეკერის“ ჟურნალისტები პროევროპული პროტესტის დაწყების დღიდან აშუქებენ საპროტესტო აქციებს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ სხვა ლოკაციებზე. ისინი ფოტო და ვიდეოკამერაზე ასახავენ ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შესაძლო ფაქტებსაც.

როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს, ნინია კაკაბაძე 3 ნოემბერსაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ის იდგა არა მანიფესტანტებთან, არამედ სხვა ჟურნალისტებთან ერთად და კადრებს იღებდა. 

ნინია კაკაბაძის და სხვა ჟურნალისტების დაკავებას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის და კრიტიკული ხმების ჩახშობის მცდელობად მიიჩნევს. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული საქმის წარმოება მისი მედიაპლატფორმის „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის, მიმართ და გაუქმდეს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი“ - ვკითხულობთ ქარტიის განცხდებაში.

„გზის ხელონურად გადაკეტვის“ საბაბით 19 ოქტომბრიდან დღემდე პოლიციამ არაერთი ჟურნალისტი დააკავა. სასამართლომ მათ ადმინისტრაციული პატიმრობაც შეუფარდა. 24 ოქტომბერს დააკავეს „პუბლიკას“ ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილიც, რომელსაც მოგვიანებით უთხრეს, რომ „სხვაში შეეშალათ“. მგალობლიშვილი რუსთაველის პროტესტსაც აშუქებს. 

ოქტომბერში „ქართულმა ოცნებამ" გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ის საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რის საფუძველზეც პოლიციამ „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით პროტესტის ათეულობით მონაწილე დააკავა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისთვის, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.

 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ