12 მაისს, საღამოს, რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან მზია
ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლსა და დირექტორს კოლეგებმა და
მეგობრებმა დაბადების დღე მიულოცეს და მისი 4-თვიანი უკანონო
პატიმრობა გააპროტესტეს.
ჟურნალისტები პენიტენციურ დაწესებულებასთან შეიკრიბნენ და საპატიმროს იმ მხარეს, შემაღლებულ ადგილას გადაინაცვლეს, საიდანაც, სავარაუდოდ, მზია ამაღლობელის საკანი ჩანს. შეკრებილებმა შეძახილებით: „გილოცავთ“; „თავისუფლება მზიას“; „არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა!“ ამაღლობელი გაამხნევეს და გაუშვეს ფრანები წარწერით: „მზია, გილოცავთ“.
პენიტენციურ დაწესებულებასთან იმყოფებოდა ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანიც. მისი თქმით, მზია ამაღლობელს მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ სიძლიერისთვის, რომელსაც ყველას სამაგალითოდ გვაჩვენებს.
„აქ მოსვლის მიზეზია მცირედით მაინც ვეცადოთ, რომ ფიზიკურად მაინც გავაგებინოთ მას, რომ გვერდში ვუდგავართ. დარწმუნებული ვარ, ის გრძნოს ამ თანადგომას. მინდა მას კიდევ ერთხელ მხნეობა ვუსურვო. მადლობა [მას] იმ დიდი მაგალითისთვის, რომელსაც ყველას გვაჩვენებს. აუცილებლად ეს ყველაფერი მალე დასრულდება თავისუფალი სიტყვის გამარჯვებით. ის, ვინც თავისუფალ სიტყვას ებრძვის, ამ ბრძოლიდან დამარცხებული გამოვა“.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის, თამარ რუხაძისთვის კი წარმოუდგენელია, რომ კოლეგები და მეგობრები მზია ამაღლობელს დაბადების დღეს ამ ფორმით ულოცავენ: „ის ციხის კედლებშია და ჩვენ ვდგავართ და ვცდილობთ, აქედან მივაწვდინოთ როგორმე ხმა, ალბათ, ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა ვერცერთი ჩვენგანი ამ სურათს“.
აქციის დასასრულს, მზია ამაღლობელის კოლეგებმა პენიტენციურ დაწესებულებასთან სანთლებით წარწერაც - FREE MZIA [თავისუფლება მზიას] გააკეთეს.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.
15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მოსამართლე სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.
პოლიცია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა, თუმცა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, საქმეში შესაბამისი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ იყო და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პოლიციას ყალბი ადმინისტრაციული დაკავების და სამართალდარღვევის ოქმები ჰქონდა შედგენილი.
მზია ამაღლობელის დაკავების ოქმში წერია, რომ ის არა სტიკერის გაკვრისთვის, არამედ პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს. თუმცა, ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით რომ დააკავეს, ამას არსებულ ვიდეოჩანაწერში ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძეც ადასტურებს.
ადვოკატების განმარტებით, რადგან 150-ე მუხლი დაკავების საფუძველი არ არის, ოქმში 173-ე მუხლი სწორედ იმიტომ ჩაიწერა, რომ მზია ამაღლობელის დაკავების საფუძველი შექმნილიყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის წინააღმდეგ, 150-ე მუხლით დაიწყო მეორე ადმინისტრაციული საქმეც. უწყება ამაღლობელს 11 იანვარს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯებას ედავება. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 7 მაისს გაიმართა, მოსამართლე მარიანა ფომაევამ მისი განხილვა 9 ივნისისთვის გადადო.
მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა.
მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას 300-ზე მეტი ჟურნალისტი, რედაქტორი, მედიამენეჯერი და პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დამცველი 80-ზე მეტი ორგანიზაცია ითხოვს. 18 მარტიდან „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელისა და დირექტორის სასამართლო პროცესების მონიტორინგი დაიწყო მსახიობ ჯორჯ კლუნისა და უფლებადამცველ ამალ კლუნის ფონდმა. ამაღლობელის საქმეში სამართლიანობის მოთხოვნით კამპანია დაიწყო ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მაც.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მზია ამაღლობელის სახელით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც.
ამაღლობელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძისა და სოზარ სუბარის წინააღმდეგაც. მოსარჩელე კობახიძის, მდინარაძის და სუბარის მიერ მედიასაშუალებებით, სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად მიჩნევას და იმავე საშუალებით მათ უარყოფას ითხოვს.