ჟურნალისტთა უფლებები აქციების გაშუქებისას
18.06.2018


საპროტესტო აქციები, სპეცოპერაციები, სტიქიური უბედურებები სხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან ერთად ის შემთხვევებია, სადაც ჟურნალისტების ყოფნა საზოგადოების ინფორმირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ყველა ასეთ შემთხვევაში და მით უფრო საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავები ვალდებულნი არიან ხელი არ შეუშალონ მედიის მუშაობას და პირიქით, საჭიროების შემთხვევაში დაიცვან კიდეც.

აქციების გაშუქებისას მუდმივად ჩნდება კითხვა, რისი გადაღების უფლება აქვთ ჟურნალისტებს და რისი - არა. ფოტო/ვიდეო გადაღება დამატებითი დისკომფორტია სამართალდამცავებისთვის, რადგან შეიძლება კადრში მოხვდეს ისეთი ფაქტები, რომლებიც მათ გადაცდომებს ასახავს. ამ დროს მნიშვნელოვანია გადაღების შეზღუდვის მოთხოვნის დასაბუთება და განმარტება.

მას შემდეგ, რაც საქართველოში გაჩნდა კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, გაუქმდა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ კანონი. მანამდე, სწორედ ეს კანონი განსაზღვრავდა ჟურნალისტის საქმიანობასა და რიგით მოქალაქეს ინფორმაციის მიღება, გადამუშავება, გავრცელება ნაკლებად შეეძლო. ახალმა კანონმა წაშალა ზღვარი რიგით მოქალაქესა და ჟურნალისტს შორის. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ყველა ჟურნალისტია, ვინც ინფორმაციას აგროვებს, ამუშავებს და მერე რაიმე ფორმით ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება  კონსტიტუციით დაცული უფლებაა, სამართალდამცავების მხრიდან მუდმივად არსებობს მისი შეზღუდვის ცდუნება.

კონსტიტუციის 24-ე მუხლში ვკითხულობთ:
  • ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით;
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია;
  • სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლებაა.

მოვლენების გაშუქების დროს აუცილებელია მოქალაქე/ჟურნალისტი, რომელიც მოვლენებს აშუქებს, დისტანცირებული იყოს აქციის მონაწილეებისგან. თუ ჟურნალისტი კანონს არღვევს, მისი პროფესიული საქმიანობა კანონდარღვევას ვერ გაამართლებს.

ყოველგვარი აკრძალვების ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ჟურნალისტის უსაფრთხოება და არა სამართალდამცავებისთვის დისკომფორტის თავიდან არიდება.

კონკრეტული მაგალითების მოყვანით შევეცდებით ავხსნათ, სად გადის ზღვარი ინფორმაციის მიღების შეზღუდვასა და კანონიერ მოთხოვნას შორის.
  • თუ სამართალდამცავები აქციას შლიან და ამის შესახებ გაცხადებული პოზიცია არსებობს, ამ დროს მათი მოთხოვნა ეპიცენტრის დატოვებისა და სხვა შედარებით უსაფრთხო ადგილზე გადანაცვლების შესახებ ლეგიტიმურია. ამ შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ ჟურნალისტმა დაზიანებები მიიღოს;

  • თუ სპეცოპერაცია ტარდება და არსებობს გარეშე პირების დაზიანების საფრთხე, სრულიად მიზანშეწონილია ჟურნალიტისთვის შემთხვევის დატოვების მოთხოვნა.  

  • ხანძრის, წყალიდობის, მიწისძვირს დროს დაწყებული ევაკუაციის დროს შესაძლოა არსებობდეს საფრთხე, რომ ჟურნალისტმა მიიღოს დაზიანებები;

  • საპოლიციო კონტროლის, ე.წ. რეიდების დროს ჟურნალისტს გადაღების უფლება აქვს. გადაღებული კადრების წაშლის უფლება არალიგიტიმურია;
  • თუ სამართალდამცავები აკავებენ პირს და არსებობს იმის ალბათობა, რომ გადაამეტონ თავის უფლებამოსილებას, მაშინ გადაღების აკრძალვა არ შეიძლება.
და ბოლოს, სად შეიძლება დავრეკოთ მყისიერი რეაგირებისთვის, თუ სამართალდამცავები ცდილობენ ხელი შეგვიშალონ მუშაობაში, ან არ რეაგირებენ იმ დარღვევებზე, რაც ხელს გვიშლის მუშაობაში - ასეთი ნომერია 126. ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენისპექციის ნომერია, სადაც სწავლობენ სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ყველა შემთხვევას.

ავტორი : გელა ბოჩიკაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ