მოქალაქეები Twitter-ის და Google-ის წინააღმდეგ - რა გავლენა ექნება ამას ინტერნეტზე?
04.05.2023
წლების განმავლობაში სოციალურ ქსელებში ალგორითმის გამოყენებამ, გააჩინა საფრთხე და მოსაზრებები, რომ Youtube და Twitter ალგორითმს ძალადობრივი და ექსტრემისტული ჯგუფების ვიდეოების წასახალისებლად იყენებს. სწორედ ამ საკითხს განიხილავს, ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი იურიდიული ორგანო - აშშ-ს უზენაესი სასამართლო.

რა უნდა ვიცოდეთ?

უმაღლეს სასმართლოში ორი საქმე განიხილება:

  • თემნა Twitter-ის წინააღმდეგ.
  • გონზალესი Google-ის წინააღმდეგ.

ორივე შემთხვევაში, სასამართლო განიხილავს, შეიძლება თუ არა სოციალური მედიის პლატფორმების კანონიერი პასუხისმგებლობის დაყენება "ტერორიზმისთვის ხელშემწყობი" კონტენტის გავრცელებისა და მსგავსი შინაარსის მასალის გამომქვეყნებელი ანგარიშების წაუშლელობისთვის.

  • პირველი შემთხვევა, თემნა "ტვიტერის" წინააღმდეგ, 2017 წელს, ISIS-ის მიერ სტამბულის ღამის კლუბზე თავდასხმას შეეხება.
  • ერთ-ერთი მსხვერპლის ნათესავებმა "ტვიტერს" უჩივლეს აშშ-ს ანტიტერორისტული აქტის დარღვევისთვის. ოჯახი ამტკიცებს, რომ პლატფორმა დაეხმარა ISIS-ს, რადგან ნება დართო მათ მხარდამჭერებს პოსტები გამოექვეყნებინათ ამ სოციალურ ქსელში.
  • საპასუხოდ, "Twitter"-ი აცხადებს, რომ მათ არ იცოდნენ ამ თავდასხმის შესახებ და უარყოფენ იმასაც, რომ ეს ტვიტერზე დაიგეგმა.

მეორე საქმე, ISIS-ის მიერ 2015 წლის პარიზის თავდასხმას შეეხება, რომელსაც 129 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ერთ-ერთი 23 წლის ამერიკის მოქალაქე ნოემი გონზალესი იყო.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?

გამოცემა "Vox"-მა თავის სტატიაში ეს ფაქტები მოიხსენია როგორც "შემთხვევები, რომელსაც შეუძლია ინტერნეტის გადანადგურება", რადგან მოსალოდნელი კომპენსაცია სოციალურ ქსელებს ფინანსური პრობლემების შეუქმნის.

  • დამატებით, სტატიაში აღნიშნულია, რომ ტექნოლოგიურ კომპანიებს შეუძლიათ შეიმუშაონ ალგორითმი, რომელიც ამოიცნობს არალეგალურ აქტივობას.
  • "ამ შემთხვევაში მსგავსი პროგრამით შესაძლებელი იქნებოდა, ISIS-ის წევრების ამოცნობა და პლატფორმიდან გაძევება, თუმცა რთული წარმოსადგენი არ არის, თუ როგორ გამოიყენებენ ამ "ხელსაწყოს" სათავისოდ მსოფლიოს ავტორიტარული ლიდერები".

"Vox" განმარტავს, რომ დაცვის მექანიზმების გარეშე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ინტერნეტმა დღევანდელი სახით არსებობა განაგრძოს".

რა მოხდება?

მიუხედავად იმისა, რომ გახშირდა ონლაინ პლატფორმების რეგულირების მოწოდებები, როგორც ჩანს უზენაეს სასამართლოს არ სურს ტექნოლოგიური გიგანტების გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, რადგან ეს ეჭვქვეშ დააყენებს ზოგადად ინტერნეტის არსს, მათ შორის ონლაინ კომერციას, მაშინ როცა თავად მოსამართლეები, მათივე დაშვებით, არ არიან ამ საკითხის ექსპერტები.

"აქ არ ზის ინტერნეტის 9 ექსპერტი" - განაცხადა ერთ-ერთმა მოსამართლემ, ელენა ქეიგენმა, სადაც იგულისხმება ის, რომ აშშ-ს უზენაეს სასამართლოში შედის 9 მოსამართლე, რომელთაგან ერთ-ერთი თავმჯდომარეა.

ავტორი : ონიკ ჯეიმს კრიკორიანი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ