ფოტომასალა და საავტორო უფლებები
24.05.2016
პატარა გამოცემებს არ აქვთ ფინანსური რესურსი ფასიანი ფოტოკონტენტის შესაძენად. თუმცა მუშაობა ისე, რომ არ დაირღვეს საავტორო უფლებები, შესაძლებელია. გთავაზობთ რამდენიმე სერვისს, რომლებიც ფოტოს ლეგალურად ჩამოტვირთვაში დაგეხმარებიან.

როგორ უნდა მოვამზადოთ მასალა ისე, რომ სხვისი საავტორო უფლებები არ დავარღვიოთ?

უფასო ფოტოსერვისების უმრავლესობა Creative Commons Zero ან CC0-ის ლიცენზიით მუშაობენ ეს ლიცენზია არაკომერციულ ორგანიზაციას Creative Commons-ს ეკუთვნის, რომელმაც შექმნა საჯარო ლიცენზიები (თავისუფალიდან არათავისუფლამდე) კონტენტის გავრცელებისა და მისი ლეგალური გამოყენებისათვის. CC0 ლიცენზია ნიშნავს, რომ საავტორო უფლებების მფლობელმა პირმა თავისი კონტენტი და მისი გამოყენების უფლება ნებისმიერი ადამიანისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

CC0-ს ლიცენზიით მრავალი ცნობილი ვებგვერდი სარგებლობს. ვებგვერდზე http://foter.com/ განთავსებულია 220 მილიონზე მეტი უფასო ფოტო და ილუსტრაცია, რომლებიც მრავალი ონლაინ-რესურსისგანაა შეგროვებული. აგრეგატორთან მუშაობისათვის საჭიროა რეგისტრაცია. საიტი განსაკუთრებით სასარგებლოა სპეციალური პლაგინებით იმ მომხმარებლისთვის, რომელიც Wordpress-ის პლატფორმაზე შექმნილი საიტებით სარგებლობს. პლაგინი ძებნის, ჭრის და ბლოგებზე ფოტოების სწრაფად ატვირთვის საშუალებას იძლევა.

კიდევ ერთი ცნობილი წყაროა საიტი Free Images, რომელზეც 388 000 ფოტო და ილუსტრაციაა განთავსებული. ვებგვერდის ნაკლი არც ისე სწრაფი რეგისტრაციაა. ამასთან, საიტზე არსებული კონტენტის ნაწილი ფასიანია. უფასო ფოტოები სპეციალურ კატეგორიებშია განთავსებული. თითოეული ფოტოს ახლოს მითითებულია ლიცენზიის ტიპი და ინფორმაცია იმის შესახებ უნდა მიუთითოთ თუ არა ავტორი.

New Old Stock- ზე განთავსებულია ძველი ფოტოები საჯარო არქივებიდან. ფოტოების ავტორების დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ მათი გამოყენება კომერციული მიზნებისთვისაც თავისუფლად შეიძლება.

SplitShire-ის სერვისი საშუალებას გაძლევთ, რეგისტრაციის გარეშე ჩამოტვირთოთ ლამაზი და ხარისხიანი ფოტოები. საიტის ავტორი - ფოტოგრაფი დენიელ ნენესკუ, არ შეეგუა იმ ფაქტს, რომ ათასობით მისი ფოტო, რომელიც 10 წლის განმავლობაში დაუგროვდა, თაროზე შემოდებული ყოფილიყო და მათთვის ახალი სიცოცხლის მიცემა გადაწყვიტა. ფოტოებს იყენებენ ისეთი გამოცემები, როგორებიცაა: The Huffington Post, CNN, Books Covers და სხვა.

ბუნების ხარისხიანი სურათები შეგიძლიათ მოძებნოთ ვებგვერდზე Free Nature Stock, რომელზეც ყოველდღიურად ჩნდება ახალი ფოტოები. მსგავსი სურათების კოლექცია აქვს საიტს Unsplash, რომელიც ყოველ 10 დღეში მაღალი რეზოლუციის 10 ფოტოს აქვეყნებს.

კიდევ ერთი ცნობილი საიტი ფოტოების მოსაძიებლად არის - Flickr . ვებგვერდზე შეგიძლიათ დარეგისტრირება, თუმცა ფოტოების ჩამოტვირთვა ამის გარეშეცაა შესაძლებელი. იმისათვის, რომ ჩამოტვირთოთ ფოტო კომერციული მიზნით გამოყენების ლიცენზიით, ძიების შედეგების მარცხენა ზედა კუთხეში უნდა დააკლიკოთ ღილაკზე „Any license“ და ჩამონათვალში აირჩიოთ „Commercial use allowed“.

საიტიდან Freerange მაღალი რეზოლუციის სურათების ჩამოტვირთვაა შესაძლებელი. საიტზე რეგისტრაცია აუცილებელია.

აქვე გთავაზობთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ვიდეორგოლს , „როგორ მოვიძიოთ ფოტო“, რომელშიც ახსნილია, როგორ უნდა მოვიძიოთ ფოტო ისე, რომ არ დავარღვიოთ საავტორო უფლებები. მოამზადა თამთა აბუსელიძემ
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ