როდის დაიწყებს მაუწყებლობას “მთავარი არხი” და ვის ვიხილავთ ახალ ტელევიზიაში
30.08.2019

10 დღეა, რაც ტელეკომპანია “რუსთავი 2-დან” ჟურნალისტების დიდი ნაწილის პროტესტის ნიშნად წასვლის გამო, არხზე სრულფასოვანი მაუწყებლობა შეწყვეტილია და მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ფილმები გადის. პარალელურად, ცნობილია, რომ “რუსთავი 2-ის” ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია ახალ ტელეკომპანიას - “მთავარ არხს” ქმნის, რომელიც მაუწყებლობას 9 სექტემბრიდან დაიწყებს და არხიდან წასული ჟურნალისტების ნაწილი მუშაობას სწორედ ამ არხზე გაააგრძელებს.

მთავარი არხი საჯარო რეესტრში 2019 წლის პირველ მარტს დარეგისტრირდა. უფრო ზუსტად, დაფუძნებისას მას "კომედი არხი" ერქვა, 15 აგვისტოს კი შეეცვალა სახელი და მფლობელები და გახდა მთავარი არხი.  მისი 51%-იანი წილის მფლობელი ნიკა გვარამიაა. 49%-ს კი კახაბერ ანჯაფარიძე ფლობს, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს “ინტერ მედია პლიუსის” 30%-იანი წილის მესაკუთრეცაა.


[სარეკლამო გაყიდვების სახლი “ინტერ მედია პლიუსი” 2015 წლიდან ტელეკომანია “რუსთავი 2-ის” კუთვნილ ტელეარხებზე კომერციული რეკლამების განთავსების უფლებას ფლობს. გენერალური პროკურატურა ნიკა გვარამიას “რუსთავი 2-ის” ინტერესების საწინააღმდეგოდ ამ კომპანიასთან გარიგებასა და ფინანსურ მაქინაციაში სდებს ბრალს]. 


“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის პოზიციას ნიკა გვარამია იკავებს. ასევე დირექტორების პოსტებზე არიან “რუსთავი 2-ის” ყოფილი იურისტები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი. ფინანსური დირექტორი კი, ასევე “რუსთავი 2-ის” ყოფილი ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძეა.

 

⇒  ამ თემაზე იხილეთ: რუსთავი 2-ის ყოფილმა დირექტორმა ახალი ტელევიზიის შექმნა დააანონსა 

 

“რუსთავი 2-ის” ყოფილი სახეებიდან მთავარ არხზე ვიხილავთ: დიანა ჯოჯუას, პაატა იაკობაშვილს, მიხეილ სესიაშვილს, ნანუკა ჟორჟოლიანს, გიორგი გაბუნიას, ეკა კვესიტაძეს, ნოდარ მელაძეს, თამარ ბაღაშვილს, გიგლა თუმანიშვილს, ნინო სამყურაშვილს, თეა ადეიშვილს, დავით ერაძეს და თამთა დოლენჯაშვილს.

altარხის სამაუწყებლო ბადის დეტალებზე ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია “იბერიას” ყოფილი შენობიდან Facebook-ის პირდაპირი ჩართვის დროს ისაუბრა. “მთავარი არხი” დროებით მაუწყებლობას სწორედ “იბერიის” შენობიდან დაიწყებს და მის ტექნიკას გამოიყენებს. ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზიის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად სწორედ “ომეგა ჯგუფის” მფლობელი და ტელეკომპანია “იბერიას” დამფუძნებელი ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი დაასახელა. მთავარი არხის დამფინანასებლებისა და სხვა პარტნიორების შესახებ საუბრისგან ნიკა გვარამია თავს იკავებს და ამბობს, რომ დეტალებს მათთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გაამხელს.


[ტელეკომპანია “იბერიამ” მაუწყებლობა 16 ოქტომბერს შეწყვიტა და მიზეზად ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა დაასახელა. მაუწყებლობის შეწყვეტიდან 3 დღეში ტელევიზიის თანამშრომლებმა მათი გათავისუფლების შესახებ გენერალური დირექტორის მიერ ხელმოწერილი ბრძანებები მიიღეს. არხის ხელმძღვანელობა თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზად არხის მთავარი დამფინანასებლის “ომეგა ჯგუფისთვის” ხელისუფლების მიერ შექმნილ ფინანსურ პრობლემებს ასახელებდა.
არხიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა კუთვნილი შრომის ანაზღაურების მოთხოვნით ტელეკომპანიას სასამართლოში უჩივლეს. მათ ტელევიზიის ხელმძღვანელობას სასამართლოს პირველ ინსტანციაში დავა მიმდინარე წლის მარტში მოუგეს. მიუხედავად ამისა, ისინი აცხადებენ, რომ ტელეკომპანიას კუთვნილი კომპენსაციები ამ დრომდე არ გადაუხდია]
. ამავე თემაზე წაიკითხეთ: შეწყვეტილი მაუწყებლობა და გათავისუფლებული თანამშრომლები - ‘იბერიას’ გაურკვეველი მომავალი ]

ამ დროისთვის ცნობილია, რომ მთავარ არხზე დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება - “მთავარი ამბები” ზუსტად საღამოს ცხრა საათზე დაიწყება და მას “კურიერის” ყოფილი წამყვანები დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი წარუძღვებიან.

alt

მთავარ არხზე ასევე გავა ნიკა გვარამიას და ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემა “აქცენტები”, “პოსტკრიპტუმი” (ან კვირის მთავარი), რომელსაც გიორგი გაბუნია წაიყვანს, რამდენიმე პოლიტიკურ ტოქ-შოუ, ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ ახალი ფორმატით, ასევე იუმორისტული გადაცემების სამი პლატფორმა, რომელსაც “რუსთავი 2-დან” წამოსული იუმორისტული ჯგუფის ნაწილი მოამზადებს, მათ შორის იქნება ვანო ჯავახიშვილის შოუც. გვარამიას თქმით, “მთავარ არხზე” ვერ ვიხილავთ ე.წ. ყვეთილი ტიპის გადაცემებს.

“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა მთავარ მიზნად საუკეთესო არხის შექმნა და ტელეკომპანია “იმედისთვის” კონკურენციის გაწევა დაასახელა. ცნობილია მთავარი არხის სარედაქციო პოლიტიკის მთავარი პრინციპიც - “კრიტიკული, პროდასავლური მედია, სადაც ყველას ხმა ისმის”.

altმთავარ არხზე საინფორმაციო სამსახურს ნოდარ მელაძე უხელმძღვანელებს. მისი თქმით, მაყურებელი ახალ ეთერში ისეთი ხარისხის საინფორმაციო გამოშვებას იხილავს, როგორსაც “კურიერის” უკვე ყოფილი გუნდისგან არის მიჩვეული.

“საინფორმაციო გუნდი გააკეთებს ისეთივე მაგარ საინფორმაციო გამოშვებებს, როგორსაც ჩვენგან არის მიჩვეული. ეს იქნება ისევ თავისუფლების ტერიტორია, თავისუფალი ჟურნალისტების ერთობა და სადაც არის საუბარი ადამიანების პრობლემებზე”, - განაცხადა მან. 



"მედიაჩეკერი" შეეცადა არხის შესახებ დამატებითი დეტალები ნიკა გვარამიასთან გაერკვია. თუმცა, ორდღიანი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 

ამბის წინაისტორია მოკლედ


altტელეკომპანია “რუსთავი 2” ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა მას შემდეგ დატოვა, რაც არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ 20 აგვისტოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პროდიუსერი, ასევე პოლიტიკური და გასართობი გადაცემების წამყვანები სამსახურიდან გაათავისუფლა. პირველებმა არხი მთავარი საინფორმაციო გამოშვების - “კურიერის” წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა პირდაპირ ეთერში დატოვეს, რის შემდეგაც საინფორმაციო გამოშვება შეწყდა და ეთერში დღემდე არ გასულა. მეორე დღეს, მათ “კურიერის” ჟურნალისტების დიდი ნაწილი და სხვადასხვა გადაცემის გუნდი მიჰყვა. 

 


ამ თემაზე იხილეთ: 24 საათი "კურიერის" გარეშე - რა ხდება "რუსთავი 2-ზე"

 

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ტელეკამერების წინ არხიდან ჟურნალისტების წასვლიდან ზუსტად ერთ კვირაში გამოჩნდა და განაცხადა, რომ სანფორმაციო სამსახურს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციიდან ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც წლების განმავლობაში ბრიტანეთში ტელეკომპანია BBC-ში მოღვაწეობდა. ასევე, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, იგი ტელეკომპანია “იმედში” კონსულტანტად მუშაობდა.

“რუსთავი 2”-ში ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და განმარტა, რომ ეროვნულ დონეზე ტელეკომპანიის საკუთრების საქმეზე გადაწყვეტილების მიმღებ მოსამართლეებს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპები არ დაურღვევიათ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელმაც ტელეკომპანიის წილებისთვის სამართლებრივი დავა 2015 წლიდან დაიწყო, “რუსთავი 2” იმავე დღეს გადაიფორმა და ტელეკომპანის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც იმავე დღეს შეცვალა. მის ადგილზე მისივე ადვოკატი პაატა სალია დანიშნა.

პირველ ეტაპზე ტელეკომპანიის ახალი მმართველები თანამშრომლების შემადგენლობისა და სარედაქციო პოლიტიკის უცვლელად დატოვების პირობას დებდნენ, თუმცა პირობა მალევე დაირღვა და არხზე საკადრო ცვლილებები დაიწყო.


ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ