რა განასხვავებს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის გამოხმაურებებს სანაიაზე თავდასხმაზე
25.02.2021
განსაკუთრებით საშიში, ხელისუფლების მხრიდან წახალისებული, დაუსჯელობის შედეგი, ოპოზიციური ხმის ჩახშობის მცდელობა - ეს არის მთავარი გზავნილები ოპოზიციური პარტიების მხრიდან ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაზე, მაშინ, როცა მმართველი გუნდის ზოგი წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”, წარმოუდგენელია ამ თავდასხმაში ხელისუფლების ხელი ერიოს და დარწმუნებულია, რომ ძალადობის ჩამდენი მკაცრად დაისჯება.

ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებზე დღეს, 25 თებერვალს მომხდარ თავდასხმას მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან. თუმცა, ამ გამოხმაურებების აქცენტები განსხვავებული აღმოჩნდა.

თუ ოპოზიცია ჟურნალისტებზე ძალადობის გახშირებულ ფაქტებს მედიის მისამართით ხელისუფლების ბოლო პერიოდის აგრესიული რიტორიკის გამოძახილად მიიჩნევს, “ქართული ოცნების” წევრები ფიქრობენ, რომ ეს შემთხვევა არაფრით არის კავშირში ხელისუფლებასთან.

“განსაკუთრებით საშიშია, როცა ამგვარი ძალადობა ჟურნალისტის მიმართ ხდება. ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ორგანიზება ან წახალისება, ისედაც პოლარიზებული გარემოს მეტად რადიკალიზებას იწვევს. პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური პარტიების ამოცანა ამ პოლარიზების შემცირებაა და არა პირიქით”, - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაში, რომელასაც 20 ოპოზიციური პარტია და 3 დამოუკიდებელი დეპუტატი აწერს ხელს.

alt“ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ ვახო სანაიაზე თავდასხმა პირდაპირი შედეგია იმ მიზანმიმართული სიძულვილისა, რასაც ხელისუფლება და სახელისუფლებო მედია ყოველდღიურად აფრქვევს პოლიტიკური ოპონენტების თუ კრიტიკული მედიის მიმართ”, - წერს დავით ზურაბიშვილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, რომელიც ფიქრობს, რომ ეს არის პირდაპირი შედეგი იმისაა, რომ ხელისუფლებას საკუთარ სამსახურში ჰყავს ჩაყენებული ეს ე. წ. შპანა, უბნის ხულიგნები და კრიმინლური ბანდები, რეგულარულად იყენებს მათ არჩევნების და არა მარტო არჩევნების დროს, - “ეს არის პირდაპირი შედეგი იმის, რომ ქვეყნის პრემიერ მინისტრი ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც ნახევარ მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, საპარლამენტო ტრიბუნიდნ ერის და ქვეყნის მტრებს ეძახის და დეპუტატებად წოდებული უპრინციპო კონფორმისტები მას ტაშს უკრავენ”.

alt“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას, მსგავსი ძალადობა ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისა და მსგავსი ძალადობის ჩამდენი პირების დაუსჯელობის შედეგად მიაჩნია:

"ის ატმოსფერო, რომელსაც ქმნის ივანიშვილის პროპაგანდა წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, როდესაც [ირაკლი] ღარიბაშვილის მსგავსი ფიგურა გამოდის წინა პლაზე და აქვს ის გზავნილი, რაც აქვს - სიძულვილის, ქვეყნის დაყოფის, დაპირისპირების, ძალადობის და რეპრესიების, ეს ამის პირდაპირი შედეგია. ჩვენ გვაქვს ამ ტიპის ძალადობაზე დაუსჯელობის ისტორია”.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყოს და მცდელობა, ჩაახშონ ოპოზიციური ხმა:

alt“როცა ოპოზიციური არხის ჟურნალისტს ასე ესხმიან ქუჩაში თავს, ეს შემთხვევით არ ხდება. ის, რომ ოპოზიციური მედია ივანიშვილის სამიზნეა, დიდი ხანია ვიცით. ვხედავთ რა პროცესები მიმდინარეობს მფლობელების, მენეჯერების მიმართ. ყველანაირი მეთოდით ცდილობს, რომ ჩაახშოს ოპოზიციური ხმა. სწორედ ამ პროცესის გაგრძელებაა ის, რაც მოხდა ვახო სანაიასთან დაკავშირებით. ახლა უკვე პიროვნულად გადავიდნენ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე".

“ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე “ტვ პირველთან” ამბობს, რომ ეს, ფაქტობრივად, არის გალაშქრება იმ პოზიციაზე, რომელიც იმ ტელევიზიას აქვს, რომელშიც ვახო სანაია მუშაობს.

alt“ეს ფაქტი გამომდინარეობს იქიდან, რომ ქვეყანაში “ქართულმა ოცნებამ” დაამკვიდრა საზოგადოების დაყოფის სტანდარტი. ოცნების სტანდარტია, როგორ გაყოს საზოგადოება და როგორ დააპირისპიროს ისინი და თუ ვინმე რამე კრიტიკულ აზრს გამოთქვამს მათი პოლიტიკის მიმართ, იმ წუთშივე მიაწებონ რაღაც ჯგუფს, შერაცხონ ისინი რადიკალებად და ა.შ”.

alt“ეს არის შედეგი ხელისუფლების მიერ სიძულვილის ენისა და აგრესიის წახალისების, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ან ჯგუფების მიმართ”, - ამბობს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე და შესაბამის უწყებებს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს, - “რათა ხელისუფლების უყურადღებობისა და წახალისებების შედეგად, ქვეყანაში არ გახშირდეს სხვა მსგავსი დანაშაულებრივი ან ძალადობრივი აქტები!”

alt“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია წერს, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახს, უნდა ჰქონდეთ უფლება ამ საქმისთვის, მათთვის სანდო პროკურორი შეარჩიონ: “და არც ერთ პროკურორს არ უნდა ჰქონდეს დაზარალებულების გარეშე, მოძალადესთან რამეზე გარიგების უფლება, მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიტევება უნდა იყოს გათავისუფლების საფუძველი”.

“არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”, - ამბობს “ქართული ოცნების” წევრი მაკა ბოჭორიშვილი “ფორმულას” ჟურნალისტის კითხვას - ვახო სანაიაზე თავდასხმა ხომ არ განაპირობა მმართველი გუნდის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ სიძულვილის ენის ხშირად გამოყენებამ:

alt“ნუ დავინახავთ კონკრეტულ ფაქტებს კონტექსტიდან ამოგლეჯილს. ზოგადად, სიძულვილის ენა ამ ქვეყანას არ აკლია. ძალიან სამწუხაროა, რომ ვართ ამ რეჟიმში ვინ უფრო მეტ სიძულვილს გადმოაფრქვევს. არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა. ჩემთვის სასურველია, ასეთ რეჟიმში არ მიმდინარეობდეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება არც ერთი მხრიდან. ვახო სანაიას ფაქტი ნამდვილად არის შემაშფოთებელი და უნდა იყოს გამოძიებული”.

“ქართული ოცნების” სხვა წევრების კომენტარები ერთმანეთის მსგავსია, ყველა ერთხმად გმობს მომხდარ ძალადობას და აქცენტს დროულ გამოძიებაზე აკეთებს.

alt“ამ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს”, - ამბობს “ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის თავმჯდოარე არჩილ თალაკვაძე.



alt"ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ნებისმიერ ძალადობას ვგმობ სასტიკად. ეჭვიც არ მეპარება, რომ სასწრაფოდ მოძებნიან ვინც ეს გააკეთა და ძალიან მკაცრად დაისჯება. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ამაში ხელისუფლებას რაიმე ფორმის ჩარევა ქონდეს. ისეთი გავბრაზდი ახლა, ვერც კი წარმოგიდგენიათ. ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია ჩემთვის, ეჭვიც არ მეპარება, რომ სასწრაფოდ იქნება გამოძიებული", - ამბობს “ქართული ოცნების” წევრი ირმა ზავრადაშვილი ფორმულასთან ინტერვიუში.



alt“ჩვენ კრიტიკას, დიდი ბოდიში და, უარს ვერ ვეტყვით, იმიტომ, რომ ისეთივე მოქალაქეები ვართ ამ ქვეყნის სრულუფლებიანი, როგორიც თქვენ ხართ, მაგრამ თქვენი კრიტიკა ხშირ შემთხვევაში და უმეტეს შემთხვევაში აბსოლუტურად უსაფუძვლოა. დამოკიდებულება, ადამიანურიდან დაწყებული დამთავრებული საქმიან დამოკიდებულებაზე, ვერანიარ კრიტიკას ვერ უძლებს”, - ამბობს “ქართული ოცნების” წევრი გია ვოლსკი.



“ქართული ოცნების” კიდევ ერთი წევრი რატი იონათამიშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმას დეპუტატ ანრი ოხანაშვილზე თავდასხმასთან ამსგავსებს.

alt“სამწუხაროდ, მახსოვს, როცა ანრი ოხანაშვილის მიმართ მოხდა ძალადობრივი პროვოკაცია, ბევრი იცავდა მოძალადეს. არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ ღირს ამად და იმედია, ამ შემთხვევაში მაინც გვექნება ყველას საერთო პოზიცია. სოლიდარობას ვუცხადებ ვახო სანაიას და მადლობა სამართალდამცავებს, რომ მყისიერად მოახდინეს რეაგირება და მოძალადეები დააკავეს შემთხვევის ადგილზე”, - ამბობს იგი.

შეგახსენებთ, დღეს, 25 თებერვალს ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. ჟურნალისტი მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ თავდამსხმელებს აგრესია მის, როგორც მედიის წარმომადგენლის, მიმართ ჰქონდათ.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა უკიდურესად შემაშფოთებელია და ამ ტიპის ქმედებებზე სახელმწიფოს პასუხი მკაცრი უნდა იყოს.

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ბოლო პერიოდის საშიში ტენდენცია - საჯარო მოხელეების მხრიდან აგრესიული რიტორიკის გამოყენება მედიის მისამართით, მთავარი აქცენტია სანაიაზე თავდასხმის შესახებ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც. ქარტიაში ამბობენ, რომ მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახება ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი; მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ