საზმაუს გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა
30.06.2026
კატეგორია - საქართველო



საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება. სამეურვეო საბჭომ ამ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი გამოაცხადა

                                                         

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად სამეურვეო საბჭო კონკურსს აცხადებს დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა. 

თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად სამეურვეო საბჭომ 2020 წლის 25 სექტემბერს აირჩია. 

                                                         

„პირველად მოხდა დამოუკიდებელ საქართველოში, როდესაც დირექტორმა, ერთმა შეძლო მთელი ციკლის გავლა. ეს გარკვეული სტაბილურობის ნიშანია. დანარჩენი მემუარებში იქნება“, - თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ 25 ივნისის სხდომაზე, სადაც არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღეს.  

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, არხის გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 6 წლის ვადით ნიშნავს.   

„გენერალური დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაუწყებელში ან/და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება“. 

ამავე კანონის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, „ვინც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს“. მასში არ არის ჩანაწერი, რომელიც „პირველი არხის“ მოქმედ დირექტორს კონკურსში მონაწილეობას ან/და მეორე ვადით არჩევას უზღუდავს. 

აპირებს თუ არა თინათინ ბერძენიშვილი მასში მონაწილეობის მიღებას და გენერალურ დირექტორობას მეორე ვადით - „მედიაჩეკერი“ ამ კითხვებზე საპასუხოდ მასთან დაკავშირებას რამდენიმე დღეა უშედეგოდ ცდილობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად განცხადებები 25 ივლისის ჩათვლით მიიღება. კონკურსი ორ ტურად ჩატარდება. პირველ ეტაპზე კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და შერჩევის საფუძველზე, სამეურვეო საბჭო მე-2 ტურში გასული კანდიდატებს გამოავლენს, რომლებმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის ხედვა უნდა წარადგინონ. მეორე ტურში გასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრებაც. 

გენერალური დირექტორის კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარული დღის ვადაში სამეურვეო საბჭო კანდიდატთა სიას გამოაქვეყნებს და მომდევნო 7 დღის განმავლობაში გენერალურ დირექტორს დანიშნავს. 

----------------------------------------------

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2025 წელს სამსახურიდან გაათავისუფლა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი. დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდნენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობდნენ. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სამსახურიდან გაათავისუფლა ტექნიკისა და ტექნოლოგიების საეთერო ჯგუფის პულტის რეჟისორი, კახა მელიქიძეც. არხი „რეპუტაციის შემლახავი“ განცხადებების გავრცელების საყვედურობს და ხელფასს უქვითავს თანამშრომლებსაც.  

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით შეშფოთებაა გამოთქმული ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის 2025 წლის ანგარიშში. „მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების“ (MFRR) კონსორციუმმა გასული წლის შეფასებისას აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დიდი ხანია მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება. მთავრობის ჩარევაზე ვკითხულობთ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) 2026 წლის ანგარიშშიც

„რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში?!“ - წაიკითხეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მონიტორინგის შედეგები, რომელიც „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ 2025 წელს მოამზადა. 

გაეცანით კვლევასაც - „საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა: ანტიევროპული პროპაგანდა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია გადაცემა „42-ე პარალელის“ მაგალითზე“. 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ